ახალი კორონავირუსი - ეკონომიკური პოლიტიკა: რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

ფისკალური პოლიტიკა და სოციალური დახმარება

მიუხედავად იმისა, თუ როგორი ეკონომიკური შეზღუდვები ამოქმედდება, როგორც იყო
ნახსენები, მთავრობის მიერ უკვე მიღებული ზომები საკმარის საფუძველს იძლევა, რომ
უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდის პროგნოზი გავაკეთოთ. ამ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ
არსებობს რელევანტური ინფორმაციის ნაკლებობა, კონკრეტული ციფრების პროგნოზირება
რაიმე სარგებლის მომტანი არაა, მაგრამ უკვე შეიძლება იმ გადაწყვეტილებებზე მუშაობა,
რომლებიც კრიზისის ყველაზე მტკივნეული შედეგების ეფექტს დააკომპენსირებს.
რადგან საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ადამიანების მოთხოვნა
შეზღუდვების დროს ვერ მიღებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაიზრდება, ეკონომიკის
გარკვეული სექტორები შედარებით ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ.
ამიტომ მათ მხოლოდ მოკლევადიანი დახმარების ზომები ჭირდებათ. თუმცა, თუ
გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას დანაზოგები არ
გააჩნია, ეს ეფექტი მით უფრო მცირე იქნება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება საგანგებო
მდგომარეობა.

კრიტიკულია თვითდასაქმებულების, მცირე ბიზნესმენების სიტუაცია: ბაზრებში ვაჭრები,
ტაქსისტები, ძიძები და ა.შ. მათი ეკონომიკური მდგომარეობა უკვე დღეს არის
გამოსასწორებელი და შესაბამისად, დახმარება გრძელვადიანი გეგმების შემუშავებაზე მიბმული
არ უნდა იყოს. საგანგებო მდგომარეობის და ეკონომიკური შეზღუდვების შემოღებით.
მთავრობამ პირდაპირი პასუხისმგებლობა აიღო ამ ადამიანების კეთილდღეობაზე და
ვალდებულია ბიუჯეტიდან ნაწილობრივი კომპენსირება გააკეთოს. პირველ რიგში, ეს შეიძლება
იყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება და ბიუჯეტში ყველა იმ გადასახადის გადავადება,
რომელიც ამ მოქალაქეებს უწევთ 2020 წელს (ჯარიმები, გადასახადები და სხვა). თუკი კრიზისი
გაგრძელდება, დამატებითი კომპენსაციის აუცილებლობა გაჩნდება.

ამავდროულად, დოვლათის ძირითადი წყარო ბიზნესია, ამიტომ მომავალი ეკონომიკური
ზრდა, მისი ტემპი, პირდაპირ დამოკიდებულია თუ რამდენი ბიზნესი გადარჩება და შეძლებს
ფუნქციონირების გაგრძელებას. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, გადასახადების შემცირება
უნდა მოხდეს. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ყველაზე სწრაფ და უშუალო ეფექტს
იქონიებს მათზე, ვინც ჯერ კიდევ დასაქმებულია. ეს ასევე მისცემს ბევრ დამსაქმებელს
შესაძლებლობას ხელფასის დროებითი შემცირებით შეინარჩუნოს თანამშრომლები.

ასევე, სრულად გასაუქმებელია აქციზები, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებს ხარჯებს
შეუმცირებს, რადგან თავისი ბუნებით აქციზი რეგრესულ გადასახადს წარმოადგენს და მეტი
ტვირთით ზუსტად რომ შედარებით ღარიბ ადამიანებს აწვება.
მთლიანად გასაუქმებელია
იმპორტის გადასახადები. ერთი მხრივ, ის ბიუჯეტის შემოსავლების ყველაზე მცირე წყაროს
წარმოადგენენ, მეორე მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის პირობები ჩვენ კომპანიებს დაეხმარება
ეფექტიანად იპოვონ თავისი ადგილი მსოფლიო ბაზარზე და არ დახარჯონ რესურსები ისეთ
აქტივობაზე, რაშიც ჩვენ ბიზნესმენებს არ აქვთ შედარებითი უპირატესობა.

ჯამურად, ეკონომიკური აქტივობის შემცირების გათვალისწინებით, აღნიშნული ცვლილებები,
დაახლოებით 1.5-2 მლრდ ლარით შეამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს.
ასევე, საპენსიო შენატანებია შესაჩერებელი, რაც ერთდროულად ბიზნესმენებსა და
დასაქმებულებს დაეხმარება და დამატებით ბიუჯეტის ხარჯებსაც დაახლოებით 180-200 მლნ
ლარით შეამცირებს. პოტენციურად, 590 მლნ ლარიც, რომელიც საპენსიო ფონდმა ვადიან
ანაბარზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა, ასევე შეიძლება იყოს დაბრუნებული
მოსახლეობისთვისა და ბიუჯეტისთვის, თუმცა რადგან ეს ინვესტირება არ იყო გამჭვირვალე და
სრული ინფორმაცია დღემდე არ არის ხელმისაწვდომი, ამის მტკიცება მხოლოდ მაშინ იქნება
შესაძლებელი, როცა საპენსიო ფონდი სათანადო ინფორმაციას გამოაქვეყნებს.
აუცილებელია, რომ ზემოთხსენებული ღონისძიებები ბიუჯეტის ხარჯების რადიკალურ
შემცირების პარალელურად ხდებოდეს. ამისთვის ბიუჯეტში მხოლოდ კრიტიკულად
აუცილებელი ინსტიტუტების დაფინანსება უნდა შენარჩუნდეს. მაგალითისთვის, სრულად ან
ნაწილობრივ შეიძლება შემდეგი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და სახელმწიფო პროგრამების გაუქმება
ან ფინანსირების ნაწილობრივი შეჩერება:

  • სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • სსიპ – კონკურენციის სააგენტო
  • სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
  •  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
  •  სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო;
  • სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტი;
  •  სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო;
  •  სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტო;
  •  სსიპ - აწარმოე საქართველოში;
  •  სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;
  •  სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო;
  •  ა(ა)იპ - ინვესტორთა საბჭოს სამდივნო;
  •  ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო;
  •  საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი;
  •  სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
  •  სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;
  •  სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი;
  •  სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო;
  •  სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო;
  •  სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
  •  სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;
  •  სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი;
  •  სსიპ - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;
  •  სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
  •  სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი;
  •  სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო;
  •  სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
  •  ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი;
  •  ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი;
  •  ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი;
  •  საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების პროგრამა;
  •  ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი;
  •  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი;
  •  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (პოლიცია);
  •  ა(ა)იპ სპორტული კლუბი არმია და სხვა

თუ ცალკეული სამინისტროების ბიუჯეტებს გადავხედავთ და ისეთ ღონისძიებებსა და
პროექტებს გავაუქმებთ, რომლებიც უსაფრთხოებასთან და ვირუსთან ბრძოლას არ ეხება,
ხარჯების შემცირების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. მაგალითად, არსებულ
გამოწვევებზე სკოლებისა და უნივერსიტეტების დროულმა რეაქციამ აჩვენა, თუ რამდენად
ეფექტიანი შეიძლება იყოს მათი მუშაობა, რომ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს
მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელთა გამოც, მათ შორის
დისტანციური სწავლება ფაქტობრივად აკრძალული იყო. არსებულმა გარემოებამ ცხადყო, რომ
აკრედიტაციის/ავტორიზაციის პროცესი განათლების სფეროს განვითარებას მხოლოდ
აფერხებს, ამიტომ ყველაზე ცოტა, აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს,
არსებული აკრედიტაცია/ავტორიზაციების ვადა ერთი წლით გაგრძელდეს, ხოლო
ავტორიზებულ უნივერსიტეტებს მიეცეს აკრედიტაციის გარეშე ახალი პროგრამების შექმნის
შესაძლებლობა.

2020 წელს ეს ღონისძიება არა მხოლოდ განათლების სამინისტროს ბიუჯეტს
შეამცირებს, არამედ ასევე უნივერსიტეტების რესურს დაზოგავს. იგივე შეიძლება ითქვას
სკოლების ეფექტიანობაზე: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მიერ დაწესებული მოთხოვნები ვერაფერს აუმჯობესებს განათლების სფეროში, თუმცა ამ
ბაზარზე შემოსვლის ბარიერს ქმნის, რის გამოც, უკეთესი განათლების მიღება მხოლოდ
შედარებით მდიდარი მშობლების შვილებს შეუძლიათ. ამ დესტრუქციული ზედამხედველობის
გაუქმება, ბიუჯეტს დაზოგავს და სკოლების ეფექტიანობას, მათ სტაბილურობას კრიზისის დროს
და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის.
იმისდა მიხედვით, თუ რამდენად რადიკალური იქნება შემცირება, ჯამურმა ეკონომიამ
შეიძლება მთავრობას შემცირებული შემოსავლის სრული კომპენსირების შესაძლებლობა
მისცეს. ხოლო ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და უკვე
დამტკიცებული და მომავალში მოსალოდნელი საგარეო დახმარება, ბიუჯეტის დამატებით
სტაბილურობას უზრუნველყოფს.

მონეტარული პოლიტიკა

ფისკალური პოლიტიკის გადაწყობასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაა
აუცილებელი. თუ პანდემიის წინა პერიოდს გადავხედავთ, მონეტარული პოლიტიკა
საგრძნობლად დესტრუქციულ როლს თამაშობდა. უკვე თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული
ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად
აღემატება 3%-ს. ეს ფაქტი მარტივად ახსნადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ბანკი
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა. ის,
ისტორიულად, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იმგვარად იყენებს, რომ ფულის მასა და
შედეგად, ფასები იზრდება. თუმცა 2019 წელს ფულის მასის ზრდა განსაკუთრებით სწრაფი იყო
(იხ. გრაფიკი 13), რამაც ფასების ზრდაც დააჩქარა.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, ეროვნული ბანკის პოლიტიკა არატრანსპარენტულობით
გამოირჩევა, რის გამოც დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებების
მიზანშეწონილობას და მათ ეფექტიანობას დაასაბუთებდა. ამიტომ, როგორც წესი, მიღებული
გადაწყვეტილების თუ ზოგადად პოლიტიკის ცვლილება, მხოლოდ სერიოზული პრობლემების
და საზოგადოებრივი წნეხის შედეგად ხდება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, 2019 წლის აგვისტოში
მოხდა, როცა ფასების, მათ შორის სავალუტო კურსის სწრაფმა ზრდამ და ამას მოყოლილმა
საზოგადოების უკმაყოფილებამ, ეროვნული ბანკის მმართველები აიძულა, რომ მონეტარული პოლიტიკა შეეცვალათ. თუმცა აქ გამოჩნდა მონეტარული პოლიტიკის მეორე
დამახასიათებელი - არათანმიმდევრულობა. როცა ლარის გაუფასურების მიზანმიმართული
პოლიტიკა ლარის კურსის სწრაფ ვარდნაში გამოვლინდა, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებს
მიმართა. ინტერვენციები სავალუტო ბირჟაზე, არა მარტო დოლარის მიწოდებას ზრდის
ბაზარზე, არამედ ლარის მასას ამცირებს, რაც თავის მხრივ, ფასების ზრდის ტემპის შემცირებას
იწვევს, მაგრამ ამავდროულად, ეროვნული ბანკი თავის სხვა ინსტრუმენტს, რეფინანსირების
სესხებს
იმგვარად იყენებდა, რომ ფულის მასის ზრდა ოქტომბრამდე გაგრძელდა (იხ. გრაფიკი
14).

ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა 72.8 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ
ამავდროულად, 500 მლნ ლარით გაზარდა იგივე პერიოდში ფულის მასა. მსგავსი სიტუაცია
განმეორდა 2020 წლის მარტშიც, როცა 100 მლნ დოლარის ინტერვენციის პარალელურად, რეფინანსირების სესხის სახით, ეროვნულმა ბანკმა თითქმის 720 მლნ ლარის ემისია
განახორციელა.
თუმცა პანდემიის ჭრილში, ეს არათანმიმდევრულობა კი არაა პრობლემა, არამედ ამ დაშვებული
შეცდომების შედეგი, ანუ, ინფლაციის მიუღებლად მაღალი მაჩვენებელი. ინფლაცია - ფარული
დაბეგვრის მექანიზმია
, რომლის ძირითადი წნეხი ფიქსირებული შემოსავლის მქონე და
შედარებით ღარიბ ადამიანზე მოდის. მაგალითად, ინფლაციის შედეგად პენსიონერი ან დაბალი
ანაზღაურების მქონე მუშა, ყოველწლიურად ღარიბდება, რადგან მათი შემოსავალი ფასებზე
ნელა იზრდება. ინფლაცია ასევე დაზოგვის სტიმულებს ამცირებს, ხოლო უკვე არსებულ
დანაზოგს აუფასურებს. ჯამურად, მაღალი ინფლაცია შედარებით ღარიბი ადამიანების კიდევ
უფრო გაღარიბებას იწვევს. ეს პრობლემა კარგად შესწავლილია აკადემიურ სფეროში და მათ
შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების განხილვის თემაც არაერთხელ ყოფილა. თუმცა, ეროვნული ბანკის მმართველები ამ საკითხს საერთოდ არ აქცევენ
ყურადღებას და შედეგად არასწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ საქართველოს მოსახლეობის
დიდი ნაწილი ფინანსურად შედარებით არამდგრად მდგომარეობაში ჩააყენა, რაც პანდემიით
გამოწვეულ კრიზისს პოტენციურად კიდევ უფრო გააღრმავებს.

კიდევ უფრო საეჭვოდ გამოიყურება 2020 წლის მარტი-აპრილში რეფინანსირების სესხების
მეშვეობით ფულის მასის 1.58 მლრდ ლარით ზრდა. რთულად პროგნოზირებადია, თუ რა შედეგი
შეიძლება მოყვეს ასეთ ემისიას საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხოლო ეროვნული ბანკის მწირი
განმარტებები ამის თაობაზე, მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ სკეპტიციზმს აღრმავებს.

ამდენად, არათანმიმდევრულობა და მონეტარულ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები,
ეროვნული ბანკის მმართველებზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უნარს
კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, ამავდროულად, პრობლემის ანუ ეროვნული ბანკის
არაეფექტიანობის, გადაჭრის ყველა აუცილებელი გზა, როგორიც არის მაგალითად,
მულტისავალუტო სისტემაზე გადასვლა ან ეროვნული ბანკის სრული გაუქმება, კრიზისულ
პერიოდში ტექნიკურად რთულად განხორციელებადია. ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში,
საზოგადოებრივი კონტროლის და წნეხის გაძლიერებაა საჭირო, რათა ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებები ტრანსპარენტული, ხოლო მონეტარული პოლიტიკა პროგნოზირებადი
გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის მმართველებს უკვე
მიღებული და დაგეგმილი გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე ყოველკვირეული დეტალური ანგარიშის წარდგენა უნდა დაეკისროთ. ასევე, ეროვნული ბანკის განკარგულებაში არსებული მიმდინარე ინფორმაციის ოპერატიული (1-2 დღიან ვადაში) გამოქვეყნება უნდა დაიწყოს, რაც ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა და სხვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ ეკონომიკურ ტენდეციებზე ინფორმაციულ ასიმეტრიას შეამცირებს. თავის მხრივ, ეს
მონეტარული პოლიტიკის კრიტიკულ ანალიზს და პროგნოზირებას გაამარტივებს, რაც
გარკვეული კონტროლის მექანიზმებს შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ მომენტისთვის
სრულიად უკონტროლო ინსტიტუტისა.
ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში, ევროს და დოლარის თავისუფალ მიმოქცევაში
დაშვების თაობაზე, ფართო დისკუსიების დაწყებაა აუცილებელი.

ასეთი ცვლილება, ფაქტობრივად, ევროპის ცენტრალური ბანკის და ფედერალური რეზერვული სისტემის მონეტარული პოლიტიკის იმპორტის ტოლფასია, რის შედეგადაც, საქართველოს მოსახლეობას
არჩევანი გაუჩნდება, თუ რომელ ვალუტას ენდონ თავიანთ ეკონომიკურ აქტივობაში. ასეთი
თავისუფლება ადამიანების ეროვნული ბანკის შეცდომებისგან დააზღვევს, რაც საბოლოო ჯამში,
მათი კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს.
 

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
Gnomon Wise-ის უფროსი მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი



კომენტარები