1000 Views
ბლოგი

„დაარტყი გოგოს!“

ერთი ტელეკომპანიიდან დამირეკეს, „როგორც მასწავლებელი, ჩვენს კამპანიაში თუ მიიღებთ მონაწილეობას ქალთა ძალადობის წინააღმდეგო“. თუკი ცნობილი მედია აზრის გაზიარებას გთხოვს, უარს ხომ არ იტყვი? სიამოვნებით-მეთქი.

ნიჭერად და ცნობილი სახეებით აღსავსე სიუჟეტი გამოვიდა. როგორც მამაკაცი და როგორც მასწავლებელი, მეც „ვავსებდი“ დროს. ჩაწერისას დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რატომ არ ვეთანხმებოდი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის შინაარსს...დამშვიდობებისას ავტორ-ჟურნალისტს ვთხოვე, მთლად ისე ნუ გამოვა, რისი წინააღმდეგიც ვარ, ის მათქმევინოთ-მეთქი... არც უთქმევინებია, თუმცა სიუჟეტი ისეთი გამოვიდა, როგორიც ყველა: არ დავჩაგროთ ქალები, ვიზრუნოთ ქალებზე, მოვუფრთხილდეთ ქალებს, ვიბრძლოთ ქალთა თანასწორობისა და უსაფრთხოებისთვის... მთლად ასე შიშველი მოწოდებებით არა, მაგრამ, სხვათა კომენტარებს შორის, ჩემეული შვიდიოდე წუთის ნალაპარაკევიც სუფევდა...

აქ მინდა გაგიზიაროთ ის მოსაზრებები, რასაც ველაპარაკებოდი სიუჟეტის ავტორს და რა მოსაზრებებმაც დიდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა გარკვეული მიუღებლობა გამოიწვია იქვე მყოფ მამაკაც ოპერატორშიც...

ცხადია, ცოტა რამეა იმაზე კეთილშობილური იდეა, იბრძოლო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მაგრამ რაც უფრო მეტად ვიბრძვით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, უფრო ხშირად ვლინდება ასეთი შემთხვევები.

რატომ?

ჯერ ერთ მხარეს შევეხები.

საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ჩვენ ჩაგვესმის, რომ გოგოს არ უნდა დაარტყა. ბაღის მასწავლებელიც ზუსტად იმას გვეუბნება სამი-ოთხი წლის ბიჭებს, რასაც მეინსტირმული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვეუბნებიან წარა-მარა, რასაც ღაღადებს ჩემ მიერ დასაწყისში ნახსენები სიუჟეტიც.

რას გვეუბნებიან სინამდვილეში სამი-ოთხი წლის ბიჭებს, როდესაც გვარიგებენ: „გოგოს არ დაარტყა“?! გვეუბნებიან სამ რამეს:

I. ბიჭს დაარტყი.

II. შენ აღემატები გოგოს, ის სუსტია და არ გეკადრება მასთან თავის გატოლება.

III. ძალადობა მისაღები ფორმაა, მით უმეტეს, თუკი მართალი ხარ.

რა მოყვება ამ მესიჯებს მოზრდილობაში? აგრესიული და კონფლიქტური სიტუაციები ბიჭებს შორის, რომელიც არცთუ იშვიათად „სუსტი“ გოგონების „დასაკუთრებით“, „დაცვით“ არის ხოლმე მოტივირებული. აგრესია და ძალადობა ხომ ბაღის ასაკიდანვე ნებადართულია?! ჩვენ უკვე გაქანებულ მოძალადეებად ვართ ჩამოყალიბებულები, მაგრამ გოგონებს არ ვურტყამთ. ჯერჯერობით... ჯერჯერობით არ ვურტყამთ, რადგან ისევ მიგვაჩნია, რომ ჩვენ მათთვის უნდა ვიბრძლოთ, მათი სიმპათია უნდა მოვიპოვოთ, ვეტრფოთ... ისინი ლამაზები და სუსტები არიან, მათ დაცვა სჭირდებათ... მათი ცემა ხომ სირცხვილია?!

და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ეს ლამაზი, სუსტი და დასაცავი არსება რაღაც, — სულელურ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! — მოსაზრებაში არ გვეთანხმება... მეტიც, არათუ არ გვეთანხმება, ზუსტად ისე უნდა რაღაცის გაკეთება, როგორადაც მე არ მინდა. არათუ არ მინდა, არამედ ვერ ვიტან ისეთ მოქცევას!.. ვერ ვიტან!!!

არადა, გოგოს როგორ უნდა დავარტყა?! კი, მაგრამ მე ხომ ამდენი ვიბრძოლე მის დასაცავად?! (რომელიც მას სულაც არ სჭირდებოდა, ან თუ მაინცდამაინც, ჩემნაირივე მოძალადეებისგან სჭირდებოდა...) ის ხომ სუსტია? ის ხომ ჩემი ზრუნვის ქვეშაა?! ზრუნვის ობიექტია?!

რასაკვირველია, მე მას დავარტყამ, რადგან მე მოძალადედ ვარ გაზრდილი. მე ხომ ასე ჩამაგონეს, რომ აგრესიითა და ძალადობით უნდა გადავჭრა კონფლიქტები?! მართალია, თავიდან გოგონების მიმართ მეკრძალებოდა ძალადობა, მაგრამ... ის ლოზუნგური „გოგოს არ დაარტყა“ გაცილებით მკრთალი აღმოჩნდა, ვიდრე არაცნობიერად ჩაგონებული ზემოთ მოხმობილი სამი მესიჯი.

გამოდის, რომ ჩემი აგრესია, ყველაზე მეტად სწორედ იმას მიემართა, ვისკენაც თავდაპირველად მიკრძალავდნენ და ეს სრულიად გასაგები მიმართულებაა, რადგან მე მოძალადედ ვარ ჩამოყალიბებული.

... აქედან გამომდინარე: თუკი ჩვენ გვინდა, რომ ქალი დაცული იყოს ძალადობისგან, ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კი არა, ძალადობის წინააღმდეგ უნდა ვიბრძლოთ.

ძალადობა არ შეიძლება!

არავის არ უნდა დაარტყა!

არავის!

ახლა მეორე მხარეს შევეხოთ.

შიგადაშიგ გააქტიურდება ხოლმე მოთხოვნა, აბა, პარლამენტში შესასვლელად ქალებს კვოტები დავუწესოთო, მთავრობაში ქალი მინისტრების რაოდენობა გავზარდოთო და სხვა. ამჟამადაც, მიღებული კანონის მიხედვით, ისე წარადგინეს საარჩევნოდ პარტიული სიები, რომ ყოველი მეოთხე ქალი ჩაწერეს.

რა პრინციპს ეფუძნება ეს მოთხოვნა? ქალების თანასწორობას? ერთი შეხედვით, კი, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, არა.

ამ კონტექსტში ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიხედვთ სოფლები ირჩევდნენ დეპუტატებს რაიონების საკრებულოებში, ხოლო რაიონის გამგებელი სოფლებში ნიშნავდა რწმუნებულებს. დეპუტატების თანამდებობა უხელფასო იყო, ხოლო რწმუნებულისა — ხელფასიანი. როგორ ფიქრობთ, ვის დანიშნავდა გამგებელი სოფლებში რწმუნებულებად? სწორია: არჩეული დეპუტატების მეუღლეებს. რატომ? რაიმე დამსახურება და კვალიფიკაცია ექნებოდათ მათ? არა. ის, რომ იმ პერიოდში სოფლის გამგებლებად უმეტესად ქალები დაინიშნენ, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდა? არა.

...თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ქალების კვოტით დეპუტატის ადგილს დაიკავებს პარლამენტში, რადგან ამის გარეშე „ძლიერები“ ჩაგრავენ, ცდებიან. რადგან ეს „ძლიერი“ კაცები იმ კვოტის შესავსებად „თავის“ ქალებს მონახავენ, რომლებიც კომპეტენციისგანაც საოცრად დაშორებულები იქნებიან და „თანასწორობისგანაც“.

შესაბამისად, ასეთი „დანიშნული“ დეპუტატები კიდევ უფრო ცუდ სამსახურს გაუწევენ ქალთა უფლებებსაც და თანასწორობასაც. თუკი დღევანდელ პოლიტიკაში „კაცების კაცები“ არიან მომრავლებულნი, თანდათან გაჩნდებიან „კაცების ქალებიც“ და შესაძლოა, ასეთი დიალოგიც კი გაიგონოთ მეინსტრიმული პარტიების ოფისებში წინასაარჩევნოდ:

— შენ რომ ორი ქალი ჩასვი ათეულში, ერთი ჩემი ქალიც ჩამასმევინე, შ’ჩმა!

— შენს ძმობას ვფიცავარ, თუ შენთვის არ მდომებოდა ის მეორე!..

რა?! არ იკადრებენ?!

...ჩვენ მიერ თანასწორობისთვის ბრძოლა ასეთი აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს პირველ რიგში. სანამ ასეთი აზროვნების პოლიტიკოსებს ელექტორალური გასავალი ექნებათ ჩვენს საზოგადოებაში, ქალთა კვოტირება არათუ გააუმჯობესებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, არამედ გააუარესებს.

მოკლედ, უნდა დავიცვათ თანასწორობის პრინციპები, საბავშვო ბაღიდან პარლამენტამდე, ოღონდ ისე, რომ თანასწორობის საწინააღმდეგო მოქმედება არ გამოგვივიდეს.

                                                                                                                                                                           ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე



კომენტარები