სიახლეები

258 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: "გირჩისთვის" პრინციპების ერთგულებაა გრძელვადიანად ყველაზე მომგებიანი

"zoomიერი ჯაფარას" ეთერში "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციის გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იყო.  არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ასევე მან თავის განცხადებაში  საელჩოებს მოუწოდა, დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია,  რომ 8 მარტის შეთანმების ნაწილი პოლიტპატიმრები არ ყოფილან და ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ უნდა ჩაერიოს.

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამ ყველაფერს კი მოჰყვა ის, რომ ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტის გავლენიანი წევრები გამოვიდნენ განცხადებებით, რომლებშიც ისინი ხელისუფლებას შეთანხმების პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ნაწილის შესრულებისკენ მოუწოდებდნენ. 

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ასევე ეხებოდა საკითხს, თუ რას აპირებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" შეთანხმების ყველა პირობას არ შეასრულებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარტიებს  განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ზოგი მათგანი მიიჩნევდა, რომ იმ შემთხვევაში თუ, პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საკონსტიტუციო ცვლილებებს არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით  მხარი მაინც უნდა დაუჭირონ. "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობის" ცალსახა პოზიცია იყო, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.

"გირჩის" ლიდერი მიიჩნევს, რომ გაცემული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, რომ პარტიისთვის 120/30-ზე შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს, ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოების კიდევ ერთხელ გადაგდება არ უნდა შერჩეს.

"გირჩის" პოზიციაა, რომ ან შეთანხმების ყველა პუნქტი სრულდება ან მისი ბათილად ცნობა მოხდება. პრინციპების ერთგულება არის გრძელვადიანად ყველაზე მომგებიანი.

                                                                                                                              -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, "გირჩმა" პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობა გაეპროტესტებინა. მისი აზრით, ამ რეალობაში ოპოზიცია წამგებიან მდგომარეობაშია, ხელისუფლება კი, რომელსაც სრული ძალაუფლება აქვს, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევა.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების თანახმად მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერით აირჩევიან. ასევე, 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას ითვალისწინებს. 

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები