სიახლეები

ტრამპის სტრატეგია covid-19 ის წინააღმდეგ

მაშინ, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი,  საქართველოს ჩათვლით, კორონავირუსს კარანტინითა და სხვა იძულებითი ღონისძიებებით  ებრძვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ვირუსთან ბრძოლის განსხვავებული გზა აირჩია.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვირუსთან ბრძოლისას, ცდილობს არ გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები ადამიანებზე.
არ ებრძვის ავტომატებით და მავთულხლართებით თანამოქალაქეებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ვირუსი, პირიქით, მისი მიდგომა განსხვავებულია:

1. სწრაფი ტესტების მიმართ დამოკიდებულება.

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა გვარწმუნებს, რომ სწრაფი ტესტები არაეფექტურია და მათი გამოყენების საჭიროება არ არის ქვეყანაში, საპირისპირო რეალობაა აშშ-ში.
პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც თავდაპირველად, საერთოდ, ცდილობდა დიდი ყურადღება არ მიექცია კორონა ვირუსზე ატეხილი პანიკისთვის, მას შემდეგ, რაც  სხვა ქვეყნებმა ვირუსთან ბრძოლის ერთადერთ გზად ადამიანებისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება ჩათვალეს, ხაზი გაუსვა სწრაფი ტესტების აუცილებლობას, ე.წ. 5 წუთიან ტესტებს.
რითაც, ერთი მხრივ, ეცადა საზოგადოებრივი პანიკა ჩაეცხრო და მეორე მხრივ, ეჩვენებინა, რომ მისი ოცნება დამატებითი ძალაუფლების მითვისება და მისით ტკბობა კი არა, პირიქით სიტუაციის იმგვარი განმუხტვაა, სადაც ადამიანთა თავისუფლება მინიმალურად ან საერთოდ არ იქნებოდა შეზღუდული.

ტრამპის პოზიციას მორალურთან ერთად, ლოგიკური ახსნაც აქვს, სწრაფი ტესტირების დახმარებით შესაძლებელია დაინფიცირების შემთხვევების დროული და სწრაფი გამოვლინება, რაც იმ ცოდნით, რომელიც ამ წუთისთვის გააჩნია კაცობრობას, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ მოვიქეცით, სწრაფ ტესტებზე არავინ საუბრობს ხელისუფლებაში, როცა ექიმებს და პოლიტიკოსებს ჟურნალისტები კითხვას უსვამენ სწრაფ ტესტზე, ისინი ბრაზდებიან და ცდილობენ არაფერი არ ილაპარაკონ, ან აღნიშნონ, რომ "სწრაფი ტესტი პანაცეა არ არის."

2. მონაცემების სიზუსტე

მეორე საკითხი ინფიცირებულთა მონაცემებია, როდესაც ვამბობთ, რომ გვყავს პირობითად 100 ინფიცირებული ქვეყანაში, ადამიანებს უჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მართავს პანდემიის გავრცელებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ინფიცირებულთა თითქმის ნახევარს უსიმპტომოდ გადააქვს covid-19 ან ძალიან სუსტი სიმპტომები აქვს გამოხატული, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მასშტაბური იქნება, სწრაფი ტესტირება კი მათი გამოვლენის საშუალებაა.
ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას სწრაფი ტესტების არსებობა არ აწყობს, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ამან შეიძლება პანიკა გამოიწვიოს და ხალხი საავადმყოფოებს მიაწყდეს. თან ამით გასაგები გახდება, რომ კარანტინს, საგანგებო მდგომარეობას და სხვა იძულებით ღონისძიებას დიდი აზრი არ გააჩნია.

ტრამპის პოზიცია სწრაფი ტესტების სწრაფად ჩატარებასთან დაკავშირებით, ნაკარნახევია ორი მიზეზით:

  1. ადამიანებს მიეცეთ საშუალება დამშვიდდნენ და ცხოვრება გააგრძელონ, ან ადრეულ ეტაპზე უმკურნალონ დაავადებას.
  2. დამთავრდეს სპეკულაციები ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელთან დაკავშირებით.

3. მკურნალობის მეთოდები

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ამერიკაში ძალიან რეგულირებული დარგია, ამერიკის პრეზიდენტი მიმართავს იქაურ მარეგულირებლებს (FDA), რომ დაუშვან ექსპერიმენტული მკურნალობის საშუალებები -
მაგალითად ე.წ „სისხლის თერაპია“ - როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლში ხდება ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მოძიება და გამოკვლევა, თუ როგორ დაამარცხა ორგანიზმმა კორონავირუსი, იმავე მკურნალობის მეთოდი იქნა გამოყენებული ესპანური გრიპის შემთხვევაში.

4. ყველაფრის ჩაკეტვა

ტრამპი ყველა თავის გამოსვლაში ცდილობს აჩვენოს, რომ ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის.
პირიქით, ყოველი საჯარო გამოსვლა არის დაპირება, რომ ყველა მალე დაუბრუნდება სამუშაო ადგილს, ხალხს მოენატრა საყვარელი რესტორნები და ა.შ.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის აქტიურად აგრძელებს ყველა საჭირო ნივთის შესყიდვას კორონა ვირუსთან საბრძოლველად და მიმწოდებელ კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს, ქვეყნის მომარაგება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ არასოდეს უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყნის დახურვა და დაკარანტინება სწორი გამოსავალია. პირიქით მისი მოწოდებაა, რომ რაც შეიძლება მალე გახსნის ამერიკა.

6. კერძო სექტორი

მაშინ, როდესაც საქართველოში ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე, როდესაც ხალხმა გააჩერა წარმოება და ბიზნესი, თანაც ისე, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არათუ მოქმედებით, სიტყვიერადაც კი არ მიუღიათ, უბრალოდ სახელმწიფომ ისინი სახლში მშიერი გამოკეტა.
აშშ-მ სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოიშალოს, რადგან ჩამოშლილი ეკონომიკით ვირუსთან გამკლავება არარეალურია. მან მოუწოდა რესტორნების მეპატრონეებს გააკეთონ „დრაივები“, ასევე - კორპორაციებს, რომ მისაღებ ფასად შეიძინონ რესტორნების საკვები.

როდესაც ქვეყანას აქვს ძლიერი ეკონომიკა, იგი უმკლავდება ნებისმიერ კრიზისს, რაც არ უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზი. 
ამას გარდა, ტრამპს არ გამორჩენია არც სადაზღვევო სფერო, და წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობით მიაღწია შეთანხმებას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევებს სადაზღვევო კომპანიები თანადაფინანასებით აანაზღაურებენ, მსგავის პრეცედენტი კი ჯერ სხვაგან არ დაფიქსირებულა.
გარდა ბიზნესებისა, უამრავი ადამიანი, რომელიც დარჩა შემოსავლის გარეშე, მაშინ როდესაც საქართველოში ასეთ ხალხს უბრალოდ სახლში გამოკეტვა უბრძანეს და ბრძანების დარღვევისთვის ჯარიმაც კი დაუწესეს, აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პროექტს, რომლითაც გამოიყო 350 მილიარდი აშშ დოლარი, რათა კორონა ვირუსის გამო სამსახურის დაკარგვით დაზარალებულ ადამიანებს ჩაერიცხოთ 4 თვის ხელფასი. ხოლო ვირუსის დამარცხებასთან ერთად პრირორიტეტად დაისახა ყველა შეჩერებული წარმოებისა და ბიზნესის ამუშავება, და აღნიშნა რომ ამერიკელებს მუშაობა არ ეზარებათ, პირიქით, მათი მხრიდან უდიდესი მსხვერპლია 1 თვე სახლში გაჩერება, მაგრამ აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ ეს 1 თვე ადამიანებს არ გაუჭირდეთ იზოლაციაში ყოფნა.

7. უმუშევრობის შედეგები

მაშინ, როცა ჩვენთან ერთხმად, ყველა,ვინც ტელევიზორში ჩანს, მოგვწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში, დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა შედეგებზე, რასაც სახლში ჯდომა, უმუშევრობა და ქვეყნის გაჩერება გამოიწვევს, ეს შეიძლება იყოს სუიციდის შემთხვევების გახშირება, ადამიანებში მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მომრავლება, რაც გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანას არ ეყოფა რესურსი, გაუმკლავდნენ იმ დაავადებებს, რომელთაც აქამდე უმკლავდებოდნენ, შესაბამისად, პრეზიდენტი ცდილობს, რომ  აშშ აარიდოს ამ ყველაფერს.
ჩვენი მთავრობა როგორ აპირებს იმოქმედოს ანალოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, ან როგორ უყურებს საერთოდ ამ  პრობლემას საქართველოში, უცნობია.

ავტორი: ანანო ქორიძე

კომენტარები