სიახლეები

იაგო ხვიჩია: ხელისუფლება ოპოზიციას შეთანხმების ჩაშლას ვერ დააბრალებს

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "პოლიტიკური აგორას" ეთერში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, გიორგი რურუას საქმეზე ისაუბრა. მისი აზრით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების მიხედვით, გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს.  

როგორც ცნობილია, შეთანხმების პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაეფუძნოს120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, რისთვისაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და ოპოზიციის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმაზე შეასრულებს, თუ არა ხელისუფლება შეთანხმებას და გამოუშვებს თუ არა გიორგი რურუას.

როგორც იცით, ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის მეშვეობით, საპატიმროდან გაათავისუფლა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, რომელთა საქმეების განხილვა სასამართლოში დამთავრებული იყო და მათ მისჯილი ჰქონდათ შესაბამისი სასჯელები.მათი საქმისგან განსხვავებით, რურუას საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტის გარეშე მხარი არ უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ამავე დროს ესმის, რომ  ხელისუფლება ეცდება ოპოზიციის ეს ნაბიჯი, საერთაშორისო პარტნიორებთან მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

იაგო ხვიჩიას აზრით, ხელისუფლება ოპოზიციას შეთანხმების ჩაშლას ვერ დააბრალებს, თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს იმ პირობით, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რურუას მიმართაც იქნება გამოყენებული გათავისუფლების იგივე ფორმა, რაც უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში იქნა გამოყენებული.

პოლიტიკოსი თვლის, ის რომ იყოს პარლამენტის წევრი სწორედ ასე მოიქცეოდა, რადგან 
ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან არანაირი თავის გასამართლებელი მიზეზი არ დარჩეს.

ამავდროულად შეეძლება სახის შენარჩუნება, რომ ის პირდაპირ სასამართლო სისტემაში არ ერევა და პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენს, არა სასამართლოზე არამედ, მის თანაპარტიელზე - პრეზიდენტზე, რომლის საარჩევნო კამპანიაშიც, პირდაპირ მონაწილეობდა.

მე, რომ პარლამენტში ვიყო ადამიანურად მომინდებოდა, რომ ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.

                                                                                                       -განაცხადა იაგო ხვიჩიამ "გირჩი ტივის" ეთერში.

მისი აზრით, ეს სწორი პოზიცია იქნება, რადგან თვლის, რომ რურუას ინტერესებიდან გამომდინარეც იგივეს გაკეთებაა მიზანშეწონილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაწილობრივ დაეთანხმა ამ პოზიციას, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მას თუ მოუნდა ნებისმიერი შეთანხმების დარღვევა შეუძლია და ეს მარტივად შერჩება.


შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 18 ნოემბერს დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

კომენტარები