სიახლეები

"გირჩის" მთავარი წინასაარჩევნო მესიჯები

29 სექტემბერს "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში მიწვეულები პარტიის წევრები იყვნენ. მთავარი მესიჯები საზოგადოებას ზურაბ ჯაფარიძემ, იაგო ხვიჩიამ, ვახო მეგრელიშვილმა და ლალი ანთიძემ გააცნეს.

პარტიის ლიდერების თქმით,  "გირჩის" ხედვებს მხარდამჭერები კარგად იცნობენ, თუმცა საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის, რა მიაჩნიათ პარტიაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებად და რომ ეს ცარიელი სიტყვები არ არის და არსებობს კონკრეტული შეთანხმებები ხედვებსა და გზებზე თუ, როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა.

"გირჩი" არასტანდარტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მომავლის ხედვაზეა მიმართული და თავისი სპეციფიკა აქვს. ეს პარტია არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც მთელი თავისი საქმიანობა ინდივიდის თავისუფლების აღიარებაზე დააფუძნა.

                                                                                                                                                              - განაცხადა ლალი ანთიძემ. 

"გირჩს" მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მოდის იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეალურად საქართველოს განსაბჭოება არ მომხდარა. აქამდე არავის უცდია ყველა ის სისტემა ფუნდამენტურად დაეშალა, რომელიც შინაარსობრივად ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა. 

სწორედ ამ მიზნით, პარტიის ლიდერები თვეების განმავლობაში სხვადასხვა საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. პირველი შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ მოხდა და პარტიებმა 13 მარტს მემორანდუმი გააფორმეს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. 

მემორანდუმი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1.  ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება

2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში

3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაუზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება

4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა

5აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.

ვრცლად მემორანდუმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა "გირჩის" ლიდერის და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის იაგო ხვიჩიას მთავარი პოლიტიკური მიზანია. 

ოპოზიცია მართლმსაჯულების ისეთ სისტემაზე შეთანხმდა, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალისა და ერთი ადამიანის ხელში არ აღმოჩნდება, ამავდროულად დაანგრევს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის პრინციპს. ჩვენ გვინდა, რომ სისტემის წამომადგენლებს ზევიდან კი არ ნიშნავდნენ, არამედ ადამიანები ირჩევდნენ შერიფებს და მოსამართლეებს.

შეთანხმების მეორე ეტაპი მართლმსაჯულებას ეხება კერძოდ კი, სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, რიგი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას. ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი 16 სექტემბერს მოაწერეს.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:

                    შინაგან საქმეთა სამინისტრო

1.            პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;

2.            თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;

3.            ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

                        პროკურატურა

1.            ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;

2.            პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;

3.            ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

                                სუს-ი

1.            სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;

2.            დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

მეტი ინფორმაცია შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომუნისტებმა ჩვენ დაგვიპყრეს, ეს ყველამ ვიცით და ამაზე შეთანხმებულები ვართ. ჯერ ჯარით დაგვიპყრეს, შემდეგ კი სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია გამოიყენეს არა ხალხის პარტიისგან დასაცავად, არამედ პარტიის დასაცავად ხალხისგან. ამ ორგანოების ძირითადი დანიშნულება კი, კონფლიქტების აღმოფხვრა და ხელისუფლების შტოთა კონტროლი უნდა იყოს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი მართლმსაჯულების სისტემა და იგივე გადმოვიტანეთ, და"სსრკ"-ს მართლმსაჯულების სისტემა მივიღეთ.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გავიაზროთ და ახალი სისტემა ავაშენოთ, რომლის მიზანიც ნამდვილად ადამიანებს შორის კონფლიქტების შემცირება და აღმოფხვრა იქნება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილზე შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 

                                                                                                                                                                      - მიიჩნევს ხვიჩია.

განათლება და ეკონომიკა ოპოზიციის შეთანხმების ბოლო ეტაპი იყო, რომელსაც ხელი პარტიებმა 28 სექტემბერს მოაწერეს. 

შეთანხმება მოიცავს: 

რესტიტუცია

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად.

2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად.

3. სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

1. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს.

2. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა იქნას შემუშავებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.

რას ფიქრობს ამ საკითხებზე ზურაბ ჯაფარიძე:

ბოლშევიკებმა ოკუპაციის შემდეგ ქონება წაგვართვეს, რომელიც მოქალაქეებმა უკან უნდა დავიბრუნოთ. ეს ყველაზე მსხვილი ნაბიჯი იქნება, რაც შეიძლება ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის გადავდგათ. აქ საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე, რომლის მფლობებელიც ქართული ოჯახები გახდებიან.

რაც შეეხება მთავრობის და ბიუროკრატიის ზომის შემცირებას, წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლებას ჩვენს მიერ გამომუშავებული ყოველი 100 ლარიდან, დაახლოებით 35 ლარი მიაქვს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობას ნაკლები ფული უნდა მივცეთ, რათა მოსახლეობას მეტი დარჩეს. ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ მთავრობის ზომას 20%-მდე შევამცირებთ. 

განათლება

1. კერძო განათლების სფეროს სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლება.

2. საჯარო სკოლების ფინანსური და მმართველობითი ავტონომია.

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ამ დოკუმენტს:

განათლების სისტემა სხვა სისტემების მსგავსად არის საბჭოთა გადმონაშთი, რომლის დანგრევაც ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ. თუმცა გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით პანდემიის დროს დაიწყო, რადგან ამ პერიოდში სისტემამ ჩამოშლა დაიწყო და თვალწინ არის ამ სისტემის ნანგრევები,  ჩვენ კი გონიერება უნდა გვეყოს, რომ ამ ნანგრევებში ჩვენი შვილები არ შევტენოთ. აღიარება იმისა, რომ სისტემამ არ იმუშავა, მოგვიწევს. 

                                                                                                                                                              - განაცხადა ლალი ანთიძემ. 

ვახო მეგრელიშვილი:

სწორედ ამიტომაა საჭირო სისტემის დეცენტრალიზაცია. ჩვენ ეს დღესვე გვჭირდება. ამ სფეროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთოდ ტყუილში ვცხოვრობთ. საკუთარ შვილებს წლების განმავლობაში, არ ვეუბნდებით ცხოვრება დაახლოებით რა ტიპის საზოგადოებაში მოუწევთ, ანუ რეალურად რა ხდება გარეთ მათ არ იციან. სკოლა დღეს საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანაა პატარა ადამიანებისთვის, რაც ამახინჯებს მომავალ თაობას და საშუალებას არ აძლევს გაიგონ ვინ არიან თვითონ და როგორია სამყარო მათ გარშემო. თუ ჩვენ ამას შვილებს არ ავუხნით, ამ ტყუილში თავად დავრჩებით. 

ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

ეს სწორედ ის რელისტური ხედვებია, რომელთა გატანაც მომავალ პარლამენტშია შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს. 

რას ფიქრობენ პარტიაში კორონავირუსის და ხელისუფლების ქმედებების შესახებ.

ვირუსთან მიმართებაში "გირჩი" არის ერთადერთი პარტია, რომელსაც თავიდანვე დასაბუთებული პოზიცია ჰქონდა. ჩვენ როგორც დანარჩენმა საქართველომ ამ ვირუსის შესახებ არაფერი ვიცოდით, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდებოდით იმ პროცესებს, რომელიც სამყაროში ვითარდებოდა და დღეს უკვე ნათელია, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მიამართა, მსოფლიოში წარმოებულ კორონავირუსის წინააღმდეგ კამპანიასთან არანაირ კავშირში არ იყო. პანდემიის დასაწყისშივე ნათელი იყო, რომ არსებობდა ერთადერთი გზა, ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვა და რისკ ჯგუფების იზოლირება. 

გაზაფხულზე ხელისუფლებამ ერთეული შემთხვევების გამო რაიონები ჩაკეტა, დღეს კი, ასეულობით ახალი შემთხვევაა და იგივე შეზღუდვები აღარ წესდება. რისი მიზეზიც ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მსგავსი ტიპის შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს და ადამიანები უბრალოდ შიმშილით დაიხოცებიან. 

ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემია თავის სასიკეთოდ გამოიყენა, ვირუსთან ბრძოლაში გმირებად მოგვევლინა და საკუთარი დაცემული რეიტინგი შეშინებული მოსახლეობის ხარჯზე აიმაღლა. 

                                                                                                                                                              - მიიჩნევს მეგრელიშვილი. 

"გირჩის" აზრით, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან?

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საზღვრების გახსნის გარეშე ეკონომიკა კრიზისიდან ვერ გამოვა. ეკონომიკა არაფერია, თუ არა ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაც დღეს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს. შემდეგი ნაბიჯები კი, ოპოზიციური შეთანხმების ნაწილია, რაც მთავრობის ზომის შემცირებას და ბოლშევიკების მიერ წართმეული ქონების, მესაკუთრეებისთვის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

რატომ უნდა მოხდეს საქართველოს განსაბჭოება ზურაბ ჯაფარიძის აზრით?

საბჭოთა სისტემა მონობაზე იდგა. ადამიანებს არ გააჩნდათ საკუთრების უფლება და მათი შრომის პროდუქტი მთლიანად სახელმწიფოს მიჰქონდა. დღესაც იგივე პირობებში ვხოვრობთ. ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ქონება და ჰქონდეთ უფლება ის სურვილისამებრ განკარგონ. მთავრობას აღარ უნდა მიჰქონდეს ამდენი ფული ჯიბეში, ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ სამართლიანობის გრძნობა.ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ადამიანებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ.

"გირჩის" გარდა ამაზე არავინ საუბრობს და სხვა პოლიტიკური პარტიები დღემდე უბიძგებენ ადამიანებს მონობაში დარჩენისკენ და მოსახლეობას უკეთესი მზრუნველის და პატრონის როლს სთავაზობენ. ეს პარტიები დღევანდელ მთავრობასთან არიან კონკურენციაში, რადგან ამბობენ, რომ ბიძინა ცუდად გივლით და მე თუ მოვალ, უკეთესად მოგივლითო. 

ჩვენი საქმიანობის უდიდესი ნაწილი არის არა პოლიტიკური, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობა. ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა მონობის მდგომარეობიდან გამოვიდეს და მოითხოვოს ის, რაც მათ ეკუთვნით. რადგან სინამდვილეში თავისუფლებაზე უფრო დიდი მონაპოვარი არ არსებობს. 

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები