სიახლეები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ.

მისი განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობას უფლება ექნება, კერძო სტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული ქმედებების განხორციელება. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

გახარია განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, საჭირო სამედიცინო, განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებას. მისივე თქმით, საქართველოს სასამართლოს, სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობა ექნება.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ყველა ფიზიკურ პირს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის ვალდებულება ექნება. ის ფიზიკური პირები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს დაარღვევენ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცემიან. ასეთ შემთხვევებში ფიზიკური პირები 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაშ კი მათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის სამი თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროის მოცემულობით 47-ია, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული საბაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები