ესსე - ამბავი ციხისა

გიგი უგულავას ჩანაწერები მატროსოვის ციხიდან..

 

ჯერ გამოქვაბულში ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. საკანი უცხოვრებელია. ამ სამ წელიწადში, არ ვიცი, მიწისძვრამ თუ სხვა ძვრებმა, ნაპრალები გააჩინა. შუქი კარალოკის იყო. კარის თავზე იესოს ხატი და კედელზე საშვილიშვილოდ მიწებებული სანთლის ჯვრებია მიკრული. კედლებზე და იატაკზე ძველი ნივთების მართკუთხედია, მტვრის მკვეთრი ზოლებით გამოხატული. ეს ძველი ცხოვრების ნიშანია - როცა მე ერთი დღით გავედი და დავბრუნდი მატროსოვის ციხეში, უკლებლივ ყველა ნივთი საწყობში იყო გატანილი. მხოლოდ მტვრის ზოლები მიანიშნებდა, რომ აქ ვიღაც ბუდობდა. საოცრად დამთრგუნველია. ამას ანტისანიტარია სჯობს. წინა საკანი ლუქსი იყო ამასთან შედარებით. ოთხნახევარი ნაბიჯი სამნახევარზე, ამ ზომისაა ჩემი გამოქვაბული. 

ერთი უცნაურობაა - ადრე, ციხის უფროსობამ იცოდა ხოლმე, რომ ვიღაც "ისეთი” მოყავთ და შეძლებისდაგვარად ამზადებდნენ საკანს. ახლა, აშკარად მოუმზადებლები დამხვდნენ. მათზე მომზადებული მე ვიყავი. ეს ნიშნავს, რომ ან ბოლო მომენტამდე ყოყმანობდნენ ჩემს დაჭერას, ან სხვაგან აპირებდნენ ჩემს წაყვანას. პოლიციაში, მინისტრის მოადგილეს მკაფიოდ ვუთხარი, თუ მატროსოვზე არ წამიყვანთ, ამას გართულებები მოყვება-მეთქი. ნახევარ საათში მოვხვდი აქ. მომყოლი პოლიციელი ვერ მეწეოდა, როცა მარტოსოვის ბოლო კარი შეიღო გრუხუნით. სად გეჩქარებაო, კი მომაძახა, მაგრამ მე უკვე აქეთ სამყაროში ვიყავი. თითქოს აქ რაღაც ძველი, მივიწყებული სამყარო თავიდან ცოცხლდებოდა. იგივე ხალხი, იგივე სიტუაცია. ციხეში დრო ნელა მიდის, უფრო სწორად, საერთოდ არ მიდის, დგას თავისთვის. ანაბეჭდები თავიდან ამიღეს. ყველაზე საკაიფოა მაინც სახელით, გვარით და მამის სახელით - შენ თავს რომ ხედავ შავ დაფაზე. გეცინება, რადგან უცაბედად კინოსცენაში ხვდები. იჭერ ამ დაფას მკერდთან და იწყება ფოტოსესია. იყურე კამერაში, გაიხედე მარჯვნივ, მერე მარცხნივ. ამ მომენტში თითქოს ყველა ნანახ ფილმში, ყველა სჯულის ბანდიტთა უხილავი ჯგუფის წევრი ხდები - უცნაურ ქიმიას გრძნობ.

წნევა ნორმალური, წონა მომატებული, ოდნავ დაბერებული და დაღლილი - ასე ჩაივლის სამედიცინო „ჩექაფი“ და მიდიხარ შენს გამოქვაბულში. გხვდება მხოლოდ „კაზიონნი“ ნივთები. პირველი ღამე არც მაშინდელი მახსოვს და ვერც ახლა ვიხსენებ. რაღაცნაირად ქრება ან, გაუცნობიერებლად, თავისთავად ივიწყებ. პირველ ღამეს არც წიგნები გაქვს და ყველაფერი ცივად და საძაგლად გეჩვენება. ციხეში პირველი ღამის წამალი ძილია და ძილის წამალი. მეც ვხიე მელაქსენი, დავხუჭე თვალები და მივეცი თავი მდინარეს. ყველაზე მეტად აქეთ-იქით ოთახებიდან ტელევიზორის ხმაური გიშლის ნერვებს. უკვე ორი დღეა და ჯერ კიდევ ჩემი გვარი გაისმის. უფრო ზუსტად, ყური ვერც ვერაფერს არჩევს ჩემი გვარის გარდა, რაც, თავის მხრით, მიფანტავს კონცენტრაციას და ვერ ვკითხულობ. არ ვარ უმადური, რაც დიდხანს იქნება ჩემი გვარის ტრიალი, უკეთესია, მაგრამ, აჰა! რა უცნაური მხრით მომიარა სიკეთემ. იმდენად აუტანელი იყო ეს, რომ ბოლოს ბადრაგს შევძახე: ან ჩაუწიოს მეზობელმა ტელევიზორს, ან კედლებს დავამტვრევ-მეთქი. ბოლოს მაგარ ხერხს მივაგენი. საკანში ჩაშენებულ ტუალეტს ხმაურიანი ვენტილატორი აქვს. ჩავრთე და რაკეტაში მგონია თავი - მხოლოდ მისი ხმა ისმის. ასე დავიწყე წიგნებში შესვლა. ხო, შესვლა!  წიგნებში უნდა შეხვიდე. 

სანამ წიგნებზე გადავალ, ერთი-ორი სიტყვით აღვწერ სიახლეებს. ადვოკატების ოთახები გაურემონტებიათ. სამაგიეროდ, საკნები მოძველდა. სასეირნო ადგილას ტრენაჟორები დამხვდა. „სასეირნო“ ხმამაღლა ჟღერს. ოთხივე მხარეს „ბრიზგიანი“ კედელია 6X4-ზე დაახლოებით, ზემოდან ცხაური ადგას. ცას ხედავ, ხეებს ხედავ, სუნთქავ - ეგაა მთელი „პრაგულკა“. ახლა გირ-განტელებიც დაემატა. მაგარია! ორ კვირაში დავეჭიდები. ახლა მხოლოდ წრეზე დავდივარ - ჯერ არ მინდა სრული დატვირთვა, მაინც ამოგლეჯილი კბილივით ვარ, შენი გარემოდან რომ ამოგაძრობენ, როგორც ჯანმრთელ კბილს თავის ფოსოდან. ალბათ, ივანიშვილის ამოგლეჯილი ხეებიც იმავეს გრძნობენ, მაგრამ ვერ გადმოსცემენ. თქმულების მიხედვით, ბიძინა ეხუტება ხეებს და მათი ესმის. მით უარესი მისთვის. სადისტი მხოლოდ ადამიანების მიმართ არ ყოფილა, თუ ესმის მათი და მაინც გლეჯს. 

გასასეირნებელ ბოქსებში ტექნოლოგიური სიახლეა - დაუმონტაჟებიათ ეკრანი, სადაც „გუდვილის“ რეკლამა ტრიალებს. ოღონდ, რატომღაც მხოლოდ ყველის ნაირსახეობებია. მე კი ყველი ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ მაინც გაუგებარია, თითქოს „გუდვილი“ ყველის მაღაზია იყოს. „გუდვილი“ ამარაგებს ციხის მაღაზიას ანუ „ლარიოკს“ და აი, მივადექი „ლიბერთი“ ბანკის ბარათს, რომლის დამზადებასაც ველი და ურომლისოდაც ეს საკანი გამოქვაბულად დარჩება. ბარათით, გარდა დამატებითი პროდუქტებისა თუ მზა საჭმლისა, იყიდი ისეთ საოჯახო ნივთებს, როგორიცაა ტელევიზორი, მაცივარი, წყლის სადუღი და ჰიგიენის ნივთები, ლამფა, რადიო, საპარსი, შამპუნი, სარკე, საათი.. 

მესამე დღეა, გაპარსვას ვინ ჩივის, სარკეში არ ჩამიხედავს. „კაზიონნი“ ტაშტში ჩასხმულ წყალში ვიყურები, რომ საკუთარი ანარეკლი დავინახო. ბარათი იგვიანებს, ნერვიულობა მატულობს. მოვა და აქაურობის სრულფასოვანი ბინადარი გავხდები. აივსება კერია, ჰიგიენასაც ეშველება. კომპიუტერულ თამაშში დასეივება რომ დაგავიწყდება, ისე ვარ. ეს ყველა ნივთი მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან მაქვს შესაგროვებელი. აქაურებს, სამწუხაროდ, დრო ისე ესმით, როგორც სოფელში სივრცე. რომ იკითხავ, ესა და ეს ადგილი მიმასწავლე, შორსაა? აქვეა, გპასუხობენ, გიხსნიან და მერე იწყება უბედურება. ეს „აქვეა“ აღარასდროს გამოჩნდება. აქაც დღეს არ იქნება ბარათი, ხვალ. ხვალ არა - ზეგ. იტყვიან მალე და ეს მალე, როგორც სოფელში აქვე, უსაშველოდ იწელება. შეიძლება მეჩვენება. 

მოკლედ, სანამ ბარათი და მასთან დაკავშირებული სიკეთეები გამოჩნდება, ერთადერთი თავშესაქცევი წიგნებია. წიგნებიც ზანტად მოიზლაზნებიან. დღეში სამი ერთეული. დღეში სამივეს ვერ წაიკითხავ და თითქოს ნერვების ასაშლელიც არაფერია, მაგრამ ამას გარეთ ადამიანს ვერ აუხსნი, რომ, როცა შტაბელებად ალაგია ბევრი წიგნი, რაღაცნაირად მშვიდად ხარ, არ ხარ მარტო, ყოველ ჯერზე შეგიძლია გაიქცე რომელიმე წიგნში. გაიქცე და მერე მიატოვო. ან სულაც, შეხედო. ხშირად ესეც საკმარისია.  

ამიტომ, დღეს ჩემს თანაშემწეს გარეთ მკაცრად შევუთვალე, ზიდე და ზიდე წიგნები-მეთქი. რას ფიქრობს, ალბათ, კაცმა არ იცის. მაგრამ, ასეა ეს. გარე ამბებს კანტიკუნტად ვიგებ. ჩემი ამბავი, ალბათ, ჯერ ცხელია. ვცდილობ ამ ეტაპზე მაინც, საქმეზე, თავისუფლებაზე არ ვიფიქრო. მხოლოდ შვილები. განსაკუთრებით, სანდრო მედარდება. 

შაბათი-კვირას ციხე დაკეტილია გარესამყაროსთვის. დღეს არათუ წინადადება, რამდენი სიტყვა ვთქვი, შემიძლია დავითვალო. სრული ისიხაზმი სუფევს. მხოლოდ შორისდებულების თქმა მიწევს. სადილს აიღებთ? - გეკითხებიან „კარმუშკიდან“. რა არის? - ვეკითხები. შილა - ვიღებ პასუხს. საოცრებაა - შილა ციხეში. პირველი აზრი რაც მოგდის თავში, დოქტორ ჟივაგოს პირველი ფრაზაა - кого хоронят. ავიღე ცოტა შილა. გამოგონილ მიცვალებულს ხომ არ ვკრავდი წიხლს. 

„პრაგულკაზე“ მქონდა დიალოგი, რომელიც შინაარსით ასევე უფრო ბრაილის ენას გავდა. ვუქნიეთ თავი მე და ბადრაგმა. სამეთვალყურეო კამერებთან საუბარი ერიდებათ. კამერები ცალკე სამსახურია, ცენტრალიზებული. ციხეს არ ეკუთვნის, ზევით არიან, სადღაც წულუკიანთან. ერთადერთი, რასაც ჩურჩულით გეტყვიან, დაუნდობელი ქალები სხედან მანდო. სინამდვილეში, პატიმრებს ეს სამეთვალყურეო კამერები სულ ფეხზე გვკიდია. პირიქით, ცოტა საინტერესოც არის იდუმალ ქალებთან ურთიერთობის ეს შესაძლებლობა. ყველა სხვა ურთიერთობას მოკლებული, მაინც რაღაც აზარტს გრძნობ - ვიღაც ქალები სულ გიყურებენ :)

მაშ ასე - ციხეში შემობრუნება კომპიუტერის თამაშივითაა, როცა დასეივება გავიწყდება და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. სიცოცხლეებივით აგროვებ სკამს, ლამფას, მაცივარს, ტელევიზორს, რადიოს და ასე შემდეგ. მოვიდა ბარათი და ეს ყველაფერი სწრაფად მოგროვდა. აივსო, გათბა კერია. მივიღე პლაკატებიც, მოკლედ, შევივსე სიცოცხლეებით. ახლა მთავარია დასეივება მოვასწრო ან აღარასოდეს დამჭირდეს.

ტუალეტის კარის თავზე ტარანტინოს მაკულატურის პლაკატი ჩამოვკიდე. „ვინსენტ, კარი ღიაა, მე ვიცვამ. შემო და მიხედე შენ თავს“ - უმა თურმანის სიტყვები აწერია, სანამ კაიფში გადაბჟირდებოდა. ნახმარი მარსელოს ვოლესის სევდიანი სახეცაა. პრინციპში, კომიქსით ყველა ძირითადი სცენაა გამოხატული. ფანჯრის გასწვრივ, ვუდი ალენის მანჰეტენი განთავსდა. სკვერის სკამზე, ზურგით,  ქალისა და მამაკაცის სილუეტი შორს, მანჰეტენის ხიდს გაჰყურებს. იქვე Pink Floyd-ის The Division Bell - შავ-თეთრი, გაბრაზებული, გაკვირვებულში გადასული გამომეტყველებით. შემოსასვლელი კარის გასწვრივ, მეორე საწოლის თავზე, ენტონი ბერჯესის მექანიკური თვალი იმზირება ცოტა შემაშინებლად. სამაგიეროდ, წითელ-ყვითელი ფერები ახალისებს თვალსაც და აქაურობასაც. ლოგინის თავზე ადელის კინოკადრებად გაკეთებული პლაკატი გავაკარი და საწოლის წინ, ზედ როცა თვალს გავახელ, მგონი რენუარია თუ  რომელიმე ცნობილი იმპრესიონისტი. ლამაზი ლურჯი და ყვითელი ფერებია. გაღვიძებისას მხედველობის და ხედვის ფოკუსს უწყობს ხელს.

მოპირდაპირე საწოლს ნახევრად ტიტველი ფრედი მერკური დავაკარი. ადმინისტრაცია თავიდან ზუზუნებდა, პლაკატები არ შეიძლება, რა ვუთხრა სახალხო დამცველს, რომ ნახოსო. მერე ხუთი ბევრია, სამი იყოსო. ბოლოს, ეს ტიტველი კაცი ნამეტანი ხომ არ არისო. ცოტა ხანს იჭირვეულეს და ბოლოს გამეშვნენ. მეტიც, სანთლით ან კბილის პასტით რომ არ მეწვალა, ასეთებიც ხდება, სამედიცინო ლეიკოპლასტირი მომცეს. მადლობის მეტი რა მეთქმის.

ჩემდა გასაკვირად, შემომთავაზეს მეფიქრა მეწყვილეზე - „საკამერნიკზე“, თუ ჩემი თანხმობა იქნებოდა, ცხადია. მე ვუთხარი მენიუ მომიტანე-მეთქი. რა მენიუო, შეიცხადეს. ვინ ზის აქ, აბა, საიდან ავარჩიო-მეთქი. მაინც არავის გაიკარებ და იქნებ წერილი დაწერო, რომ ამ ეტაპზე არავინ გინდაო. ამასობაში, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ შემდეგი მელიაა და 10 მარტისთვის მასაც გაკოჭავენ. აგერ ნიკას დაველოდები-მეთქი, ღიმილით ვუთხარი უფროსობას. მაინც გარკვეული ვალდებულება მაქვს მის მიმართ. ბოლო-ბოლო, ამ პოლიტიკურ შარში მე გავხვიე. თან, საოცრად მძიმეა კამერაში პირველი წუთები, საათები, დღეები. სითბო რომც იყოს, სუსხია, სუფთა რომც იყოს, მტვრიანია, განათებული რომც იყოს, მაინც ჩაბნელებულია. დალურსმნულია ყველა საგანი. მარტო შენ მოძრაობ უსულო ნივთივით. გხვდება მხოლოდ „კაზიონნი“ ნივთები - ტაშტი, ცოცხი, ლურჯი ზეწარი, სქელი, მუყაოსავით გადასაფარებელი, რომელსაც ცხვრის სუნი სდის და საოცრად იკბინება ჩიხოლში ჩასმის შემდეგაც კი.  სუნი კი გასდის ნელ-ნელა, მაგრამ კბენა არა.

ეს სურათი მე უკვე მესამედ განვიცადე და ვერ ვიტყვი, რომ წინ წავიწიე. ყოველ მორიგ ჯერზე მეგონა, რომ უფრო ადვილად მივიღებდი, მაგრამ პირიქითაა. ციხე თუ სძაგს ადამიანს, პირველ რიგში, აი, ამ პირველი წუთების, დღეების გამო. აბა, რა სჯობს, უკვე „აბჟიტოი“ საკანში შესვლას, ფაქტიურად, ერთოთახიანი, ნახევარვარსკვლავიანი, ან სულაც უვარსკვლავო მოტელია, ყავას მაინც დალევ, ტელევიზორს შეხედავ. მე კოლონიის ამბავი არ ვიცი, მაგრამ ციხეზე ასეა ძმაო. მოკლედ, დავუწერე ადმინისტრაციას, რომ ამ ეტაპზე მარტო ყოფნას ვამჯობინებ. ვნახოთ, თუ მოიყვანეს ახალი „პასაჟირები“, მერე ვიფიქრებ.

ცალკე ფიქრის საგანია საწოლის არჩევა. რაც მეტი ცარიელი საწოლია, მით მეტი საფიქრალია. მანდ არ უნდა შეცდე. თითქოს რა არის აქ ფატალური, არ მოგეწონება და აახვევ ლეიბს და გადაისვრი სხვა საწოლზე, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. ციხეში ყველაზე ძნელი და შინაგანად მიუღებელი, რაიმე ჩამოყალიბებული რიტმის, შენივე თავისთვის, შენს მიერვე დაწერილი წესის შეცვლაა. ყოველ ასეთ განზრახვას რაღაცნაირი ფატალურობის ელფერი დასდევს და გავარდნილი თოფივით გაურბიხარ. რაღაცნაირად გგონია, რომ ყველაფერი ხუხულასავით ჩამოინგრევა, თუკი რაღაცა აირია ან არიე. მეც ასე ერთი საათი ვიჯექი პირველ ღამეს და ვზომავდი, ვწონიდი და ბოლოს კარიდან მარცხენა საწოლი ავირჩიე. ახლა რომ მკითხო არგუმენტები, აღარც მახსოვს, მაგრამ ცოცხალი თავით არ გადავწვები იქით, მარჯვენა საწოლზე.

ციხეებს საერთო საკაბელო სატელევიზიო მომსახურება აქვს. აქაც და გლდანშიც ერთი და იგივე არხები გვაქვს. საოცრებაა, 20 არხიდან ათი რუსული ფედერალური არხია. საოცრება ხდება იქ. მდარე საბჭოთა პროპაგანდა მოდის, ბრძოლა მთელ სამყაროსთან. დასცინიან ყველას და ყველაფერს, მათ შორის, კორონავირუსს. ზერელე დაკვირვებით ავტორიტარული რეჟიმების პროპაგანდისტული კრებული ასეთია - შემტევი, ცინიკური საინფორმაციო გამოშვებები, უხვად დეტექტივები და ურაპატრიოტული სერიალები, ექსტრასენსები და უხვად შამანები. „სიმეონ- მაგი, ასეთი ტიტრისთვის არსად მომიკრავს თვალი. საოცარი საგიჟეთია. ამის პარალელურად, არ გვაქვს ქართული კრიტიკული არხები - მთავარი და ფორმულა. ამ უკანასკნელზე დუმილი, მხრების და თვალების მაღლა აწევაა - პასუხად ასე ასახიერებენ უფროსობას ადგილზე მაშინ, როცა მათ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ისე, რუსულ არხებზე არის მოთხოვნა - მიიღებ პასუხს. ინტონაციიდან იგრძნობა, რომ ასე „იცავ“ უფროსობის არასწორ გადაწყვეტილებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ არის. უბრალოდ, არ მგონია, რომ მაინცა და მაინც ОРТ, НТВ, РТР-ზეა გაზრდილი მოთხოვნა. სულ ცოტა დანახარჯია საჭირო, რომ რუსულენოვანი, ან რუსულად თარგმნილი კონტენტი შეისყიდო - დაწყებული Охота и рыбалка, Discovery და National Geographic-ის პაკეტები. ამას კი, ბატონო, დავუმატოთ ТНТ გასართობი და შანსონი მუსიკალური არხები. ასევე, არაცენზურირებული საინფორმაციო რუსულენოვანი არხები, RТВ, Дождь, Новое время, ევრონიუსი რუსულად.. მოკლედ, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. საქმეც იმაშია, რომ გული არ გულობს და აღარც სიო არ დაჰქრის ამ ქვეყანაზე. ეს კიდევ ერთი, შეიძლება მცირე დეტალი ნიშანი იმის, რომ ეს მთავრობა რუსეთისკენ აპარებს თვალს. თუ ეს ასე არაა, მით უარესი. ბრიყვი და უმაქნისი მთავრობა მტრის საუკეთესო მოკავშირეა. მე კი ძირითადად BBC-ის ვუსმენ, რომელიც ამ სამ წელიწადში სულ მარცხნივ გადახრილა. ლამის ბერნი სანდერსს გამოუხატონ მხარდაჭერა.

„ამომრჩეველი ყოველთვის მართალია“ - კი ბატონო, ესაა დემოკრატია. „კლიენტიც ყოველთვის მართალია“ - ჯანდაბას, ესაა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა, მაგრამ პატიმარი არაა ყოველთვის მართალი, ასე სისტემა დაინგრევა, ასე ბადრაგი არ დაგრჩება, უკვე ჰობია ჩვენი თანამშრომლების ლანძღვა და შეურაცხყოფა პატიმრების მხრიდან. ამასობაში, ციხის ადმინისტრაციას არაფრის უფლება არ აქვს. პატიმარი რომ წაახალისოს და დამატებითი ზარის უფლება მისცეს, თვითონ შეიძლება ამოყოს თავი ციხეში, პატიმრისთვის უპირატესი პირობების შექმნის ბრალდებით. ადგილზე ტოტალური უუფლებობაა ყველა სფეროში და ეს ყველაფერი თქვენი  მიღებული კანონებია - ესაა ჩემი იშვიათი საქმიანი საუბრების თემა აქ, ხელმძღვანელობასთან. ვერაფერს იტყვი, მწყობრი  და სამართლიანი შენიშვნაა, თუ არ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკვვე რვა წელია, სხვა მთავრობაა.

სამარტოო საკანი ფიქრის და ძილის ადგილია. მეც წამოვწექი და მივჰყე ხელი ჯერ ერთს, იმ იმედით, რომ მეორეში ხავერდოვნად გადავიდოდი. სინამდვილეში, სისტემა, რომელიც ჩვენ 2003 წლიდან შევქმენით, მართლაც მკაცრად ცენტრალიზებული, ვერტიკალურად მწყობრი იყო და ეფუძნებოდა მმართველი გუნდის გონებრივ და შრომით ეფექტურობას. მართალია, უფლებები შეეკვეცა ადგილზე ყველას, თვითმმართველობას, სასამართლოს, რომელიც კვალიფიკაციას ვერ ცვლის, პროკურორს, რომელიც ზემდგომს უყურებს. საქვეუწყებო სიპებისა და აიპების დირექტორებს, ციხეების ადმინისტრაციებს, ინსპექტორს ქუჩაში და ასე შემდეგ. ლოგიკა მწყობრი და გამართლებული იყო. ყველაფერი კორუფციის მორევში იყო ჩაფლული და სამოქმედო და სააზროვნო სივრცის ადგილზე შემცირება მექრთამეობის შეზღუდვას ემსახურებოდა. მაგალითად, როცა ციხის უფროსს წახალისების უფლება ჰქონდა, ის ამაში ფულს აკეთებდა. როცა მოსამართლეს კვალიფიკაციის შეცვლის უფლება ჰქონდა, ის ქრთამს იღებდა და ასე შემდეგ. ამიტომ დადგინდა - სიარული და ყურება მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინ. ამან თავისი შედეგი გამოიღო. გაქრა ყოველდღიური და  საყოფაცხოვრებო კორუფცია.

მაგრამ ამ სისტემას პიროვნებები ამუშავებდნენ და მათ გარეშე ის, ადრე თუ გვიან, ძველი კომპიუტერივით დაეკიდება. ამ გადმოსახედიდან ვერტიკალური ცენტრალიზაცია აუცილებელი ფაზა იყო 90-იანი წლების ქაოსის შემდეგ, მაგრამ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების მერე მისი გარდაქმნა, ლიბერალიზაცია და დეცენტრალიზაცია უნდა მომხდარიყო. სინამდვილეში, ჩვენი მთავარი შეცდომა ეს იყო. პოლიტიკური, ტერიტორიული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური დეცენტრალიზაცია და ლიბერალიზაცია - ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. 2012-ში მას მარცხი მაინც მოყვებოდა, ეს გარდაუვალი იყო. მაგრამ ამ ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ დაარევერსებდა. ოცნებასაც, არსებითად, არაფერი შეუცვლია. დარჩა ზუსტად ის ცენტრალიზებული სისტემა; უბრალოდ,  არაეფექტური - ხარბი ადამიანების ხელში. ამიტომაც, სისტემა არაა ქმედითი. მივიღეთ ადგილებზე ბიუროკრატთა არმია, რომელსაც არაფრის უფლება არ აქვს და დავალებასაც არავინ აძლევს. ფიგურალურად, მიშას პიჯაკი ბიძინამ ჩაიცვა. პიჯაკი პიჯაკად აღარ ვარგა, დაძველდა, ჩრჩილი სჭამს და რომც ეს არა, ის მას უბრალოდ დიდი აქვს და ფართხუნობს. ასე ფართხუნშია დღეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, შესაცვლელია მთლიანად სისტემა. დღეს ციხის უფროსი უბრალო „პაბლაჟკისთვის“ ფულს არ აიღებს - არ უღირს. არც პატრული და არც ექიმი. ეს ქვეყანა ქვევიდანაა ასაწყობი და ასაწყობია თავიდან.

ამასობაში მელაქსენმაც იმუშავა. დილის 8 საათი გახდა და კიდევ ერთი აბსურდი, რომელიც ჩემი პერმანენტული და ქრონიკული პატიმრობის მოუშუშებელ ჭრილობად დარჩება - დილის „პრავერკა“. ინთება შუქი, იღვიძებ. არადა ციხეში ძილი, დილის ძილი! ტკბილია. იცვამ შარვალს, შორტები სძაგს უფალს და ციხეს და თვალების ფშვნეტით ელოდები, როცა გრუხუნით გაიღება კარი. გადიხარ დერეფანში, ბადრაგ-ინსპექტორი მოივლის საკანს, რომელიც სულ 4X3-ზე გამოვა. ყველაფერი ნახევარი წუთი გრძელდება და შენ რჩები პირდაფჩენილი, გაღვიძებული, დანევროზებული და თავში ერთი კითხვა გიტრიალებს - რატომ?! ვინ მოიგონა ეს სირობა. არ დამეზარა და მივაკვლიე ამ სირობის გენეზისს. ოღონდ არა აქ კითხვა-კითხვით, არამედ მართლა კითხვით. თურმე სადა ბანაობ! ეს დიადი „ტრადიცია“ საბჭოთა ზონებიდან მოდის. ბარაკში ასამდე კაცი ერთად ცხოვრობს. დილით იღება ბარაკი, ყველა პატიმარი გამოდის, მწყობრში დგება და მათ ითვლიან. ბარაკი იკეტება. საღამოს იგივე მეორდება - ხალხი თვლით. ასი გამოვიდა, ასი უნდა შევიდეს, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. ტარა და კაცი თვლითაა. ესაა დილის და საღამოს „პრავერკის“ არსი.

ახლა გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაში. საკანში ვარ მარტო, საკანში 24 საათიან კამერაში წულუკიანის „დაუნდობელი ქალები“ გაკვირდებიან. თუ რამეზე ეჭვი აქვთ, ადმინისტრაციას ნებისმიერ დროს აქვს შემოწმების უფლება. ეს „პრავერკები“ მხოლოდ რიტუალური და სიმბოლურია. „შენ არ გესმის, ციხე რიტუალებია, მის გარეშე არ არსებობს არსად“ - ასეთ მრავლისმეტყველ ახსნას ვიღებ. კაცმა რომ თქვას, მართალია. დილის პრავერკას მოსდევს საუზმე, რომელსაც ისეთი გრუხუნა ტაჩკით ჩამოატარებენ, რომ ძილი საერთოდ დაგავიწყდება. ერთხელ სპეციალურად დავაკვირდი ამ ტაჩკას. ის უდავოდ საბჭოთა ეპოქისაა. ერთ-ერთ რუსულ არხზე გადაცემა იყო „ვლადიმერსკი ცენტრალზე“, ცნობილ რუსულ ციხეზე. ზუსტად ეგეთი ტაჩკა ანახეს და თქვეს ამაყად, რომ ეს ვასილი სტალინმა გააკეთა, როცა აქ იჯდაო.

თუ კარგად დააკვირდები ციხეების სისტემას და ისტორიასაც ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ არათუ საბჭოთა, ჩვენს სისტემებში მეფის რუსეთის ციხეებია ჯერ კიდევ ცოცხალი. შალამოვი, სალჟენიცინი, გინზბურგი - თუ ამ აგურებივით წიგნების დრო არ გაქვს, ლევან ბერძენიშვილის „წმინდა წყვდიადი“ მშვენივრად გაგარკვევს ამ საქმეში. მაგრამ! მე რა ვქნა, მე! როგორ ავუხსნა ამ ხალხს რომ იდიოტობაა, ენერგიის ტყუილად ხარჯვაა ჩვენს, მატროსოვის რეალობაში ეს დილის „პრავერკა“, პატიმრებს ანევროზებს მხოლოდ ის, რაც ისევ ადმინისტრაციისთვის არის ცუდი. იმ ადმინისტრაციისთვის, რომელსაც ადგილზე უფლება რომ ჰქონდეს, გააუქმებდა სიამოვნებით ამ სისულელეს. ასე აღმოვჩნდი მოჯადოებულ წრეში, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია - მოუგონო გამართლება შენს ველურ გაღვიძებას. საგანს ან მოვლენას თუ მიანიჭებ ფუნქციას, ის აღარაა ისე დამძაბავი, გასაგები ხდება. მეც მოვიგონე და თავი დავარწმუნე - დილის ტკბილი ძილისთვის აუცილებელია 8 საათზე მოფსმა. ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მოჯადოებული წრე გარღვეულია.

ამასობაში კორონავირუსმა აქაც შემოაბიჯა. არა! თავად ვირუსმა არა, ამბავმა ვირუსის შესახებ. მარნეულის კარანტინით შეშინებულმა ხელმძღვანელობამ აკრძალა ამანათი. ეს ციხეში ჯადოსნური სიტყვაა. საბჭოთა გადასახლებაში ის ერთ ყუთში მოთავსებული პატარა სამშობლო იყო. ჩურჩხელა, აჯიკა, სუნელები, ტყემალი. სომხებს აუცილებლად სუჯუკი მისდიოდათ. ჩვენს რეალობაში სამშობლო მხოლოდ ხილით და გარეცხილი თეთრეულით შემოიფარგლება. სოციალურმა გამაღვიძა და მოურიდებლად მომახალა - დღეიდან ამანათი აღარ იქნება. კარგი, ე.ი. ტილი შეგვჭამს, ვუპასუხე მე და შევეცადე ძილის გაგრძელებას. ასე ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ახალი საზრუნავი, შრომა გაჩნდა ჩემს ყოფაში - რეცხვა. აბა, ვარდოს ვინ დაიჭერს ჩვენს დასახმარებლად?! დამძიმდა ცხოვრება. ჯერ ვერ წარმომიდგენია, თეთრეული როგორ უნდა გავაშრო ამ პატარა ოთახში, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ. უხ, ეს კორონავირუსი. კიდევ რამდენ უგუნურებას ჩაგვადენინებს ზრუნვის სახელით. მოქმედების წინააღმდეგი არ ვარ, ცხადია; უბრალოდ, ჯერ დაფიქრების მომხრე ვარ. ითხოვდე მაღალ ჰიგიენას და უარი თქვა ახლადგარეცხილ თეთრეულზე!

აშკარად ჯონ გალტი გვჭირდება!

 

ყურადღება, ლაპარაკობს ჯონ გალტი

 

ვინ არის ჯონ გალტი? - ეს შეკითხვა გასდევს აინ რენდის რომანს, რომელიც კაპიტალისტური უტოპიის, თავისუფალი ბაზრის, ადამიანის თავისუფლების საგაა და, თავის მხრით, ამხელს და ანადგურებს სოციალიზმს, პროტექციონიზმსა და მუქთახორობას. მაგრამ, რა შუაშია ის დღევანდელ მსოფლიო პანდემიასთან, კორონავირუსთან და იმ სრულ საგიჟეთთან, რაც დღეს მსოფლიოში ხდება?

წარმოვიდგინოთ 2020 წლის ბოლო. სულ მალე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანზე სისხლის სამართლებრივი დევნა გამოცხადდება. ის ინკრიმინირებული იქნება მსოფლიოსთვის დიდი ოდენობის ზიანის მიყენებაში, ათას უბედურებაში. ჩვენი თანამოქალაქეები ჯანმო-ს პირდაპირ ჯმო-ს დაუძახებენ, როგორც თავის დროზე სტალინმა რუსებისთვის დღესაც აუხსნელი მიზეზით ვენეცუელას ვენესუელა დაარქვა, რადგან ვენეცუელა უხერხულად ჟღერდა. სხვათაშორის, ჯმო-ს აწ. უკვე ყოფილი უფროსიც ვენეც(ს)უელას შეაფარებს თავს, როგორც თავისუფალი სამყაროსგან „დაცულ“ ტერიტორიას. ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერთბაშად იხუვლებს: კმარა - სიცოცხლე მოგვწყურდა და გავლენ წყალში საბანაოდ, როგორც ალბერ კამიუს კარანტინში ჩაძირული ალჟირული ქალაქის, ურუმის მკვიდრნი. თვალშისაცემად მოიმატებს გახარებული ადამიანების აღტკინება ჩაეხუტონ და მეტიც, ტუჩებში აკოცონ უცნობ გამვლელებს ბედნიერების ნიშნად და ამას ვერცერთი ფემინისტი ვერ შეაჩერებს - უდრეკი პროტესტის მიუხედავად. იქნება ჟრიამული, რომ ომი დამთავრდა. ომი კორონავირუსთან.

ჩვენც, ჩვენს მემლექეთშიც, მოგვბეზრდება ამ გოროზი კაცის კომპეტენტური სახის ყურება, მანამდე დღეში ათჯერ, გადახვევებით რომ ვუცქერდით. ერთხმად ვიხუვლებთ - დაგვიბრუნეთ ის დანტისტი გოგონა მინისტრი. მთავრობას საგულდაგულოდ რომ გადაემალა მას შემდეგ, რაც ამაყად განაცხადა - მე კორონავირუსს პირადი კონტროლის ქვეშ ვიღებო. მერე რა, რომ ნეპოტიზმს, უვიცობას და მსუბუქ თავხედობას ასხივებდა. სიცოცხლე ისე მოგვწყურდა, რომ ჯანდაბას, ოღონდ ის გოროზი კაცი გადამალეთ ჭირზე და უბედურებაზე რომ ლაპარაკობს. მიაჯაჭვეთ სადმე შორს, თავის კაბინეტში, ჭიკარტებით ამირანი, რომ ჩვენმა თვალმა აღარ ნახოს, ჩვენმა გონებამ აღარ მიიღოს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.

სდექ! სდექ! სდექ! ვინ მოდის. ეს ხმა ჩამესმის ყოველ ნახევარ საათში. ინფორმაცია, რომელიც მაბრუნებს ციხის რეალობაში.

გარე პერიმეტრზე განთავსებული ციხის მცველები ყოველ ნახევარ საათში ასე ამხნევებენ ერთმანეთს - სდექ, ვინ მოდის! შემხვლელი თავის სახელს შესძახებს, რის შემდეგაც ეს ერთგვარი დიალოგი გვირგვინდება შეძახილით - განაგრძე სვლა!

დღეს, როცა კორონავირუსმა გააჩერა მთელი მსოფლიო, შეარყია გლობალური ეკონომიკა, გააღარიბა და გააუბედურა უამრავი ადამიანი, ხოლო გვირაბის ბოლო ჯერ არ ჩანს, შეძახილი „განაგრძე სვლა“ ცინიკურად ისმის, უფრო ზუსტი ვისოცკის სიტყვებია: „Остановите Землю, я сойду“.

ზემოთ აღწერილი დღეს დიდ უტოპიად გვეჩვენება, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელი სიზმარი იქნებოდა. ფენთეზის ჟანრიც კი ვერ გაწვდებოდა.

მაგრამ  მაინც, რა უფრო აზიანებს, კოვიდ-19 კორონავირუსი თუ ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ? პირველი თუ მედიცინის, ინფექციონისტების სფეროა, მეორე - ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ - ინფორმაციაა და ეს ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხია. ეპიდემია ჩაივლის და აღმოვაჩენთ, რომ თავად ვირუსზე გაცილებით დიდი ზიანი ინფორმაციამ მიაყენა ადამიანს და ადამიანთა ინტერსუბიექტურ სამყაროს, ეკონომიკას, სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს.

ძალიან მოკლე ექსკურსი. არათუ ადამიანი, არამედ ნებისმიერი ცოცახლი არსება დედამიწაზე არის (სხვადასხვა დონეზე) ინფორმაციის მიღებისა და გაცემის აგრეგატი. მეტიც, ინფორმაციაა, მისი დაგროვების, დამუშავებისა და გაცემის პროცესია სიცოცხლე, მათ შორის მიკრობიოლოგიურ დონეზეც. თანამედროვე სამყარო, მისი მოწყობა, ყველა წინამორბედის ეპოქათაგან განსხვავებით აწყობილია ზღვა ინფორმაციის ურთიერთქმედებასა და ბალანსზე.

ერთი სახალისო ისტორია. გარდაქმნის ეპოქაში, გორბაჩოვმა, სსრკ-ს გენერალურმა მდივანმა, ეკონომიკურ საკითხებში თავისი თანაშემწე ბრიტანეთს მიავლინა. მოატარეს ეს პატიოსანი კაცი საფონდო ბირჟაზე, ანახეს სხვადასხვა საინტერესო რამ. ამ კაცმა ერთიც იკითხა - აგერ ქუჩებში რომ დავდივართ, არსად პურის რიგები არ შემიმჩნევია და იქნებ იმ კაცს შემახვედროთ, ვისაც ეს საქმე აბარიაო. პასუხი იყო მხრების აჩეჩვით და გაკვირვებული - არც არავის აბარია, თავისით ხდებაო. საფონდო ბირჟები არის დიდი ინფორმაციის ნაკადი, რომელიც თავის კონკრეტული ალგორითმით წარმოქმნის იმას ყველაფერს, რომ პური რიგების გარეშე დახლზე იყოს შეუფერხებლად. სისტემის მდგრადობა ამ ინფორმაციათა ნაკადშია. მათი სხვადასხვა ალგორითმის გადამუშავების შედეგად ვიღებთ პურის ფასს და იმას, რომ ის ყოველ დილით დახლზე დაგვხვდეს. მაშინ, რატომ აღმოჩნდა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ იმდენად მძაფრი, რომ მან გლობალურად მოშალა ცხოვრების ჩამოყალიბებული ალგორითმი, ჩამოშალა საფონდო ბირჟები და გააჩერა დედამიწა. სახლში ჩაკეტა მსოფლიო მომხმარებელი, ადამიანი, ვინც ამუშავებს ეკონომიკას.

არასდროს კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა ასეთი რაოდენობა, მილიარდობით ადამიანი, არ ყოფილა ასეთი „განათლებული“ ანუ არასდროს ამდენი ადამიანი არ წერდა და კითხულობდა, იღებდა, ამუშავებდა და აზიარებდა ამდენ ინფორმაციას. აგერ ბადრაგს, როცა თავისუფალი ხუთი წუთი აქვს, გარბის თავის ტელეფონთან, ემესიჯება ცოლს, შვილს, მეგობარს, ნახულობს სოცქსელებს. იწონებს, აზიარებს, ავრცელებს. ანუ - წერს და კითხულობს!  ილია ჭავჭავაძის ოცნება წერა-კითხვის გავრცელების შესახებ, XXI საუკუნეში ახდა. ახდა მთელ მსოფლიოში, ამას აკეთებს მაღაროს მუშა ჩინეთში, ფერმერი დაკოტაში, მწყემსი ომალოში.. ყველა, განურჩევლად განათლებისა. მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის მწერალი, მკითხველი, რედაქტორი, გამავრცელებელი ინფორმაციის.

ეს თვალშისაცემი გახდა თუნდაც 5, 10, 15 წლის წინანდელთან შედარებით. არაფერს ვამბობ ჩვენი მშობლების თაობის ეპოქაზე. გავიხსენოთ მოსახლეობის 90%-ს წერა და კითხვა აღარ უწევდა სკოლის დამთავრების შემდეგ. მაქსიმუმ შტაბელზე ხელმოწერა ან სადმე გაზეთის გადაფურცვლა თვეში ერთხელ. წერა და კითხვა, როგორც ინფორმაციის გავრცელების ანუ სიცოცხლის მნიშვნელოვანი კომპონენტი, არსებითად ელიტარული მოვლენა იყო. გარდა იმისა, რომ მილიარდობით ადამიანი „გაცოცხლდა“ ამ გაგებით, ინფორმაციის მონოპოლიაც დაიშალა.

დავუბრუნდეთ ისევ ეპიდემიას. ადრე კვირები დასჭირდებოდა სანამ ცალკე აღებული ოჯახის ექიმის მონაცემებს „ვინმე ზემოთ“ დაამუშავებდა, გააანალიზებდა და ეპიდემიას გამოაცხადებდა. და როცა გამოაცხადებდა, გამოცხადებაც ვერტიკალურად ხდებოდა, ზევიდან ქვევით. იყო საინფორმაციო საშუალებები, დიქტორები, სტატიები.. თავის კალაპოტში ზემოდან ქვემოთ შევიტყობდით ამბავს, მივიღებდით ინფორმაციას. დღეს, სოცქსელების ეპოქაში სულ სხვაა. ინფორმაცია ვრცელდება წამებში. უკონტროლოდ. პრაქტიკულად არაგანჭვრეტადი ალგორითმით და მასიურად, ყოველგვარი საზღვრების გარეშე. ამიტომაც გასკდა დამბა. მთავრობების რეაქციები იყო დაბნეული, ერთმანეთის გამომრიცხავი, პანიკური - უკან მიდევნებული ლამპარივით ერთი საზღვრებს კეტავდა, მეორე - პირიქით. ზოგი ფრენებს აუქმებდა ისე, რომ სხვას არ უთანხმებდა. სამყარო ასეთი არაკოორდინირებული არასდროს ყოფილა.

ფაქტია, რომ არსებულმა ინსტიტუტებმა ვერ იმუშავა, ძალა არ ეყო, ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ უფრო მძლავრი აღმოჩნდა და ეს ძალა მას მილიარდობით ადამიანის მიერ ინფორმაციის სწრაფმა აღებ-მიცემამ მიანიჭა. ესაა არამარტო ეკონომიკის გამოწვევა, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების გამოწვევაც. ფაქტია, რომ თანამედროვე ადამიანის თავისუფლების ზღვარი უფრო ფართოა და დემოკრატიაში მეტ მონაწილეობას ითხოვს, ვიდრე, თუნდაც, ოთხ წელიწადში ერთხელ რომ არჩევნებია. ეს თავისუფლებისა და დემოკრატიის გამოწვევაა, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებლობა. პოლიტიკა შეიძლება გახდეს უფრო ვულგარული, თავისუფლება - უფრო ბარბაროსული, მაგრამ, ის აუცილებლად უფრო ფართო და მრავალტევადი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

სინამდვილეში, თუ სწორი დასკვნები გაკეთდა, ადამიანი და გლობალურად მსოფლიოც ამ პანდემიის ჩავლის შემდეგ, გაცილებით გაძლიერებული გამოვა.

  1. მთავრობები და ბიზნესი მეტად იზრუნებენ კოოპერაციაზე. აღარ გვექნება მსოფლიოს მასშტაბით კრილოვის იგავ-არაკი. მეტი ტექნოლოგიური სიახლე გაჩნდება, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის აპლიკაციები, რომლებიც პანდემიების დროს კონკრეტულ ინდივიდს გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს;
  2. თვითონ ადამიანების ჩვევაში გაჩნდება მეტი სიფრთხილე. სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა თუ ცემინების წესები. ეს ის ცოდნაა, რომელსაც ადამიანი დააგროვებს და გაითავისებს.
  3. გაჩნდება მეტი ონლაინ პროდუქტი. უფრო სწრაფად და იაფად დაინერგება დისტანციური სწავლების, ჯანდაცვის სახელმწიფო თუ ნებისმიერი სერვისი. რაც მთავარია, სახელმწიფო ბიუროკრატები, პროფკავშირები და სხვა რეგულაციების  მოყვარულები ამ პროცესს ხელს ვეღარ შეუშლიან.
  4. ეს ყველაფერი ადამიანს, ამომრჩეველს, მომხმარებელს და შესაბამისად სახელმწიფოს თუ გლობალურ ინსტიტუტებს, უფრო გამძლეს გახდის, უფრო რეზისტენტულს. მარტივად, ვირუსი ან სხვა მსგავსი გამოწვევა კიდევ ბევრჯერ იჩენს თავს, მაგრამ ინფორმაცია ამ გამოწვევის შესახებ ასეთი დამანგრეველი ვეღარ იქნება. მაგალითად, გასული საუკუნის 70-იან წლებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კრიზისები დამანგრევლად მოქმედებდა არა მარტო ნავთობის ფასზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზეც. პირდაპირი მნიშვნელობით აშშ-ში ბენზინის ფიზიკური დეფიციტი იყო. დღეს მსგავსი მოვლენები მინიმალურად მოქმედებს ნავთობის ფასზე.

ასე რომ, შეგვიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში კოვიდ-19-ის გავლენა ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, დემოკრატიაზე, თავისუფალ ბაზარზე უფრო „საკურნებლად სულისა და ხორცისა“ გამოდგეს.

აი ამიტომ, ჯონ გალტი! როგორც ადამიანის სწრაფვა, იყოს გონიერი და თავისუფალი. ჯონ გალტი მეტაფორაა ადამიანისა, რომელსაც სჯერა თავისი შესაძლებლობების - რომ შრომა და თავისუფლება მეტია, ვიდრე გამოთანაბრება.

ცხადია, ეს ყველაფერი ვერ აანაზღაურებს ადამიანთა გარდაცვალების გამო უზარმაზარ ტკივილს, მაგრამ ცოცხალთა ვალია სიცოცხლეზე ზრუნვა.

და მაინც, როგორი უცნაურია თანამედროვე სამყარო და მისი გამოწვევები. კაცობრიობის მთელ ისტორიაში ღმერთი, სამშობლო ადამიანთაგან მოითხოვდა ფარ-ხმლისა და აბჯრის ასხმას, ჯვაროსნულ, სამამულო, სამოქალაქო ომებს, ბრძოლისა და სისხლისღვრის ვალდებულებას. პირველადაა, როცა ღმერთი, სამშობლო ჩვენგან სახლში ჯდომას, ტელევიზორთან კოტრიალს, წიგნის კითხვას მოითხოვს და რა უმადური უნდა იყო კაცი, რომ ამას არ დაემორჩილო :))

***

ერთი თვე ციხეში საკმარისია რომ ნახო ის, რაც სანახავია, გაიგო ის, რაც გასაგებია, მიხვდე იმას, რაც მისახვედრია, იგრნო ის, რაც მერე მთელი „სროკის“ განმავლობაში გამორთული კარდიოგრამასავით აღარ დახტის, არამედ მხოლოდ მონოტონურ, იმპულსურ ხმას იძლევა.

დაკავება დაახლოებით იგივეა, როცა ჯანმრთელ კბილს ამოგაძრობენ. საშინელი ტკივილია. შენც ასე გტკივა, როცა შენს სოციაურ გარემოს, მეგობრებს, ოჯახს, საქმეს მოგაშორებენ, ამოგაძრობენ. საშინელი ტკივილია. ერთ-ორ კვირაში კბილის ტკივილი გადის და გეუფლება სიცარიელის განცდა. ენით აწვალებ ცარიელ ადგილს - გეუცხოვება. ციხეშიც ასეა, ტკივილს სიცარიელის განცდა ანაცვლებს. არ იცი, რა აკეთო, ბოლომდე არ იცნობ სიტუაციას. იმედი გაქვს - რისი, არ იცი, ოღონდ. მომავალს, როგორც სიცარიელეს, ისე უყურებ.

ერთ-ორ კვირაში ეს სიცარიელის განცდაც ქრება. პირის ღრუ ეგუება, ენა აღარ წვალობს - თითქოს ამ კბილს საერთოდ არ უარსებია, აღარც სიცარიელეა, აღარც კბილი. აქაც ასეა. ერთი თვის თავზე იწყებ ცხოვრებას. აქაურ ცხოვრებას. გარეთ ყველაფერი შორეული, უაზრო გეჩვენება. ამბები, საგნები, ადამიანები - ბუნდოვანი. აღარ არსებობს ორი ცხოვრება. ცხოვრება ერთია და ის აქ არის. აღარ შეეცადო დროის მოკვლას. ნუ იღელვებთ! დრო სწრაფად გადის. პირიქით, ციხე ძიების ადგილია, დაკარგული დროის ძიების.

11:30-იც გახდა და შუქიც ჩააქრეს. ასეთია წესი. ციხეში საკნის შუქის ჩამრთველი გარედანაა. თითოეული საკნის კარებთან ორი ჩამრთველია. ერთი საკნის შუქის ჩამრთველია, მეორე - კარების თავზე ნათურას ანათებს, მარადიული ცეცხლივით მუდმივად ანთია. ეს ჩვევა ადამიანს ციხის მერე დიდხანს მიყვება, სიბნელეში ვეღარ გძინავს. სულ შუქს ეძებს სადღაც, ალბათ, გვირაბის ბოლოში.

მეტი აქ აღწერის ღირსი აღარაფერი მოხდება.



კომენტარები