ზურაბ ჯაფარიძე: "გირჩი" კლდიაშვილის საქმეს ბოლომდე გაყვება

"გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გადაცემაში "zoomიერი ჯაფარა" გიორგი კლდიაშვილის საქმეზე ისაუბრა. კლდიაშვილს სამი ძირი მცენარე კანაფის მოყვანისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად ცნო, მიუღებელია პირადი მოხმარებისთვის დათესილი სამი ძირის გამო ადამიანებს 6 წლით ციხეში უშვებდნენ. ეს ადამიანი თავისი პატიოსანი შრომით შოულობდა ფულს და ოჯახს არჩენდა. დღეს კი მისი ოჯახი, ფაქტობრივად ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავების მომენტში მისი შვილი მხოლოდ 13 დღის იყო.

ჯაფარიძის თქმით, "გირჩი" კონკრეტულად კი პარტიის იურისტი ლევან გჯერენაია, მსგავს საკითხებს კურირებს. პარტიამ რამოდენიმე მსგავსი ქეისის მქონე პირებთან სამართალს უკვე მიაღწია. ერთ-ერთია როინ ჩიხრაძის საქმე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების ისეთი დოზით შეძენა-შენახვისათვის, რომელიც  პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია, ასევე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ ის გაათავისუფლეს. ასეთივეა ავთანდილ მეტრეველის საქმე, რომელსაც  კანაფის გაზრდისთვის 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. დღეს ის თავისუფალია.

გიორგი კლდიაშვილის საქმესაც ლევან ჯგერენაია კურირებს. ის საკონსტიტუციო სასამართლოში განაჩენის და პატიმრობის  არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელის შეტანას უახლოეს მომავალში აპირებს.

იმისთვის, რომ  ეს ადამიანი ოჯახს და მცირეწლოვან შვილს დაუბრუნდეს, "გირჩი" ამ საქმეს, ისევე როგორც სხვებს, ბოლომდე გაყვება.

                                                                                                                              -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, სისტემა რეალობას არ ცნობს და მზად არის სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში ყოველგვარი აზრის დატანების გარეშე გაუშვას. ასევე, არსებული სისტემიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს თავიანთი ისტორიების გასაჯაროვება არ სურთ, რადგან პოლიციის მხრიდან მუქარას და ზეწოლას განიცდიან. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც "შსს"-ს წარმოადგენლები იმუქრებოდნენ, რომ თუ პირი "გირჩს" დასახმარებლად მიმართვადა, მას მდგომარეობას დაუმძიმებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კლდიაშვილს,  2020 წლის 20 იანვარს საქართველოს კანონმდებლობის 265-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობის კანაფის დათესვა-მოყვანას, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მიუსაჯეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 30 ივლისიდან მოყოლებული საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალურია.

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები