სიახლეები

ვახო მეგრელიშვილი: სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ადამიანებისთვის იმის გასაგებად ახსნა, თუ რატომ უნდა ვიცავდეთ  თავისუფლებას

"თავისუფალი ბაზრის" ეთერში "გირჩის" წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა, ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანებს თავისუფლება წაართვა, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ყოველგვარი ახსნის და კვლევის გარეშე შემოიღო.

მეგრელიშვილი აცხადებს, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა,  შეზღუდვები გაამკაცრა, ის დაეყრდნო კონკრეტულ კვლევას, რომელშიც ვირუსის სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო მოცემული.

თავისუფლების დაკარგვით, დიდი ბრიტანეთზე უფრო დიდი რისკების ქვეშ დავდექით, რადგან მათ ყოველთვის შეუძლიათ, სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდეთ.

                                                                                                                                      -მიიჩნევს "გირჩის" წევრი.

მისი თქმით, საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა სრული ძალაუფლება. ის მიიჩნევს, რომ  ძალიან ცუდი პრეცენდენტი შეიქმნა, როდესაც საზოგადოებამ  ხელისუფლებას თავად მისცა თავისუფლების წართმევის შესაძლებლობა.

"გირჩის" აქცია-სეირნობისას გამოჩნდა ხელისუფლების თვითნებობა, რასაც  "გირჩთან" არანაირი კავშირის მქონე ადამიანების დაჯარიმება ადასტურებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ადამიანებისთვის იმის გასაგებად ახსნა, თუ რატომ უნდა ვიცავდეთ  თავისუფლებას.

                                                                                                                      -განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ამ ყველაფერს კი, მეგრელიშვილის აზრით, ბევრი ადამიანის ცხოვრების მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა. ის ამბობს, რომ ამ ნეგატიური გავლენის მასშტაბების გათვლა შეუძლებელია,  რადგან  პანდემია არ დამთავრებულა და პროგნოზების გაკეთება რთულია.

 შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ 23 აპრილს ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.7 მაისს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულებს 1000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები