სიახლეები

ტორესა მოსი: "ქართული ოცნების" წევრებს ეშინიათ, რომ მოსამართლეებს ვეღარ მოისყიდიან

"დამოუკიდებლობის ისტორიაში, იდეოლოგიური აცდენებისა და ძალაუფლების გარეთ მყოფი ადამიანების მიერ შეთანხმების მიღწევა, მნიშვნელოვანი პრეცენდენტია", - ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი და მწერალი ტორესა მოსი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ დღეს გაფორმებულ მემორანდუმს. 

როგორც მან "გირჩი ტივის" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" განაცხადა, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე შეთანხმების ფონზე, ადამიანებს თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დაცვა ქუჩაში აღარ მოუწევთ.

მისი აზრით, წლების წინ, სასამართლოს სანდოობის დონე მაღალი რომ ჰქონოდა, რევოლუცია აღარ მოხდებოდა .

ამ რეფორმით სასამართლო სისტემაში რამდენიმე ალტერნატივა გაჩნდება და საზოგადოებას მიეცემა არჩევანის საშუალება. ადამიანები თავად გადაწყვეტენ, ვის უფრო ენდობიან. ამის ფონზე ადამიანის, როგორც ინდივიდის მნიშვნელობაც გაიზრდება

- ამბობს ტორესა მოსი.

მოსამართლეებთან დაკავშირებით კი ფიქრობს, რომ მათთვის დიპლომი არ უნდა იყოს გადამწყვეტი, რადგან განათლების სისტემა დღეს არაფერს იძლევა და თითოეულ ადამიანს ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლია თვითგანათლებით, თუ ის საკმარისად მოტივირებულია. 

''ქართულ ოცნებაში'' ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი, რომელსაც რაიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი. მათ ობიექტური შიში გაუჩნდათ, რადგანაც სამომავლოდ ისინი ვეღარ შეძლებენ მოისყიდონ მოსამართლეები. მათ ბედს კი პროფესიონალი, მიუკერძოებელი მოსამართლეები გადაწყვეტენ" - განაცხადა მწერალმა.

ტორესა მოსიმ ასევე პროცესების ადეკვატურ მართვაში, ''გირჩის'' როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სასურველია, თუ მუშაობა, "გირჩის" ინიციატივით, ეკონომიკის ნაწილის რეფორმაზეც დაიწყება.

       

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები