როგორ აფასებენ პოლიტიკოსები შეთანხმებას მართლმსაჯულების სისტემის შესახებ?

გავიგოთ როგორ აფასებენ პოლიტიკოსები შეთანხმებას მართლმსაჯულების სისტემის შესახებ? 

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა. პოლიციის დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს, ასევე ისეთი რეპრესიული სისტემა, როგორიც არის "სუს"-ი უნდა გაუქმდეს. პოლიციელი უნდა იყოს ღირსეული მსახური საზოგადოების და არა პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (შერიფი). 

                                                                                      - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

 საქართველოში კრიმინალის დონე და გაუხსნელი დანაშაულების რაოდენობა გაორმაგდა. პროკურატურა მხოლოდ პოლიტიკური საქმეებით არის დაკავებული და "სუს"-ი პოლიტიკოსებს დასდევს იმის ნაცვლად, რომ იზრუნოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი არის ფუნდამენტი იმისა, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ეყოლება დეპოლიტიზირებული, ადამიანზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემა. 

                                                                                    - მიიჩნევს "სტრატეგია აღამაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო დღე თუნდაც იმით, რომ ქართული პოლიტიკის ისტორიაში პირველად სხვადასხვა შეხედულებების ოპოზიციურმა პარტიებმა მუშაობის შედეგად, კონკრეტული პროდუქტი შექმნეს. რაც დასტურია იმისა, რომ მომავალ პარლამენტში, ჩვენ ერთად შევძლებთ გაცილებით უფრო პროდუქტიულად მუშაობას და მომავალში მოსახლეობას შევთავაზებთ უფრო თავისუფალ კანონმდებლობას, რომელიც მოქალაქეზე იქნება მორგებული. 

                                                                     - თქვა "ერთიანი საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭყოიძემ. 

 "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ:

ამ შეთანხმების საფუძველზე წესრიგი აღარ დამყარდება ადამიანის უფლებების ხარჯზე. პირიქით, შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც სწორედ ამ უფლებების დაცვას მოემსახურება. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მადლობა "გირჩს" და ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც განსხვავებების მიუხედავად შეჯერდნენ მთავარ ამოცანებზე. სწორედ ასეთია მართლმსაჯულების სისტემის ცვლილება.
ვწუხვარ, რომ ფიზიკურად ვერ ვაწერ ხელს, რადგან არ ვარ ქალაქში, ამიტომ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო.

                                                                                                                                                      - წერს ელენე ხოშტარია.

ქვეყნის ისტორიაში პირველად ქართულმა ოპოზიციამ მოახერხა და შეთანხმდა, რომ აღარ იარსებებს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა.  კომუნისტებს პოლიცია, პროკურატურა და სასამრთლო სჭირდებოდათ არა ადამიანებს შორის კონფლიქტების აღმოსაფხვრელად, არამედ იმისათვის, რომ ადამიანები დაემონებინათ. 

ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მე მაწუხებდა ყველაზე მეტად შეთანხმების დონეზე ბოლომდე მიყვანილია. იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დარწმუნდებიან, რომ ამ შეთანხმებას უნდა შეუერთდნენ. 

                                                                                                                                                     -  გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

ეს შეთანხმება შეიცავს ძალიან ბევრ ისეთ იდეას, რომელიც არასოდეს ყოფილა ქართულ პოლიტიკურ ველზე. შესაბამისად ამ იდეების გათავისებას გარკვეული დრო დასჭირდება. მე მგონია, რომ გრძელვადიან პერპექტივაში ეს უზარმაზარი შედეგის მომტანი იქნება. ის ფაქტი რომ რელური პარტიები და პოლიტიკოსები ამ თემებზე სერიოზულად ფიქრობენ, უკვე ძალიან დიდი მიღწევაა. იმ შემთხვევაში, თუ ამას მოყვება პრაქტიკული შედეგი, რაც გულისხმობს, რომ ეს პოლიტიკოსები არატრადიციულად დაიცავენ საკუთარ სიტყვას, ქვეყანა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს. 

                                                                                                                                                   - მიიჩნევს ვახო მეგრელიშვილი. 

მიხარია, რომ ამ საქმეში ჩემი პატარა წვლილიც არის. კარგია რომ საუბარი დავიწყეთ, რადგან 10 წლის წინ ამ თემებზე არავინ საუბრობდა. მგონია, რომ რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ამ თემებზე და რაც მეტად გააშუქებს ამას მედია, მით უფრო მალე გახდება ეს რეალური და  პოლიტიკურ სუბიექტებსაც მოტივი და შესაძლებლობა არ ექნებათ, რომ ეს შეთანხმება არ შეასრულონ.

                                                                                                                                              - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რამდენიმე თვე დაგვჭირდა რომ გვესაუბრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან. სხვები შეიძლება ხელს არ აწერენ, მაგრამ პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან იმ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია ამ შეთანხმებაში. კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეთანხმება ეკონომიკურ რეფორმებზე და განათლებაზე, რომელიც მაღალი ალბათობით, მალე იქნება.

                                                                                                                                                   - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ  დღეს, „ევროპულმა საქართველომ", „ნაციონალურმა მოძრაობამ“,  „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ შსს-ს, სუს-ის და პროკურატურის რეფორმის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვრცლად რას ეხება ეს შეთანხმება, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები