ბიბლიური თავისუფლების რეფორმაცია

💴 სახელმწიფო სამხედრო სამსახურის ერთჯერადი გადავადება ოფიციალურად 2000 ლარი ღირს. ბიბლიური თავისუფლება ამას, ფაქტობრივად, (ნებაყოფლობით შემოწირულობა 20 ლარი) უსასყიდლოდ აკეთებს.

🎁 ეს იყო და არის გირჩის საჩუქარი საქართველოს ახალგაზრდობისთვის.

გათავისუფლებული 7 ათასი ადამიანიდან, მინიმუმ ექვსმა ათასმა ვერ გაიაზრა: 
⦁ რატომ და როგორ გათავისუფლდა მონობისგან
⦁ სად, და რა ორგანიზაციაში მოვიდა
⦁ რა რწმენის ადამიანები დაეხმარნენ და თავად რა პროცედურაში მიიღო მონაწილეობა.

👀 რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? გათავისუფლებული ათი ადამიანიდან ერთმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც განმათავისუფლებლის არჩევნებში მონაწილეობის მხარდაჭერას გულისხმობდა და რომლის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა; არასოდეს გამოუხატავს დაინტერესება იმ ხალხის მიმართ, ვინც დაეხმარა; დიდ ნაწილს დღემდე სექტანტები ვგონივართ, ვინც ისინი ბანალურად გამოიყენა. მოკლედ რომ ვთქვათ, პატივს არ სცემენ არც იდეას და არც მორწმუნე ადამიანებს.

რამ გამოიწვია ეს?
⦁ დაარსების დღიდან გვიწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვემუქრებოდნენ და წერდნენ ჩვენ საწინააღმდეგო კანონპროექტებს, კოლეგა რელიგიური ორგანიზაციები არ გვიცხადებდნენ სოლიდარობას, ნაწილი ეშმაკის მოციქულებადაც გვაცხადებდა. ამ რეჟიმში მღვდელმსახურთა ცნობიერების გაფართოებაზე ზრუნვა რთული ამოცანა იყო;
⦁ ორგანიზაცია იყო ახალგაზრდა და არც ჩვენ გვქონდა რელიგიური ორგანიზაციის მართვისა და მღვდელმსახურების შერჩევის გამოცდილება;
⦁ ერთადერთი სტანდარტი, რასაც მღვდელმსახურთა შერჩევის დროს ვიყენებდით, იყო ის, რომ ადამიანი დადასტურებულად კაცთმოძულე და მოძალადე არ ყოფილიყო. სხვა მოთხოვნების შესამოწმებლად საშუალება და რესურსი არ არსებობდა;
⦁ ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ძალადობისგან დაცვა იყო, რაც ბიბლიურმა თავისუფლებამ პირნათლად შეასრულა - დღეს სისტემას ისინი ჯარში ვერ მიყავს.

🙄 ჩვენ არ მოგვწონს უმადურობა. უმადურობა ცუდი საქმეა და მომავალშიც ცუდი შედეგი მოყვება. როცა ჩვენ ვეხმარებით ასეთ ადამიანს, ამით მას და მის მომავალს ცუდ საქმეს ვუკეთებთ. ეს უნდა შეიცვალოს.

რატომ ხორციელდება რეფორმაცია:
⦁ მონობისგან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუ მონად-ყოფილი იწყებს ფიქრს და იაზრებს რა საკუთარი მონობის სიმძიმესა და ბოროტებას, მისთვის მოყვასის მონობაც მიუღებელი ხდება;
⦁ ნებისმიერი რელიგიური გაერთიანება ვალდებულია ილაპარაკოს მორალზე, ადამიანურობაზე, ხელი შეუწყოს აზროვნების პროცესს და წაახალისოს ადამიანის კეთილგონივრული მოქმედება;
⦁ ბიბლიური თავისუფლება არ იმსახურებს უპატივცემულობას მისივე მღვდელმსახურებისგან, უფრო მეტიც, ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური არ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი, ვისაც საჯაროდ ამის აღიარების რცხვენია;
⦁ ჩვენი რწმენის მიხედვით, ჩვენი მიზანი მიღწევადი იქნება მხოლოდ აზროვნების დაწყების პირობით.

რაში მდგომარეობს რეფორმაციის შინაარსი?
ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურობის მსურველი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც აქვს ნაფიქრი შემდეგ საკითხებზე:
⦁ სად მოვიდა დახმარების სათხოვნელად, რა ორგანიზაციებია ბიბლიური თავისუფლება ან გირჩი; ადამიანის როგორი სახით დახმარება და რატომ მიიჩნევა ამ ორგანიზაციებში ვალდებულებად?
⦁ რა არის მორალი და მორალური ცხოვრება?
⦁ რა არის თავისუფლება და რატომაა ის ადამიანისთვის აუცილებელი?
⦁ რას გააკეთებს თავად თავისუფლებისთვის?
როდის იწყება რეფორმაცია და როგორ შეიძლება მოემზადოს მომავალი მღვდელმსახური?

🕛რეფორმაცია იწყება 2018 წლის პირველი ივლისიდან.
პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე ჯარში გაწვევა არ არის, ანუ ადამიანებს მღვდელმსახურის მოწმობის აღება არ ეჩქარებათ და აქვთ საკმარისზე მეტი დრო მოსამზადებლად და დასაფიქრებლად.
მღვდელმსახურების შერჩევა მოხდება გასაუბრებით.
პირველი ივლისიდანვე ნებისმიერ ადამიანს პირადად ან ფეისბუქით, შეუძლია კონსულტაციის გავლა გირჩის მოქმედ მღვდელმსახურებთან, რომლებიც გააცნობენ მათ გასაუბრების წესებს.
როგორ უნდა მოემზადოს მომავალი მღვდელმსახური?

📚ბიბლიური თავისუფლების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მითითებულია ვიდეო მასალა, რომლთა ნახვა და გააზრება აუცილებელია, გასაუბრებაზე გამოსვლამდე, იქვე ნახავთ, ჩვენ მიერ რეკომენდებულ ლიტერატურასაც, რომლთა გაცნობა ჩვენი აზრით ,,არგებს ხორცსა, მერმე სულსა“



კომენტარები