ლევან ჯგერენაია: გადაადგილების თავისუფლების აღკვეთით, ადამიანს ფაქტობრივად ფუნდამენტურ, სიცოცხლის უფლებას ვართმევთ

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ჯგერენაიამ, "თავისუფალი ბაზრის" ეთერში "გირჩის" სარჩელზე ისაუბრა, მარნეულის ჩაკეტვის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. 

მისი თქმით, ეს სარჩელი მხოლოდ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას არ ეხება და ამით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ილახება. მაგალითად, თუკი ადამიანს გადაადგილების თავისუფლება აქვს შეზღუდული, ის ვერ იმუშავებს, შესაბამისად შემოსავალიც არ ექნება. მისი არარსებობის გამო კი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება, ანუ გამოდის, რომ გადაადგილების თავისუფლების აღკვეთით, ადამიანს ფაქტობრივად ფუნდამენტურ, სიცოცხლის უფლებას ვართმევთ. იგივე შეიძლება ვთქვათ, ადამიანის პირად ცხოვრებაზეც, რომელიც კონსტიტუციაშია დაცული ასევე, განათლების უფლებაზეც:

 გამოდის, რომ ფუნდამენტურად საჭიროა დაცული იყოს გადაადგილების თავისუფლება,  რათა სხვა უფლებები არ შეგვეზღუდოს.

                                                                                                                                      -აცხადებს "გირჩის" წევრი.

ჯგერენაიას თქმით, სასამართლო პროცესზე მთავრობის მხარის არგუმენტი იყო, რომ უფრო ნაკლები შეზღუდვების გამოყენების შემთხვევაში ყველანი დავიღუპებოდით.  კომენდანტის საათის შემოღებაზე კი, განაცხადეს, რომ ეს სოციალური დისტანცირებისთვის  შემოიღეს, რათა საღამოობით ადამიანები ერთმანეთთან სტუმრად არ წასულიყვნენ.

"გირჩის" წევრი ამბობს, რომ ეს უსამართლობაა, რადგან  მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებს, სადაც 5 ოჯახი ცხოვრობს საერთოდ არ უნდა ეხებოდეს. მისივე თქმით, "გირჩის" სარჩელს კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურობის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლო ამ კვირაში განიხილავს.  ამ საქმის მოსარჩელე ტრაილერის მძღოლია, რომელიც თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და ავტობანზე  დააჯარიმეს, მაშინ როდესაც საერთაშორისო გადაზიდვები დაშვებული იყო.

ლევან ჯგერენაიას თქმით,  როდესაც სახელმწიფო რაღაც უფლებას ზღუდავს, ეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული უნდა იყოს. საქართველოს მთავრობა კი, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. იურისტი ამბობს, რომ "სახლიდან გამოსვლის დროს შეიძლება ერთი წესი იყოს, უკან დაბრუნებულს კი სულ სხვა დაგხვდეს." მისივე თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პარლამენტმა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები