ინტელექტუალურ საკუთრებაზე


რამდენიმე დღის წინ, გირჩის წევრების ჯგუფში ჩატარდა გამოკითხვა, კითხვის შინაარსი იყო შემდეგი: არის თუ არა ინტელექტუალური საკუთრება ყალბი. როგორც გამოჩნდა გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა  ფიქრობდა, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის ყალბი. რადგან ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება გირჩელთა უმრავლესობის აზრს, საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პოზიციის გამართულობის წერილობით დასაბუთება, ქვემოთ მოცემული ტექსტი კი სწორედ ამის მცდელობაა.

                                         ინტელექტუალური შრომის პროდუქტიც საკუთრებაა
                                                                              ***

ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტი არის შემოსავლის ან/და საყოველთაო აღიარების მიღების მიზნით შექმნილი ინტელექტუალური შრომის პროდუქტი, რომლის მიმართაც შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა და მისი გამოყენების უფლების მიღების სანაცვლოდ კონკრეტული საფასურის გადახდის მზადყოფნა ან/და ვარაუდი იმისა, რომ მისი შემქმნელი პროდუქტის წყალობით მიიღებს საყოველთაო აღიარებას.

შრომის პროდუქტი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური. არ შეიძლება დაცული იყოს მხოლოდ შრომის ის პროდუქტი, რომელიც შეხებით შეიგრძნობა(მატერიალური) და არ იყოს დაცული ის პროდუქტები, რომელიც მხედველობის ან სმენის ორგანოების მეშვეობით აღიქმება (არამატერიალური).

საკუთრების უფლების ობიექტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ მატერია.

საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში მხოლოდ მატერიის მოქცევა არის საკუთრების უფლების პრიმიტიული და შეზღუდული გაგება.

ადამიანის სიცოცხლე დაცულია ცალკე სიცოცხლის უფლებით მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ასევე არის ადამიანის საკუთრება.
დრო რომლის განმავლობაშიც ადამიანი ცხოვრობს არის მისი საკუთრება და მას უფლება აქვს ეს დრო დახარჯოს თავისი შეხედულების შესაბამისად.

თუ ადამიანი შემოსავლის ან/და აღიარების მიღების მიზნით თავის დროს დახარჯავს გარკვეული არამატერიალური პროდუქტის შესაქმნელად, მიღებული პროდუქტი და ის დრო, რომელიც ადამიანმა ამ პროდუქტის შესაქმნელად დახარჯა უნდა იყოს დაცული საკუთრების უფლებით. სწორედ ეს არის ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცვის ძირითადი ობიექტი.

არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ადამიანის ინტელექტუალური შრომის პროდუქტი და ადამიანის მიერ პრაგმატულად დახარჯული დრო აქციოს სრულიად უსარგებლოდ, ან რაიმე ფორმით შეუმციროს მას ღირებულება.

ყველა ადამიანს აქვს უფლება იშრომოს და შექმნას პროდუქტი. ასევე აქვს უფლებს გაყიდოს შრომის პროდუქტი და მიიღოს შესაბამისი შემოსავალი ან უსასყიდლოდ გაავრცელოს პროდუქტი საყოველთაო აღიარების მიღების ან ნებისმიერი სხვა მიზნით.
 
                                                                             ***
ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცვის ძირითადი ობიექტი, ანუ დრო, რომელიც დახარჯა ადამიანმა პროდუქტის შექმნაში, წარმოაჩენს ორ თანმდევ უფლებას: საავტორო უფლებას და პროდუქტის განკარგვისა და შემოსავლის მიღების უფლებას.

1) საავტორო უფლება არის - შემქმნელის უფლება, იწოდებოდეს მის მიერ შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტის ავტორად.

დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის კონკრეტული პროდუქტი ან / და  მისი ნაწილი, რომლის შექმნაზეც ადამიანმა დრო და ენერგია დახარჯა და რომელსაც ინდივიდუალურად აქვს კონკრეტული ლიტერეტურული ან და მატერიალური ღირებულება.
კონკრეტულ პროდუქტს ან მის ნაწილს ინდივიდუალური ღირებულება მაშინ აქვს, როდესაც ის გამოირჩევა ფორმით, სტილით, შინაარსით და სხვა მახასიათებლებით, რომელთა მეშვეობითაც პროდუქტი მომხმარებელს დადებითად განაწყობს პროდუქტის შემქმნელის მიმართ.  
ის დადებითი განწყობა, სიყვარული და პატივისცემა, რომლითაც მომხმარებელი პროდუქტის შემქმნელის მიმართ  განიმსჭვალება ეკუთვნის მხოლოდ მის ნამდვილ შემქმნელს. აღიარება და პოპულარობა, რომელსაც პროდუქტი გამოიწვევს, ეკუთვნის მხოლოდ მის ნამდვილ შემქმნელს, ავტორს.
მაგალითად ინდივიდუალური ღირებულების მქონე პროდუქტია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მის ავტორად უნდა იწოდებოდეს შოთა რუსთაველი. ეს ნაწარმოები შოთასთვის, რომ მოეპარა და გამოექვეყნებინა სხვა ვინმეს დღეს სწორედ იმ სხვა ვინმეთი ვიამაყებდით და შოთას მიერ დახარჯული დრო და ენერგია, რომელიც მან პოემის შექმნაში დახარჯა იქნებოდა მოპარული.

„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“
.  

ეს არის აფორიზმი "ვეფხისტყაოსნიდან", ეს არის "ვეფხისტყაოსნის" ნაწილი, რომელსაც ძირითადი პროდუქტისგან განცალკევებით, ცალკე აღებულს აქვს ინდივიდუალური ღირებულება. ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ეს აფორიზმი მკითხველში იწვევს, ეკუთვნის მხოლოდ მის ნამდვილ შემქმნელს, შოთა რუსთაველს.
მორალურად გაუმართლებელია სხვისი პროდუქტის საკუთარ პროდუქტად გასაღება ან სხვისი პროდუქტის ნაწილის გამოყენება საკუთარ პროდუქტში, ნამდვილი ავტორის მითითების გარეშე.

მაგრამ როგორც შოთა იტყოდა:  
„გული კრულია კაცისა‚ ხარბი და გაუძღომელი‚
გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო‚ ლხინთა მნდომელი“.

სწორედ ამიტომ, ხშირად ადამიანები ცდილობენ ის სიკეთეები, რომელიც ნამდვილი ავტორის მიერ საკუთარი სიცოცხლის ნაწილისა და ენერგიის დახარჯვის ფასად იქმნება, მიიღონ ერთ წუთში copy-paste-ით.
მორალურად გამართლებული იქნება, თუ ადამიანი თავის ნაწარმოებში სხვისი სიტყვების, სიტყვა სიტყვით გადმოცემის შემთხვევაში მიუთითებს ნამდვილ ავტორს. ეს მის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რადგან მისი ნაწარმოების მკითხველებს შორის იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ნამდვილი ავტორის ნაწარმოებები აქვს წაკითხული და ნამდვილი ავტორის სიტყვების  თავის სიტყვებად გასაღება მკითხველს მის მიმართ უარყოფითად განაწყობს, რაც მისი, როგირც რაციონალური არსების ინტერესებში არ შედის, ( ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ნამდვილი ავტორი უკვე საყოველთაოდ ცნობილია). 
ეს მორალური ვალდებულება და მკითხველის უარყოფითად განწყობის საშიშროება არ იქმნება იმ შემთხვევაში, თუ  ავტორი გამოიყენებს ცალკე აღებულ ფრაზას, რომელსაც ინდივიდუალური ღირებულება არ გააჩნია ან  კონკრეტული სიტყვების ზეგავლენით ავტორი ჩამოაყალიბებს საკუთარ აზრს, რომელიც შინაარსით დიდად არ განსხვავდება ნამდვილი ავტორის სიტყვებისგან.

მაგალითად თუ ვინმე გამოიყენებს ილიას სიტყვებს: " ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცს". ამით ვერ ხელყოფს ილიას საკუთრების უფლებას. 
შესაძლოა თავად ილიამ ზემოთ დაწერილი სიტყვები დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა, შესაძლოა, რომელიმე სხვა მოაზროვნის სიტყვების ზეგავლენით, მაგალითად ფრანსუა დე ლაროშფუკოსი, რომელმაც თქვა: „ადამიანის ბედნიერება და უბედურება, ბედზე უფრო მეტად, მის ზნეზე არის დამოკიდებული“ ან შექსპირის: „ადამიანები — საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები არიან“.
ან შეიძლება ამ თემაზე არც ერთი სხვა მოაზროვნის აზრი არ ჰქონდა წაკითხული და დამოუკიდებლად დაწერა, ამის გარკვევა შეუძლებელია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ შეიძლება საკუთრების უფლებით იყოს დაცული ცალკე აღებული ფრაზა, რომელსაც ნაწარმოებისგან მოწყვეტით დამოუკიდებლად ღირებულება არ გააჩნია.

შესაძლოა ილიას ნაწარმოებებში შეიმჩნეოდეს სკოტის ზეგავლენა, დოსტოევსკის ნაწარმოებებში ბალზაკის, მორის ნაწარმოებში პლატონის და ა.შ.

თითქმის ყველა მწერალი არის სხვა წინამორბედების მოსაზრებების ზეგავლენის ქვეშ და ამით ქმნიან სხვა ახალ ნაწარმოებებს, რომელთაც გააჩნიათ დამოუკიდებელი ღირებულება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკე აღებული, დამოუკიდებელი ღირებულების არმქონე ფრაზა, მოსაზრება არ შეიძლება იყოს საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტი.  ასევე შეუძლებელია ადამიანს აუკრძალო იყოს სხვა ადამიანის მოსაზრების ზეგავლების ქვეშ და ამ ზეგავლენით შექმნას საკუთარი მოსაზრება და ნაწარმოები.


ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა საავტორო უფლების ნაწილში შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:

ა) საავტორო უფლების ხელყოფა, ინდივიდუალური ღირებულების მქონე პროდუქტის ავტორად საკუთარი თავის გამოცხადებით ან და პროდუქტის გამოყენება სხვა პროდუქტში ავტორის მითითების გარეშე.     ავტორად წოდების უფლების დასაცავად ავტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სასამართლოს მეშვეობით საჯაროდ აღიარებინოს ხელმყოფს, რომ ნაწარმოების ავტორი არის მოსარჩელე.
იმ შემთხვევაში, თუ ავტორი არ არის ცოცხალი, ამ უფლების დაცვა უნდა შეეძლოს მის მემკვიდრეს ან/და ნებისმიერ მესამე პირს.

ბ) შრომის პროდუქტის გამოყენება პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის შემქმნელის ნების საწინააღმდეგოდ. ასეთი შეძლება იყოს ნაწარმოების გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ჰიმნისთვის ან და პროდუქტის გამოყენება გარკვეული ჯგუფის თავშეყრაზე.   
მაგალითად  ავტორს თუ სძულს კომუნისტური პარტია, მას უფლება უნდა ჰქონდეს, რომ მისი შრომის პროდუქტის გამოყენება აუკრძალოს ამ პარტიას. 
აღნიშნული უფლების დაცვა შეუძლია მხოლოდ ავტორს, მის სიცოცხლეში. მემკვიდრეს ან მესამე პირს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს მისცემდა თუ არა ავტორი კონკრეტულ ჯგუფს საკუთარი შრომის პროდუქტის გამოყენების უფლებას. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორს სიცოცხლეშივე ქონდა დეკლარირებული იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ან ადამიანს არ მისცემდა საკუთარი შრომის პროდუქტით სარგებლობის უფლებას ან იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ავტორი კონკრეტულ ჯგუფს არ მისცემდა პროდუქტით სარგებლობის უფლებას. მაგალითად, დიდი ალბათობით ტიციან ტაბიძე არ მისცემდა კომუნისტურ პარტიას საკუთარი შრომის პროდუქტის გამოყენების უფლებას, რადგან მთელი ცხოვრება მათ წინააღმდეგ იყო და სწორედ ამ პარტიი რეჟიმმა მოკლა იგი.

2) შემოსავლის მიღების უფლება არის  - შრომის პროდუქტის მეშვეობით წარმოებული მატერიალური პროდუქტით სარგებლის მხოლოდ თვითონ მიღების უფლება და სხვებისათვის შრომის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გამოყენების უფლების მიცემის სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება.

ა) შრომის პროდუქტის მეშვეობით წარმოებული მატერიალური პროდუქტით სარგებლის მხოლოდ თვითონ მიღების უფლება.
ამ უფლების ხელყოფაა სხვისი შრომის პროდუქტის გამოყენება შემოსავლის მიღების მიზნით, რითაც შემოსავალს ართმევს ან აკლებს შემქმნელს.
შემოსავალს ართმევს იმ შემთხვევაში თუ გამოგონების მეშვეობით მატერიალური პროდუქტის შექმნამდე და სარგებლის მიღებამდე, სხვა მიითვისებს გამოგონებას და დაიწყებს პროდუქციის წარმოებას, რითაც თვითონ მიიღებს ყველა შემოსავალს, რასაც გამომგონებელი მიიღებდა. ამ შემთხვევაში გამომგონებელი ვერაფერს ვერ მიიღებს.
შემოსავალს აკლებს იმშემთხვევაში თუ გამომგონებლის მიერ პროდუქციის წარმოების დაწყების შემდეგ, დაუკითხავად გამოიყენებს გამოგონებას, შექმნის პროდუქციას და გაავრცელებს მას, რითაც თვითონ მიიღებს იმ შემოსავლის იმ ნაწილს, რომელსაც ინტელექტუალური შრომის პროდუქტის შემქმნელი მიიღებდა.
თუ ინდივიდმა გამოიგონა დაავადების საწინააღმდეგო წამალი იმისათვის, რომ ამით შემოსავალი მიიღოს, მას უფლება აქვს მხოლოდ მან გაყიდოს ეს წამალი და მხოლოდ მან მიიღოს შემოსავალი.
ის მოსაზრება, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების არსებობის შემთხვევაში, ინტელექტუალური შრომის პროდუქტი ანუ კონკრეტული სიკეთე უფრო ნელა გავრცელდება და უფრო გვიან მიიღებს ამ სიკეთეს საზოგადოება ან თუნდაც კაცობრიობა არ გამოდგება ინტელექტუალური საკუთრების უფლების უარსაყოფად საჭირო არგუმენტად, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესებისთვს ვლახავთ კონკრეტული ინდივიდის ინტერესებს.

შეიძლება შემქმნელს ეს წამალი სხვა ქვეყანაში გაეყიდა რამდენიმე წლის დაგვიანებით და ამის გამო რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილიყო, მაგრამ მის მიერ წამლის შექმნის ძირითადი მიზანი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება ხომ არ არის, არამედ მეტი შემოსავლის მიღება.

სწორედ ამიტომ მას ურჩევნია, რომ მისი ინტელექტუალური შრომის ნაყოფი სხვა სივრცეებში გაიყიდოს მხოლოდ მის მიერ, ვიდრე უფრო სწრაფად მაგრამ სხვის მიერ, რადგან ამ შემთხვევაში მის მიერ მისაღებ შემოსავალს მიიღებს სხვა.

ინტელექტუალური საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში კი გამოდის, რომ შემქმნელი ინდივიდის ინტერესები ილახება, მის მიერ მისაღები შემოსავალი ერთმევა მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების გამო, რომელიც შეიძლება მას საერთოდ არ აინტერესრბდეს.

მას მოგების მიღების მიზანი რომ არ ჰქონოდა, საერთოდ არ გააკეთებდა ამ წამალს.
ის დარწმუნებული რომ ყოფილიყო, რომ ამ წამლის რეცეპტს სხვა მოიპარავდა და სხვა გამდიდრდებოდა მის ნაცვლად, ამ შემთხვევაშიც არ გააკეთებდა.

ასეთ შემთხვევაში, ვერავინ მიიღებდა სარგებელს, ვერც გამომგონებელი, ვერც ის ადამიანი, რომელსაც ეს პროდუქტი სჭირდება და ვერც მესამე პირი, რომელსაც გამომგონებელის შრომის პროდუქტით უნდა ფულის შოვნა მის დაუკითხავად.

ინტელექტუალური საკუთრების უარსაყოფად  არსებობს ასევე შემდეგი მოსაზრება: “დამსახურებული და გამართლებული მოგება, რომელსაც გამომგონებელი, აღმომჩენი, და ავტორი, ან მათთან ასოცირებული მწარმოებლები ნახულობენ, არის ის უპირატესობა, რასაც მათ ბაზარზე პირველად და, ამდენად, სხვებზე ადრე შესვლა აძლევთ”. 
ამ მოსაზრების თანახმად ნებისმიერს შეუძლია გამომგონებლის თანხმობის გარეშე მისი რეცეპტით შექმნას პროდუქტი და მიიღოს ის შემოსავალი, რომელსაც გამომგონებელი მიიღებდა. გამომგონებელი კი მხოლოდ იმ სარგებელს უნდა დასჯერდეს, რომელიც მან ბაზარში პირველად შესვლით მიიღო.
ეს ძალიან გავს კომუნისტურ რეჟიმში არსებულ წესს, რომლის თანახმადაც თუ მესაკუთრის ღორი 10 გოჭს მოიგებდა 8 კოლმეურნეობისთვის უნდა მიეცა 2 კი შეეძლო თავისთვის დაეტოვებინა.  ზუსტად ანალოგიურია ეს შემთხვევაც, შემქმნელს ბაზარში პირველად შესვლის უპირატესობით მისაღებ შემოსავალს უტოვებენ დანარჩენს კი ართმევენ.

შემქმნელისთვის კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კომუნისტური სახელმწიფო წაართმევს შემოსავალს, თუ რამდენიმე მასზე ძლიერი კაპიტალისტი, ისევე როგორც ირემისთვის არ აქვს მნიშვნელობა ლომი შეჭამს უმად, თუ ადამიანი მწვადად.

ბ) სხვებისათვის შრომის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გამოყენების უფლების მიცემის სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება.
ამ უფლების ხელყოფაა სხვისი შრომის პროდუქტის გამოყენება შემოსავლის ძირითად წყაროდ ან/და სხვისი შრომის პროდუქტის გამოყენება საკუთარ პროდუქტთან ერთად, რომელიც არ ამცირებს შემქმნელის შემოსავალს, მაგრამ ზრდის საკუთარი პროდუქტის ღირებულებას.  
მაგალითად პიესის ავტორს უფლება აქვს საკუთარი პიესის დადგმის სანაცვლოდ მოსთხოვოს თეატრს შესაბამისი ანაზღაურება, მუსიკოსს შეუძლია საკუთარი შრომის პროდუქტის საუნდტრეკად გამოყენების უფლების მიცემის სანაცვლოდ მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება და ა.შ.   თეატრისა და ფილმის რეჟისორის მიერ პიესისა და მუსიკის უნებართვოდ გამოყენება იქნება მუსიკისა და პიესის ავტორების უფლებების ხელყოფა.
წამლის რეცეპტის გამომგონებელს შეუძლია საკუთარი რეცეპტის გამოყენების უფლება მიჰყიდოს სხვა პირს, რომელსაც სურს ამ რეცეპტის მეშვეობით შექმნას ისეთი წამალი, რომელიც კურნავს სულ სხვა დაავადებას.
თუ გამომგონებელს ვინმე ეტყვის, რომ  მისი რეცეპტის გამოყენებით შეუძლია სხვა ინდივიდუალური პროდუქტი შექმნას, რომელიც სულ სხვა დაავადებას კურნავს, ის მას მიყიდის ამ რეცეპტის გამოყენების უფლებას ან უსასყიდლოდ მისცემს, რადგან დარწმუნებული იქნება, რომ თვითონ ამ ახალ პროდუქტს მაინც ვერ შექმნის და სხვის მიერ ამ პროდუქტის შექმნა მისი რეცეპტის გამოყენებით, მის შემოსავალს არ შეამცირებს. ის ასე მოიქცევა, რადგან არის ადამიანი, რაციონალური არსება.

ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი არის რაციონალური არსება და მისი ქმედების თავისუფლების შეზღუდვა, მაშინ როცა ეს უშუალოდ არ აზიანებს სხვის უფლებებს, გაუმართლებელი და მიუღებელია თუნდაც ეს ხდებოდეს საზოგადოების ან თუნდაც კაცობრიობის საყოველთაო კეთილდღეობის მოტივით.

საზოგადოების და კაცობრიობის საყოველთაო კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი არის ინდივიდების უფლებების დაცვა.

ინდივიდის უფლების შეზღუდვა საყოველთაო კეთილდღეობის მოტივით, დამღუპველია ინდივიდისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

ის ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად ემხრობიან ინტელექტუალური შრომის პროდუქტის ხელყოფას საზოგადოებრივი ინტერესების საკეთილდღეოდ, შეიძლება მივიჩნიოთ კაპიტალიზმის ტყავში გახვეულ სოციალისტებად.
ასეთ ადამიანების ცალი ფეხი ანარქიაში დგას, ცალი კი სოციალიზმში.
ისინი არიან მერყევები, არასანდოები და ნებისმიერ დროს შეიძლება ორივე ფეხით ჩაეფლონ სოციალიზმის წუმპეში.

თუ ადამიანის ინტელექტუალური შრომის მიზანი იქნება საზოგადოებრივი კეთილდღეობა და ის თანახმაა უსასყიდლოდ გადასცეს ყველას თავისი პროდუქტი, ის უარს ამბობს ამ პროდუქტის საკუთრების უფლებაზე, მაგრამ თუ ადამიანი შემოსავლის მიღების მიზნით შრომობს ინტელექტუალურად, მას უფლება აქვს თვითონ მიიღოს მის მიერ შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტის მეშვეობით წარმოებული პროდუქტის გაყიდვით მისაღები ყველა შემოსავალი და სხვებსაც მოსთხოვოს მისი შრომის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გამოყენების უფლების მიცემის სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურება.

                                                                                 ***
შრომის პროდუქტის გამოყენება არამატერიალური მიზნებისთვის, ისე, რომ ხელყოფილი არ იქნება საავტორო უფლება არ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელყოფას. 
ადამიანის მიერ შეძენილი წიგნის საჯაროდ წაკითხვა, საკუთარ პირად სივრცეში ან თუნდაც ღია სივრცეში მუსიკის მოსმენა გართობისა და სიამოვნების მიღების მიზნით არ წარმოადგენს უფლების ხელყოფას.
თუ ადამიანმა შეიძინა მუსიკალური დისკი მას უფლება აქვს თავად მოუსმინოს მას, სახვასაც მოასმენინოს, საიტზე ატვირთოს(თუ საიტი აძლევს შესაძლებლობას), სხვასაც გადააწერინოს და ა.შ  მოკლედ ადამიანს უფლება აქვს მის მიერ შეძენილი პროდუქტი განკარგოს საკუთარი შეხედულების შესაბამისად.
აქედან გამომდინარე რესტორნის მესაკუთრისათვის იმის აკრძალვა, რომ მან საკუთარ სივრცეში ჩართოს მუსიკა, თვითონაც მოუსმინოს და სხვასაც მოასმენინოს, არის სრული სიგიჟე, რადგან რესტორანი მუსიკის მოსმენით კი არ იღებს შემოსავალს, არამედ მისი ძირითადი საქმიანობით, საკვები პროდუქტების გასაღებით. 
სხვა შემთხვევაა, როდესაც მუსიკალური სატელევიზიო შოუ  რომლის ძირითადი შემოსავალი სწორედ მუსიკით, სიმღერით მიიღება, იყენებს შრომის პროდუქტს შემოსავლის მიღების მიზნით. ასეთ შემთხვევაში შემქმნელს, მემკვიდრეს უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება შოუს ორგანიზატორისგან.  იგივე შეიძლება ითქვას ცალკეულ მომღერლებზე, მუსიკოსებზე ან და მუსიკალურ ჯგუფებზე, რომელთა მიერ შემოსავლის მიღების ძირითადი სახე არის სხვისი ნაწარმოების შესრულება.
მოკლედ ადამიანებს უფლება აქვთ მოუსმინონ მუსიკას პირად  ან საჯარო სივრცეში, აქციაზე, მიტინგზე და ა.შ თუ ეს არ არის მათ მიერ შემოსავლის მიღების ძირითადი წყარო და თუ ამით არ ხელყოფენ შემქმნელის საავტორო უფლებას.

                                                                             ***
შემქმნელს უფლება აქვს ხელყოფისაგან დაიცვას მის მიერ დახარჯული დრო და ენერგია, დაიცვას საავტორო უფლება და პროდუქტის განკარგვისა და შემოსავლის მიღების უფლება და აღკვეთოს მის მიერ შექმნილი პროდუქტის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. 
შემქმნელს უფლება აქვს საკუთარი უფლებები დაიცვას როგორც პირადად, ასევე სხვა პირთა მეშვეობით, მაგალითად შემქმნელთა ასოციაციის ან და სხვა სახის კავშირის მეშვეობით.
შემოსავლის მიღების უფლება უნდა გადადიოდეს მემკვიდრეობით, კარგი იქნება თუ შემქმნელი სიცოცხლეშივე განსაზღვრავს საკუთარი პროდუქტის ბედს, კერძოდ განსაზღვრავს მემკვიდრეთა წრეს, მათ მიერ უფლების გამოყენების ფარგლებს და ა.შ 
იმ შემთხვევაში თუ შემქმნელს არ ჰყავს მემკვიდრე ან და/არ განსაზრვრავს იმას თუ ვის გადასცემს საკუთარი შრომის პროდუქტით შემოსავლის მიღების უფლებას, უნდა ივარაუდებოდეს, რომ მან საკუთარი პროდუქტი გახადა საჯარო და მისი პროდუქტის გამოყენებისა და შემოსავლის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სუბიექტს.  მაგალითად თუ არ არსებობს პირი, რომელსაც უფლება აქვს პიესის ავტორის შრომის პროდუქტის მეშვეობით შემოსავალი მიიღოს მისი პიესა შეიძლება დადგას ნებისმიერმა თეატრმა.
საავტორო უფლება კი მისი ბუნებიდან გამომდინარე არ შეიძლება გადადიოდეს მემკვიდრეობით, თუმცა მემკვიდრეს უნდა ჰქონდეს უფლება დაიცვას შემქმნელის საავტორო უფლებები. გარდა მემკვიდრისა, საავტორო უფლების დაცვა უნდა შეეძლოს ნებისმიერ პირს, შემქმნელთა ასოციაციას, ნათესავს, ფანს და ა.შ. სასამართლოსთვის მიმართვის მეშვეობით.
უფლების დასაცავად პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება ჩაერიოს კერძო პირების კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში თუ კერძო პირი არ მიმართავს მას უფლების დაცვის მოთხოვნით. 


                                                                              ***
ზოგი შრომობს ფიზიკურად, ზოგი კი ინტელექტუალურად, ზოგი კი ერთდროულად ფიზიკურადაც და ინტელექტუალურადაც.

მაგალითად ბოსტანში მოყვანილი ლობიო არის ფიზიკური შრომის პროდუქტი, მუსიკა და ლიტერატურული ნაწარმოები არის ინტელექტუალური შრომის პროდუქტი ხოლო ნახატი ან გამოგონება, რომელსაც მატერიალური სახე მიეცა არის ერთდროულად ინტელექტუალური და მატერიალური შრომის პროდუქტი.

თუ ადამიანი შემოსავლის მიღების მიზნით, საკუთარი სიცოცხლის ნაწილს, თავის დროს დახარჯავს ლობიოს მოყვანაში და სანამ მას გაყიდის ან მოიხმარს, ვინმე მოპარავს, ეს პირდაპირ არის მისი საკუთრების უფლების ხელყოფა და ირიბად არის სიცოცხლის ხელყოფა, რადგან გამოდის, რომ შენს გამო ის სიცოცხლის დრო, რომელიც ადამიანმა პროდუქტის შექმნაში დახარჯა ფუჭი აღმოჩნდა.

თუ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის ნაწილი, საკუთარი დრო (დღეები, წლები) დახარჯა იმისათვის, რომ შეექმნა მუსიკა, მოთხრობა, ნახატი, რეცეპტი და ა.შ მას უფლება აქვს ეს შრომის პროდუქტი განკარგოს თავისი შეხედულების შესაბამისად, გაასხვისოს სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

თუ ილიამ დაწერა "კაცია ადამიანი?!" შემოსავლის მიღების მიზნით, მაგრამ მისი ნაწარმოები გამოაქვეყნეს და გაყიდეს გამომცემლობებმა მისი თანხმობის გარეშე, ისე რომ შემოსავალი ილიას არ გაუნაწილეს, ეს იქნება ილიას საკუთრების და სიცოცხლის უფლების ხელყოფა ზუსტად ისე, როგორც ლობიოს შემთხვევაში აღვნიშნე ზემოთ.

თუ ვაგნერმა მუსიკა დაწერა მოგების მიღების მიზნით, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაყიდოს თავის შრომის პროდუქტი და მიიღოს შემოსავალი.

თუ ფიროსმანმა დახატა შედევრი მისი გასხვისებისა და შემოსავლის მიღების მიზნით, მას უფლება აქვს თვითონ გაყიდოს მისი ინტელექტუალური შრომის პროდუქტი, რომელსაც მატერიალური ფორმა მისცა, ასევე მას უფლება აქვს იწოდებიდეს ამ ნახატის ავტორად, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში იქნება ეს ნახატი ფიზიკურად.

თუ პირველად კოპერნიკმა აღმოაჩინა ის, რომ დედამიწა ბრუნავს, აღმოჩენის ავტორად უნდა იწოდებოდეს კოპერნიკი. თუ კოპერნიკი დარწმუნებული იქნებოდა, რომ მის აღმოჩენას სხვა მიიწერდა, მაშინ ის არ გაასაჯაროვებდა აღმოჩენას და დედამიწის ბრუნვის შესახებ კაცობრიობა უფრო გვიან გაიგებდა.

თუ ილია, ვაგნერი და ფიროსმანი დარწმუნდებიან, რომ მათი შრომის პროდუქტს ვერ დაიცავენ და მათი პროდუქტის მეშვეობით მათ ნაცვლად სხვები მიიღებენ შემოსავალს ან და შედევრის შექმნით გამოწვეულ აღიარებას, ისინ შეწყვეტენ ინტელექტუალურ მუშაობას, აღარ დწაერენ მოთხრობებს, მუსიკებს და აღარ დახატავენ, ისინი შეეცდებიან სხვა საქმით დაკავდნენ (რომლის პროდუქტსაც უკეთ დაიცავენ) და მიიღონ შემოსავალი, რათა ირჩინონ თავი და არჩინონ ოჯახი.
მოკლედ ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი სახით ხელყოფა ყოველთვის იწვევს უარყოფით შედეგებს მესაკუთრისთვისაც და კაცობრიობისთვისაც.

ავტორი: დავით წურწუმია



კომენტარები