სიახლეები

ვახტანგ ზენაიშვილი

ერთხელ, ბაბუაჩემი ( სოციალ-ფედერალისტი) და მამაჩემი (კომუნისტური პარტიის წევრი) წაკამათდნენ. ბაბუა ანტიკომუნისტი და ანტისტალინელი იყო, სულ მთავრობას აგინებდა. ჰოდა მორიგი გინებისას, მამაჩემი ეუბნება: კი მარა რა გინდა, რით ხარ უკმაყოფილო? რა გაკლია? რით ვერ დაოკდი, რომ ამ კომუნისტებს მისდევ და იმ კაცს (სტალინს) საფლავში არ აყენებო?! მამას იმდენად კომუნისტები არ ედარდებოდა, რამდენადაც სამსახურის დაკარგვის(და მეტის) შიში, როგორც ჩვენში იტყვიან, "საქაფავში იყო" , ფულს შოულობდა! რას ჰქვია რა მაკლიაო, "გავარდა" ბაბუა, კომუნისტებმა "დამანგლახეს" მეო, წამართვეს მიწა, ტყე, ჯოგი და საქონელთან ერთად კოლმეურნეობაში მიკრეს თავიო. 
ასე რომ, კერძო საკუთრების დაბრუნებისთვის ბრძოლა, ეკონომიკური მიზანშეწონილობის გარდა, ჩემთვის ოჯახური ტრადიციაა.

"გირჩის" მიზანი, მიაღწიოს სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მაქსიმალურ განკერძოებას, ჩემი მიზანიცაა.

საკუთრების ხელშეუხებლობაზე დგას კაცთა შორის მშვიდობა, ადამიანის, როგორც სახეობის გადარჩენა, კეთილდღეობის ზრდა და ზოგადად ცივილიზაცია. 
ლოკის ცნობილი აზრი - სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება ერთი და იგივეაო, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთრების მნიშვნელობას!

პარლამენტში არჩევის შემთხვევაში, ძირითადად სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების საქართველოს მოქალაქეებისთვის, კერძო საკუთრებაში, უფასოდ (საპრივატიზაციო "ფულით")გადაცემის საკითხებით დავკავდები.

არის კიდევ ერთი მნიშვნელვანი პრობლემა, რომელიც ზემოხსენებულ თემასთან პირდაპირაა დაკავშირებული, ეს არის "იუსტიციის სახლის" ქოლგის ქვეშ თავმოყრილი სერვისები, რომელიც, სახელმწიფოს ბუნებიდან გამომდინარე, უაღრესად ბიუროკრატიზირებულია, მოუქნელი და უხარისხო. კაბინეტებში მოფიქრებული "კანონი" ხშირ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს უამრავ ცხოვრებისეულ ნიუანსსა და მოცემულობას, რის გამოც ესა თუ ის პროცესი ჩიხში შედის, საკითხი ვერ წყდება და ის საკუთრებაც კი, რომელიც სახელმწიფომ გამოიმეტა მოქალაქისთვის, ვერ ფორმდება და ჰაერშია წლობით გამოკიდული.

აქ დაბადებული და ამჟამად აქ მცხოვრები ადამიანი ვერ იბრუნებს მოქალაქეობას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი კონკრეტული შემთხვევა არ ჯდება არსებულ კანონმდებლობაში. ამდენად, ერთ-ერთი აუცილებელი რეფორმა იუსტიციის სახლებში თავმოყრილი სახელმწიფო სერვისების მაქსიმალურად კერძო სექტორისთვის გადაცემაა. ამის გარეშე წარმოუდგენელია ტოტალური პრივატიზაციის შედაგად წარმოქმნილი კერძო საკუთრების დარეგისტრირების პროცესი ნორმალურად წარიმართოს.

ჩვენს ოჯახში შემორჩენილია ერთი ძველი საბუთი, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო. 1880 წელს, ბაბუაჩემის ბაბუას მის საკუთრებაში არსებული წისქვილებიდან ერთ-ერთი მიუყიდია მეზობელი იმნაძისთვის. აქედან ხელს თვითონ და მისი ორი ვაჟი აწერს, მეორე მხრიდან მყიდველი და მისი ნდობით აღჭურვილი ორი პირი. არც მამასახლისი, არც პრისტავი, არც მაზრის უფროსი...მშურს თავისუფლების, საკუთრების გაგების, აღიარების და ხელშეუხებლობის ასეთი ხარისხი, რომელიც დღეს, ჩვენდა სავავალალოდ, სახელმწიფოს აქვს მიტაცებული! ამის დაბრუნება მინდა.... სურვილი მაქვს პარლამენტში ამ საქმით დავკავდე.

ზემოთ მოყვანილი ორი საკითხი და ყველაფერ იმის მხარდაჭერა, რაც #მეტთავისუფლებას მოგვიტანს.

ყველაფრის წინააღმდეგ ხმალჩაუგებელი ბრძოლა, რაც თავისუფლებას გვიზღუდავს!

აი, ჩემი საპარლამენტო დღის წესრიგი!

p.s. ჭაბუკობიდან ანტიკომუნისტურ მოძრაობაში ვიყავი ჩართული, რომელიც ჩვენში ძირითადად ეროვნული დამოუკიდებლობის ნიშნით მიმდინარეობდა. გამარჯვებებიც ყოფილა ამ გზაზე და მარცხიც, შეცდომაც ბევრჯერ დამიშვია, თუმც ზოგჯერ შეცდომებზე მისწავლია კიდეც. პოლიტიკიდანაც განვმდგარვარ, მაგრამ თვალყურს ყოველთვის ვადევნებდი პროცესებს და აი, გამოჩნდა "გირჩი" ახალი ენერგია, ახალი იდეები - გულწრფელობისა და თავდადების გამოსხივება! თითქოს სარკმელი გამოაღეს ჩახუთულ ოთახში! "გირჩის" მსოფლმხედველობა, იდეები ჩემია და პირველად, ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მიწევს პარტიულ კონიუნქტურაზე მორგება, ჩემთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებზე თვალის დახუჭვა! მადლობა "გირჩს", რომ ჩვენ, ძველი თაობის პოლიტიკოსებს ახალი ასპარეზი გაგვიხსნა თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე!
 

კომენტარები