თამაზ ახობაძე: ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რომ საზოგადოება თავის ნება-სურვილზე მართოს

იურისტმა თამაზ ახობაძემ, "პოლიტიკური აგორას" ეთერში საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობას იმ მთავარი არგუმენტით ამართლებენ, რომ ქვეყანას ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი არ აქვს,  რასაც შეიძლება დავუპირისპიროთ აზრი, რომ თუ ადამიანებს მასობრივად გავტესტავდით, ინფიცირებულთა მაჩვენებელიც და გარდაცვლილთა რაოდენობაც მეტი იქნებოდა, თუმცა როგორც ახობაძე აღნიშნავს, ამის ზუსტად განსაზღვრა რთულია:

ჩვენ ვერ დავითვლით იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ამ მდგომარეობით დაზარალდნენ, უამრავმა სამსახური დაკარგა და ფაქტობრივად  ლუკმა-პურის გარეშე დარჩა. ასევე ძალიან ბევრ  ადამიანს განათლების მიღების საშუალებაც კი არ ჰქონდა.

                                                                                                                                    -აღნიშნა თამაზ ახობაძემ "პოლიტიკური აგორას" ეთერში.

მისივე თქმით, ეს ვირუსი არ გაქრება და დიდი ალბათობით მას  მეორე და მესამე ტალღა მოჰყვება. ახობაძე ამბობს, რომ რთული განსასაზღვრია, ამ მდგომარეობას მთავრობა როგორ გამოიყენებს, რადგან  ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რომ საზოგადოება თავის ნება-სურვილზე მართოს. ის არ გამორიცხავს, რომ ვირუსის მეორე ტალღის მიზეზით არჩევნებიც გადაიდოს.

თამაზ ახობაძე იმ ახალ კანონპროექტსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება გარკვეული შეზღუდვების დაწესება. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის საშუალება არ ჰქონდეს.

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები