სიახლეები

ზურა ჯაფარიძე "შმაქსის" თაობაზე შს მინისტრს მიმართავს

"შმაქსთან" დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს - გირჩის ლიდერმა უწყებაში მორიგი განცხადება დღეს შეიტანა. დოკუმენტში, რომელიც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზეა დაწერილი, აღნიშნულია, რომ "შმაქსი"-ს მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დეტალურ აღწერაში მიუთთითონ რა ზომის, ფერის, რომელი  ასოების არ შემცველი და სად უნდა იყოს განთავსებული ეს  ნიშანი. 

როგორც ცნობილია, ​ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის სტანდარტი განსაზღვრულია ნორმატიული აქტით (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება #24-80). სადაც წერია, რომ ის არის თეთრი ფერის, აწერია ,,TAXI თბილისი”, ინთება მწვანედ ან წითლად, და განთავსებულია სატრანსპორტო საშუალების სახურავზე. იგივე ნორმატიული აქტით განსაზღვრულია ავტომობილის ფერი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თეთრი.

იმ შემთხვევაში თუ ,,შმაქსი”-ს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იქნება თეთრი ფერის, მასზე არ იქნება არც ერთი ასო წარწერიდან ,,TAXI თბილისი", ის არ აინთება არც წითლად, არც მწვანედ, და განთავსებული არ იქნება ავტომობილის სახურავზე, რომელიც თავის მხრივ არ იქნება თეთრი ფერის - მაინც შეიძლება თუ არა ის იქნეს აღქმული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტაქსის მაიდენტიფიცირებელ ნიშნად და შესაბამისად დაექვემდებაროს დაჯარიმებას? 

თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერადაც პასუხს არ გაგვცემს , ჩვენ კიდევ ერთხელ სახეზე გვექნება  სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმართული, კოორდინირებული და პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორება.
 

 - განაცხადა ''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ  "შმაქსი" უკვე დაახლოებით ორი თვეა, გაჩერებულია. მიზეზი კი თბილისის მერიის დადგენილებაში ცვლილების შეტანაა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო დადგენილება #48-88, რომლის მე-17 მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად: ,,სატრანსპორტო საშუალებაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი იმ სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება, რომლის გამოც სატრანსპორტო საშუალება აღქმული იქნება ტაქსად, აგრეთვე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნით ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალებით (ნიშნით) გზებზე მოძრაობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად.

ამ ცლილების ძალაში შესვლის შემდეგ, საპატრულო პოლიცია აქტიურად აჩერებდა ''შმაქსის'' მასწავლებლებს და მათ 200 ლარიან ჯარიმას უწერდა. ამის შესაჩერებლად ზურაბ ჯაფარიძემ, 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა. სადაც ახალი ტრაფარეტის ესკიზი და დამატებით შესაძლო ათი ვარიანტი იყო წარდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ეპასუხა, ''შმაქსი''რომელი მათგანის გამოყენებას შეძლებდა. იმ შემთხვევაში თუ არცერთი ვარიანტი, მათთვის მისაღები არ იქნებოდა, მათ შეეძლოთ თავად შემოათავაზებინათ ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ''შმაქსის'' ტრაფარეტი, ''თბილისის ტაქსის'' მსგავსი არ იქნებოდა.

ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ზურა ჯაფარიძე სამინისტროში განმარტების მოსასმენად მივიდა. სადაც მას უპასუხეს, რომ წერილში გამოყენებული ნიშანი (კალაძის მიერ გამოყენებული შუა თითი) უხამსი იყო. 

                                                                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები