სიახლეები

ჯაფარიძე: რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობამ, რომ ისევ ადამიანებად ჩავთვალოთ?

ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით მარნეულისა ბოლნისის ჩაკეტვას ეხმიანება. "გირჩის" ლიდერი წერს, რომ მარნეულის რაიონში ასაკოვანი ბიძა ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ ჩაკეტვის გამო, თვეზე მეტია მასთან ჩასვლა ვერ ხერხდება.

"23 მარტს დაიკეტა მარნეული და ბოლნისი.

დღემდე დაკეტილია.

არც შიგნით გიშვებენ, არ შიგნიდან გიშვებენ.

ასაკოვანი ბიძა მყავს ჩარჩენილი ალგეთში, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული.

ალგეთში არცერთი ინფიცირების შემთხვევა არ არის (საჯაროდ ნათქვამი არ შემხვედრია ყოველ შემთხვევაში).

მარნეულთანაც არ არის ახლოს, ტრასასთანაა, წითელი ხიდისკენ რომ მიდიხარ.

ოდესღაც გარდაბნისთვის რომ მიეკუთვნებინათ ეგ სოფელი, ჩაკეტვასაც ასცდებოდა.

მაგრამ ვერ შევდივარ, რომ ბიძაჩემი ვნახო.

არც იმას უშვებენ აქეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ჰოდა, რა მაინტერესებს:

ვერსად მოვიძიე რამდენი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა მარნეულსა და ბოლნისში.

ასეთი ინფორმაცია არ დევს არცერთ სამთავრობო საიტზე.

რომც იდოს, შინაარსი არ ექნება, რადგან:

1. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ აჩვენებს რეალურად ინფიცირებულების რაოდენობას (უმეტესობას უსიმპტომოდ გადააქვს)
2. სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალიც რომ იყოს, ეგ მხოლოდ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ იქ უფრო ‘აგრესიულად’ ტესტავენ ვიდრე სხვაგან.

ერთ თვეზე მეტი გავიდა ჩაკეტვიდან.

კოვიდ 19-ის ინკუბაციის პერიოდი (თუ დავუჯერებთ ამერიკულ CDC-ს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას) არის 2-დან 14 დღემდე (გარდა ძალიან იშვიათი გამონაკლისებისა).

2.5-ჯერ 14 დღე გავიდა.

სად არის მარნეულის და ბოლნისის ეპიდემიური აფეთქება?

თუ გამოვლენადი იყო ინფიცირების და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები, სამი კვირის წინ ხომ უნდა გამოვლენილიყო? ორი კვირის წინ? ერთი კვირის წინ?

თბილისში არ გვყავს ინფიცირებული? რატომ არ ვკეტავთ თბილისს? რატომ არ ვკეტავთ თბილისის ცალკეულ უბნებს სადაც ინფიცირებულები გამოვლინდნენ?

რატომ გვყავს ყოვლად უმიზნოდ და უშინაარსოდ მარნეულსა და ბოლნისში გამოკეტილი ხალხი დამამცირებელ მდგომარეობაში და ვამარაგებთ რუსული ზეთით და მაკარონით?

დაბალი ღობე ვნახეთ, მშვიდი ხალხია აზერბაიჯანელები და გამოდგება სახელისუფლებო პიარისთვის?

თან ეგ ხალხი ხომ მაინც ყოველთვის არსებულ მთავრობას აძლევს ხმას

ეგაა ლოგიკა?

როდის ვხსნით მარნეულს და ბოლნისს?

რა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს ადგილობრივმა მოსახლეობამ რომ ისევ ადამიანებად ჩავთვალოთ?"

- წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები