სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: მარნეულის ჩაკეტვის არაკონსტიტუციურად ცნობა, სხვა შეზღუდვების არაკონსტიტუციურობასაც ნიშნავს

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, მარნეულის ჩაკეტვის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ისაუბრა. საქმეს ამ წუთებში  საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია და ამჟამად მოსარჩელისა და მთავრობის წარმომადგენლების კითხვა-პასუხის პროცესი მიმდინარეობს.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ სარჩელის ფორმალურ ნაწილში ნათქვამია, რომ შეზღუდვების დაწესება საქართველოს საპარლამენტო სხდომაზე უნდა მომხდარიყო. მისი აზრით, ხელისუფლებამ ფაქტობრივად, თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება შეზრუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. სარჩელის მეორე ნაწილი ჯანმრთელი ადამიანების მუნიციპალიტეტებში გამოკეტვის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, ნათელი გახდება, რომ მარნეულის ჩაკეტვასთან ერთად, მთავრობის მიერ მიღებული ყველა სხვა შეზღუდვაც არაკონსტიტუციურია.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები