5 ივნ 2019
137 Views
განათლება

გირჩის სკოლის ძირითადი კონცეფცია

პირველად ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს ცხოვრება ისეთად ვაჩვენოთ, როგორიც ის სინამდვილეშია.

გირჩის სკოლის პროექტი აქტიური მზადების პროცესშია, უკვე მიმდინარეობს გასაუბრებები მშობლებსა და მასწავლებლობის კანდიდატებთან. სკოლის კონცეფციასა და იდეაზე ვრცლად ისაუბრა ვახო მეგრელიშვილმა, გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით".

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც მსგავსი ტიპის თავისუფლება, შვილების აღზრდის თავისუფლება არ გვქონია ას წელზე მეტია. რასაც სახელმწიფო გვეუბნებოდა და რასაც ის მიიჩნევდა, რომ იყო განათლება, ამას ვემორჩილებოდით ჩვენც, დაწყებული საბჭოთა კავშირიდან, როცა დაუმორჩილებლობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდა და ვემორჩილებით მას დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში.

მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს რეალობაში ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან მშობლებმა  პირველად შეხედეს საკუთარი შვილების აღზრდას განსხვავებულად, სხვადასხვა მიზეზების გამო, თუმცა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც სიყვარულია, რომელიც აიძულებს ადამიანებს, ამ ღირებულების გამო დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რომ პასუხისმგებლობა შვილების განათლებაზე, მხოლოდ მათი ასაღებია და მეტი არავისი.

სწორედ მშობლების მნიშვნელობაა გირჩის სკოლის წარმატების განმსაზღვრელი, რადგან ისინი უნდა მართავდნენ და აცოცხლებდნენ ამ პროექტს. გირჩში გვჯერა, რომ თუ ბავშვებს მივყვებით მათი ინტერესების შესაბამისად, შედეგად აბსოლუტურად სხვა რეალობას მივიღებთ. უმჯობესია ჩვენს შვილებს ავუხსნათ და გავაგებინოთ იმ სამყაროს რეალური საშიშროებები, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს ადამიანებს მომავალ ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიღების საშუალებას მისცემს.

ყველა სისტემაში და სისტემის შიგნით, დიდი ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ იციან ზუსტად, როგორ უნდა გაზარდონ ბავშვები, ამის კონცეპტუალურად საწინააღმდეგო მოდელი არის ის, რომ ჩვენ შევხედოთ საკუთარ შვილებს და მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. დავინტერესდეთ მათი ცხოვრებით, მათი ინტერესებით და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავუშვათ რაღაცა ერთ გზაზე, რომელიც წარმოგვიდგენია, პირიქით, ჩვენმა შვილებმა გვაჩვენონ, როგორ შეიძლება მათი განვითარება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გირჩის სკოლით დაინტერესებულ მშობლებთან გასაუბრებები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ავტორს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მშობლების ჩართულობაა და ისინი უნდა იყვნენ მიმდინარე ამბების მთავარი მენეჯერები და მთავარია, საკუთარი შვილების ინტერესებსა და შესაძლებლობებს მიყვნენ. როგორც ვახო აღნიშნავს, მშობლებმა საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება; მათი ქმედება მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის - რომ ეს ნორმალურია და რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გირჩის სკოლის პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამბობს, რომ ამ სკოლას აქვს ამბიცია იყოს ყველასთვის და ყველგან სალაპარაკო ამბავი.

შეუძლებელია რაიმე იდეა იყოს სწორი, და ეს იდეა არ გახდეს მომგებიანი ბიზნესი.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ მეტი გაშუქება მნიშვნელოვანია და სასურველია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბავი კეთდება, ვიდრე ამაზე ხმა ქვეყნის მასშტაბით ისმის: "მთელ საქართველოს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება შეიქმნას განსხვავებულ პრინციპებზე დაფუძნებული სკოლა და იმედი გვქონდეს რომ ჩვენ კი არ ვართ მაგრები, არამედ ჩვენი შვილები არიან სხვა ტიპის ადამიანები, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და თუ ჩვენ მათ მოვუსმენთ, მათ ინტერესებს გავიზიარებთ და არასოდეს თავში არ გავივლებთ მათზე ძალადობას, სრულიად განსხვავებული შედეგი შეიძლება დაიდოს და რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაინახავს ამას ჩვენი საზოგადოება."

გირჩის სკოლაში მოსწავლეების რეგისტრაცია კვლავ გრძელდება, მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

ასევე, როგორც გაჟღერდა, დაინტერსებულ პირებს შეეძლებათ სკოლისთვის მასწავლებლების შერჩევის, კურიკულუმების შედგენისა და სხვა პროცესებს თვალი ფეისბუქისა და გირჩის ტელევიზიის ლაივშიც ადევნონ.



კომენტარები