სიახლეები

სოფლის მეურნეობაზე

იმ ფონზე, როცა მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოშიც, ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ადამიანების უმეტესობა, მათ შორის, პოლიტიკოსებიც აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველომ სოფლის მეურნეობის აღორძინებას უნდა მიჰყოს ხელი. ჩავასხათ უამრავი ფული და ყოველდღე ვამუშაოთ მიწები, რათა სურსათის კუთხით არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზეო. თითქოს ეს სიტყვები სასიამოვნო მოსასმენი და ამასთანავე იმედის ნაპერწკალია მოსახლეობისთვის, რომ სულ მალე სოფლის მეურნეობა აყვავდება, მაგრამ სინამდვილეში ეს პოპულიზმით გაჟღენთილი სიტყვებია, რეალობა კი სულ სხვაა.

პირველ რიგში, ახლო წარსულს უნდა გადავავლოთ თვალი. საქართველოს მთავრობებს, წლების განმავლობაში, მიზნად ჰქონდათ, რომ სოფლის მეურნეობა გამხდარიყო ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და სწორედ ამიტომ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე "ასხამდნენ" ამ დარგში ფულს, სუბსიდიების, ვაუჩერების, გრანტების და ა.შ. სახით. შედეგად რა მივიღეთ? არაფერი. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც.

2019 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში მხოლოდ და მხოლოდ 7.2%-ს შეადგენდა. რეალურად, ეს ფული, რომელიც ჩვენი შემოსავლიდან ძალადობრივად ამოიღო მთავრობამ, ჩაეშვა ისეთ დარგში, რომელსაც წინსვლა და შედეგი არ ჰქონია. თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ მილიონები ჩავდოთ სოფლის მეურნეობაში და შედეგად ადგილობრივი ბაზარიც ვერ დავაკმაყოფილოთ? ეს ხომ ფაქტია? იმპორტით შემოდის პომიდორი, კარტოფილი, ხორცი და ასე შემდეგ. ამ კატასტროფული შედეგების ფონზე, კიდევ გვინდა, რომ ჩვენი ჯიბიდან ფული ვიხადოთ ამ დარგისთვის? სწორედ ამიტომ, ჯერ ის ფუნდამენტური პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, რომელიც სოფლის მეურნეობაშია და შემდეგ ხალხი გადაწყვეტს, უღირს თუ არა ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ამ სექტორში.

რა ფუნდამენტური პრობლემების წინაშეა დღეს სოფლის მეურნეობა საქართველოში?

მიწების 50%-ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაშია - როგორ უნდა ვიფიქროთ წარმოების გაზრდაზე, როცა სახელმწიფო და კერძო საკუთრებას შორის ამხელა დისბალანსია? ამიტომაა საჭირო, რომ მიწების მთლიანად პრივატიზება მოხდეს. დღესდღეობით საქართველოში მიწის ფასი კატასტროფულად დაბალია, მისი ღირებულების მატება, მხოლოდ კერძო მესაკუთრის არსებობის პირობებშია შესაძლებელი. როცა აქტივის ღირებულება მაღალია, მაშინ ადამიანებს საშუალება ექნებათ, მოიზიდონ უფრო მეტი კაპიტალი და გააფართოვონ წარმოება.

ტექნოლოგიების ნაკლებობა - ეს კიდევ ერთი პრობლემაა რის გამოც არაეფექტურები ვართ. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიები და არც მათი გამოყენების ცოდნა. ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, სურათის ნათლად წარმოსადგენად. დღეს გერმანიაში 5 ათასი ღორით დაკომპლექტებულ ფერმას მხოლოდ 2 კაცი უვლის. სწორედ იმიტომ, რომ იქ ფაქტობრივად ყველაფერს დანადგარები აკეთებენ. აბა დაფიქრდით, ახლა საქართველოში 5 ათასი ღორის მოვლას რამდენი რესურსი დასჭირდება? რა თქმა უნდა, ბევრად მეტი.

საბოლოოდ, სანამ ამ ძირითადი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე არ ვიზრუნებთ მუდმივად წრეზე ვიტრიალებთ და ტყუილად გადავყრით ჩვენს ნაშრომ ფულს არაფერში. ყველაფერი ჯერ განკერძოებით უნდა დაიწყოს. რომელ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვსაუბრობთ, როდესაც აქტივების ძირითად ნაწილი მთავრობის ხელშია დაკონსერვებული?

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

კომენტარები