სიახლეები

როგორ სასამართლოზე შეთანხმდა ოპოზიცია ?

2020 წლის 13 მარტს, გაგანია კორონა ისტერიის დროს, ქართულმა ოპოზიციამ, უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მიაღწია. ამ შეთანხმების მიხედვით, უეჭველად იშლება საბჭოთა სასამართლო სისტემა, რომელიც საბჭოთა ანექსიიდან მოყოლებული აგერ უკვე ერთი საუკუნეა, გვაცხოვრებს გამუდმებულ შიშში და ერთმანეთს გვაპირისპირებს.

დღეს, ამ სისტემის ანატომია მინდა აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გაადამიანურება.

მოქმედი სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა არის უკიდურესი ცენტრალიზაცია.

როცა კომუნისტები მოვიდნენ, მათ ხალხის დასაშინებლად და დასამორჩილებლად, სჭირდებოდათ ,,მოსამართლეები“, რომლებიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებდნენ. დავალების შემსრუებელი მოსამართლეების მიღება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მას ცენტრალიზებული წესით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური მეთაური. ანუ მორჩილი მოსამართლეები რო მიიღო, მოსამართლე შენ უნდა დანიშნო და ვინც არ მოგეწონება მოიშორო, ამის უფლებამოსილება თუ გაქვს, სასამართლო ჯიბეში გიზის.

ქართულ სასამართლოში სულ ასე იყო, ყოველთვის პარტია წყვეტდა მოსამართლის ბედს, შესაბამისად ისიც სულ პარტიის იყო და არა ხალხის. ქართულ სასამართლოს მიუღია სამართლიანი გადაწყვეტილებებიც, ქრთამი აუღია, როგორც სამართლიანი ისე უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ მთავარი რაც მან ვერასოდეს ვერ შეძლო, იყო ის რომ ქართული სასამართლო არასოდეს წასულა მმართველი პარტიის ნების საწინააღმდეგოდ.

არადა, სასამართლო სწორედ ამისთვის არსებობს, გაპარპაშებული ხელისუფლების მოსათოკად. საქართველოში ხელისუფლებები ყოველთვის პარპაშებდნენ, მაგრამ სასამართლოს არასდროს აზრად არ მოსვლია ხმა ამოეღო ამის წინააღმდეგ. პირიქით, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ეხმარებოდა ხელისუფლებებს პარპაშში.

30-იანი წლების რეპრესიებიდან დავიწყოთ, მას მერე შინაარსობრივად განსხვავებულს როდის აკეთებდა ქართული სასამართლო?

როდის დამდგარა ხალხის მხარეს?

როდის გვქონია სასამართლოს იმედი?

და თუ იმედი არ გვქონია, ნდობა როგორ გვექნებოდა?

"ნდობის გარეშე კი სასამართლო იგივეა რაც ბიბლია ღმერთის გარეშე".

ნდობა რომ დავაბრუნოთ სასამართლოში აუცილებელია, რომ ხალხი ჩავრთოთ მისი დაკომპლექტების პროცესში, შეუძლებელია ახლა სისტემის შიგნით შეიქმნას ისეთი ნდობა რაც სასამართლოს ლეგიტიმაციისთვის არის საჭირო.

ქვეყნის ყველა პირველმა პირმა პოლიტიკური ნიშნით გამოიყენა სასამართლო, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთ ხელისუფლებას ეს საქმე მარტო არ უნდა ვანდოთ.

ოპოზიციურ პარტიათა შეთანხმებაც ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, სასამართლო დეცენტრალიზებულია და მას არ აკომპლექტებს მმართველი პარტია — ეს უფლებამოსილება უბრუნდება ხალხს.

შეთანხმება სულ 5 პუნქტისგან შედგება და შემდეგ რამეს ამბობს:

პირველი პუნქტი — ბრალდებულს უფლება აქვს მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თუ მის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელად ითვალისწინებს პატიმრობას.

ანუ თუ ადამიანი თვლის რომ უდანაშაულოა, მაგრამ არ ენდობა მოსამართლეს, მას შეუძლია მოითხოვოს, რომ მის საქმეში მტყუან მართალი, უბრალო ადამიანების მიერ შემდგარმა სასამართლომ გაარჩიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სისტემას მოუნდება უდანაშაულო ადამიანი ჩასვას ციხეში, მას საკუთარი დანიშნული მოსამართლის ნაცვლად ზეწოლის მოხდენა შემთხვევითი წესით არჩეულ ნაფიც მსაჯულებზე მოუწევს, ერთი სისტემაზე დამოკიდებული ადამიანის ნაცვლად 12 (პირობითად) დამოუკიდებელ ადამიანზე, რაც სასამართლოს ობიექტუურობის ხარისხს, მნიშვნელოვნად ზრდის.

მეორე პუნქტი — პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეები აირჩევიან უშუალოდ ხალხის მიერ.

სასამართლოში ნდობა რომ დაბრუნდეს, აუცილებელია მოსამართლეები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ხალხი ამისათვის ნდობას გამოუცხადებს. არავინაა იმაზე სანდო მოსამართლე, ვისაც შენ ირჩევ და შენი ნებით აძლევ შენი საქმის განხილვის უფლებამოსილებას.

არჩევითი მოსამართლეები განიხილავენ არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს, არამედ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებსაც, თუ ბრალდებული ან მოსარჩელე საქმის განმხილველად მათ აირჩევენ. შენი არჩეულის ნაკლებად გეშინია, ნდობის დასაბრუნებლად აუცილებელია, რომ სასამართლოსი არ გვეშინოდეს.

ოპოზიცია თავისი შეთანხმების ერთგული თუ დარჩა და არჩევნები მოიგო, 2021 წელს მოსამართლეების არჩევა ჩვენ თვითონ შეგვეძლება მურუსიძის და ჩინჩალაძის ნაცვლად.

მესამე პუნქტი — კლანი უნდა წავიდეს.

ახლა ოპოზიციაში ყველა თანხმდება რომ 2017 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, კლანის მიერ არის დანიშნული. კლანს შემთხვევით ნორმალური მოსამართლეც რომ დაენიშნა ასეთი ლეგიტიმაციით მუშაობა ნორმალური სამოსამართლეო საქმიანობისთვის შეუთავსებელია და ამ მოსამართლეებს თავიდან აქვთ დასამტკიცებელი, რომ უვადოდ მოსამართლეობას იმსახურებენ.

შეთანხმების ეს ნაწილი, ქალბატონი ეკა ბესელიას ინიციატივა იყო, რომელიც გავითვალისწინეთ, თუმცა ქალბატონ ეკას ამ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია (ისევე როგორც რამდენიმე პარტიას), რისი გასაგები მიზეზიც მე ჯერ კარგად არ ვიცი და ვთვლი რომ ჩვენ ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ზედა სამ პუნქტში აღწერილია სამი სასამართლო: ნაფიც მსაჯულთა არჩეული მოსამართლის ჩვეულებრივი, მაგრამ კლანისგან თავისუფალი. პირველ ინსტანციაში ბრალდებულს და მოსარჩელეს, შეუძლია აირჩიოს ის, რომელსაც უფრო მეტად ენდობა.

ოპოზიციის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, ეს სამი არჩევანი ჩნდება, რაც უფრო მეტია არჩევანი, მით მეტია ნდობა.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზემდგომი ინსტანციები, საიდანაც მთელი სასამართლოს სამართლებრივი კონტროლია შესაძლებელი. ოპოზიციურ პარტიათა შორის მაღალ ინსტანციებში არჩევით მოსამართლეებზე პოლიტიკური კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი იყო და კამათი ძირითადად მიდიოდა იმაზე, თუ რა პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი შეიძლებოდა გამოგვეყენებინა სასამართლოს ერთპარტიულობის საფრთხის მოსახსნელად.

საბოლოოდ შევთანხმდით, რომ სამოსამართლეო საქმიანობის გამოცდილება არ გვაქვს და უნდა ვისწავლოთ, თან იმ ქვეყნებიდან ვისწავლოთ, სადაც სასამართლოს უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს და ენდობიან. მეოთხე პუნქტი ამის გამოხატულებაა.

მეოთხე პუნქტი — ამერიკელი და ინგლისელი მოსამართლეები, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში.

ოპოზიციის შეთანხმების ეს ნაწილი თავისი შინაარსით დროებითი ღონისძიებაა. ამერიკელი და ინგლისელი მოსამართლეები უნდა შეირჩნენ იმ წესით რა წესითაც საკუთარ ქვეყანაში ირჩევიან. როგორც ამიხსნეს, ტექნიკურად ეს შესაძლებელია, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სასამართლო სისტემასთან თანამშრომლობის შემთხვევაში.

შევთანხმდით, რომ ამერიკის და ბრიტანეთის სასამართლო სისტემის მიერ არჩეული მოსამართლეები უნდა შეადგენდნენ სააპელაციო და უზენაესი ინსტანციების კოლეგიებში უმრავლესობას, მანამ სანამ ქართულ სასამართლოში არ გაჩნდება ადგილობრივი მოსამართლეების მიმართ ნდობა. შეთანხმების დროს დისკუსიისას მაქსიმალური ვადა რაც იყო ნავარაუდევი, რა ვადითაც შეიძლება მოქმედებდეს ეს წესი, იყო 20 წელი.

როცა სასამართლოს რეალურ მნიშვნელობას გავიგებთ მოსამართლეებს სწორი შეგნებით და მორალით ავღზრდით, მერე ამ საქმეს ჩვენი ძალებითაც შევწვდებით. მანამდე კი ამ საქმეში გამოცდილ და წარმატებულ მეგობრებს უნდა ვთხოვოთ დახმარება.

მეხუთე პუნქტი — ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტებად აღიარება.

სახელმწიფოს და ადამიანს შორის დავის შემთხვევებზე, მათ შორის სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა იქნას გამოყენებული აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა. ამერიკის უზენაესი სასამართლო არის სამყაროში ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი სასამართლო. რომელიც ყველაზე ეფექტურად იცავს ერთ ადამიანს, ინდივიდს და მის თავისუფლებას.

პრეცედენტული სამართლის ელემენტის შემოტანა კი მოსამართლეს, მხოლოდ კანონზე დამოკიდებულს არ ხდის და მას მეტ თავისუფლებას აძლევს, ზოგადად პრეცედენტებით მსჯელობა სასამართლოს უფრო ადამიანურს ხდის და ხელს უწყობს სასამართლოს მიერ კონსტიტუცური სამართლის ნორმების (განსაკურებით ადამიანის უფლებათა ჭრილში) პრაქტიკულ გამოყენებას.

ამ შეთანხმების აღსრულების შემთხვევაში, სასამართლოში იშლება იერარქია, რომელიც აგერ უკვე ერთი საუკუნეა არსებობს და რაც შესაძლებელს ხდის მის ცენტრალიზებულ მართვას მმართველი პარტიებისგან.

სასამართლოს 30 წელია ვაშენებთ და არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ყველა მთავარმმართველი საკუთარ სასამართლოს აშენებდა და ყველა სასამართლო რეფორმის წარმატების მთავარი კრიტერუმი იყო ის, თუ რამდენად მორჩილები იქნებოდნენ მოსამართლეები რეფორმის ბოლო ტალღაზე.

ამ შეთანხმების მიხედვით, კი მართლმსაჯულების განხორციელებაში სისტემის როლი ძალიან მცირდება, მაგრამ ადამიანის როლი იზრდება და წარმატების კრიტერიუმად მიჩნეულია არა ის თუ რამდენად ზუსტად შეასრულებენ მოსამართლეები სისტემის თავში სხდარი ადამიანების სურვილებს, არამედ პირიქით, რამდენად შეძლებენ უგულვებელჰყონ ის.

ასეთი შეთანხმება ჯერ მხოლოდ სასამართლოზე არსებობს, ოპოზიციამ პოლიციაზე და პროკუტარურაზეც უნდა შეძლოს, იგივე პრინციპებზე დაფუძნებული შეთანხმების მიღწევა, რათა ნდობა გააჩინოს ადამიანებში, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მიუხედავად იმისა მომავალი ხელისუფლება ყველასთვის მოსაწონი იქნება თუ არა, იარსებებს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არათუ ადამიანებისთვის საშიში არ იქნება, არამედ დაიცავს მათ.

მე არ ვიცი, ყველა ხელმომწერი პარტია იქნება თუ არა ამ შეთანხმების ერთგული, დაიცავენ თუ არა მის პრინციპებს, როცა ხელისუფლებაში მოვლენ (მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ უღირდეთ შეთანხმების დარღვევა და თქვენც გთხოვთ დახმარებას ამაში) მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ ამ შეთანხმების აღსრულების შემდეგ, მართლმსაჯულება ვეღარ იქნება საბჭოთა.

მე არ ვიცი, როგორი იქნება ახალი ქართული სასამართლო, ეს მეც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ აქამდე, ამ ქვეყანაში სასამართლო არასოდეს ყოფილა მმართველი პარტიისგან თავისუფალი და მთელი მისი პრობლემაც თავისუფლების ნაკლებობა იყო, მეტი თავისუფლების პირობებში ის არსებულზე უარესი ვერანაირად ვერ იქნება. ამის გულწრფელად მჯერა. უფრო მეტიც, ვუშვებ რომ შეიძლება მართლა გავაოცოთ მსოფლიო, ისეთ რამეს გამოვკრათ ხელი.

                                                                                                                                                                          ავტორი: იაგო ხვიჩია

კომენტარები