954 Views
ბლოგი ეკონომიკა

კორონავირუსზე

როგორ ვუყურებ შექმნილ სიტუაციას და რა მიმაჩნია სწორად და არასწორად ჩემთვის ცნობილი ინფორმაციის განსჯით.

გავიხსენოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში კორონავირუსის მთავარ თემად ქცევამდე?

ხელისუფლება, ამერიკის ელჩის და სხვა ევროპელი შუამავლების მეშვეობით, აწარმოებდა მოლაპარაკებას ოპოზიციასთან პოლიტიკურ პატიმრებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია მთავარ პრობლემად განიხილავდა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ცხოვრებიდან პოლიტიკოსების ფიზიკურად მოცილებას და ხელისუფლების მოპარვის მცდელობას საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგების მეშვეობით. არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს ნდობა არ აქვს. 
მოლაპარაკები დასრულდა. ახალი ეტაპის დაწყება ვერ მოესწრო.
დაიწყო პანიკა. თემა გახდა მსოფლიოს, მათ შორის ქართული მედიის, მთავარი ამბები.

კორონავირუსთან, ე.წ. Covid19-თან, დაკავშირებული პრობლემა სამი ნაწილისგან შედგება: 

  1. ჯანმრთელობის/სამედიცინო
  2. ეკონომიკური
  3. პოლიტიკური

ჯანმრთელობა

რა გავიგე მე, როგორც სამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა, რომელსაც საღ აზრზეც მაქვს პრეტენზია.
პრობლემის მასშტაბის გასაგებად ის რაიმე ნაცნობს (შესაბამისად, „არა-საშიშს“) უნდა შევადაროთ.
ასეთი ნაცნობ ამბად მე სეზონური, ანუ ჩვეულებრივი გრიპი მიმაჩნია, რომელსაც ხანდახან „გაციებასაც“ ვეძახით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, სეზონური გრიპი ემართება 650,000,000 ადამიანს, რომელთაგანაც 5,000,000 შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობს. აქედან იღუპება 650,000 ადამიანი წელიწადში (0.1%)
ანუ, მსოფლიოს 7.7 მილიარდი მოსახლეობიდან 8% ავადდება სეზონური გრიპით და კვდება დაავადებულთაგან 0.1%, რასაც ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევთ და საშიში არ გვგონია.
პარალელი რომ გავავლოთ, საქართველოში წლის მანძილზე მოსახლეობის 8%-ს, 300 ათასი ადამიანს, ემართება გრიპი, რაც 300 (0.1%-ს) ადამიანის სიკვდილით მთავრდება. ამ ფაქტს ემოციურად შეგუებულები ვართ და არ ვნერვიულობთ. 

გაგახსენებთ, რომ Covid19 სულ 43 ადამიანს დაუდასტურდა და, ღვთის წყალობით, ყველა ცოცხალია.

რა ვიცი კორონავირუსის შესახებ?

ვირუსი ახალია, შესაბამისად, ბევრი რამ უცნობია. ცნობილია, რომ სეზონური გრიპის ვირუსისგან განსხავებით, Covid19-ს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს მაჩვენებელი ჯერ ჩინეთის მაგალითზე იყო შემაშფოთებელი, შემდეგ კი იტალიის მაგალითმა დაგვზაფრა.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სიკვდილიანობა Covid19-ის შემთხვევაში ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან ითვლება.

ჩინეთის კომუნისტმა მთავრობამ თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია ვირუსს, მაგრამ როცა მიაქცია, დრაკონული ზომები გამოიყენა - 11 მილიონიანი ქალაქი კარანტინში მოაქცია, კომუნისტებისთვის დამახასიათებელი ორგანიზებულობის და მსოფლიოსთვის მასობრივი ღონისძიებების ჩვენებით, როგორც იტყვიან, „პიარ“ ქულები დაიწერა.
ახლა, როგორც ამტკიცებენ, 1,5 მილიარდიან ქვეყანში კორონავირუსის დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
იტალიაში ჩვეულებრივი კატასტროფა ხდება და მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალია - გამოვლენილი შემთხვევებიდან თითქმის 8%.

ამავე დროს, მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკა იმდენად განსხვავებულია, რომ საფუძვლიან კითხვებს აჩენს.

ჩრდილო-ევროპის ქვეყნების სტატისტიკით მტკიცდება, რომ იქ სიკვდილიანობა სეზონური გრიპისგან დიდად არ განსხვავდება. 
მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ, რეალურად, ქვეყანაში დაავადებულთა რა პროცენტი გამოვლინდა ტესტირების მეშვეობით. 

ბევრს ლაპარაკობენ იტალიური საზოგადოების სპეციფიკაზე, ასაკობრივ შემადგენლობაზე, ჰიგიენის სიყვარულზე, საზოგადოებაში ქცევის წესებზე. ცხადია, ყველაფერმა შეიძლება, იქონიოს გავლენა. 
თუმცა, მინდა, ყველაზე უფრო მარტივი ჰიპოთეზა შემოგთავაზოთ.
იტალიაში, სტატისტიკურად, სეზონური გრიპის ვირუსით 5 მილიონ ადამიანამდე უნდა დაავადდეს წელიწადში, საიდანაც 5000 ადამიანი უნდა გარდაიცვალოს. 

ლეგიტიმურია, თუ არა, გამიჩნდეს კითხვა იმის შესახებ, რამდენად აკურატულად არის ვირუსის გავრცელება შესწავლილი იტალიის მთელ მოსახლეობაში, ვიდრე აპოკალიპტურ, 8%-იან, სიკვდილიანობის დონეს დავიჯერებ?

ჩემი დასკვნა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ: 

  1. იტალიელებს ცუდი ჯანდაცვა აქვთ, რომელიც ვერ უმკლავდება სწრაფად მზარდი გართულებული შემთხვევების რაოდენობას; 
  2. ასევე, იტალიელები ცუდად აწარმოებენ სტატისტიკას, შესაძლოა, იმაზე ათჯერ მეტი ინფიცირებული ყავთ, ვიდრე ტესტირებით გამოავლინეს.

ეკონომიკასა და პოლიტიკაზე

Covid19-ს მთავრობებმა მთელ მსოფლიოში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უპასუხეს თავისუფლების არაადამიანური შეზღუდვებით, რაც გარდაუვალ ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს. ბლუმბერგმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მსოფლიო $2.7 ტრილიონ დოლარს დაკარგავს.

ზურამ და იაგომ დღეს ვიდეოები გააზიარეს ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და დასამატებელი ბევრი არაფერია.

თუმცა, მგონია, კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ ქვეყნები, რომლებიც ხალხის იზოლირებით და ეკონომიკის გაჩერებით ებრძვიან ვირუსს, ჩვენზე 10-ჯერ და 15-ჯერ მდიდრები არიან. 

საშუალო ქართველი - $4,000
საშუალო ევროპელი - $36,000 - 9-ჯერ
საშუალო ამერიკელი - $65,000 - 16-ჯერ

ზიანი, რომელიც შესაძლოა, მივიღოთ ეკონომიკური კატასტროფით, დაჯდება ბევრად მეტი სიცოცხლე, ვიდრე ყველა ერთად აღებული გრიპით გამოწვეული ფატალური შემთხვევა. გაგახსენებთ, რომ იუნისეფის დასკვნის მიხედვით, კვირიკაშვილი მოხსნეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში 77,000 ბავშვი შიმშილობს და 300 ბავშვი შიმშილით კვდება წელიწადში.
შესაბამისად, ვერ ვხვდები, როგორ აპირებს ქვეყანა გაჩერებულ რეჟიმში ყოველდღიური საკვების მოპოვებას. 

კორონავირუსის პანიკამდე ქვეყანაში მოსახლეობა არცერთ ინსტიტუტს არ ენდობოდა, სასამართლო და პოლიცია კი დისკრედიტებული იყო. 
შიშის მომენტში ყველას სახელმწიფო გაახსენდა. 

1100 ადამიანზე მეტი გვყავს დაპატიმრებული კარანტინში. არ ვიცი. რამდენია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის წესების დაუმორჩილებლობისთვის დღეში რამდენიმე ათეულ ადამიანს პოლიცია იძულებით კარანტინში ათავსებს. ისინი სრულად უდანაშაულო ადამიანები არიან.
ასეთი ქცევა იწვევს პანიკას და ეკონომიკის გაჩერებას, რაც ბევრს ისედაც სწორი ჰგონია.
ეკონომიკური კრიზისი მაინც შეგვეხება - ეს გარდუვალია. შედარებით მარტივად რომ გადავიტანოთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს სწრაფად გაუჩნდეთ მეტი ეკონომიკური თავისუფლება, რაც ძალიან მეეჭვება და, პირიქით, მგონია, რომ სიტუაცია გაუარესდება.

ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან და სწორ ღონისძიებებად მიმაჩნია:
მოვუწოდოთ ყველა ჯანმრთელ და შრომისუნარიან ადამიანს, გააგრძელოს ცხოვრება (პოლიტკორექტულობისთვის - „ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვით“);

რისკ ჯგუფში შემავალ ასაკიან ადამიანებს მეტი ყურადღება მივაქციოთ;

ივანიშვილმა უნდა გააკეთოს ბიუჯეტის სეკვესტრი და შესაბამისი მოცულობით შეამციროს ან გააუქმოს გადასახადები. არ ვიცი, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება, მაგრამ ცდა მაინც აუცილებელია;

ღარიბებისთვის მიზნობრივად დამატებით ფულის მიცემა მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე შეიძლება იყოს გამართლებული;

სრულად უნდა გავხსნათ საზღვრები, თუნდაც ყველა ვიზიტორი ვირუსზე დავტესტოთ, მაგრამ თავისუფალი მიმოსვლა და ვაჭრობა უნდა აღვადგინოთ.

P.S.
ფარისევლობის დემონსტრაცია:
ქართველის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8 წლით ნაკლებია ევროპელის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასთან შედარებით.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, დღეს მცხოვრები საქართველოს 3.7 მლნ მოქალაქე, 30 მილიონი წლით ნაკლებს ვიცხოვრებთ, ვიდრე იგივე რაოდენობის ევროპელები იცხოვრებენ. 

ამაზე რატომ არავინ არ ნერვიულობს?

ავტორი: ვახო მეგრელიშვილი



კომენტარები