სიახლეები

260 Views
განათლება

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

პირველი, რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვზე გაგვახსენდება, მისი ამოუწურავი ცნობისმოყვარეობა და დაუსრულებელი კითხვებია – “ცა ლურჯი რატოა?”, “ღრუბელი რა არის?”, “წვიმა რატომ მოდის?”, “მამიკოს წვერები რატომ აქვს?”.როგორც კი ამ და ყველა მომდევნო ათასობით კითხვის ავტორი სკოლაში მოხვდება, მისგან დაღლილ, გონებაგაფანტულ, ჩაკეტილ არსებას ვიღებთ.მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PIშA) მიერ 2015 წელს ჩატარებულ ტესტში ქართველმა ბავშვებმა:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აიღეს საშუალოდ 411 ქულა
წაკითხულის გააზრებაში – საშუალოდ 401 ქულა.
ხოლო მათემატიკაში – საშუალოდ 402 ქულა.მაშინ, როდესაც ტესტში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო შედეგი 493, 490 და 493 ქულებია. 

2015 წელს PISA-ს ტესტში მონაწილე 70 ქვეყნიდან საქართველო მე-60 ადგილზე გავიდა. გაგვასწრეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მონტენეგრო, კოსტა-რიკა, კოლუმბია, ტაილანდი და ტრინიდადი და ტობაგო.

საუკეთესო შედეგი სინგაპურელმა მოსწავლეებმა აჩვენეს (556, 534, 564), ხოლო ყველაზე უარესი – დომინიკელებმა (332, 258, 328). ჩვენი მოსწავლეების 70-მდე პროცენტს წაკითხული ტექსტიდან აზრი ვერ გამოაქვს, წარმოდგენა არ აქვს, როგორაა მის გარშემო სამყარო მოწყობილი და უჭირს რაოდენობრივი აზროვნება. განათლების სამინისტროს 2600-გვერდიან “ეროვნულ სასწავლო გეგმა” კი ამასობაში გვაუწყებს, რომ “ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას.” ხოლო ამ მიზნის მისაღწევად განთლების სამინისტროს ბიუროკრატები ეყრდნობიან “მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.”

მაშ, რა შეიძლება იყოს ცნობისმოყვარე ბავშვის ასეთი ტრანსფორმაციის მიზეზი?
ალბათ ბევრი რამ, მაგრამ პრობლემას ასე შევხედოთ:

დღევანდელი სკოლის პირველი ანალოგი პრუსიაში, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ინდუსტრიული რევოლუციის ხანაში შეიქმნა და ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა – ქარხნებისთვის მორჩილი და ბეჯითი მუშახელის გამოზრდა.

შემდგომში საბჭოთა კავშირმა ეს სისტემა ეფექტიანად გადაიღო და კიდევ ერთი ფუნქცია დაუმატა – ტექნიკურ საგნებში განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანების გამორჩევა, რომლებსაც მერე სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსებში დაასაქმებდა. ამიტომაც არსებობდა სპეციალური და ფიზიკა-მათემატიკური სკოლები.

საბჭოთა კავშირიდან ბევრი არაფერი გამოგვყოლია ისე უცვლელად, როგორც განათლება, სასკოლო განათლება – ჩვენს შვილებს დღეს შეიძლება წიგნების მეტ-ნაკლებად მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ და არც იდეოლოგიურად დამუშავებული მასწავლებლები ადგანან თავზე, მაგრამ ჩვენი სკოლის არსი ბოლო 100 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

ბოლო 100 წელია ქართული სკოლა არის ყაზარმული ტიპის უზარმაზარი შენობა, სადაც ბავშვები, მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილები და ერთსა და იმავეს იზეპირებენ. მთელი განათლების სისტემა გამოცდების ჩაბარებასა და უმაღლესში მოხვედრაზეა მიმართული. ამისთვის ბავშვმა უამრავი რამ უნდა დაიზეპიროს და ეს ცოდნა როგორმე გამოცდამდე მიიტანოს. არადა, დღეს, როდესაც ყველას ინტერნეტი და სმარტფონი აქვს, იმის დაზეპირებას, თუ რამდენი მეტრია ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ანხელი, აზრი აღარ აქვს. სკოლის ფუნქციებზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ სავარაუდოდ, სკოლის მიზანი ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება უნდა იყოს.

სრულწლოვანებამოახლოებულ ახალგაზრდას უნდა შეეძლოს კრიტიკული და რაოდენობრივი აზროვნება, იცნობდეს გარე სამყაროს ძირითად კანონზომიერებებს და ის სფეროც უნდა ჰქონდეს არჩეული, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესო იქნება.

დღეს უკვე რთულია იმის წინასწარმეტყველება თუ როგორი იქნება სამყარო 10 წლის შემდეგ, ჩვენ კი ახალგაზრდებს 100 წლის წინანდელი მიზნებისთვის ვამზადებთ.თუ თქვენი შვილი, რომელიც ახლა შეგყავთ სკოლაში, 10 წლის შემდეგ წარმატებულ, ჩამოყალიბებულ ადამიანად გამოვა სკოლიდან, იცოდეთ, რომ ეს სკოლის კი არა, თქვენი შვილის დამსახურებაა, რომელმაც თავისით, ინტერნეტში თუ უფროსი მეგობრებისგან მოიძია, დაინტერესდა და შეისწავლა რაიმე სფერო.

ჩვენი სკოლის წარუმატებლობის კიდევ მთავარი მიზეზი კონკურენციის არარსებობაა.
იქ, სადაც არაა კონკურენცია, არ არსებობს ცვლილებისა და განვითარების ბუნებრივი სტიმული.

2005 წელს მაშინდელმა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ სკოლებში ვაუჩერული სისტემა შემოიღო. ეს ნიშნავდა, რომ თითოეულ ბავშვს სამინისტრო “მიამაგრებდა” გარკვეულ თანხას და რომელი სკოლაც ამ ბავშვს, მის მშობელს მიიზიდავდა, ამ თანხას განათლების სამინისტროსგანაც ის მიიღებდა.

წესით, ამ სისტემას სკოლებს შორის კონკურენცია უნდა გაეჩინა.

თუ ცუდი სკოლის დირექტორი ხარ, შენთან ნაკლები მშობელი მოიყვანს შვილს სასწავლებლად და იძულებული ხდები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნო. ასეთი სისტემა პირველად 1917 წელს ჰოლანდიაში დაინერგა. 50-იან წლებში მას აქტიურად ლობირებდა ამერიკელი ნობელიანტი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი. დღეს განათლების ვაუჩერულ სისტემას შეხვდებით აშშ-ში, კოლუმბიაში, ჩილეში, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, ჰონ-კონგში.

როგორ იმუშავა ამ სქემამ ჩვენთან? იმის გამო, რომ ჩვენ სკოლად მხოლოდ უზარმაზარი აგურის შენობა წარმოგვიდგენია და განათლების სხვა ფორმებს სახელმწიფო არ აღიარებს, ვაუჩერულ სისტემას მალევე გამოუჩნდნენ ოპონენტები: მეჩხერად დასახლებული, მაღალმთიანი რეგიონების სკოლები, სადაც ერთდროულად ასეულობით ბავშვს არასოდეს უსწავლია, გაქრობის საფრთხის წინაშე დადგნენ, ისევე როგორც ურბანული ცენტრების ნაკლებ პოპულარული, “ცუდი” სკოლები – აგურის გიგანტურ შენობებს და მასწავლებლების კონტინგენტს შენახვა უნდოდა, საკმარისი მოსწავლის მოზიდვას კი ასეთი სკოლები ვერ ახერხებდნენ.

განათლების სამინისტრომ ასეთი სკოლების წნეხს ვერ გაუძლო და 2011 წელს ვაუჩერულიდან კომბინირებულ სისტემაზე გადავედით, რაც გულისხმობდა, რომ ყველა “პრობლემური” სკოლა, თავის შესანახად, 10 დან 30 ათას ლარამდე “საბაზისო დაფინანსებას” მიიღებდა.

ანუ, (მაღალმთიან სკოლებს რომ თავი დავანებოთ) ის სკოლები, რომლებიც იმდენად ცუდი სწავლით გამოირჩევიან, რომ მათგან ბავშვები უკეთეს სკოლებში მირბიან, ბიუჯეტიდან ღებულობენ უფრო მეტ დაფინანსებას თითო მოსწავლეზე, ვიდრე უფრო წარმატებული, უფრო კარგი სკოლები. “ცუდი” სკოლის დირექტორმა კი იცის, რომ როგორიც უნდა იყოს სწავლა მის სკოლაში, ის ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მაინც დაახლოებით იგივე თანხას მიიღებს და დიდად არც აქვს გაუმჯობესების მოტივაცია.

ვაუჩერული სისტემა კარგია, მაგრამ თუ სკოლებს შორის კონკურენციას არ დავუმატებთ სწავლების მეთოდებს შორის კონკურენციასაც, ეს სისტემაც წარუმატებლობისთვისაა განწირული.ნუთუ შეიძლება, რომ ნახევარ მილიონ ბავშვს ერთი და იგივე მეთოდით, მიდგომით და მსგავსი სახელმძღვანელოებით ვასწავლიდეთ? ეს ხომ თითქმის იგივეა, ყველა ავადმყოფს რომ ერთი წამლით ვუმკურნალოთ.აგურის შენობა მკაცრი მასწავლებლებით და “ერთიანი სასწავლო გეგმით” განათლების მიღების ერთ-ერთი გზაა, მაგრამ არა – ერთადერთი.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ონლაინ ჟურნალში At.ge

კომენტარები