275 Views
ბლოგი ეკონომიკა

კორონადან ლევიათანამდე

ადამიანი მუდამ გამარტივებისკენ მიისწრაფვის. ვამარტივებთ ყველაფერს, რაც კი პრობლემური მოგვეჩვენება.

ხშირად ხდება, რომ წარსულ ისტორიულ ფაქტებზე მხოლოდ ერთი კონკრეტული სახელი შემოგვრჩება და მის ქვეშ ვაერთიანებთ უამრავ კომპლექსურ კავშირსა და მოვლენას, რომლის აღსაწერად მავანნი სქელტანიან წიგნებს, მეცნიერულ შრომებს თუ ისტორიულ ნარკვევებს წერენ. აი მაგალითად: „დიდი დეპრესია“, „დიდგორის ომი“, „ვარდების რევოლუცია“, „Prohibithion“  და სხვა. ამ მოვლენების უკან, უმეტეს ადამიანს, ერთი, კონკრეტული, გამარტივებული მომენტი გვიდგას თვალწინ და ვფიქრობთ დავით აღმაშენებლის „ძლევაი საკვირველზე“, თუ მის ორას მოწინავე მხედარზე, კანადიდან გადმოპარულ Bootleger-ზე, თუ გაგულისებულ ანტიალკოჰოლურ მორწმუნეთა მოძრაობაზე, ლუკმა პურის სანაცვლოდ სამუშაოს მაძებარ ამერიკელზე, თუ ბირჟის გააფთრებულ ბროკერზე. სააკაშვილის მიერ პარლამენტში მოხვრეპილ ჩაიზე, თუ სახლში წასულ პრეზიდენტზე. მოკლედ, ვამარტივებთ ბევრ რამეს და ამ გამარტივებაში ხშირად კომპლექსური დეტალები გვრჩება ყურადღების მიღმა. 

დიდი ალბათობით, კორონა ვირუსზეც ასეთი ფრაგმენტული დეტალები ამოგვიტივტივდება გარკვეული დროის შემდეგ, ზოგს რა, ზოგს რა. (განგებ არ ვწერ ისტერიულ ფონზე, კარანტინში ნებით, ძალით, თუ უნებლიეთ დაპატიმრების გაუგებარ სელექციის წესზე, ეკონომიკის უცოდინარ „მხსნელი ინფექციურის სამი მუშკეტერის“ ფეტიშზე, ჩვენს წილხვდომილობაზე, ნივრის საფენებზე, აივნიდან მომღერალ „ბელა ჩაო იტალიელებზე“, ტუალეტის ქაღალდზე, ბრინჯის, მაკარონის, წიწიბურას, შაქრის და  და კიდევ სხვა ხუთი „მნიშვნელოვანი“ პროდუქტის მოხმარების წახალისებაზე. სუბსიდირების მახვეწარი სხვადასხვა ბიზნეს-სექტორსა და  საპატრიარქოს დიდსულოვნებაზე, არ მოეთხოვათ დიდი პარტია ვერცხლის კოვზების ბიუჯეტიდან დაფინანსება. ჯერ დრო გავიდეს, საგანგებო მდგომარეობასაც გამოაცხადებენ და ვინ იცის, იქნებ მახათის გამყრელებზე მეტად, ის ხალხი გაგვახსენდეს, რომლებიც მოვლენების განვითარების სხვანაირ ვერსიას ემხრობოდა.  

ერთი რამ ნამდვილად ვიცი - მომდევნო ეკონომიკურ კრიზისს, თუ ბირჟების კრახს, აუცილებლად დაერქმევა „Corona -Crash“, ან რაღაც ამდაგვარი. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ კორონა ვირუსი მხოლოდ დენთზე ნაპერწკალი იყო და ყველაფრის ვირუსზე გადაბრალება, თითქოს მსოფლიო ეკონომიკას სხვა მეტი ნაკლი არ ჰქონოდა, არასწორი იქნება. არადა ამის საფრთხე, ზემოთხსენებული გამარტივებების გამო, დიდია. მითუმეტეს, ისტორიულად გვჩვევია განტევების ვაცის მოძებნა. აკი ასე ავკიდეთ 2008 წლის კრიზისის დროს სამშენებლო სპეკულაციის ბუშტის გახეთქვა „ხარბ სპეკულიანტებს“. შემდგომ ევროპის კრიზისი „მფლანგველ ბერძნებს“ . ეს ყველაფერი ასეთ რამეს გავს: წარმოიდგინეთ, ორ კაცს ჰყავს ერთი გაკავებული და მესამე გამეტებით ურტყამს ამ დაჭერილს. დამნაშავედ მხოლოდ დამრტყმელი რომ გამოაცხადოთ, მგონი მწყრალად ვიქნებით სამართლიანობასთან, არა? მაშ რატომ ვიქცევით თითქმის ყველა კრიზისის შემთხვევაში ასე? ის ორი თანამზრახველი რატომ გვავიწყდება მუდამ? რადგან ადამიანების რაციონალურობის მჯერა, ამ ჩვევას ზემოთ ახსნილ გამარტივების სურვილს მივაწერ. 

დაზარალებული

მსურს მოკლედ და გასაგებად აღვწერო დაზარალებულის ბუნება, მისი ქცევის წესები და მისი ჯანმრთელად ყოფნისთვის აუცილებელი პირობები. 
ბაზარი რომ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით ფუნქციონირებს და მას ეგრეთ წოდებული „უხილავი ხელი“ მართავს, ეს ჭკუაში ჩავარდნილმა ბავშვმაც იცის. თუ ასეა, მაშ როგორ ხდება, რომ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დროს წარმოების სტრუქტურა წონასწორობას კარგავს? პასუხი მარტივია: მცდარი იმპულსებით ურევენ.

შესაძლო საინვესტიციო პროექტების განხორციელება დანაზოგების რესურსით არის განსაზღვრული. ანუ ვიღაც ზოგავს ფულს, ვიღაც სესხულობს და იხდის ამ რესურსის ფ ა ს ს, საპროცენტო განაკვეთს. ცოტაა დანაზოგი? მაღალია მისი ფასი, საპროცენტო განაკვეთი. ბევრია დანაზოგი? იაფდება საპროცენტო განაკვეთიც. არაა დანაზოგი? არაა რესურსიც.

ცნობილ ავსტრიელ ეკონომისტს ლუდვიგ ფონ მიზესს ერთი ძალიან კარგი მაგალითით აქვს ახსნილი თავის  ძირითად ნაშრომში „Nationalökonomie“ საინვესტიციო რესურსის ფასის, ანუ საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელობა.

მშენებელი აფასებს არსებულ სამშენებლო მასალებს, პროდუქციის ფაქტორებს. ის დაადგენს, რომ ისინი ექვსი სახლის ასაშენებლად საკმარისია. დაიწყებს მშენებლობას. სადღაც შუაში მიხვდება, რომ იგი შეცდა შეფასებაში და მასალები მხოლოდ ხუთ სახლზე ეყოფა. სახლების დანგრევა რესურსების ძალაუნებურ განადგურებას გამოიწვევს და მას მოუწევს არა ერთი, არამედ ორი სახლის დანგრევა. ბოლოს ისე გამოვა, რომ ხუთი სახლის რესურსით მხოლოდ ოთხის აშენებას შეძლებს. ამ მაგალითში მშენებელი ცენტრალიზებულად მოქმედებს, არსებულ დანაზოგს თვითონ აფასებს და ცდილობს ინვესტიციას მოარგოს. საბაზრო ეკონომიკაში ეს ყველაფერი დეცენტრალიზებულია და საპროცენტო განაკვეთით, ფასით, იმართება.

მთავრობა თვითნებურად ზრდის და ამცირებს ცენტრალური ბანკის საშუალებით საპროცენტო განაკვეთს.იგი ფასით მანიპულირებს, გასცემს მცდარ იმპულსებს და აბნევს ინვესტორს, რათა შემდეგ, „ბაზარი არ მუშაობს“ საბაბით, ხელები აფათუროს ეკონომიკის ორგანიზმში. ხელოვნურად დაწეულ დაბალ პროცენტს არ უმყარებს დანაზოგის შესაბამისი ოდენობა. დაბალი ფასის მცდარი იმპულსი უფრო მეტი ინვესტიციის დაწყებას განაპირობებს, ვიდრე რეალურად შესაძლებელი იქნებოდა. ეკონომიკა იბერება და როდისღაც მოგვიწევს ზედმეტად დაწყებული სახლების დანგრევა. რაც გვიან, მით უფრო მეტის.

 მოძალადენი

ყველა მთავრობას აწყობს კრიზისი სანამ „აგვარებს“. (თუმცა თუ დროში გაეწელა, მისთვის ეს უფრო დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს).
აწყობს იმდენად, რამდენადაც მეტი ბერკეტი ეძლევა ინდივიდების საქმეში ჩარევის და ყველა კრიზისის მერე, უფრო მეტად უჭერს მარწუხებს რეალურად დოვლათის შემქმნელ 30 % -იან კერძო სექტორს. (დაახლოებით მოსახლეობის ასე 20-30% -ია მსოფლიოს სახელმწიფოებში რეალურად პროდუქტიული, ვგულისხმობ დოვლათის შემქმნელს  და ეს რიცხვი დაიკლებს, რაც უფრო მეტად მოიმატებს welfare state-ბის და სოციალისტური ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოში).  ასე მოხდა „დიდი დეპრესიის“ დროს, (მავნებლური New Deal) 2008 წლის ე.წ. სამშენებლო სექტორის კრიზისის დროს (ბაზელის შეთანხმებები, ბანკების სექტორის ტოტალური კონტროლი) და ასე მოხდება ალბათ ახლაც. (კაცმა არ იცის რა მოუვათ თავში). 

მთავრობა ერთ-ერთი იმათთაგანია თავის შვილობილ ცენტრალურ ბანკთან ერთად, ვინც მსოფლიოს ეკონომიკას უკავებს ხელ-ფეხს რათა პანდემიებმა, ბუნებრივმა კატასტროფებმა, თავისივე წიაღში გამოზრდილმა შარლატანებმა, თუ სხვადასხვა მავნებლობებმა თავ-პირი გაუერთიანოს. (მთავრობაში ყველა მთავრობა იგულისხმება, ისევე როგორც ცენტრალურ ბანკში ყველა ცენტრალური მონეტარული ინსტიტუტი). ყველა პანდემია ან ნატურალური კატასტროფა, მითუმეტეს ნავთობის ფასის ასეთ ცვლილებასთან კომბინაციაში, „ნორმალურ“ გარემოებებში რა თქმა უნდა გამოიწვევდა კორექტორულ შოკს ბაზარზე, მაგრამ ნეგატიური შედეგები დღევანდელ გაბერილ ეკონომიკასთან შედარებით, გაცილებით მოკრძალებული იქნებოდა.

როგორც კორონა ვირუსია დაავადებული ადამიანებისთვის მეტად საშიში, ასევეა იგი განსაკუთრებულად საშიში იმ სახელმწიფოს ეკონომიკებისთვის, რომლებიც აგერ უკვე წლებია ხელგაშლილი მონეტარული პოლიტიკის სიგიჟით არიან შეპყრობილნი. ბევრი ფულის ბეჭდვამ ერთხელ უკვე გამოიწვია „დიდი დეპრესია“, თუმცაღა ეს ფაქტი ბევრ სახელმძღვანელოში დამახინჯებულად არის აღწერილი. ფაქტი ის იყო, რომ ამერიკის მთავრობამ და მისმა შვილობილმა ცენტრალურმა ბანკმა Fed- მა (Federal Reserve) 1921 წლიდან 1929 წლამდე 62 % -ით გაზარდა ფულის მასა. ამ ქმედებას მართალია სამომხმარებლო ინფლაცია არ გამოუწვევია, მაგრამ ფინანსურ ბაზარზე სპეკულაციური ბუშტის შექმნაში მთავარი მონაწილეობა მიიღო. პარალელები თქვენთვის მომინდია. 

მეტსაც გეტყვით Fed-მა თვითონ აღიარა მსოფლიოს ფინანსურ კრიზისში თანამონაწილეობა. ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი თავის ვრცელ კვლევაში, რომელიც მან ანა შვარცთან ერთად დაწერა, ამტკიცებდა მოსაზრებას, რომ ფედერალური რეზერვის გარეშე დიდი დეპრესია არ წარმოიქმნებოდა. მათი აზრით ადრეული, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კერძო ბანკების ფულის და განაღდების სისტემა სიტუაციას სწრაფად განმუხტავდნენ. Fed-ის ყოფილმა უფროსმა ბენ  ბერნანკემ 2002 წლის მილტონ ფრიდმანის საპატივსაცემოდ გამართულ ოთხმოცდაათი წლის იუბილეზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მინდა მილტონს და ანას ვუთხრა: დიდ დეპრესიასთან დაკავშირებით თქვენ მართლები იყავით, ძალიან ვწუხვართ. მაგრამ თქვენი წყალობით ჩვენ ამას აღარასოდეს ვიზამთ“.
დაპირება დაპირებადვე დარჩა.

ეგრედწოდებულ „New Economy- Booms“ დროს გამსკდარი სპეკულაციის ბუშტს დაემატა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი. ცენტრალური ბანკები ისევ ისე მოიქცნენ, როგორც სჩვევიათ, გაზარდეს ფულის მასა და დაწიეს საპროცენტო განაკვეთი. კომერციულმა ბანკებმა კრედიტის რაოდენობა გაზარდეს, თითქმის ყველა ინვესტიციის იდეა ფინანსდებოდა. წარმოიქმნა ე.წ. მესამე სექტორის (პრობლემური გადამხდელების) კრედიტები, რომელთა აფეთქებამაც შემდეგ მსოფლიოს 2008 წლის ფინანსური კრიზისი წარმოქმნა.

კორონა ვირუსის გამო გამოწვეული პანიკის საპასუხოდაც ცენტრალური ბანკების რეაქციები ნაცნობ სურათს გვიხატავს. დიდმა ბანკებმა Fed-მა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაანულეს საპროცენტო განაკვეთი. ამ დღეებში კი Fed-ი 700 მილიარდ დოლარის პროგრამულ შპრიცს გაუკეთებს ისედაც გაბერილ, გაზომბებულ ბაზრებს.

რისკები ხელის გულზე დევს: ტოტალური დაკეტვებით გაჩერებულ ეკონომიკებში პროდუქციის კლება გარდაუვალია, ასე ცოტა ხანსაც თუ გაგრძელდა, მიწოდების ხარვეზებს ვერ ავიცილებთ. ასეთ დროს - worst case szenario ყველაზე უარესი სცენარით: 
გაზრდილი ფულის მასით გამოწვეული სუპერინფლაცია, დესტაბილიზაცია და მთავრობების კუნთების თამაში, ომი. 

ბეწვის ხიდზე გავლისას ორჯერ გვმართებს დაფიქრება, როცა მონოპოლიურ მოძალადის ისედაც უხვ დე ფაქტო ძალაუფლებას, დიქტატურის ფორმალურ ლეგიტიმაციასაც დავუმატებთ, საგანგებო მდგომარეობაზე ვენების გადახსნით. გვახსოვდეს, რომ ლევიათანი არსად წასულა, იგი მუდამ აქ იყო.

ავტორი: აკაკი ქადაგიშვილი



კომენტარები