სიახლეები

ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

საქართველოში დღეს კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევიდან, ორი გორში დაფიქსირდა. გორში ეს COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

ამ ეტაპზე, ექიმები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი კიდევ ხუთი ნიმუშის პასუხს ელოდებიან. გაიზრდება თუ არა, ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ქვეყანაში, საზოგადოებისთვის ცნობილი დღის ბოლომდე გახდება. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობას კი 259 ადამიანი გადის.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციის პირობების დარღვევით, 24 საათის განმავლობაში, კარანტინში იძულების წესით 39 ადამიანი გადაიყვანეს. მთლიანობაში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში იძულების წესით, ჯამში 180 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოს მთავრობამ, 21 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც თავად ამბობენ, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსიდან გამომდინარე საფრთხეებისგან თავის აცილების მიზნით მიიღეს. 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები