სიახლეები

ჩუგოშვილი: თუ უგულავას საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება, განაჩენი აუცილებლად შეიცვლება

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემაში "პოლიტიკური აგორა" ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებაზე ისაუბრა. განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეთანხმების შესრულებაა.

"მთავრობისთვის, ქვეყნის რეპუტაციაზე ზრუნვა, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ცივილური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია" - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

მისი აზრით, "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას საქმე მკაფიოდ პოლიტიკური შლეიფის საქმეა და ფიქრობს, რომ თუ უგულავა განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს, ამ საქმეს აუცილებლად მოიგებს. 

"საკვანძო შეცდომა, ამ საქმეში ყოფილი პროკურორის მიერ განაჩენის გამოტანაა. მსგავს საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა პრეცენდენტი, სადაც გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევად იყო მიჩნეული. თუ ''ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება, განაჩენი აუცილებლად შეიცვლება" -განაცხადა ჩუგოშვილმა ''გირჩი ტივის'' ეთერში.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მიმდინარე წლის 10 თებერვალს დააპატიმრეს. თბილისის ყოფილ მერს, სასამართლო დედაქალაქის ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

                                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები