სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძის კითხვები მთავრობას საგანგებო მდგომარეობისგან მიღებულ შედეგებზე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საკუთარი ფეისბუქის მეშვეობით, მთავრობას კითხვებით მიმართავს. რა შედეგები მოგვიტანა ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა კორონავირუსის წინააღმდეგ? 

"მიღებულ განსაკუთრებულ ზომებთან დაკავშირებით:

1. რამდენი ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა ბლოკპოსტების დახმარებით?

2. რამდენი დაინფიცირებული გამოვლინდა ბოლნისი-მარნეულის ლოქდაუნის მიზნით მოწყობილ ბლოკპოსტებზე?

3. რამდენი ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა ღამით, საკომენდანტო საათის პირობებში?

4. ჯამში რამდენი ახალი კლასტერია გამოვლენილი მიღებული განსაკუთრებული ზომების შედეგად?

5. რამდენი საქართველოს მოქალაქეა ჯამში ჩარჩენილი უცხოეთში, ისეთი ვისაც ჩამოსვლა უნდა და ვერ ჩამოიყვანეთ? რამდენი ჩამოიყვანეთ ჯამში?

ჯანდაცვის სისტემის მზაობასთან დაკავშირებით:

6. რამდენი კლინიკაა მომზადებული ინფექციური ავადმყოფების მისაღებად? კონკრეტულად რა გაკეთდა კლინიკებში, რაში გამოიხატება მათი მომზადება?

7. რამდენი სამედიცინო პერსონალია სპეციალურად მომზადებული ინფექციურ ავადმყოფებთან სამუშაოდ? რა ტიპის მომზადება გაიარეს, როდის და სად? რამდენს აქვს სპეციალური ტრენინგი გავლილი პირადი დაცვითი საშუალებების, ე.წ. PPE-ს გამოყენების კუთხით?

8. რა მარაგები არსებობს სამედიცინო პერსონალის პირადი დაცვითი საშუალებების, ე.წ. PPE-ს და როგორია მათი შევსების გეგმა და წყაროები?

9. რა მარაგები არსებობს კორნავირუსის გართულებული შემთხვევების (ორმხრივი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი) მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და რამდენი სასუნთქი აპარატი გვაქვს მზად?

10. როგორ ივსებოდა ამ მედიკამენტების მარაგები მოყოლებული შარშან ნოემბრიდან? ანუ რამდენი შევიძინეთ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში?

11. რამდენი სპეციალური პირბადე, ნიღაბი, ბახილა, სპეციალური კომბინიზონი, ხელთათმანი, სასუნთქი აპარატი და სხვა შევიძინეთ მოყოლებული შარშან ნოემბრიდან, თვეების მიხედვით?

ეკონომიკასთან დაკავშირებით:

12. რამდენი ბიზნესი დაიხურა?

13. რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგა ჯამში?

14. რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგა პროფილების მიხედვით? მაგალითად სასტუმრო ბიზნესში, სარესტორნე ბიზნესში, ტრანსპორტში და სხვა?

15. რამდენით შემცირდა ინვესტიციების პროგნოზი წელს?

16. რამდენით შემცირდა ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზი?

17. რამდენით შემცირდა უცხოეთიდან გადმორიცხვების (რემიტანსების) პროგნოზი?

18. რამდენით შემცირდა ექსპორტის პროგნოზი?

19. რამდენით შემცირდა იმპორტის პროგნოზი?

20. რამდენით გაიზარდა სიღარიბე? და რამდენით ველოდებით ზრდას წლის ბოლომდე?

21. რამდენით შემცირდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს?

22. რამდენით შემცირდა ბიუჯეტის პროგნოზი? ცალკე შემოსავლები, ცალკე ხარჯები?

23. ბიუჯეტის რომელ ხაზებს შეეხო შემცირება?

24. ვთხოვეთ თუ არა ფინანსური დახმარება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს? გვაქვს თუ არ მიღებული უკვე თანხმობა რაიმე ფინანსურ დახმარებაზე? თუ გვაქვს, რა თანხებზეა საუბარი, რა ვადებზე, რომელი ინსტიტუტებისგან, სესხია თუ გრანტი?"

- ამბობს ჯაფარიძე ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები