სიახლეები

ლუსტრაციის პროცესის დაწყების მნიშვნელობაზე

                                                                                          ლუსტრაციის აქტი

ქვეყნის თავისუფალი და სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია გავთავისუფლდეთ ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მქონე ისეთი პირებისგან, რომლებიც დავალებულები არიან ყოფილი სსრკ-ის უშიშროების ორგანოებისგან და დღესაც მოქმედებენ იმ ორგანოების სამართალმემკვიდრის ინსტრუქციებითა და სულისკვეთებით.

სსრკ-ის უშიშროების ორგანოსთან თანამშრომელ პირთა კონფიდენციალობა საგულდაგულოდ იყო დაცული მაშინდელი პოლიტიკისგან და დღემდე შეუძლებელია ამ პირთა ვინაობის გასაჯაროება. გაცხადებულია, რომ საქართველოს სუკ-ის არქივი 1990 წლის სექტემბერში გაიტანეს რუსეთში, ხოლო 1991 წელს საქართველოდან წარგზავნილმა სუკის თანამშრომლებმა საგულდაგულოდ გაანადგურეს ის მასალები, საიდანაც რაიმე სახის ინფორმაციის მიღება იქნებოდა შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, რუსულ არქივებში დაცული იქნება ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა კაგებესთან და ასრულებდნენ მათ დავალებებს, რადგან მაშინდელი იმპერიული წესრიგის მიხედვით ნებისმიერი საკითხის შესახებ საქმის კურსში იქნებოდა ჩაყენებული ცენტრი წერილობითი დოკუმენტაციის გადაგზავნის ფორმატითაც. ანუ საქართველოში შენახული დოკუმენტების გარდა იმავდროულად დოკუმენტები შეიქმნებოდა და დაარქივდებოდა მოსკოვშიც.

შესაბამისად, საქართველოს ხელისფულების მოვალეობაა, რუსეთის ფედარაციის, როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრის, წინაშე პრინციპულად დააყენოს საკითხი კაგებეს არქივების ქართული ნაწილის მონაცემების გადმოცემის შესახებ (აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა ეხება მაშინდელი საერთო სახელმწიფოს ფარგლებში არსებულ მონაცემებს და არა 1991 წლის შემდეგ რუსული სპეცსამსახურების მოღვაწეობას, რისი მოთხოვნის უფლებაც იურიდიულადაც არ გვაქვს.).

ეს საკითხი ისეთივე პრინციპული მოთხოვნა უნდა იყოს საქართველოს მხრიდან, როგორც დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მოთხოვნაა. საქართველომ უნდა გააცნობიეროს ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია უმალ საქართველოს დეოკუპაციაზე დათანხმდება, ვიდრე საკუთარი ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების გაშიფვრაზე, მაგრამ საკითხის პრინციპული დაყენება მაინც მოიტანს თავის სარგებელს.

რა არის ეს სარგებელი?

 პირველ რიგში ეს იქნება ჩვენი საზოგადოების სწრაფვა მეტი ზნეობრიობისკენ, მეტი თავისუფლებისკენ. ის, რომ სწრაფვა ვერ მოგვიტანს მყისიერ მიზანს, არ ნიშნავს იმას, რომ სწრაფვაზე უნდა ვთქვათ უარი. სწორედ სწრაფვაა თავისუფლება და არა სხვა რამ...

სარგებელს მივიღებთ საერთაშორისო დონეზე იმით, რომ ცივილიზებული მსოფლიო დაინახავს, თუ როგორ იბრძვის საქართველო კომუნიზმის მახინჯი სისტემის ნარჩენებისგან განთავისუფლებისთვის.

მესამე სარგებელს მივიღებთ ადგილობრივი მოქმედი დავერბოვკებული პოლიტიკოსების შედარებითი განეიტრალებით. ისინი მკაფიოდ გაააცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან, მათ სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ აუცილებლად მოხდება მათი სახელების გასაჯაროება და ეს დაღად დაააჩნდება მათს შთამომავლობას.

ამ მესამე სარგებლის უფრო ეფეტქურად გამოვლენის მიზნით აუცილებელია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პირებზეა დამოკიდებული და სხვა არავისზე;

  1. ქართული საბჭოური სხვადასხვა არქივის გახსნა, რითაც გამოვლინდება 1920-იანი წლებიდან მოყოლებული ავბედითი საქმეები. მათ შორის ქართველი გამოჩენილი მოღვაწეების საქმეებიც. ამ ფაქტით დღევანდელი დავერბოვკებული პოლიტიკოსები თვალნათლივ დაინახავენ, რომ ლუსტრაცია გარდაუვალია. დღეს ქართველ ისტორიკოსებს ეკრძალებათ ამ არქივებზე მუშაობა და ჩვენებური მოქმედი რუსეთის თანამშრომლები ნუგეშცემულნი არიან, თითქოს მათი საქმიანობაც ვერ იქნება გასაჯაროებული მომავალში.
  2. შეთავაზება ამჯამადაც მოქმედი დავერბოვკებული პოლიტიკოსებისთვის, რომ თუკი დღეს ისინი განაცხადებენ საკუთარ კავშირებს ყოფილ კაგებესთან და დღევანდელი რფ-ის სამსახურებთან და ამავდროულად ისინი უარს იტყვიან პოლიტიკურ საქმიანობაზე, მათი საქმეები სამარადისოდ იქნება და დარჩება დასაიდუმლოებული რუსეთის მხრიდან საიდუმლო მასალების გადმოცემის შემთხვევაშიც კი.

     3. საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებმა ხელი უნდა შეუწყო ნებაყოფლობითი აღიარების ფაქტებს. ცნობილი თუ უცნობი ადამიანები უნდა გამოვიდნენ და მოუყვნენ საზოგადოებას, თუ როგორ მოხდა მათი დაკავშირება საბჭოურ კაგებესთან, რა დავალებებს ასრულებდნენ, როგორ თანამშორმლობდნენ. გასაგებია, რომ რთული იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სათანადოდ მოზომილი და კორექტული მიდგომების შედეგად შეუძლებელია არ გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი მაინც, რომელიც საშვილიშვილოდ განთავისუფლდება ამ ტვირთისგან. განსაკუთრებული საჯარო მონანიების სურვილი მოხუცებულობაში უჩნდება ხოლმე ადამიანს...  რამდენიმე მაგალითი კი გადამდები აღმოჩნდება სხვებისთვისაც, ხოლო უფრო მეტი  მათგანი სახელის გასაჯაროების გარეშე დათანხმდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან საიდუმლო თანამშრომლობის ლუსტრირებას.

გარდა იმისა, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა მორალური ზრდისა და რეალურ ლუსტრაციისკენ წაგვიყვანს, ეს პროცესი დღევანდელ საზოგადოებას გახდის უფრო მეტად ფხიზელს და იგი მეტი კრიტიკული ანალიზით მიუდგება ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერსა და მის ქცევას. ეს კი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან 1988-90 წლებში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებისთვის თვალსაჩინო გახდა იმპერიის რღვევის ნიშნები, კაგებე ფართო აგენტურულ და თანამშრომელთა ქსელს შექმნიდა იმდროინდელ 16-25 წლის ქართველ ახალგაზრდებს შორის. სწორედ დღეს არის აქტიური პერიოდი მაშინდელი სტუდენტი-ახალგაზრდობის პოლიტიკურ ასპარეზზე სამოღვაწეოდ და “მოღვაწეობენ და მოღვაწეობენ” კიდეც ისინი.

 ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ლუსტრაციის პროცესის დაწყება დღეს და ახლა. ამიტომაც, სწორედ დღეს, და არა ხვალ, უნდა მოხდეს ასეთ ადამიანებზე მეტი დაკვირვება და პოლიტიკური ველის შედარებით გასუფთავება.  

                                                                                                                                                                        ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე

კომენტარები