სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" არის ოცნება საბჭოთა საქართველოზე

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

როგორც იცით, "გირჩმა" მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თბილისს გარეთ 22 მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია მაჟორიტარულ არჩევნებში ჩაერთვებოდა. ამ ეტაპზე შესაძლო მაჟორიტარულ კანდიდატებთან და ოლქებთან დაკავშირებით, განხილვები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე და საერთო კანდიდატებზე შეჯერებამდე ზურაბ ჯაფარიძეს სურდა ვაკეში ეყარა კენჭი, თუმცა მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, მან თავისი კანდიდატურა "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას სასარგებლოდ მოხსნა. თბილისში 2 მაჟორიტარულ ოლქში (საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის) შეთანხმებული საერთო ოპოზიციური კანდიდატი არ არის.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ორი ოლქიდან ერთ-ერთში დადგება ჯაფარიძე. როგორც მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამოდენიმე პარტიასთან კონსულტაციები, რის შემდეგაც გაირკვევა შესაძლებელია, თუ არა რომ ჯაფარიძე იყოს ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, ამ ოლქებიდან ერთ-ერთში. პოლიტიკოსის თქმით, განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე პოზიტიურია. 

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მისი კონკურენტი მმართველი ძალიდან და ის მზად არის ნებისმიერ "ბიძინას მარიონეტს" ედებატოს. თუმცა, როგორც დრომ გვიჩვენა, "ქართული ოცნება" სალაპარაკოდ მზად არასოდეს არ არის.  

პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია თავის ხედვებში უნდა იყოს მკაფიო, რათა მოსახლეობისთვის გასაგები გახდეს რა იქნება არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.  "გირჩი" რიგ საკითხებზე უკვე დიდი ხანია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს და მოალაპარაკებებს აწარმოებს. გარკვეული შეთანხმება სასამართლო სისტემის ცვლილების შესახებ უკვე მიღწეულია, რასაც13 მარტს გაფორმებული მემორანდუმი მოწმობს. პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.   ასევე "ევროპულმა საქართველომ" ქონების რესტიტუციას მხარი დაუჭირა, რაც წინასაარჩევნო კამპანიაშიც დაანონსა.  "გირჩის" ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება შესაძლებელია, რომ სხვა საკითხებზეც მოხდეს და ამომრჩევლისთვისაც უფრო გასაგები გახდება, თუ რას აპირებს ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. 

"ჩემი ხედვა არის ის, რომ "ქართული ოცნება" არის ჩვეულებრივი ოცნება საბჭოთა საქართველოზე. ამის საპირწონე არის ერთადერთი იდეა, რასაც "გირჩი" ატარებს, მართლა თავისუფალი საქართველო და მართლა თავისუფალი საზოგადოება. ის რასაც ვუყურებთ დასავლეთის ქვეყნებში, რა კეთილდღეობის დონეც მოგვწონს და გვინდა ეგრე ვიცხოვროთ, მაგრამ არ გვესმის, რომ ეს ყველაფერი თავისუფლებამ მოიტანა. გასააზრებელია ეს ოპოზიციის მიერ, რა იდეას ვებრძვით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საბჭოთა საქართველო უნდა დავამარცხოთ მართლა და ამას მხოლოდ თავისუფლების იდეა შეძლებს."

                                                                                                                                                    - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები