156 Views
ბლოგი ეკონომიკა

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საფასური

უკვე ცხადია, რომ ვირუსთან ბრძოლა დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული. იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისა და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე, დიდწილად ინფორმაციული ვაკუუმი არსებობს, სხვა ქვეყნების ტენდენციებზე დაყრდნობით, შესაძლებელია გარკვეული პროგნოზების გაკეთება, თუ რა ფასის გადახდა მოგვიწევს პანდემიასთან ბრძოლაში. უშუალოდ პანდემიამ ეკონომიკის რამდენიმე სექტორზე იქონია ნეგატიური გავლენა, როგორიცაა, მაგალითად, ტურისტული ბიზნესი, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცხადებულმა შეზღუდვებმა, ფაქტობრივად ყველა ეკონომიკის სექტორი დააზარალა, რასაც, პირველ რიგში, უმუშევრობის მასობრივი ზრდა მოყვა.

მაგალითად, აშშ-ში, საქართველოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო სუსტი შეზღუდვების პირობებში, უმუშევრობის ზრდის ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: პირველ კვირას 3.3 მლნ-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური, მეორე კვირას - 6.8 მლნ, 6.6 მილიონი - მესამე კვირას და 11 აპრილისთვის კიდევ 5.2 მლნ ადამიანი დარჩა უმუშევარი. უმუშევრობის მაჩვენებელი მარტში 4.4%-დე გაიზარდა და პროგნოზით, თუ შეზღუდვები უახლოეს მომავალში არ დასრულდება, შეიძლება დიდი დეპრესიის დროს დაფიქსირებულ ნიშნულებსაც კი აცდეს და 30%-მდე გაიზარდოს.

გრაფიკი 11: უმუშევართა განცხადების რეგისტრაცია აშშ-ში, 2020 წლის იანვარ-აპრილი,
ათასი ადამიანი

წყარო: US Department of Labor

რამდენად კრიტიკული სიტუაციაა საქართველოში, ჯერჯერობით, ინფორმაციის არქონის
პირობებში, არ ვიცით, მაგრამ ის, რომ ათიათასობით ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური ან
უახლოეს პერიოდში დარჩება დაუსაქმებელი, ფაქტია.

უმუშევრობის ზრდას ადამიანების შემოსავლების ვარდნა მოყვება, რაც პროდუქტებზე და მომსახურეობაზე შეზღუდვებით შემცირებულ მოთხოვნას დამატებით შეამცირებს, რასაც, შესაბამისად, კომპანიების გაკოტრება მოჰყვება, ეს კი არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისით, არამედ ბიუჯეტის შემოსავლების
შემცირებით და საბანკო სისტემაში პრობლემებით დასრულდება.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეზღუდვები, მით უფრო დიდი იქნება ზარალი და თუ დაახლოებით ორი კვირის წინ საუბარი იყო მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაზე, დღეს საკითხი ასე დგას,
თუ როგორი იქნება ეკონომიკის შემცირება და რამდენად სწრაფად შევძლებთ ამ კრიზისიდან
გამოსვლას.

სრულიად მცდარია ასევე მოსაზრება, რომ ეკონომიკური კრიზისი - ადამიანების სიცოცხლის
გადარჩენის საფასურია. არსებული მდგომარეობის სირთულე ადამიანების გადარჩენით ვერ
იქნება გამართლებული, რადგან ჩვენ ვდგავართ კლასიკური მორალური დილემის წინაშე, როცა
ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ადამიანების სიკვდილს გამოიწვევს და მხოლოდ არჩევანია
გასაკეთებელი, თუ რომელი ადამიანთა ჯგუფი დაიღუპება და რომელი გადარჩება.
ყველაზე სწრაფად, დიდი ალბათობით, თვითმკვლელობის ზრდას დავინახავთ, რაც ყველა
ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული შედეგია. მაგალითად, აშშ-ში 2007-
2009 წლის კრიზისის შემდეგ სუიციდების ზრდამ 4 750 ადამიანი იმსხვერპლა (იხ. გრაფიკი 12),
რაც დაახლოებით სუიციდის მაჩვენებლის 0.99%-ით ზრდას ნიშნავს უმუშევრობის 1%-იანი
ზრდის საპასუხოდ. დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის 10%-იანი ზრდა, სუიციდების 1.4%-იან
ზრდას იწვევს. საბერძნეთში, სადაც კრიზისის კიდევ უფრო ღრმა იყო, ვიდრე აშშ-ში,
სუიციდის შემთხვევების ზრდამ 60% შეადგინა.
სუიციდის ყველაზე კონსერვატული, 20%-იანი ზრდა რომც ავიღოთ, საქართველოში, სადაც
ყოველ წელს 300-400 ადამიანი იკლავს თავს, პანდემიასთან ბრძოლით გამოწვეული
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 60-80 დამატებით სიკვდილს ნიშნავს, პირველ რიგში საშუალო ასაკის ადამიანებს შორის, რომლებზეც უმუშევრობას ყველაზე დიდი ნეგატიური
ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს. ხოლო, ქალებს შორის უმუშევრობის ზრდას, შესაძლოა,
ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდა მოყვეს, რადგან სამსახურს გარეშე დარჩენილი ქალი
ნაკლებად დამოუკიდებელი და დაცულია პარტნიორის აგრესიული ქმედებებისგან 

გრაფიკი 12: 1999-2010 წლებში აშშ-ში სუიციდის შემთხვევების დინამიკა და კრიზისით
გამოწვეული დამატებითი სუიციდის შემთხვევები

წყარო: Reeves A., Stuckler D., McKee M., Gunnell D., Chang S.-S., Basu S. (2012) Increase in state
suicide rates in the USA during economic recession, The Lancet, Vol. 380, Issue 9856, pp. - 1813-1814.

საშუალოვადიან პერსპექტივაში, ზოგადი სტრესის და ფსიქოლოგიური პრობლემების
გამწვავების შედეგებთან გვექნება საქმე, რაც ასევე ნებისმიერი კრიზისის თანმხლები
გარემოებებია. World Economic Forum და Harvard School of Public Health გათვლების
თანახმად, მსგავსი პრობლემებით გამოწვეული ზარალი მსოფლიო მასშტაბით,
ყოველწლიურად, შესაძლოა რამდენიმე ტრილიონ დოლარს შეადგენდეს. თუმცა,
ბუნებრივია, ასეთი გათვლების მიმართ ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო, ის უდავოა, რომ
ეკონომიკური პრობლემები ადამიანის ცხოვრების ყველა მხარეს აზიანებს. მაგალითად,
საკმაოდ კარგი მტკიცებულებები არსებობს, რომ სტრესი ჯანმრთელობას აუარესებს და
სიკვდილიანობის ზრდის გავრცელებული მიზეზია, რაც პირველ რიგში, იმ ადამიანების
ჯანმრთელობაზე აისახება, ვისაც რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს. კარგად
შესწავლილია ასევე კავშირი კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას შორის, რაც უკეთესი
ხარისხის სამედიცინო სერვისებთან წვდომით არის განპირობებული.

დამატებითი ნეგატიური ფაქტორია კარანტინი და გადაადგილების შეზღუდვა, რაც ზოგადად,
ფსიქოლოგიური პრობლემების წყაროდ გარდაიქმნება მოსახლეობის 20-30%-სთვის.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი გაზრდილი სიღარიბე ჯანდაცვის სერვისებზე
მოქალაქეების წვდომას, ხოლო ახალ თაობას უკეთესი განათლების მიღების ალბათობას
შეუმცირებს. ამ ყველაფრის ეფექტის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ დღევანდელი
გადაწყვეტილების გრძელვადიანი შედეგების გაცნობიერება, ოპტიმალური არჩევანის
გაკეთებაში დაგვეხმარება.

***
ამდენად, პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომები არა მხოლოდ ე.წ. „ვიწროდ
ეკონომიკური“ ზარალის მომტანია, არამედ, ის ადამიანების სიკვდილის უშუალო მიზეზიც ხდება
და ეს, როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვლინდება.
შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის არ გვაქვს არჩევანი.
ერთ მხარეს, ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან და მეორე მხარეს,
ეკონომიკური ზარალი და ამ ზარალით გამოწვეული სიკვდილები. თუმცა ეს მორალური დილემა
ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ ეკონომიკური პოლიტიკა კრიზისის ნეგატიური
გამოვლინებების კომპენსირებისკენ და მომდევნო ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე იქნება
ორიენტირებული.

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
Gnomon Wise-ის უფროსი მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

 იხილეთ Gnomon Wise-ის კვლევა "ახალი კორონავირუსი - ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა" სრულად.



კომენტარები