სიახლეები

230 Views
პოლიტიკა

თამარ ქეცბაია: გამოცდილებამ აჩვენა, რომ საფრთხის დროს, საზოგადოებას შეუძლია ხელისუფლებას სრული ძალაუფლება ჩააბაროს

მკვლევარმა, თამარ ქეცბაიამ, "თავისუფალი ბაზრის" ეთერში, საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაია ამბობს, კონსტიტუციის მიხედვით, ეპიდემიის დროს შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. თუმცა, მისივე თქმით, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კორონავირუსის დადასტურებული მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, შესაბამისად ქვეყანა პანდემიას არ ებრძოდა. ის თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ეკლესია იყო, რადგან მათ პირდაპირ ვერაფერს აუკრძალავდნენ.

ქეცბაია აცხადებს, რომ დეკრეტს გამოსცემს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი მაგალითად პრეზიდენტი, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული. საქართველოს შემთხვევაში დეკრეტით დელეგირება მოხდა მთავრობაზე, რომელსაც ირიბი ლეგიტიმაცია გააჩნია, რადგან ერთპარტიულადაა დაკომპლექტებული.

მთავრობამ კი, თავის მხრივ, არც საშიშროების და არც შეზღუდვების მიზეზი, მოსახლეობას არ აუხსნა. თამარ ქეცბაიას თქმით, არანაირი არგუმენტირებული საუბარი არ ყოფილა. ყველას ახსოვს, რომ თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ერთი თვე უნდა გაგრძელებულიყო. 21 აპრილის შემდეგ კი, როდესაც ქვეყნას ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონდა, ხელისუფლებამ ისევ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საგანგებოს ვადა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. 

ეს პერიოდი აქციების მხრივ ცხელია. შესაძლოა ხელისუფლებას სწორედ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების მიმართ გაჩენილი განწყობების მოთოკვა სურდა და ამიტომაც გაახანგრძლივვეს საგანგებო მდგომარეობა.

                                                                          -მიიჩნევს ქეცბაია.

როგორც მკვლევარი ამბობს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც, შესაძლოა,  სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მაინც დარჩეს. რასაც მკვლევარი გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ როდესაც გერმანიაში ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, მანიფესტაციის ყველა აუცილებელი წესით ჩატარების ნება მთავრობამ არ დართო, მათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

ხელისუფლების ის ქმედებები, რომელიც, მათ საგანგებო მდგომარეობის დროს განახორციელეს,  სრულიად შესაძლებელია, რომ  სამომავლოდ დიდი საფრთხის მომტანი იყოს.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებას რაიმე საფრთხის წინაშე დადგომის დროს შეუძლია, ხელისუფლებას სრული ძალაუფლება ჩააბაროს. შესაბამისად გარანტია იმისა, რომ უარესი არ მოხდება არ არსებობს.

- ამბობს თამარ ქეცბაია "თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე
 

კომენტარები