1071 Views
ბლოგი ეკონომიკა

როგორ უნდა ვიარსებოთ?

იაგო ხვიჩიას ბლოგი კორონავირუსზე
 

ამ ვიდეოპოსტის მიზანი არ არის ჩვენი მთავრობის კრიტიკა, ჩემი აზრით ისინი განსაკუთრებით ცუდად არ იქცევიან.

თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და კაცმა არ იცის როგორ მოიქცევიან.

ამ პოსტის მიზანი არის ვილაპარაკო იმაზე, როგორ შეიძლება დაგვაზიანოს ვირუსმა ყველაზე მეტად, თუ მასთან ერთად ცხოვრებას არ ვისწავლით და დიდხანს გავაგრძელებთ პანიკას.

იმის თქმა არ მინდა, რომ საფრთხე არ არსებობს, პირიქით - კორონავირუსი საშიშია.

ნებისმიერი ავადმყოფობა, რომელიც ადამიანებს კლავს საშიშია.

ზოგადად სიკვდილი საშიშია.

პოლიტიკოსებმა, ექიმებმა და მედიამ, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნია, ადამიანების შეშინება.

მეტნაკლებად მესმის, ადამიანი შეაშინო, დაავადების სერიოზულობით და  თან აჩვენო რა არის, ყველაზე ეფექტური გზა მასთან საბრძოლველად, მაგრამ  ჩვენ ადამიანები შევაშინეთ, როგორც ავადმყოფობის სერიოზულობით, ისე თავისუფლების აღკვეთით.

ამიტომ ეს ადამიანები ვირუსთან ბრძოლაში სახელმწიფო ინსტიტუტების და მედიცინის გვერდით კი არ დადგა, მათ წინააღმდეგ წავიდა.

მე იმის მჯერა, რომ როცა ვირუსთან ბრძოლაში ინფიცირებული ადამიანი შენი მოწინააღმდეგეა, ვირუსთან ბრძოლას აგებ.

მოდით ახლა მთავრობის გადმოსახედიდან შევხედოთ ამას.

ვირუსის გავრცელებასთან მთავრობა არაფერ შუაშია, არც ისაა მისი ბრალი, რომ სწრაფად გავრცელდა, არც ის რომ სწრაფად არ გავრცელდა, მისი პასუხისმგებლობა სწორედ ისაა, რასაც მისი ძალადობრივი ქმედებები გამოიწვევს.

ზოგადად, მთავრობებს აწყობს მათგან დამოუკიდებელი კრიზისები, რომელსაც თვითონ გადაჭრიან, თან სტიმულია ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვიდე და ამით ყოველთვის საჭირო პოლიტიკური ქულები ჩაიწერო.

თუმცა, თუ კრიზისი დიდხანს გრძელდება და არ მთავრდება, პირიქით ხდება და მთავრობა აგებს.

ამ ნაწილს კი ახლა მთავრობები არ ითვალისწინებენ და ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის იმიტაციით და ახალ ახალი შეზღუდვების დაწესებით, შევყავართ ახალ ბევრად საშიშ კრიზისში.

სამყაროში ბევრგან ასეა და ჩვენთანაც იგივე ხდება.

ყველაზე უარესი რაც ხდება მაინც არის ის, რომ მთავრობა, პოლიტიკოსები, მედია და საჯარო სივრცეში თითქმის ყველა, მოგვიწოდებს რომ ყველანი დავრჩეთ სახლში.

ზოგი გულუბრყვილო ადამიანი, საერთოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს, გეგონება, მთავრობას უფლებები აკლია ეფექტურად მუშაობისთვის.

ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ესაა ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა და ყველამ ეს უნდა ვაკეთოთ.

დავუშვათ ეს ყველაფერი მართლა ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში და ვირუსს მართლა უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ რამდენ ხანს ვიბრძვით ასე?

2 კვირა?

4?

3 თვე?

1 წელი?

რამდენი ხანი უნდა იყოს ბიზნესი დაკეტილი და ხალხი უხელფასო შვებულებაში?

ვიღაცები სახლიდან რომ მუშაობენ გავიგე, მაგრამ იმათ რას ვუშვებით, ვინც სახლიდან ვერ მუშაობს და უხელფასოდაა, თან დანაზოგი არ აქვს და თვიდან თვემდე გააქვს თავი?

რას შვებიან ის ადამიანები, ვინც ასეთი ხალხის კმაყოფაზეა?

მცირე სტატისტიკას შეგაშველებთ:

საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან:

700 K მოხუცი

900 K ბავშვი

200 K არა-შრომისუნარიანი

220 K უმუშევარი

300 K ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს

900 K თვითდასაქმებული (ძირითადად სოფლად)

400 ათასი კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანი, რომელიც  ფაქტობრივად არჩენს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს.

ზუსტად რომ გვესმოდეს, ამ ხალხს მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ. მიუხედავად იმისა, თავს როგორ გრძნობენ.

თქვენი აზრით, ამ ხალხისთვის და იმათთვის ვისაც ამ ხალხის იმედი აქვს, კორონა უფრო დიდი სასიცოცხლო საფრთხეა თუ ის პანიკა რაც კორონას გამო მოვაწყვეთ?

არამხოლოდ ამ ხალხისთვის, ზოგადად საზოგადოებისთვის არის ვირუსზე დიდი სასიცოცხლო საფრთხე, პანიკაში ცხოვრება.

ჩვენ ახლა პანიკაში ვცხოვრობთ და რაღაცას ველოდებით. არც ვიცით რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე, რადგან არ ვიცით როდის ჩაივლის შავი ჭირი.

ნაცვლად იმისა რომ ვირუსთან თანაარსებობას ვსწავლობდეთ, მინიმალური დანაკარგებით. ვემალებით. ვემალებით იმას რაც არ ჩანს და ყველგანაა.

არ ვიცი რამდენ ხანს შეგვიძლია დამალვა, და ზუსტად როდის დგება ის მომენტი, როდესაც შიმშილი ამარცხებს ვირუსის შიშს და ადამიანები რამის გაკეთებაზე იწყებენ ფიქრს, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე მოხდება.

და როცა ეგ მოხდება მაშინ არავინ გადაუხდის მადლობას მთავრობას აკრძალვების შემოღებისთვის და ხალხის დაპანიკებისთვის, რომელმაც ბევრად უარესი შედეგები მოიტანა, ვიდრე ვირუსმა უშუალოდ.

რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი არ იქნება პოლპულარული, შეიძლება ზოგი ადამიანის ხმაც დავკარგოთ ამის სანაცვლოდ, მაგრამ ჩემი აზრით:

შრომისუნარიანი ჯანმრთელი ადამიანებისთვის, სახლში დარჩენის მოწოდება ახლა არასწორია.

შვარცნეგერს შეუძლია ჯაკუზიში იჯდეს, სიგარას ეწეოდეს და ამერიკელებს მოუწოდებდეს სახლში დარჩენისკენ, მას ამის ფუფუნება აქვს, მაგრამ ამ ღარიბ ქვეყანაში, თუ ვისაც მუშაობა შეუძლია, ის გაჩერდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - საჭმლის ფული საიდან მოვა?

არასწორია, ნებისმიერი ლეგალური თუ არალეგალური ძალადობისკენ მოწოდება , შესაძლო ინფიცირებულის მიმართ.

ახლა სწორია, ასეთ მდგომარეობაში ცხოვრების სწავლა და გაგრძელება.

ახლა სწორია, ჯანმრთელმა ადამიანებმა უფრო მეტად იაქტიურონ, ცხადია ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, რადგან პირიქით მათი აქტიურობაა საჭირო იმ  კრიზისის დასაძლევად, რომელსაც ძალიან მალე ვიგრძნობთ ყველანი.

ახლა სწორია რეგულირებებისა და გადასახადების გაუქმება-შემცირება.

მაგალითად, სამთავრობო ხარჯების რადიკალურად შემცრება და ბიუჯეტის სეკვესტრი.

ახლა სწორი იქნებოდა, როგორც კონკურენტმა პარტიამ თქვა, საპენსიო გადასახადის გაუქმება.

სამშენებლო და საბანკო რეგულაციების გაუქმება ასევე უამრავ ადამიანს დაასაქმებდა.

საზღვრების გახსნაც  აუცილებელია, რამდენ ხანს გავძლებთ ასე ყველასგან მოწყვეტილი.

შვედეთის სხვა დროს თუ გვჯერა, ახლაც შეგვიძლია დავუჯეროთ.

რომ შევაჯამო, სახლში დარჩენა კი არა, ჯანმრთელი ადამიანებისგან პირიქით აქტიურობაა საჭირო, რომ ვიარსებოთ და ამ ვირუსს ღირსეულად გავუმკლავდეთ, ავადმყოფებს და რისკჯგუფებს მოვუაროთ.

ზოგჯერ ეს სახლიდან კეთებით გამოვა, ზოგჯერ კი პირიქით.

თუ ვინმეს დასვენების ფუფუნება გვაქვს, პირველ რიგში, სწორედ ხანში შესულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ხალხს უნდა მივცეთ სახლში მუშაობის ან დასვენების საშუალება.

თორემ თუ ყველას გვეშინია და ყველა სახლში ვზივართ, როგორ უნდა ვიარსებოთ?
 



კომენტარები