სიახლეები

წყალში გადაყრილი ჩვენი ფული

დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, საქართველოს მთავრობამ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებისთვის, ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხა სუბსიდიაა, რომლითაც სახელმწიფოს კონკრეტულ ცხრა სასურსათო პროდუქტზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდა უნდა დაეზღვია.

მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდიის მიუხედავად, აპრილში, აღნიშნული 9 პროდუქტიდან უმეტესობაზე, ფასები მაინც გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, შაქრის  ფასი 10 პროცენტით გაიზარდა, ამასთანავე 8.2 პროცენტით გაიზარდა ლობიოს ფასი, წიწიბურა გაძვირდა 6.96 პროცენტით, მაკარონი და მაკარონის ნაწარმი კი 5.73 პროცენტით. საქსტატის მონაცემებით, გაძვირდა ასევე ხორბლის ფქვილი 4.83 პროცენტით და ბრინჯი 4.4 პროცენტით.  

ანუ გამოდის, რომ ჩვენი, როგორც გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან, მთავრობამ ამოიღო ფული ვითომ რომ დაგვხმარებოდა და სინამდვილეში ფასები ისევ გაიზარდა.

ეს ხომ ფუნდამენტშივე ლოგიკური იყო? როგორ შეიძლება ამხელა ბიუროკრატიულმა მანქანამ ეფექტურად მართოს პროცესები? მაშინ, როცა თავადვე უწყობს ამ პროცესებს ხელს, ფულის მასის ზრდით... ეს დროში მეტად გაწერილი სიტუაციისა და ინფორმაციული ვაკუუმის ბრალია. წარმოიდგინეთ, მთავრობა გეუბნებათ, რომ თქვენი გაღებული შრომისაგან მიღებული შემოსავლის გარკვეული წილი უნდა მიითვისოს ძალადობრივად იმისათვის, რომ შენი კეთილდღეობა უზრუნველყოს. შედეგიც სახეზეა. თითქმის ყველა პროდუქტი, რომელზე სუბსიდირებისთვისაც მთავრობამ ჩვენი ფული ჩაასხა, მაინც გაძვირდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

კომენტარები