სიახლეები

კერძო საკუთრება და ეკონომიკური განვითარება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების კერძო საკუთრებაში გადასვლა საქართველოსთვის დღემდე აქტუალური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 1990-იან და შემდგომ 2004-2012 წლებში, აქტივების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდა, დღემდე მთავრობა ამა თუ იმ ფორმით ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. მეორე მხრივ, 1990-იან წლებში ჩატარებული პრივატიზაცია ბევრი ადამიანის მიერ არასამართლიანად იყო აღქმული, ამიტომ ამ პროცესის გაგრძელება გარკვეულ პოლიტიკურ რისკებსაც მოიცავს. ამდენად, არა მხოლოდ კერძო საკუთრების გაფართოებაა აქტუალური თემა, არამედ ამ შედეგის მიღწევის განსხვავებული გზების ეფექტიანობის შედარება. განსაკუთრებით კი ეს COVID-19-ის პანდემიით და პანდემიასთან ბრძოლით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდშია მნიშვნელოვანი, როცა მთავრობების ეკონომიკური პოლიტიკა არსებული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ზრდაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
კვლევის მიზანი კერძო საკუთრების გავრცელების არეალის გაფართოების მნიშვნელობის ილუსტრაცია (განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკისათვის) და ამავდროულად ამ პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპების დანგრევაა.
ამ მიზნის მისაღწევად, არსებული აკადემიური კვლევები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები მიმოვიხილეთ, შევისწავლეთ კონკრეტული პრივატიზაციის და რეფორმების შედეგები და მათი გავლენა როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, ცალკეული აქტივების
ეფექტიანობის დინამიკაზე. პირველ თავში კერძო საკუთრების ზოგადი მახასიათებლები და ცალკეული ქვეყნების მნიშვნელოვანი გამოცდილებაა განხილული. აქცენტი გაკეთებულია ისეთ საკითხებზე, რომლებიც, მათ შორის, „არასტანდარტული აქტივების“ პრივატიზაციას ეხება, რათა კერძო საკუთრების გავრცელების არეალი მეტად თვალსაჩინო გავხადოთ.
მეორე თავში პრივატიზაციის განსხვავებულ მეთოდებს განვიხილავთ, რადგან კერძო საკუთრების ლეგიტიმაცია, დიდწილად, ზუსტად რომ მთავრობის მიერ არჩეულ მეთოდზეა დამოკიდებული. ამ მეთოდების შედარებითი ანალიზი, კონკრეტული მაგალითებით და
განსხვავებული ქვეყნების გამოცდილებით არის გამყარებული.
მესამე თავში კი პროგნოზია წარმოდგენილი, თუ რა ეკონომიკური ეფექტები შეიძლება მოყვეს სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში გადასვლას საქართველოში. რადგან ეკონომიკური პროგნოზირება ყოველთვის დიდ განუსაზღვრელობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ შევჯერდით მხოლოდ იმ სფეროებზე, სადაც შედარებით სანდო ინფორმაცია გაგვაჩნია. ეს არის: 288 მსხვილი და საშუალო სახელმწიფო კომპანია, ტყის ფონდი და წიაღის სააგენტოს ინვესტიციური შეთავაზებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ აქტივებისა, რომელთაც სახელმწიფო ფლობს, მათი პრივატიზაციის შედეგის პროგნოზირება,
თვით პროცესის და მისი მიზანშეწონილობის შეფასების კარგი ინსტრუმენტია.

1.კერძო საკუთრება და ეფექტიანობა

კერძო საკუთრების გაჩენამ და მისი დაცულობის მექანიზმების შემუშავებამ ყველა იმ სიკეთის არსებობა განაპირობა, რომელთა ერთობლიობასაც ჩვენ ცივილიზაციას ვუწოდებთ (Hayek,1991).

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი განსხვავებულ საზოგადოებებში იდენტურად არ მიმდინარეობდა და უკუსვლაც ხშირად შეინიშნებოდა, საბოლოო ჯამში, იმ ქვეყნებმა მიაღწიეს წარმატებას, რომლებშიც კერძო საკუთრება მეტად გავრცელებული და უკეთ დაცული იყო(Bethell, 1999, Megginson, 2005). ეს ფაქტი თეორიულად მარტივად ახსნადია: კერძო საკუთრების პირობებში, სარგებელი თუ ზარალი მესაკუთრესია, რის გამოც მას რესურსის ეფექტიანად გამოყენების სტიმული უჩნდება (Mises, 1949; Demsetz, 1967, Schmidt, 1996). როცა რესურსი კოლექტიურ საკუთრებაში გადადის პასუხისმგებლობა იფანტება, მესაკუთრეთა განსხვავებული მოტივები კი, საბოლოო ჯამში, ამ რესურსის შენარჩუნებას და გონივრულ გამოყენებას ნაკლებ მოსალოდნელს ხდის (Hardin, 1968). კიდევ უარესი შედეგი დგება, თუკი აქტივი სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, რადგან მაშინ სარგებელსა და ზარალზე პასუხისმგებლობა არათუ
გაფანტულია, არამედ განსხვავებულ ჯგუფებზე ნაწილდება. მაგალითად, თუ სახელმწიფო კომპანიის ბენეფიციარები, ანუ ამ კომპანიის მენეჯმენტი და პოლიტიკოსები, შეცდომას დაუშვებენ და გააკოტრებენ კომპანიას, ზარალის კომპენსაცია არა მათი ჯიბიდან, არამედ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ყველა სხვა მოქალაქის ხარჯზე მოხდება. როცა ადამიანი მილიარდებს მართავს ისე, რომ ყველაზე მეტი რამდენიმე ათასიანი ხელფასით რისკავს, მისი მოტივაცია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს და აქტივი ბოროტად არ გამოიყენოს, მნიშვნელოვნად ნაკლებია ბიზნესმენთან შედარებით, რომელიც იგივე სიტუაციაში, როგორც წესი, მხოლოდ თავად არის არაეფექტიან ქმედებებზე, შეცდომებსა და ამით მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებელი და მთელ თავის კეთილდღეობას რისკის ქვეშ აყენებს. წარმოდგენილ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც კერძო საკუთრებაში აქტივების არსებობა მის მეტ ეფექტიანობას უზრუნველყოფს, არაერთი კვლევა ადასტურებს (Mckenzie, Mookherjee, 2002; Gassner et al., 2008, Kikeri, Nellis, 2004).

თუმცა, რასაკვირველია, საკმაოდ ბევრია ისეთი გამონაკლისებიც, როცა კოლექტიური საკუთრება კერძო საკუთრებაზე უფრო ეფექტიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა კი ტრადიციულ საზოგადოებებს ეხება, სადაც რესურსების გამოყენების ისტორიულად
ჩამოყალიბებული წესები ეფექტიანად მუშაობს. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია რომ რამდენიმე სოფელს შორის საუკუნეების მანძილზე ისეთი ქცევის პატერნები შემუშავდეს, რომლებიც საერთო საკუთრების ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს. ამ პირობებში, კერძო საკუთრებაში რესურსების იძულებით გადაყვანამ შეიძლება როგორც ნეგატიური ეკონომიკური შედეგი მოიტანოს, ასევე, ზოგადი სოციალური ფონიც გააუარესოს, რისი მაგალითები სხვადასხვა დროს აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში დაფიქსირდა (Ostrom, 1990; Leeson,Harris, 2018; Murtazashvili, Murtazashvili, 2015, 2016; Anderson, Hill, 1983; Kerekes, Williamson, 2010).

კოლექტიური საკუთრება გავრცელებულია მაშინაც, როცა რესურსი შეზღუდული არ არის. მაგალითად, ბევრგან, სადაც წყლის პრობლემა არ არსებობდა, წყლით მომარაგება კოლექტიურ და შემდგომ სახელმწიფო საკუთრების რეჟიმში ფუნქციონირებდა (Rose, 1990, National ResearchCouncil. 2002).

მაშინ როდესაც, აშშ-ის იმ ქალაქებში, სადაც წყალი შედარებით დეფიციტურ რესურსს წარმოადგენდა, წყლის მომარაგება კერძო ხელში იყო. ასეთი ბიზნესი მემკვიდრეობით გადადიოდა არაერთ თაობაზე და ზოგიერთ რეგიონში დღემდე შენარჩუნდა. წყლის რესურსების
კერძო საკუთრებაში გადასვლის წარმატებული მაგალითები გარდა აშშ-სა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც ფიქსირდება, სადაც პრივატიზაციის შემდეგ არა მხოლოდ კომპანიების ეფექტიანობა გაიზარდა, არამედ სუფთა წყალზე წვდომის ზრდის შედეგად, ბავშვების სიკვდილიანობაცშემცირდა (McKenzie, Mookherjee, 2003, Galiani et al. 2002).

ამასთან, ისტორიულად წარმოუდგენლად მიიჩნეოდა ისეთი ობიექტების/რესურსების კერძო საკუთრებაში გადასვლა, რომელთა მესაკუთრის ან მფლობელის განსაზღვრა შეუძლებელია. მაგალითად, ზღვის აკვატორია ან თუნდაც გარეული ცხოველები კერძო საკუთრებაში არ გადადიოდა. იგივე შეიძლება ითქვას წყლის რესურსებზე, როცა ის ენერგიის გამომუშავებაზე იხარჯებოდა და არა პირდაპირ მოხმარებაზე (Rose, 1990). თუმცა, თანამედროვე პირობებში, არც ერთი და არც მეორე არ არის წარმოუდგენელი ან შეუძლებელი (Spulber, 1994; Hannesson, 2004). მსგავსმა გამონაკლისებმა სტერეოტიპებიც კი გააჩინა, რომ არსებობს ისეთი ობიექტები,
რომელთა კერძო საკუთრებაში გადასვლა შეუძლებელია. ყველაზე ცნობილი ასეთი მითი შუქურებს ეხება. ნობელის ლაურეატმა ეკონომიკაში, პოლ სემუელსონმა, თავის ცნობილ სახელმძღვანელოში ჩანაწერი გააკეთა, რომ შუქურა ვერანაირად ვერ იქნება კერძო
საკუთრებაში, რადგან უბრალოდ შეუძლებელია დავადგინოთ, თუ რომელმა გემმა რამდენად ისარგებლა მისი მომსახურებით. აქედან გამომდინარე, შუქურა კერძო ბიზნესის სახით ვერ იარსებებს და მხოლოდ გადასახადებით შეიძლება იყოს დაფინანსებული. ეს ისტორია
ინტუიციურად იმდენად მისაღები და გასაგები აღმოჩნდა, რომ სემუელსონის სახელმძღვანელოს არაერთ გამოცემაში განმეორდა და დღემდე შეიძლება სხვა ეკონომისტების ნაშრომებშიც მოიძებნოს. თუმცა, ჯერ კიდევ 1974 წელს, ასევე ნობელის ლაურეატმა რონალდ
ქოუზმა (Coase, 1974) შეისწავლა, თუ ვის საკუთრებაში იმყოფებოდა შუქურები ინგლისში და აღმოაჩინა, რომ ისინი მე-20 საუკუნემდე, სანამ მისი ნაციონალიზაცია არ მოხდა, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ეს ისტორია - ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად
სტერეოტიპული შეიძლება იყოს კერძო საკუთრების აღქმა, მათ შორის ცნობილ ეკონომისტებს შორის. ამგვარი სტერეოტიპები კი მით უფრო გავრცელებულია, რაც უფრო ნაკლებად განვითარებულია ქვეყანა, რადგან შედარებით ღარიბ ქვეყნებში ადამიანებს კერძო საკუთრების პირობებში ოპერირების გამოცდილება უბრალოდ არ გააჩნიათ. მაგალითად, საქართველოში ბევრისთვის რთულად წარმოსადგენია ტყეების ან მდინარეების კერძო საკუთრებაში არსებობა, მაშინ როცა აშშ-ში თუ ევროპაში ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. ანალოგიურად, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით, წამყვან უნივერსიტეტებს შორის 10-დან 9 - კერძო
უნივერსიტეტია, ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ დიდწილად სახელმწიფოს საკუთრებაშია, ადამიანებს ხშირად განათლების სისტემაში სახელმწიფოს განსაკუთრებული როლის სჯერა. თუმცა ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, კონკრეტულად ეს სტერეოტიპი ჩვენი ქვეყნისთვის არც ისე აქტუალურია, რადგან ჩვენთან ზუსტად რომ კერძო უნივერსიტეტებს, განათლების ხარისხის თვალსაზრისით, წამყვანი პოზიციები უჭირავთ. განვითარებულ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, იქ კერძო საკუთრების ბევრად უფრო ფართო გავრცელებას დავინახავთ. ის, რომ კერძო საკუთრებაში არსებული ტყეები ევროპაში და
ჩრდილოეთ ამერიკაში რიგითი მოვლენაა, კარგად არის ცნობილი, 1 მაგრამ კერძო პოლიციის არსებობაზე, რომელიც დიდი ხანია კონკურენციას უწევს სახელმწიფო პოლიციას აშშ-ში (Elliott,1991; Benson, 1998) და 2018 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში, არც ისე ბევრია ინფორმირებული. იგივე შეიძლება ითქვას პენიტენციურ სისტემაზე. მაგალითად, აშშ-ში პატიმრების 8% (121,420 ადამიანი) კერძო ციხეებშია განთავსებული, ხოლო ცალკეულ შტატებში ეს მაჩვენებელი 20-25%-ს აღემატება (Bronson, 2019). ამასთან, სახელმწიფო საპენსიო სისტემის კრიზისში შესვლის პარალელურად, შესამჩნევია კერძო საპენსიო ფონდების პოპულარობის ზრდა და ბიზნესმენების მიერ იმ სოციალური ფუნქციების შეთავსება, რომლებიც ბევრი ადამიანის მიერ დღემდე სტერეოტიპულად სახელმწიფოს ფუნქციად აღიქმება (OECD, 2018).

(მსოფლიოში კერძო საკუთრებაში არსებული ტყის ფართი, ყოველწლიურად იზრდება. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა. ამ 20%-ის უდიდესი ნაწილი კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, მაშინ როცა შედარებით ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში ტყის 90-95% სახელმწიფო საკუთრებაშია
(FAO, 2015)
საინტერესოა, რომ თავდაპირველად სოციალური დახმარება კერძო ბიზნესი იყო და, მაგალითად, ინგლისში იმდენად ეფექტიანად მუშაობდა, რომ კერძო ფონდებს მნიშვნელოვნად მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ვიდრე სახელმწიფო სოციალურ დაზღვევას, სანამ ის ნებაყოფლობითი იყო. საბოლოო ჯამში, მთავრობამ აკრძალა კერძო კომპანიები და სახელმწიფო სოციალური დაზღვევა სავალდებულო გახადა (Green, 1993).)

ამავდროულად, საინტერესოა რომ დღემდე, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მარტორქის კერძო საკუთრებაში გადასვლის შესახებ მოწოდებები (Keeble, 2016), ეგზოტიკურად ჩანს. გარდა იმისა, რომ არაფერი არანორმალური გარეული ცხოველების კერძო საკუთრებაში არსებობაში არ არის, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის ერთერთი საუკეთესო გზაა. კერძოდ, მაშინ როცა ბიუროკრატები (ცალკეული ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების) მარტორქის პოპულაციის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, კერძო საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, შესაძლოა, რომელიმე მდიდარ მეცენატს მარტორქის შესყიდვის სურვილი გაუჩნდეს და როგორც ძვირადღირებული აქტივი, მის გამრავლებაზე იზრუნოს.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამ ვიწრო და სპეციფიკურ სფეროში, მსგავსი დისკუსიები იმ ფართო კონსენსუსზე მიუთითებენ, რაც განვითარებულ ქვეყნებში კერძო საკუთრების მიმართ არის ჩამოყალიბებული. მაგალითად, კლასიკურ ნაშრომში, ბოიკო, შლაიფერი და ვიშნი (Boycko et al., 1996) აღნიშნავენ, რომ კერძო საკუთრებაში გადასვლა ფაქტობრივად მეტი ეფექტიანობის სინონიმია. მათი დასკვნები გამყარებულია, როგორც ცალკეული ინდუსტრიების მაგალითებით, ასევე ქვეყნების და მსოფლიო მასშტაბით
ჩატარებული კვლევებით (Boardman, Vining 2012; De Alessi, 1980; Boardman, Vining, 1989).

ცნობილია ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევები, სადაც სოციალიზმის დასრულების შემდეგ, კერძო საკუთრებაში გადასული კომპანიების მომგებიანობა სულ რამდენიმე წელიწადში, საშუალოდ, 77%-ით გაიზარდა (Frydman et al., 1997). ასეთი ისტორიები,ბევრია ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, თუმცა პრივატიზაცია განვითარებულ ქვეყნებშიც პერმანენტული პროცესია (Davis et al., 2000) და მსოფლიო მასშტაბით კერძო საკუთრებაში გადასული აქტივების ღირებულება, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება (Privatization Barometer, 2015).

კანადაში აქტიური პრივატიზაციის პერიოდი 1970-2000 წლებზე მოდიოდა. ამ დროს გაიყიდა მილიარდობით დოლარის ღირებულების კომპანიები: თვითმფრინავების და იარაღის მწარმოებლები, ელექტროსადგურები მათ შორის, ატომური ელექტროსადგური, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ნავთობის, გაზის, ურანის მომპოვებლები, ტყის პროდუქციის მწარმოებელი და სხვა (Boardman, Vining, 2012).

აშშ-სა და ევროპაში არსებობს კარგი გამოცდილება ისეთ სფეროებში კერძო საკუთრების ეფექტიან ფუნქციონირებაზე, როგორიც არის: მუნიციპალური სერვისები (ნაგვის გატანა, ქალაქის დასუფთავება და ა.შ.) (Linowes et al., 1988);ჯანდაცვა (Ramamonjiarivelo et al., 2016); ავიაინდუსტრია (Ng, Seabright 2001). ეს კონსენსუსი აკადემიურ კვლევებიდანაც კარგად ჩანს. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში ადრე ჩატარებულ კვლევების სისტემატიზაცია განხორციელდა (Villalonga, 2000). 153 შესწავლილი კვლევიდან, 104 მიუთითებდა კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ ეფექტიანობის ზრდაზე, 35 მათგანში ნეიტრალური შედეგი დადგა, ხოლო, ეფექტიანობის შემცირება მხოლოდ 14 შემთხვევაში დაფიქსირდა. თუმცა ავტორის ძირითადი მიგნება ის იყო, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეფექტიანობა მცირდება, საქმე გვაქვს მოკლევადიან შედეგთან და 7-8 წლის პერსპექტივაში, კერძო კომპანიების ეფექტიანობა მაინც უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო კომპანიების. საინტერესოა, რომ ყველაზე მკაფიოდ კერძო საკუთრების წილის ზრდა ჯანდაცვას, მუნიციპალურ სერვისებს (დასუფთავებას, ნაგვის გატანის სერვისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს), ავიაკომპანიებს, რკინიგზას, განათლებას და წყლის
მომარაგებას ეხებოდა. მსგავსი შედეგები მიღებული იქნა უფრო ადრე ჩატარებულ კვლევაშიც
(Kikeri et al., 1992; Megginson et al., 1994)

აღწერილი შედეგები კიდე უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ არა პოლიტიკური მოტივები, რომლებიც, ხშირად, კერძო საკუთრების გავრცელებას აფერხებენ. მაგალითად, აშშ-ში რკინიგზა ისტორიულად კერძო ბიზნესად ჩამოყალიბდა და დღემდე 700-ზე მეტი კომპანია
ფუნქციონირებს ამ ბაზარზე, თუმცა იაპონიაში რკინიგზის პრივატიზაცია მხოლოდ 1987 წელს დაიწყო, როცა სახელმწიფო კომპანია მიუღებლად არაეფექტიანი გახდა (Mizutani, Nakamura,1997), ხოლო ბევრ ქვეყანაში რკინიგზა დღემდე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება, როგორც საავტომობილო გზები, მიუხედავად მათი კერძო საკუთრებაში გადასვლის ბარიერების არარსებობისა (Block, 2009).

თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვილი აქტივების მართვა არა მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობის, არამედ ასევე პოლიტიკის საკითხია, გასაგები ხდება თუ რატომ უკავია სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაში სახელმწიფო საკუთრებას ჯერ კიდევ დიდი
წილი მიუხედავად ყველა პრობლემისა. 

***
ამდენად, თანამედროვე პირობებში, როცა კოლექტიური საკუთრების ტრადიციული გამოყენების მექანიზმები სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება, ხოლო რესურსების ეფექტიანად გამოყენების აქტუალობა დღითიდღე იზრდება, ფაქტობრივად, არ არსებობს ლოგიკური საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ რესურსების უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრებაში იმყოფებოდეს. ეს პროცესი კი, როგორც განხილული კვლევები გვიჩვენებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მეტ სიმდიდრემდე მიგვიყვანს. ამავდროულად, ამ ყველაფერს დადებითი გარეგანი ეფექტი აქვს ბიუროკრატიის ეფექტიანობის ზრდის სახით, რადგან სახელმწიფო საკუთრების შემცირების პარალელურად, ბიუროკრატების წინაშე არსებული პრობლემების მასშტაბიც მცირდება. შედეგად, პოტენციურად კორუფციის ალბათობა მცირდება, როგორც ბიუჯეტის ფისკალური რისკები, რადგან სახელმწიფოს ბალანსზე არსებული არაეფექტიანი კომპანიების სუბსიდირების აუცილებლობას აქრობს (Davis et al., 2000, Megginson, 2005).

ამავდროულად, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქტივების კერძო საკუთრებაში გადასვლა მარტივი ან უპრობლემო პროცესია. მაგალითად, უოლტერ ბლოკი მიუთითებს (Block, 2017), რომ გარკვეული ტექნიკურად მნიშვნელოვანი ობიექტების
პრივატიზაცია, მაგალითად სახანძრო სამსახურის, სავარაუდოდ იქნება არასასურველი, სანამ არ გაჩნდება კონკურენტული ალტერნატივები და არ იქნება შესაძლებელი სათანადო აქტივობის დროებით შეჩერება. გარდა ამისა, რისკების შემცველია თვით პროცესი, რომლის შედეგადაც სახელმწიფო საკუთრების მოქალაქეების საკუთრებაში გადასვლა ხდება, ამიტომ სათანადო ყურადღებას არა მხოლოდ კონკრეტული აქტივები, არამედ მათი კერძო საკუთრებაში გადასვლის მექანიზმებიც საჭიროებენ.

2. კერძო საკუთრების ფორმირების მექანიზმები

როგორც რ. ნოზიკმა (Nozick, 1974) აღნიშნა, ოდესღაც წართმეული ან სხვა ფორმით სახელმწიფოს ხელში არსებული საკუთრების კერძო საკუთრებაში გადასვლის სრულად სამართლიანი გზა არ არსებობს. ყოველთვის მოიძებნება ამ პროცესით უკმაყოფილო ადამიანთა
ისეთი ჯგუფი, რომელიც მას უსამართლოდ შეაფასებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში გადასვლას, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში დიდი ისტორია გააჩნია და დღემდე პერმანენტულად მიმდინარეობს, გაგვიჭირდება უნივერსალური ან a priori სწორი და მისაღები მეთოდის დასახელება, რაც თავის მხრივ, ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკურ და ეკონომიკური მდგომარეობითა და სხვა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული.
არსებული კვლევების ანალიზის შედეგად, ჩვენ სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში გადასვლის ხუთი ძირითადი მეთოდი, მათი დადებითი მხარეები და თანმხლები რისკები გამოვყავით.

2.1 აქტივების გაყიდვა

კერძო საკუთრებაში აქტივების გადასვლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა წარმოადგენს. მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ტრანზაქციების 40%-მდე სწორედ ამ მეთოდზე მოდის (Megginson, 2005), რაც ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის აქტივების კერძო საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს (Nellis, 2012).
აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ ინსტიტუციონალურ გარემოში, გაყიდვის განსხვავებული ფორმები გამოიყენება. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საფინანსო ბაზრები ეფექტიანად მოქმედებენ, ყველაზე ხშირად სახელმწიფო კომპანიების აქციების ბირჟაზე გაყიდვის ფორმას მიმართავენ. ამ მეთოდის მთავარი დადებითი მხარე - მოქალაქეების ფართო ჩართულობა, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის დაბალი ბარიერები და გამჭვირვალობაა. გარდა ამისა, კორუფციული გარიგების ალბათობა დაბალია, ხოლო გაყიდვის ფასი და ფასის შემდგომი დინამიკა, ამ კომპანიის ეფექტიანობის კარგი ინდიკატორია, რომლის მეშვეობით მთელი პრივატიზაციის პროცესის შეფასებაა შესაძლებელი. მაგალითად, საუდის არაბეთმა, თავისი ყველაზე მსხვილი კომპანიის პრივატიზაცია, Saudi Aramco, ზუსტად ბირჟის მეშვეობით განახორციელა, რადგან 2 ტრილიონის ღირებულების კომპანიის გაყიდვის რაიმე
სხვა მექანიზმის მოძებნა რთულად წარმოსადგენია.

ბირჟის გამოყენება დამატებითი სარგებლის წყაროც ხდება, რადგან უცხოელ ინვესტორებს აქტივების შეძენას უმარტივებს და როგორც გამოცდილება აჩვენებს, უცხოელი ინვესტორების ჩართულობა პროცესის შედეგს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (Bennett et al., 2007; Estrin et al.,2009).
მეორე მხრივ, ასეთი მეთოდი ნაკლებად ეფექტიანია განვითარებადი საფინანსო ბირჟის და ასეთის არმქონე ქვეყნებში. გარდა ამისა, ბირჟაზე კომპანიის გაყვანა ტექნიკურად რთული პროცესია და თავისთავად დროში გაწელილი. ამიტომ ეს მეთოდი მხოლოდ დიდი კომპანიების შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, როგორიც უკვე ნახსენები Saudi Aramco, იაპონიის რკინიგზა (Japan Railways Group) ან Nippon Telegraph and Telephone-ია, რომელიც 1987 წელს 40.6 მლრდ დოლარად გაიყიდა (Megginson, 2005).

შედარებით პატარა აქტივების გაყიდვა კი, როგორც წესი, აუქციონის მეშვეობით ხდება, რაც ბევრად მარტივი და იაფი პროცესია. თუმცა, გარკვეული აქტივების შემთხვევაში ამ პროცესსაც საკმაოდ რთული მოსამზადებელი პერიოდი გააჩნია, ხოლო აუქციონის პირობები
მნიშვნელოვნად ამცირებს აქტივების ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს აუქციონის დიზაინის ეფექტიანობაზე ზრუნვა, რათა აქტივების გადანაწილება აუქციონის წესების ხარვეზების გამოყენებით არ განხორციელდეს (მაგალითად,
მონაწილეების გარიგების შედეგად, როგორც ეს რუსეთში მოხდა) (Megginson, 2005). ამასთან, დაბალი მოთხოვნის, არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების ან არასწორი აუქციონის დიზაინის შემთხვევაში, აქტივის ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდეს, რაც დანარჩენი მოსახლეობის თვალში ამ პროცესის სამართლიანობას ეჭვის ქვეშ დააყენებს. აუქციონის ალტერნატივად შეიძლება ე.წ. პირდაპირი, წინასწარ შერჩეულ ინვესტორზე მიყიდვა განვიხილოთ. თუმცა ეს ყველაზე გაუმჭვირვალე, კორუფციული გარიგების
რისკისშემცველ და პოტენციურად არასამართლიან გზას წარმოადგენს. ერთადერთი გამონაკლისი, როცა ეს მეთოდი შედარებით მისაღებად გამოიყურება, ეხება ისეთ კომპანიებს, რომელთა მიმართაც მათი სოციალური თუ პოლიტიკური დატვირთვის გამო, საზოგადოების წევრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. ამ შემთხვევაში პოლიტიკური შეზღუდვები ისეთი მყიდველის პოვნას აიძულებს, რომელიც საზოგადოებაში უკმაყოფილებას არ გამოიწვევს. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში რკინიგზის მიყიდვა რუსეთის კომპანიისთვის შეიძლება პოლიტიკური რისკების შემცველი იყოს, რის გამოც ღია და უბარიერო გაყიდვის პროცესი პოლიტიკურად ნაკლებად მისაღები ხდება.

( ისიც გასათვალისწინებელია, რომ უცხოელების გამოთიშვა პრივატიზაციის პროცესიდან ტექნიკურად
რთულად რეალიზებადია, რადგან საკუთრების დაცულობის პირობებში ისინი მაინც შეძლებენ მეორედ
ბაზარზე კომპანიების ყიდვას და დაინტერესების შემთხვევაში ფიქტიური კონტრაქტების მეშვეობით
პირველად ბაზარზე შესვლასაც.)

2.2 რესტრუქტურიზაცია და სახელმწიფო საკუთრების წილის ეტაპობრივი შემცირება

ხშირად პოლიტიკურად ყველაზე მარტივი, თუმცა, ამავდროულად ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი (Megginson, 2005, Estrin et al., 2009) მექანიზმი - ნაწილობრივი და დროში გაწელილი, ეტაპობრივი პრივატიზაციაა, როცა სახელმწიფო კომპანიების მხოლოდ გარკვეული წილი იყიდება და მთავრობა იტოვებს სრულ ან ნაწილობრივ კონტროლს კომპანიაზე. თეორიულად, ასეთი პოლიტიკა შეიძლება ინფორმაციული ასიმეტრიით იყოს ახსნილი (Roland, 1994,Megginson, 2005), როცა პოტენციურ მყიდველებს ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ კომპანიის პოტენციალზე თანამშრომლებსა და მენეჯმენტთან შედარებით. ამიტომ ბიუროკრატებმა, პირველ რიგში, შედარებით არაეფექტიანი კომპანიები უნდა აარჩიონ, მათი რესტრუქტურიზაცია მოახდინონ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანონ კერძო საკუთრებაში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ბიუროკრატებს საჭირო ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა აქვთ,
უკეთესი და უარესი აქტივების გადასარჩევად, შეიძლება ეს ინფორმაცია გახდეს ღია და მაშინ რესტრუქტურიზაციის აუცილებლობაც აღარ იარსებებს. რეალობაში კი, სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნება ორი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ზოგადი პოლიტიკური პრობლემებით და ელექტორატის უკმაყოფილებით.
პირველი, მაგალითად, შეიძლება აქტუალური იყოს შედარებით დიდი „სტრატეგიული“ აქტივების შემთხვევაში, როცა მთავრობას არ სურს კონტროლის დაკარგვა (Yeaple, Moskovitz,1995) და ნაწილობრივ პრივატიზაციას მხოლოდ დამატებითი შემოსავლების წყაროდ
განიხილავს. ხოლო, მეორე მიზეზი მაშინ ხდება პრიორიტეტული, როცა კერძო საკუთრებაში გადასვლის მოსალოდნელ შედეგად უმუშევრობის ზრდა განიხილება. მაგალითად, ეს აქტუალური იყო მაღაროების პრივატიზაციის დროს დიდ ბრიტანეთში.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ კერძო ბიზნესთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიების სუბსიდირება ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ტექნიკურად უფრო მარტივი და იაფია (Shirley, Walsh, 2000). თუმცა ასეთი მჭიდრო კავშირი მთავრობასთან,
რესტრუქტურიზაციის გაწელვით და სახელმწიფო პროტექციონიზმის შენარჩუნებით მთავრდება (Boycko et al., 1996). ამიტომ ნაწილობრივი პრივატიზაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩატარდეს, როცა პარალელურად მთავრობის გავლენის ნიველირების მექანიზმები იქმნება(Berg, Berg, 1997). თუმცა რთულად წარმოსადგენია, ისეთი მექანიზმების არსებობა, რომლებიც აღნიშნულ პოლიტიკურ რისკებს სრულად გამორიცხავს. ნაწილობრივი პრივატიზაციის უკიდურესი მაგალითია, როცა აქტივები სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და მისი იჯარით გადაცემა ან სამართავად დამოუკიდებელი მენეჯმენტის დაქირავება ხდება. ეს მეთოდები მაშინ გამოიყენება, როდესაც პოლიტიკოსებს საწარმოებზე კონტროლის დათმობა არ სურთ. ძირითადად ეს აფრიკის ქვეყნებშია გავრცელებული (Yeaple,
Moskovitz, 1995), თუმცა სხვადასხვა ფორმით მსგავსი პრაქტიკა შეიძლება სხვა ბევრ ქვეყანაშიც მოიძებნოს. მაგალითად, კანადაში კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რკინიგზის კომპანიებს შორის კონკურენცია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შედარებით ერთნაირი წარმატებით მიმდინარეობდა (Caves, Christensen, 1982). ამის ძირითადი მიზეზი კი სახელმწიფო კომპანიაზე მორგებული რეგულაციები იყო, რომლებიც კონკურენციის სიმძაფრეს ამცირებდა. ამიტომ საკუთრების ფორმის შეცვლის პარალელურად, დერეგულირებაც აუცილებელია, რომ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად კონკურენტულმა გარემომ კერძო საკუთრების ეფექტიანობა გამოავლინოს (Kay, Thompson, 1986; Vining, Boardman, 1992, Megginson,2005).

იჯარით გადაცემული საკუთრება დამატებითი რისკების წყარო ხდება მოკლევადიანი იჯარის შემთხვევაში, რადგან ამ შემთხვევაში, მესაკუთრეს არ გააჩნია მოტივი, რომ მის ხელთ არსებული აქტივები ეფექტიანად გამოიყენოს. შედეგად, ის იჯარის პერიოდში აქტივის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, ამ აქტივის განადგურებას უწყობს ხელს. ყველაზე ნათლად ეს ტყის მაგალითზე ჩანს. თუ მთავრობა ტყეს მხოლოდ რამდენიმეწლიანი სარგებლობის უფლებით გადასცემს, მოგების მაქსიმიზაციის სურვილი ამ ტყის სრულ გაჩეხვას გამოიწვევს, მაგრამ თუ კი ტყე კერძო საკუთრებაშია, ბიზნესმენს ძლიერი სტიმული ექნება, ტყის გაჩეხვასთან ერთად,
ახალი ხეებიც დარგოს, რაც ამ ტყის ნაკვეთს უსასრულო მოგების წყაროდ გარდაქმნის. ამით შეიძლება ავხსნათ, რატომ მცირდება ტყის საფარი ყოველწლიურად ბრაზილიაში, სადაც ტყე დიდწილად სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ტყეზე კერძო საკუთრება ნორმალური მოვლენაა, ტყის საფარი იზრდება. აღნიშნული რისკების ნაწილობრივი აღმოფხვრა გრძელვადიანი იჯარით შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს, შესაძლო ელექტორალური ზეწოლის გამო, მაინც რჩებათ
კონტრაქტის შეწყვეტის მოტივები, რაც ამ ინსტრუმენტის ეფექტიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს.
მაგალითად, ჩიკაგოში 75 წლის ვადით, საპარკინგე სივრცე 1.2 მლრდ დოლარად იჯარით იყო გადაცემული. თუმცა ამ კომპანიის მხრიდან დაწესებულმა პარკირების პირობებმა მოსახლეობის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მერია კი ვერ შეცვლიდა პარკირების წესებს ისე, რომ დიდი ჯარიმები არ გადაეხადა კომპანიისთვის.

2.3 არსებულ მენეჯმენტსა და თანამშრომლებზე საკუთრების გადაცემა

როცა საზოგადოებაში სამართლიანობის პრობლემა დგას, განსაკუთრებით სოციალისტური წარსულის მქონე ქვეყნებში, პოლიტიკოსებმა კომპანიებზე საკუთრების უფლება თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შეიძლება გადასცენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში
გარანტია არ არსებობს, რომ აქტივი იმის ხელში გადადის, ვინც ყველაზე მეტად არის მისი ეფექტიანობით დაინტერესებული. მაგალითად, თანამშრომლებს შეიძლება არ ქონდეთ სამუშაო ადგილების შემცირების სურვილი. შედეგად, იზრდება რისკები, რომ მოხდება მთავრობასთან გარიგება პროტექციის მისაღებად (Bennett et al., 2007, Boycko et al., 1996), ხოლო კომპანია ვერ გახდება კონკურენტუნარიანი. აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება კი ამის ნათელი დასტურია (Djankov, Murrell, 2002). ამ მეთოდის დადებითი მხარე, შედარებით სიმარტივეა. ის ასევე მთავრობას ინსაიდერების პროტესტისგან იცავს (Yeaple, Moskovitz, 1995).
გარდა ამისა, როცა ბიუროკრატებს თითოეული პატარა აქტივის შეფასების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, შესაძლებელია აღნიშნული მეთოდი იქნას გამოყენებული (Berg, Berg, 1997), მაგალითად, რეგიონებში, მცირე საწარმოების შემთხვევაში. თუმცა ამ შემთხვევაშიც პირდაპირი გაყიდვა “as is” საბოლოო ჯამში მაინც უფრო მომგებიანი იქნება, რადგან იმ ინვესტორებს არ შეუზღუდავს წვდომას, რომელთაც ეს აქტივები პერსპექტიულად მიაჩნიათ (Kikeri et al., 1992).

2.4 მასობრივი პრივატიზაცია ვაუჩერული სისტემის მეშვეობით

როცა მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საკუთრების დიდი ნაწილის დაბრუნების აუცილებლობა ჩნდება, როგორც ეს ყოფილი სოციალისტური ქვეყნების შემთხვევაში მოხდა, ფაქტობრივად უალტერნატივო მეთოდად, ვაუჩერული სისტემის, გამოყენება მიიჩნევა, რადგან ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდის მისაღწევად ასეთი რადიკალური მეთოდი ყველაზე მარტივ და სწრაფ გზას წარმოადგენს (Bennett et al., 2007), მათ შორის, უკვე არსებული აქტივების ეფექტიანი გამოყენების და ახალი ბიზნესების გაჩენის სიხშირის ზრდის ხარჯზე (Berkowitz,Dejong, 2003).

ვაუჩერული სისტემა, ასევე, მთავრობის ჩარევისა და რესურსების არაბუნებრივი კონცენტრაციის ბარიერებს ქმნის. თუმცა ამავდროულად, მასშტაბური პრივატიზაცია პოლიტიკურ კონსენსუსს ითხოვს, რაც პოლიტიკური მრავალფეროვნების პირობებში
პრივატიზაციის პროცესის გაწელვით ან სრული გაუქმებით შეიძლება დასრულდეს (Roland, 1994). როგორც რიგი ქვეყნების მაგალითიდან ჩანს, ბევრი მცირე მესაკუთრის არსებობის პირობებში, აქტივების მართვა მეტად რთულდება, რადგან არცერთ მესაკუთრეს არ გააჩნია სტიმული, რომ განახორციელოს მონიტორინგი ან სათავეში ჩაუდგეს მენეჯმენტს (Berg, Berg, 1997). ასეთ პირობებში, მცირე ჯგუფებს შანსი უჩნდებათ აქტივებზე კონტროლი დაამყარონ და შემდგომ მინორიტარი აქციონერების წილები გააუფასურონ. ეს კიდევ უფრო მტკივნეული პროცესია, თუ მინორიტარი აქციონერების და ზოგადად კერძო საკუთრების უფლებების დაცულობა არ არის უზრუნველყოფილი (Yeaple, Moskovitz, 1995; Clifford et al., 2001), რაც ასევე ტიპურია განვითარებადი ქვეყნებისთვის. გარდა ამისა, ვაუჩერული პრივატიზაციის პერიოდში არსებობს რისკი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაუჩერების ფასს ვერ შეაფასებს და მნიშვნელოვნად უფრო დაბალ ფასად გაყიდის ან არასანდო ინვესტიციებს განახორციელებს, როგორც ეს რუსეთის მოსახლეობის
დიდმა ნაწილმა გააკეთა (Berg, Berg, 1997). შედეგად, რუსეთში არა მარტო კერძო მესაკუთრის ინსტიტუტი ვერ ჩამოყალიბდა, არამედ უნდობლობა გაჩნდა როგორც პრივატიზაციის, ასევე ზოგადად კერძო საკუთრების მიმართ. უსამართლობის განცდა კიდევ უფრო ძლიერდება, როცა ცალკეული აქტივების ფასი შედარებით სწრაფად იზრდება, რაც უარყოფითი ემოციების, პირველ რიგში, შურის წყარო ხდება. აღნიშნული კი ზოგადად რეფორმირების პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს (Boardman, Vining, 2012).

2.5 რესტიტუცია

იმისდა მიუხედავად, თუ კერძო ხელში საკუთრების დაბრუნების რომელი მექანიზმი არის ეკონომიკურად უფრო ეფექტიანი, რესტიტუცია წარმოადგენს ისეთ ფორმას, რომელზეც ხშირად პოლიტიკურად რთულია უარის თქმა და მისი თავიდან არიდება (Roland, J. 1994). მეორე მსოფლიო ომისა თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „სამართლიანობის აღდგენის“ თვალსაზრისით, ბევრი ქვეყნისთვის „უალტერნატივო“ გამოსავალს სწორედ რესტიტუცია წარმოადგენდა, რომელიც რეჟიმის მიერ უსამართლოდ საკუთრებაჩამორთმეული თავდაპირველი მესაკუთრეების ან მათი შთამომავლობის, პირვანდელ უფლებრივ მდგომარეობაში აღდგენას გულისხმობდა. თუმცა, რესტიტუციის აუცილებლობის შესახებ ზოგადი თანხმობის მიუხედავად, არ არსებობდა ისეთი უნივერსალური სისტემა, რომელსაც ყველა ქვეყანა გამოიყენებდა და მეტიც, დიდი იყო აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ თუ რა სახით და როგორი შეზღუდვებით უნდა განხორციელებულიყო ის (Blacksell, M and Martin Born, K, 2002). ძირითადად სამ ფორმას განასხვავებდნენ:

  • 1. ნატურით რესტიტუცია, რომელიც შეიძლება უშუალოდ თავდაპირველი ქონების დაბრუნებაში, ან მისი ეკვივალენტური ქონების მიცემაშიგამოიხატოს;
  • 2. ფულადი კომპენსაცია;
  • 3. ვაუჩერული სისტემა (Kuti, C. 2009, Kozminski, A. 1997).

ცხადია, სამივე მათგანს თავისი უარყოფითი და დადებითი მახასიათებელბი გააჩნია (Kozminski,A. 1997). კერძოდ, მართალია პირველი ორი უფრო ახლოს არის „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ მიზნის მიღწევასთან, თუმცა, რადგან სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის გამო, ხშირად ვერ ხერხდება მესაკუთრის იდენტიფიცირება და საკუთრებასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება, პროცესი უფრო ბიუროკრატიულ კოშმარად იქცევა ხოლმე. ამასთან, პრობლემა იზრდება და რესტიტუციის განხორციელების ალბათობა მცირდება იმ შემთხვევაში, თუკი თავდაპირველ ქონებას ახალი მესაკუთრე ჰყავს, განსაკუთრებით კი როცა ახალი მესაკუთრეები საკუთრებას სოციალური მიზნებიდან გამომდინარე განკარგავენ. ამასთან, საკუთრების უფლების დაცვის გარანტიების არარსებობისა და მართლმსაჯულების არასათანადო ხარისხის გათვალისწინებით, რესტიტუციის პროცესი პოტენციური ინვესტორებისთვის არასანდო გარემოს აყალიბებს, რაც აფერხებს და ინვესტიციების განხორციელების სტიმულს უკარგავს მათ. რაც მთავარია, მიიჩნევა, რომ თავდაპირველი მესაკუთრებიისთვის საკუთრების დაბრუნებისას არ არსებობს გარანტია, რომ საკუთრება, პირველ ეტაპზე, იმათ ხელში გადადის ვინც მას ყველაზე ეფექტიანად გამოიყენებს (Kozminski, A. 171997), რადგან ამ შემთხვევაში ხდება არა მიყიდვა, არამედ უსასყიდლოდ გადაცემა მათთვის, ვისაც შეიძლება არც ინტერესი გააჩნდეს რესურსების ეფექტიანად მართვის და არც შესაბამისი
უნარ-ჩვევები. ფულადი კომპენსაცია ტექნიკურად უფრო მარტივი განსახორციელებელია, თუმცა ამ მეთოდმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ბიუჯეტის ხარჯები. შეიძლება ამ შემთხვევაში გამართლებული იყოს ზედა ზღვრის დაწესება (როგორც ეს მოხდა რუსეთსა და უნგრეთში), თუმცა ამ შემთხვევაში ცხადია, რომ მიზანი ბოლომდე ვერ იქნება მიღწეული და თავდაპირველი მესაკუთრეების უკმაყოფილებას გამოიწვევს. რაც შეეხება ვაუჩერულ სისტემას, ანუ ქონებაჩამორთმეული პირებისთვის სერტიფიკატების
მინიჭებას, რომელთა შესაბამის ქონებაში გადაცვლასაც ისინი პრივატიზაციის პროცესში შეძლებენ, გაცილებით უფრო მარტივ და საზოგადოების წევრებისთვის უფრო მისაღებ და ნაკლები კონფლიქტის გამომწვევ ფორმას წარმოადგენს. ამასთან, ის თავის მხრივ, ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. თუმცა, ცხადია ამ ფორმასთან მიმართებით, აქტუალურია ყველა ის პრობლემა, რომელიც 2.4 ქვეთავშია დასახელებული. რესტიტუციის ყველაზე რთულ ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს პროცესში (Kuti, C. 2009). მთელი რიგი კითხვები და
პრობლემები შეიძლება გამოვკვეთოთ ამ მექანიზმთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვინ შეიძლება იყოს ბენეფიციარი, მხოლოდ თავდაპირველი მესაკუთრე, თუ მისი შთამომავალი და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ჯაჭვი. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პოტენციურ ბენეფიციარს წინაპრებში ჰყავდა როგორც მსხვერპლი, ასევე დამნაშავეც. აუცილებელი პირობა არის თუ არა მოქალაქეობა იმისთვის, რომ პირს დაუბრუნდეს საკუთრება. მაგალითად, ქვეყანათა უმრავლესობაში დაწესებული იყო შეზღუდვა მოქალაქეობისა თუ ბინადრობის ნებართვის ქონის ნიშნით. ამ მხრივ გამონაკლისი გერმანია იყო, სადაც რესტიტუციის უფლებით ნებისმიერი დაზარალებული სარგებლობდა (Kuti, C. 2009). გასათვალისწინებელია, უნდა მიექცეს თუ არა ყურადღება იმას, როგორ მოხდა თავის დროზე ამ საკუთრების შეძენა ან მისი დაკარგვა?! მაგალითად, ნაცისტების კოლაბორაციონისტები და მათი შთამომავლები,
რომელთაც იხეირეს ჰოლოკოსტით უნდა სარგებლობდნენ თუ-არა უფლებით, რომ შეინარჩუნონ ან მათ დაუბრუნდეთ ის ქონება, რომელიც ადრე ებრაელებს ეკუთვნოდათ? (Tucker Aviezer, 1995) ასევე, საინტერესოა თუ რა სახის ქონება შეიძლება დაექვემდებაროს რესტიტუციას და ის, თუ რა ბერკეტები შეიძლება არსებობდეს ახალი მესაკუთრის ან იმ პირების ხელში, რომელიც ამ საკუთრებით წლების განმავლობაში სარგებლობს. მაგალითად, ბულგარეთში, სამი წლის განმავლობაში დაუშვებელი იყო მოიჯარეებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა. იგივე პრინციპი მოქმედებდა კერძო საკუთრებაზე, რომელიც სოციალური მიზნებით გამოიყენებოდა, როგორიც არის სკოლა, ჰოსპიტალი და სხვა.
მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ რაც უფრო დიდი დროა გასული იმ კონკრეტული ქმედებებიდან, რომლის გამოსწორებასაც რესტიტუცია ისახავს მიზნად, კიდევ უფრო რთული ხდება ზემოჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტა. პროცესზე კი თავის მხრივ, დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში ინსტიტუციათა გამართულად მუშაობას, სამართლის უზენაესობის პრინციპის დაცვას და რაც მთავარია სასამართლო სისტემის ეფექტიანობას.

***
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ და განხილული შემთხვევებითაც კარგად გამოჩნდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. პროცესის ეფექტიანობა, შერჩეულ მეთოდთან ერთად, სხვა უამრავ ფაქტორზე არის დამოკიდებული, როგორიცაა ზოგადად ქვეყნის განვითარების დონე, ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკური გარემო, ინსტიტუციების გამართულობა, განსაკუთრებით კი სასამართლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვის ეფექტიანობა.
შესაბამისად, მეთოდის არჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა კონტექსტში და რა საჭიროების წინაშე იმყოფება ესა თუ ის ქვეყანა. თუკი, კერძო საკუთრების ინსტიტუტი თითქმის არ არსებობს (როგორც ეს ყოფილი სოციალისტური ქვეყნების შემთხვევაში მოხდა) ამ
შემთხვევაში ყველაზე რადიკალური ზომის განხორციელება არის საჭირო, როგორადაც მაგალითად ვაუჩერული სისტემით, რაც შეიძლება სწრაფი და მასობრივი პრივატიზაცია მოიაზრება. თუმცა, ეს მეთოდი გარდა იმისა რომ პოლიტიკურ კონსენსუსს საჭიროებს, რომლის მიღწევაც ძალზედ რთულია, კერძო საკუთრების მასის ზრდასთან ერთად, გარკვეული რისკების შემცველიც არის, რამაც შეიძლება პირიქით, კერძო საკუთრების მიმართ ნდობის დაკარგვაც გამოიწვიოს. როცა რადიკალური ქმედებების განხორციელება პოლიტიკურად რთულია, განვითარებად ქვეყნებში ეტაპობრივ პრივატიზაციას მიმართავენ, რომლის დროსაც ხშირად
ბოლომდე ვერ ხერხდება მთავრობასა და კერძო მესაკუთრეებს შორის კავშირის გაწყვეტა და გარკვეულწილად ნარჩუნდება ხელისუფლების გავლენები და კონტროლი, რაც კომპანიების ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. შედარებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში კი, სადაც პრივატიზაციის პროცესი დღემდე პერმანენტულად მიმდინარეობს, ძირითადად, ქონების მიყიდვის (აქციების ბირჟაზე გაყიდვის, აუქციონის თუ პირდაპირი მიყიდვის წესით) მეთოდი გამოიყენება.
ასევე, იმის მიუხედავად თუ კონტექსტიდან გამომდინარე რომელი მეთოდი უფრო ეფექტიანია, ისტორიულად, ხშირად უალტერნატივო მეთოდად, რომელზეც პოლიტიკურად უარის თქმა შეუძლებელი იყო, რესტიტუცია მიიჩნეოდა. აღსანიშნავია, რომ რესტიტუცია,
როგორც სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი, პრაქტიკაში ხშირად ვიწრო მიზნით იყო შემოფარგლული. კონკრეტულად იმ პირებისთვის საკუთრების დაბრუნებით, რომელთაც ზიანი მიადგათ ამა თუ იმ რეჟიმის შედეგად. თუმცა თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, რესტიტუცია ასევე გულისხმობს იმ ქონების დაბრუნებას, რომელიც თავისთავად ადამიანებს ეკუთვნით და
რომელიც რაღაც ეტაპზე ფორმალურად სახელმწიფოს „ბალანსზე“ აღმოჩნდა.

3. კერძო საკუთრების გაფართოების გავლენა საქართველოს
ეკონომიკურ განვითარებაზე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარის საკუთრება იყიდება, ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი (სავარაუდოდ ათობითმილიარდობით აქტივი), რომლის ზუსტი რაოდენობის მითითებაც სამთავრობო ინსტიტუტების
არასათანადო მუშაობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გაგვიჭირდება, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, განსაკუთრებით კი COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც არსებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას მოითხოვს, წინა თავში განხილული მეთოდებიდან, ყველაზე შესაფერის გზად, მასშტაბური და სწრაფი პრივატიზაციის განხორციელება გვესახება. იმის ზუსტი შეფასება, თუ რა მოხდება მასშტაბური პრივატიზაციის შემდეგ, თეორიულად შეუძლებელი ამოცანაა, რადგან არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ როგორ მოიქცევა მილიონობით ადამიანი ინსტიტუციური გარემოს ცვლილების საპასუხოდ. გარდა ამისა, პრივატიზაციის პროცესის წარმატება საკუთრების უფლების დაცვის ხარისხზეც არის დამოკიდებული, რაც პირველ რიგში, სასამართლო სისტემის რეფორმირებას ითხოვს, მაგრამ თუ დაგროვილ გამოცდილებას და რეტროსპექტიულ კვლევებს დავეყრდნობით, შეიძლება შედარებით მეტი დარწმუნებით იმის პროგნოზირება, თუ როგორი განვითარების ტენდენციები იქნება საქართველოში მოსალოდნელი.
მაგალითად, ქვეყნები, რომლებიც პერმანენტულად ზრდიან კერძო საკუთრების წილს ეკონომიკაში, 0.8-1.5%-ით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებიან (Plane, 1997).
კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც 45 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა, აჩვენა რომ კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ რესურსების გამოყენების შედეგად მიღებული მოგება 45%-ით იზრდება (Al-Obaidan, 2002). ასევე, კერძო საკუთრებაში გადასვლა პოტენციურად ზრდის კომპანიების ღირებულებას (განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში საშუალოდ 15.2%-ით)
(Boardman, Vining, 2012). ბუნებრივია, რომ ასეთი მონაცემები საშუალებას არ გვაძლევს პროგნოზი გავაკეთოთ, თუ როგორ შეიცვლება რესურსების გამოყენების ეფექტიანობა. მაქსიმუმ, რასაც ამ სახის მონაცემებით ვიგებთ, ეს ეფექტიანობის ზრდის ზოგადი ტენდენციაა.
ამ ტენდენციების უკეთ წარმოჩენის მიზნით, შეგვიძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე სახის აქტივის კერძო საკუთრებაში გადასვლის შესაძლო შედეგები დავთვალოთ.

კომპანიების პრივატიზაცია

პირველ რიგში, შეიძლება მსხვილი და საშუალო სახელმწიფო კომპანიების კერძო საკუთრებაში გადასვლის ეფექტი გამოვთვალოთ იმ დათქმით, რომ მათ პრივატიზაციის შემდეგ სუბსიდირება აღარ დასჭირდებათ, მათი შემოსავალი 10%-ით გაიზრდება (რაც ემპირიული
გამოცდილებით დაგროვებულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალი ნიშნულია (Boardman, Vining,2012)), ხოლო ზოგადი ეფექტიანობის ზრდის შედეგად, მოგება შემოსავლის არანაკლებ 10%-ს შეადგენს. საუბარია, 288 კომპანიაზე, რომელთა 2018 წლის შემოსავალი 3,142,692,000 ლარს შეადგენდა და რომლებზეც დამატებით 168 მლნ ლარი დაიხარჯა სუბსიდიების სახით. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს გამოვიყენებთ და 2019 წლის ლარებში გადავთვლით (ანუ 7%-იან ინფლაციას გავითვალისწინებთ), ჩვენი დაშვებების ფარგლებში, ამ კომპანიების პრივატიზაცია 549,654,848.4 ლარის დამატებითი ყოველწლიური შემოსავლის
წყარო გახდება.

ტყის და წიაღისეულის კერძო საკუთრებაში გადაყვანა

თუ შვედეთის, ფინეთის და სხვა ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას გავიმეორებთ, და ტყეს კერძო საკუთრებაში გადაყვანით, ჩვენი შემოსავალი მკვეთრად გაიზრდება. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანახმად, ტყის ფონდს ქვეყნის დაახლოებით
43% უკავია. თუ ოკუპირებულ და დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ტყის ფართს გამოვაკლებთ (642.1 ათასი ჰა და 312.9 ათასი ჰა), კერძო საკუთრებაში დაახლოებით 2 052 ათასი ჰექტარის გადაცემაა შესაძლებელი. მოსალოდნელი სარგებლის დასათვლელად კი შეიძლება ერთი ჰექტრის მომგებიანობის მაჩვენებელი გამოვიყენოთ. ეს პარამეტრი ყველა ქვეყანაში განსხვავებულ ნიშნულზეა, რომელიც 300-დან (88€) რამდენიმე ათას ლარამდე მერყეობს.
თუმცა ჩვენი გათვლებისთვის 428 ლარს (126€) გამოვიყენებთ, რაც 2017 წელს ფინეთში დაფიქსირებული საშუალო მაჩვენებელია. ერთი მხრივ, საქართველოში შეუძლებელია იგივე ბიზნეს-პროცესების აწყობა რაც ფინეთშია და შესაბამისად, იგივე ეფექტიანობით ტყის
რესურსების გამოყენება. მეორე მხრივ, არსებობს ორი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს საქართველოში საშუალო მომგებიანობა კიდევ უფრო მაღალი:

1. საქართველოში უფრო დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციებია, ვიდრე ფინეთში.

2. ტყე ფინეთში მნიშვნელოვნად უფრო დიდ ფართს იკავებს და დიდწილად პირდაპირ ხე-მასალის გამოსაშვებად გამოიყენება, ამიტომ ერთი ჰექტრის მომგებიანობის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. ხოლო, სხვა ტიპის ბიზნესს, მაგალითად, სასტუმროებს, რომლებიც არსებულ ლანდშაფტს მეტი მომხმარებლის მოსაზიდად იყენებენ, რამდენჯერმე უფრო მაღალი მოგება აქვთ. საქართველოში კი ასეთი
ტურისტული ინფრასტრუქტურის აწყობა შედარებით მარტივი და მომგებიანია, ვიდრე მაღალკონკურენტული ხე-მასალის ბიზნესში შესვლა. ტყის პრივატიზაციის ეფექტის დასათვლელად შეიძლება მეორე მეთოდს მივმართოთ დამერქნის ჯამური მოცულობის (454.5 მლნ მ) ღირებულება გამოვთვალოთ.

გათვლებისთვის მერქნის 1 კუბომეტრის ღირებულება 99 ლარი (300 SEK) შეიძლება გამოვიყენოთ, რაც შვედეთში მერქნის საშუალო ღირებულებაა. პირველი მეთოდის შემთხვევაში, ყოველწლიური მოგება 879 მლნ ლარი იქნება, მეორე მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კი ტყის ჯამური ღირებულება 45 მლრდ ლარი გამოდის, ანუ დაახლოებით 4.5 მლრდ ლარი ყოველწლიური მოგება (თუ ინვესტიციის 10% მომგებიანობას დავუშვებთ). თუ ამ ორი მაჩვენებლის საშუალოს ავიღებთ, წლიური მოგება დაახლოებით 2.69
მლრდ ლარს შეადგენს. დამატებით 16,8 მლნ ყოველწლიური მოგება გვექნება, თუ საქართველოს წიაღის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული რამდენიმე ათეული ინვესტიციური შეთავაზების ღირებულებას გავითვალისწინებთ და ინვესტიციის 10% მომგებიანობას დავუშვებთ.
თუ ამ ორივე აქტივების ჯგუფის პრივატიზაციის შესაძლო ეფექტს დავაჯამებთ, მივიღებთ 3.2 მლრდ ლარს ყოველწლიურად, რაც მშპ-ს დაახლოებით 6.4%-ს წარმოადგენს ანუ აქტივების მხოლოდ ამ მცირე წილის კერძო საკუთრებაში გადაყვანის შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ბოლო ხუთი წლის მშპ-ს ზრდის საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, დაახლოებით 870 ლარს დამატებით ერთ მოქალაქეზე ან 64.8 მლრდ ლარს (2019 წლის ფასებში) 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ეს რიცხვები ვერც კი შეედრება იმ დოვლათს, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკურ ბრუნვაში შეყვანილი სასოფლო-სამეურნეო მიწების, უძრავი ქონების, ბაგა-ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტებისა და მუზეუმების კერძო საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში. სავარაუდოდ, საუბარია ასობით მლრდ ლარის ღირებულების აქტივებზე, რომლის ეფექტიანმა გამოყენებამაც სულ ერთი თაობის ცხოვრების პერიოდში საქართველოს საშუალო მოქალაქე შეიძლება რამდენჯერმე გაამდიდროს.

დასკვნა

წინამდებარე დოკუმენტის მიზანს, ერთი მხრივ, საბჭოთა პროპაგანდის გავლენით პრივატიზაციისა და ზოგადად კერძო საკუთრების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების აბსურდულობის (აღსანიშნავია,
რომ ამ განწყობებს წლების განმავლობაში გაუმჭვირვალედ წარმართული პროცესები მხოლოდ აღრმავებდა), ხოლო, მეორე მხრივ, პრივატიზაციის მნიშვნელობისა და საქართველოს ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის მისი საჭიროების წარმოჩენა
წარმოადგენდა (განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიითა და მასთან ბრძოლით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით). ამასთან, ვინაიდან შეუძლებელია ზუსტი კალკულაცია იმისა, თუ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შემდგომ პრივატიზაციას, კვლევის მიზანი ამ მხრივ მხოლოდ ზოგადი ტენდენციების ჩვენებაა. ამ ტენდენციების უკეთ დანახვის მიზნით კი რამდენიმე, კონკრეტული სახის აქტივის კერძო საკუთრებაში გადასვლის შესაძლო შედეგებია წარმოდგენილი.
განსხვავებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ დავადგინეთ, რომ ფაქტობრივად არ არსებობს ისეთი აქტივი, რომელიც არ შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში, იქნება ეს ტყე, სხვა ბუნებრივი რესურსები, პოლიცია, ციხეები თუ ველური ცხოველები. მაგრამ
ძირითადი პრინციპი, თუ რა აქტივების პრივატიზაცია უნდა ხდებოდეს პირველ რიგში, რომელიც ასევე თავსებადია თეორიასა და ზოგად ლოგიკასთან, შემდეგია: რაც უფრო მნიშვნელოვანია რესურსი და რაც უფრო მნიშვნელოვანია მისი ეფექტიანად გამოყენება, მით უფრო აუცილებელია მისი კერძო საკუთრებაში გადასვლა. ეს დასკვნა კი გავრცელებულ სტერეოტიპს ეწინააღმდეგება, როცა მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი აქტივების პრივატიზაცია მიიჩნევა მიზანშეწონილად, ხოლო მსხვილი და „სტრატეგიული“ აქტივები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ რჩება, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი - ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალი ტემპია, პირველ რიგში, ზუსტად ასეთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივები უნდა იყოს კერძო საკუთრებაში გადაცემული. ამავდროულად, საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს პრივატიზაციის ის მეთოდიც, რომელსაც მთავრობა აირჩევს. ყოველ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ჩვენი ძირითადი დასკვნაა, რომ ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყველაზე ეფექტიანი მასობრივი, უპირობო პრივატიზაციაა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს არსებული საკუთრების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა. თუმცა თვითონ ეს მეთოდი კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება დეტალებში განსხვავდებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში, პრივატიზაცია შეეხოს რაც შეიძლება უფრო მეტ აქტივს.
გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ რესტიტუცია - მორალურად ყველაზე სწორი და კერძო საკუთრების გაძლიერების უმნიშვნელოვანესი პირობა - ყველა იმ აქტივს შეეხოს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით იყო ოდესღაც წართმეული და რომლის მესაკუთრეების (ან მათი მემკვიდრეების) დადგენაა შესაძლებელი. თუკი ყველა ეს პირობა შესრულებული იქნება, ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა სულ რაღაც ერთი თაობის ცხოვრების მანძილზე
რადიკალურად გაიზრდება. ჩვენი მაქსიმალურად კონსერვატიული გათვლები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ძალიან მცირე ნაწილს ეხებოდა, გვაჩვენებს, რომ ყოველწლიური დამატებითი მოგება შეიძლება 3.2 მლრდ ლარი იყოს, ხოლო სახელმწიფო აქტივების უმრავლესობის კერძო საკუთრებაში გადაყვანის შემთხვევაში ამ რიცხვის რამდენჯერმე ზრდაა მოსალოდნელი.
ამდენად, პრივატიზაცია სიმდიდრის ზრდის ყველაზე მარტივი გზაა, რომელიც გარდა მეტი ეფექტიანობისა, ჩვენი ქვეყნის რთული წარსულის ტრაგიკული მემკვიდრეობის განადგურებასა და ცივილიზებული ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც გულისხმობს. ხოლო პრივატიზაციის გადავადება, საბოლოო ჯამში, განვითარების დაბალ ტემპებს ნიშნავს, რაც არსებული სიღარიბის გათვალისწინებით, საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ს კვლევა

ავტორები:

ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანა ხურციძე, თამარ ქეცბაია

კომენტარები