სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიულ სიას მხარდამჭერები Ged-ების გადანაწილებით შეადგენენ

"გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, "პოლიტიკური აგორას" ეთერში პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესის ცვლილება არ განიხილება. "გირჩის" პორტალზე დარეგისტრირებული ის პირები, ვინც Ged-ებს ("გირჩის" კრიპტოვალუტას) ფლობენ, პარტიულ სიას თავად შეადგენენ.

ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე აქტიური შიდა  დისკუსია მიდის იმასთან დაკავშირებით, ეს სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას როდის უნდა გადაეცეს. ის ამბობს, რომ ორი ვარიანტი განიხილება. პირველის თანახმად, პარტიული სია "ცესკოს"დადგენილი ვადის ამოწურვამდე უნდა წარედგინოს. მეორე ვარიანტია, რომ უახლოეს მომავალში სიის ფორმირების პროცესი დასრულდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, გადაწყვეტილება კვირის ბოლოს მიიღონ.

"გირჩის" ლიდერი მეორე ვარიანტის მომხრეა, რადგან მიიჩნევს, რომ რაც უფრო მალე მოხდება პარტიული სიის ფორმირება, ამ ადამიანებს საზოგადოებაში გამოჩენისა და, შესაბამისად, კამპანიის წარსამართად უფრო მეტი დრო დარჩებათ.

Ged-ების მფლობელ პირებს უკვე აქვთ გარკვეული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუჭირონ მხარი. ნაკლებად სავარაუდოა, ამ პერიოდში ახალი 'ვარკვლავი' გამოჩნდეს და სიტუაცია შეიცვალოს.

                                                                                        -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები