სიახლეები

ლევან ჯგერენაია: უნდა გავათავისუფლოთ ის ადამიანები, ვისაც სისტემა კლავს

"გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაია, "გირჩი ტივის" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკური აგორა", ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 

მან 52 წლის როინ ჩიხრაძის საქმე კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომელსაც 2017 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,00104046 გრ. მეტამფეტამინისა და 0,001035 გრ. ამფეტამინის ფლობისთვის, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლევან გჯერენაიამ ამ საქმეს, აბსურდის კიდევ ერთი მაგალითი უწოდა.

ეს ადამიანი სისტემამ ორჯერ, მოხმარებისა და ნახმარი შპრიციდან ამოღებული, გამოყენებისთვის გამოუსადეგარი დოზისთვის დასაჯა

ჯგერენაია ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების უმეტესობას არ აქვს მცირე ოდენობა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

"აღსანიშნავია, რომ როინ ჩიხრაძე ციხეში გატარებული პერიოდის დროს, ხშირად პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა. რის შემდეგაც მსჯავრდებულს ტუბერკულიოზი დაემართა და მისი დღევანდელი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა" - აღნიშნა ''გირჩის'' წევრმა.

რამენაირად უნდა ვიპოვოთ იმ ადამიანების გათავისუფლების გზა, რომლებასაც სისტემა კლავს

საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავს, ლაშა ბახუტაშვილის საქმეზე, რომელსაც 0,00009 გრ. დეზომორფინი ამოუღეს, პატიმრობის შეფარდება არაკონსტიტუციურად ცნო. ჯგერენაიას აზრით, ეს გარკვეულწილად სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ბიძგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საწუხაროდ ასე არ აღმოჩნდა.

ჩვენ ყველა მსგავს შემთხვევაზე (გამოყენებისთვის გამოუსადეგარ ოდენობაზე), საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ მივმართავთ. დროა, პარლამენტმა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა

                                                                                 - განაცხადა ''პოლიტიკური აგორის '' ეთერში, ''გირჩის'' წევრმა ლევან ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, იმის საფუძველზე, რომ როინ ჩიხრაძე ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, რომელიც გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისთვისაც კი, სასჯელს უკვე მესამე წელია იხდის. ''გირჩის'' წევრმა ლევან ჯგერენაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის მიმართა.
 

 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები