ტრანსგენდერობა

"ყოველი ტყუილი, რომელსაც ვამბობთ, სიმართლის ვალს იღებს. ადრე თუ გვიან ამ ვალის გადახდა გვიწევს. ასე ფეთქდება РБМК რეაქტორის ბირთვი - სიცრუის გამო."

― სერიალი "ჩერნობილი"

როდესაც ტრანსგენდერობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, უნდა განვიხილოთ, ფსიქიატრიული დაავადებაა თუ არა ის, მაგრამ, როგორც უკვე მაქვს ნათქვამი სტატიაში "არსებობს თუ არა "ფსიქიატრიული დაავადებები"", პათოლოგიური სუბსტრატის არარსებობის გამო თავად ფსიქიატრიული დაავადებების, როგორც ასეთის,  არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება შესაბამისი ქცევების მიმართ, ის, რაც ფსიქიატრიაში გუშინ დაავადებად ითვლებოდა, დღეს შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, და ის, რაც დღეს ნორმად ითვლება, ხვალ შეიძლება დაავადებად გამოცხადდეს. 

2013 წელს ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ ფსიქიატრიულ დაავადებათა კლასიფიკაციის მეხუთე გამოცემიდან დიაგნოსტიკური სახელწოდება "გენდერის იდენტობის დაავადება" ამოიღო და იგი "გენდერული დისფორიით" ჩაანაცვლა, რაც ეწოდება "დისტრესს, რომელსაც პიროვნება მის გენდერულ იდენტობასა და მისი დაბადებისას მინიჭებულ სქესს შორის თანხვედრის არარსებობისას განიცდის". გენდერული დისფორიის მქონე ადამიანები ტრანსგენდერებად ითვლებიან. ამ ცვლილებით ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ტრანსგენდერობას დაავადებად აღარ მიიჩნევს. ამ სტატიაში "ტრანსგენდერებს", უბრალოდ, იმ ადამიანებს ვუწოდებ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ "შეუსაბამო" სქესის სხეულში არიან გაჩენილები. 

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ჰომოსექსუალები ყოველთვის არსებობდნენ და პოპულაციაში მათი წილი ასე თუ ისე სტაბილური იყო. ამის საწინააღმდეგოდ, ტრანსგენდერების წილი უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა და სულ უფრო მზარდი სისწრაფით განაგრძობს ზრდას. ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორის ლიზა ლიტმენის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოზარდებში და ახალგაზრდა ზრდასრულებში, განსაკუთრებით, გოგონებში, ტრანგენდერობა შეიძლება ქცევითი კონტაგიონი იყოს, ანუ, სხვა სიტყვებით, თუკი ამ ასაკის ადამიანები ხედავენ რომ მათ გარშემო სულ უფრო მეტი ადამიანია ტრანსგენდერი, თავადაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენონ საკუთარი სქესის მართებულობა და "სქესის შეცვლის" სურვილი გაუჩნდეთ. ამ მდგომარეობას ლიტმენმა "სწრაფი დასაწყისის მქონე გენდერული დისფორია" უწოდა. 

არსებობს სპეციალური ინტერნეტ ფორუმები, სადაც ტრანსგენდერი მოზარდები ერთმანეთს ურჩევენ, თუ რა უნდა უთხრან მშობლებს და ექიმებს, რათა "სქესის შემცვლელ მკურნალობაზე" თანხმობა მიიღონ. ზემოაღნიშნულ კვლევას, როგორც მოსალოდნელი იყო, ტრანსგენდერული აქტივისტების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა და ის "ტრანსფობიურად" მოინათლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენდერის კვლევის ფსევდომეცნიერებმა შეთხზეს ჰიპოთეზა, ვითომდა, ტრანსგენდერებს ანატომიურად საპირისპირო სქესის ტვინი აქვთ და ეს ნეირორადიოლოგიური კვლევებით დასტურდება. სათანადოდ ჩატარებული კვლევებით ამ ჰიპოთეზის სრული უარყოფა მოხდა. 

ჰომოსექსუალობისგან განსხვავებით, ტრანსგენდერობა, ხშირად, ძვირადღირებულ თერაპიულ და ქირურგიულ ჩარევებს მოითხოვს, "სქესის შემცვლელი" ("ტრანზიციული")  მედიკამენტების და ქირურგიული ოპერაციების სახით, და, ამდენად, არსებობს კარგად გამოხატული ფინანსური დაინტერესება, რომ ეს სამედიცინო ინდუსტრია სულ უფრო მეტად განვითარდეს და ამ გზით სულ უფრო მეტი მოგება ნახოს. ამასთანავე, სულ უფრო ძლიერდება მოთხოვნა, რომ "ტრანზიციული მკურნალობის" დაფინანსება მთავრობამ გადასახადების გადამხდელებს დააკისროს. 

არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსგენდერობა, დიდწილად, საკუთარი ჰომოსექსუალობის მიუღებლობის შედეგია: თუკი შენი ჰომოსექსუალური სექსუალური ორიენტაცია ძლიერ დისტრესს იწვევს, შესაძლოა, ამ ორიენტაციის მიღების და გათავისების ნაცვლად ჩათვალო, რომ საპირისპირო სქესის სხეულში არასწორად ხარ გაჩენილი და სწორედ ამიტომ მოსწონს შენს რეალურ იდენტობას იმავე სქესის ადამიანები, მითუმეტეს, თუკი მუდმივად ხდება შენი უმწიფარი ცნობიერების დაბომბვა იმ ინფორმაციით, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი და მოსალოდნელი მოვლენაა.

გენდერული დისფორიის მქონე ბავშვების და მოზარდების უმრავლესობა, თუკი მათ თავს დავანებებთ, ასაკის მატებასთან ერთად საკუთარ დისფორიას გადააბიჯებს და მათი დიდი ნაწილი ჰომოსექსუალური და ბისექსუალური, ხოლო მცირე ნაწილი - ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე "ცის-გენდერულ" ზრდასრულად ჩამოყალიბდება. სხვა სიტყვებით, ტრანსგენდერული სამედიცინო - ჰორმონული თუ ქირურგიული - ჩარევების რეალურ მიზანს, ხშირად, ჰომოსექსუალობის "მკურნალობა" წარმოადგენს, ოღონდ, ამჯერად, ეს ყველაფერი ისეა შეფუთული და მოწოდებული, რომ მას თავად ჰომოსექსუალების დიდი ნაწილიც კი უჭერს მხარს, ანუ, ისინი, ვისი არსებობის წინააღმდეგაც ეს "მკურნალობაა" მიმართული.

ზოგიერთი მკვლევარი, აგრეთვე, თვლის, რომ ტრანსგენდერობა, შესაძლოა, რეალობიდან გაქცევას ან, კიდევ, ყურადღების მიქცევას ემსახურებოდეს. მათი აზრით, ტრანსგენდერები, ხშირად, საკუთარ წარუმატებლობას შეუსაბამო სქესის სხეულში გაჩენას მიაწერენ, იმის ნაცვლად, რომ წარუმატებლობის რეალურად არსებული მიზეზები იპოვნონ და მათ აღმოფხვრაზე იზრუნონ. ამითვე აიხსნება დეპრესიის მაღალი სიხშირე ტრანსგენდერებში: "ტრანზიცია" დეპრესიის რეალური მიზეზების აღმოფხვრას არ ახდენს. ტრანსგენდერებს სქესობრივი პარტნიორის პოვნასთან დაკავშირებითაც შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები და, ხშირად, "ტრანზიციული  მკურნალობა" ამ პრობლემების შერბილებას და შესუსტებას კი არა, პირიქით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და გამწვავებას იწვევს. 

დანარჩენ პოპულაციასთან შედარებით, ტრანსგენდერებში სუიციდის რისკი მკვეთრად მომატებულია, და ეს რისკი "ტრანზიციული   მკურნალობის" - მათ შორის, ქირურგიული ოპერაციების - შემდეგაც არ მცირდება. ეს ასეა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ტრანსგენდერები, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ან ძალადობის მუქარას განიცდიან სხვა ადამიანების მხრიდან. ეს ფაქტი აშკარად მიუთითებს "ტრანზიციული  მკურნალობის" არაეფექტურობაზე, ან, უფრო უარესი, კონტრპროდუქტიულობაზე. 

ამავე დროს, ტრანსგენდერული იდეოლოგიის წარმომადგენლები  აქტიურად ახდენენ მშობლების დაშინებას, რომ თუკი ისინი საკუთარ შვილებს ზემოაღნიშნულ "მკურნალობაზე" უარს ეტყვიან, ეს ამ უკანასკნელთა თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ისინი, აგრეთვე, მოითხოვენ, რომ ასეთი მშობლები კანონის ძალით ისჯებოდნენ საკუთარი შვილების მიმართ ცუდად მოპყრობის გამო. ამას გარდა, ტრანსგენდერული აქტივისტები ექიმებისგანაც მოითხოვენ, რომ მათ "გენდერული დისფორიის"  დიაგნოზი დასვან, თუკი ბავშვი, უბრალოდ, იტყვის, რომ საწინააღმდეგო სქესისაა, და მშობლებს "ტრანზიციული მკურნალობის" დაწყება შესთავაზონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კლინიცისტებს სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ, არასათანადო სამედიცინო პრაქტიკის გამო. 

იმ ადამიანების დიდმა ნაწილმა, ვინც საკუთარი სქესის გამო დისტრესს განიცდის, იცის, რომ, სინამდვილეში, საწინააღმდეგო სქესი არა აქვს და, ამდენად, არც "ტრანზიცია" სურს. რაც მათ სურთ, არის საკუთარი სხეულის მიღება და მასთან იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ  ქირურგიული ოპერაციის გზით "ტრანზიციის" სურვილი, სინამდვილეში, მხოლოდ ტრანსგენდერების ნაწილს გააჩნია, სქესის ლეგალურად შეცვლისთვის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ტრანსგენდერებს  აიძულებს, რომ კასტრაცია და გენიტალური მუტილაცია გაიკეთონ და, შედეგად, შთამომავლობის შექმნის უნარი სამუდამოდ დაკარგონ, ვითომდა, თუკი ადამიანი ამ ქმედებას განახორციელებს, ამით სქესს შეიცვლის. "გენდერ კონფირმაციული", ანუ, "ტრანზიციული"  ქირურგიის შედეგად  ტრანსგენდერების ნაწილი ორგაზმის განცდის უნარსაც სამუდამოდ კარგავს. 

არავის აქვს უფლება, რომ სხვა, ზრდასრულ ადამიანს საკუთარ სხეულში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი რაიმე ნივთიერების შეყვანა, ან, კიდევ,  ნებისმიერი ჯანმრთელი ორგანოს ქირურგიული გზით მოკვეთა აუკრძალოს. ამავე დროს, ბავშვებს იმიტომ აქვთ გარკვეული უფლებები წართმეული, რომ დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ და, ამიტომ, ზოგჯერ მშობლები ან სხვა მეურვეები უნდა იღებდნენ მათ ნაცვლად ამ გადაწყვეტილებებს. თუკი მშობელს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს, მაგალითად, თუკი არ უვლის მას ან მასზე ძალადობს, ასეთი მშობელი ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, და მას მშობლის უფლებები სასამართლოს გზით უნდა ჩამოერთვას.

აშკარაა, რომ მედიკამენტები, რომლებიც ჯერ აყოვნებენ სქესობრივ მომწიფებას, ხოლო შემდეგ საწინააღმდეგო სქესისთვის დამახასიათებელი მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას იწვევენ, ბავშვის ან მოზარდის  ჯანმრთელობას შეუქცევადად აზიანებენ, ხოლო თანმდევი "გენდერ კონფირმაციული" ქირურგიული ოპერაციები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ლეგალური სრულწლოვნების ასაკის მიღწევის შემდეგ აკეთებენ, მოცემულ ინდივიდს გამრავლების უნარს სამუდამოდ აკარგვინებენ. გარდა ამისა, "ტრანზიციული მკურნალობა" მთელ რიგ სხვა დარღვევებსაც იწვევს, მაგალითად, მკვეთრად ზრდის ოსტეოპოროზის, ანუ, ძვლოვანი მასის განლევის და მოტეხილობების განვითარების რისკს. ამ ადამიანებში, აგრეთვე, მომატებულია გარკვეული სახის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი.

ხშირად, ტრანსგენდერული პროპაგანდით ინდოქტრინებული მშობლები თავად უნერგავენ საკუთარ მცირეწლოვან ბავშვს "არასწორ სხეულში" გაჩენის აზრს, ისე, რომ თავად ისინი ვერც კი ხვდებიან ამას. იქიდან გამომდინარე, რომ გენდერის ფსევდომეცნიერების აზრით, უცვლელი გენდერული იდენტობის ჩამოყალიბება სიცოცხლის ადრეულ პერიოდში, დაახლოებით, 2-3 წლის ასაკში ხდება, ტრანსგენდერად ბავშვი სწორედ ასეთ ადრეულ ასაკშიც კი შეიძლება გამოცხადდეს. მეორე მხრივ, ზოგიერთი მოზარდის მშობლებს ღია ან ფარული ჰომოფობიური განწყობა გააჩნიათ და, ხშირად, მათთვის ის უფრო მეტადაა მისაღები, რომ მათი შვილი ტრანსგენდერი იყოს, ვიდრე - ჰომოსექსუალი. ასეთი მშობლებიც თავად შეიძლება უბიძგებდნენ საკუთარ მოზარდებს ტრანსგენდერობისკენ და ტრანზიციისკენ. ზოგიერთ ქვეყანაში, პირიქით, სკოლებში ხდება ტრანსგენდერული პროპაგანდით ბავშვების ინდოქტრინაცია და მათთვის ზემოაღნიშნული აზრის ჩანერგვა, მათი მშობლების ნების საწინააღმდეგოდ და ამ მშობლების პროტესტის მიუხედავად. 

ამავე დროს, თუკი ბავშვი სურვილს გამოთქვამს, რომ "სქესი შეიცვალოს", მშობლებს არათუ არანაირი ვალდებულება არ ეკისრებათ, რომ მის ჭკუაზე გაიარონ და ამის ნება დართონ, არამედ, პირიქით, სწორედ ამგვარი დამასახიჩრებელი "მკურნალობის" ჩატარება უნდა ჩაითვალოს ბავშვის მიმართ ცუდად მოპყრობად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო დიამეტრულად საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს და მშობლებს საკუთარი შვილის "ტრანზიციული მკურნალობისთვის" ხელის შეშლას უკრძალავს. ბავშვისთვის ან მოზარდისთვის იმის თქმა, რომ შეიძლება სექსუალური ლტოლვა როგორც საწინააღმდეგო, ისე საკუთარი სქესის ადამიანის მიმართ ჰქონდეს, და მისთვის იმის თქმა, რომ შეიძლება ერთი სქესის იყოს და საწინააღმდეგო სქესის სხეულში იყოს გაჩენილი, ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მართალი და ტყუილი, რადგან ეს ორი რამ არის კიდეც, შესაბამისად, მართალი და ტყუილი. 

იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაც მედიკამენტოზური და/ან ქირურგიული ტრანზიცია განიცადეს, შემდეგ ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და საკუთარი სხეულისთვის  მიყენებულ შეუქცევად დაზიანებას მძიმედ განიცდის და ნანობს. ამ ადამიანების დახმარებისთვის, ანუ, ე.წ. დეტრანზიციისთვის დამატებითი მკურნალობაა საჭირო, თუმცა, "ტრანზიციული მკურნალობის" შედეგად მიყენებული ზიანის სრული აღმოფხვრა, როგორც წესი, შეუძლებელია. ტრანსგენდერული იდენტობის შეწყვეტას დესისტენცია ეწოდება. 

ტრანს "ქალების" ნაწილი მოითხოვს რომ იგივე სერვისები მიიღოს, რასაც ნამდვილი ქალები ღებულობენ, და თუკი სერვისების მომწოდებლები ამაზე უარს იტყვიან, ისინი კანონით ისჯებოდნენ. ეს სერვისები შეიძლება ტრანს "ქალების" ქირურგიული ოპერაციის გზით შეცვლილ ან შეუცვლელ სასქესო ორგანოებს ეხებოდეს, მაგალითად, ამ ორგანოების ეპილაციის სახით. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი ბაზრის მთავარი პრინციპის, ნებაყოფლობითობის, უხეშ შელახვას წარმოადგენს. 

უამრავ ადამიანს, აგრეთვე, არ მოსწონს, რომ ტრანსგენდერული იდეოლოგია ტრანს "ქალებს" ნამდვილი ქალების სივრცეში შეჭრის საშუალებას აძლევს, იქნება ეს საპირფარეშო, სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუ სპორტული ასპარეზობა, რასაც, ხშირად, ნამდვილ ქალებზე ძალადობა ან მათი უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება ახლავს თან. 

იმ ქვეყნებში, რომელთა ენებში გენდერული ნაცვალსახელები არსებობენ, მთავრობა, ხშირად, ადამიანებს, მათ შორის, ტრანსგენდერი ბავშვების მშობლებს, აიძულებს, რომ ტრანსგენდერებზე ლაპარაკის ან მათთან მიმართვის დროს ის ნაცვალსახელები იხმარონ, რომელთა გამოყენების სურვილიც მოცემულ ადამიანებს არ გააჩნიათ, რადგან სქესის შეცვლას შეუძლებლად მიიჩნევენ.

ინდივიდზე ძალადობა სრულიად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს ინდივიდი და რომელ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ის. ტრანსგენდერები მათ მიმართ არატოლერანტულ საზოგადოებაში განსაკუთრებით ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, მათი შედარებით ადვილად ამოსაცნობი გარეგნობის გამო, თუმცა, ეს ფაქტორიც  ინდივიდუალურია. მეორე მხრივ, თუკი მე შენ გარწმუნებ, რომ კაცი კი არა, ქალი ხარ, და, ამასთან, თუკი მე ვიცი, რომ თუ მე დამიჯერებ, ამის გამო შეიძლება პროსტიტუციით მოგიწიოს დაკავება, თანმდევი რისკებით, ან, უფრო უარესი, შეიძლება შენი გარეგნობის და ქცევის გამო გცემონ ან, სულაც, მოგკლან, მაგრამ მაინც ვაკეთებ ამას, რათა შენი "დაცვით" სარგებელი ვნახო, მაშინ მე, გარკვეულწილად, პასუხისმგებლობა მეკისრება იმ ტანჯვაზე, რომელიც ჩემი ქმედების გამო შეიძლება მოგადგეს. 

ადამიანის სქესს განაპირობებს XX ან XY ქრომოსომების არსებობა - უიშვიათესი ქრომოსომული და გენეტიკური დაავადებების გარდა - და არა ის, თუ რომელი სქესი სურს ვინმეს რომ ჰქონდეს. ეს არის ბიოლოგიური მოცემულობა, რომელიც არ იცვლება. ნებისმიერი ადამიანის სქესი ერთხელ და სამუდამოდ ყალიბდება განაყოფიერების მომენტში და რაც არ უნდა გააკეთოს, კაცი ქალად ისევე ვერ იქცევა, როგორც ქალი ვერ იქცევა კაცად. კაცი ქალად არ იქცევა არც იმ შემთხვევაში, თუკი, უბრალოდ, ქალად ყოფნის სურვილი ექნება, არც იმ შემთხვევაში, თუკი ამ სურვილის ქონის გამო ქალის სასქესო ჰორმონებს მიიღებს, და არც იმ შემთხვევაში, თუკი კასტრაციას გაიკეთებს და ასოს მოიჭრის. კასტრირებული და ასომოკვეთილი კაცი, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონებს ღებულობს, არის კასტრირებული და ასომოკვეთილი კაცი, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონებს ღებულობს, და არა - ქალი.

გენდერის ფსევდომეცნიერება ზემოაღნიშნული პოზიციის თავდაყირა ამოატრიალებას ახდენს. კერძოდ, ტრანსგენდერული იდეოლოგია მიიჩნევს, რომ "დაბადებისას მინიჭებული სქესი" და "გენდერული იდენტობა" სხვადასხვა რამეა. ამ იდეოლოგიამ ტერმინი "ბიოლოგიური სქესი" ტერმინ "დაბადებისას მინიჭებული სქესით" ჩაანაცვლა, რაც მამრობითი, მდედრობითი, ან ინტერსექს ვარიანტებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ამავე დროს, "გენდერული იდენტობა" ეწოდება იმას, თუ როგორ განსაზღვრავს საკუთარ გენდერს თავად მოცემული პიროვნება, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ემთხვევა ან არ ემთხვევა იგი გენდერის სხვადასხვა ოფციებს. გენდერის ოფციები შეიძლება იყოს კაცი (ბიჭი), ქალი (გოგო), არცერთი, ორივე, და ა.შ. ხოლო უცვლელი გენდერული იდენტობის ჩამოყალიბება, როგორც უკვე ვთქვი, ადრეულ ასაკში ხდება. 

გენდერის ფსევდომეცნიერების თანახმად, სქესის განსაზღვრის ერთადერთი სწორი მეცნიერეული მეთოდი ამის გენდერული იდენტობის საფუძველზე გაკეთებაა, და არა ქრომოსომების, ჰორმონების, შინაგანი ან გარეგანი სასქესო ორგანოების, ან მეორადი სასქესო ნიშნების არსებობის საფუძველზე გაკეთება. მიაქციეთ ყურადღება, რომ თუკი ქალის და კაცის სოციალური როლების განხილვისას მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენლები ამბობენ, გენდერი სოციალური კონსტრუქციაა, ხოლო სქესი -  ბიოლოგიური რეალობაო, ტრანსგენდერებზე ლაპარაკის შემთხვევაში იგივე იდეოლოგიის წარმომადგენლები დიამეტრულად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, კერძოდ, იმას რომ გენდერული იდენტობაა მოცემულობა, ხოლო ბიოლოგიური სქესი ("დაბადებისას მინიჭებული სქესი") - სოციალური კონსტრუქცია. 

იმ დროს, როცა მეინსტრიმული ფსევდოფემინისტები მხურვალედ უჭერენ მხარს ტრანსგენდერულ იდეოლოგიას, ე.წ. ტრანს-გამომრიცხველი რადიკალი ფემინისტები ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ტრანს "ქალები" ამბობენ, რომ ისინი კაცის სხეულში გაჩენილ ქალად გრძნობენ თავს. ტრანს-გამომრიცხველი რადიკალი ფემინისტების აზრით, თუკი ქალები კაცებისგან განსხვავებულად აზროვნებენ და მოქმედებენ, ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება მათ ამის გაკეთებას აიძულებს. აქედან გამომდინარე, ტრანს-გამომრიცხველი რადიკალი ფემინისტების აზრით, არ არსებობს "კაცის ტვინი" და "ქალის ტვინი", და, ამდენად, "კაცის სხეულში ქალის ტვინის" არსებობა აბსურდია.  

შენ შეგიძლია ნებისმიერი რამის გჯეროდეს, მაგრამ შენ არ შეგიძლია, რომ მე მაიძულო იმის მჯეროდეს, რისაც შენ გჯერა. თუკი მე ვთვლი, რომ კაცის ქალად გადაქცევა, ან, პირიქით, ქალის კაცად გადაქცევა შეუძლებელია, შენ უფლება არ გაქვს, რომ რაიმე სახის ძალადობით ან მისი მუქარით ამ აზრის გამოთქმა ამიკრძალო. ძალადობა ჩემს მიერ იმის თქმა კი არ არის, რომ სქესის შეცვლა შეუძლებელია, არამედ, პირიქით, ჩემი იძულება რომ ასე არ ვთქვა.

სტატიას რაიან ენდერსონის ვრცელი ციტატით დავასრულებ, რადგან ის კარგად ხსნის ტრანსგენდერული იდეოლოგიის შინაგან წინააღმდეგობებს და ამ იდეოლოგიის  არათანმიმდევრულობას. 

"თუკი გენდერი სოციალური კონტრუქციაა, როგორ შეიძლება რომ გენდერული იდენტობა თანდაყოლილი და უცვლელი იყოს? რანაირად  შეიძლება, რომ სოციალურ კონსტრუქციასთან ვინმეს იდენტობა საშვილონოში მისი ბიოლოგიით იყოს განსაზღვრული? როგორ შეიძლება რომ ვინმეს იდენტობა უცვლელი იყოს მარად-ცვლად სოციალურ კონსტრუქციასთან მიმართებით? და თუკი გენდერული იდენტობა თანდაყოლილია, რანაირად შეიძლება რომ ის "თხევადი" იყოს? 

აქტივისტებისთვის გამოწვევაა გენდერის შესაძლო დეფინიციის და სხეულებრივი სქესისგან დამოუკიდებელი გენდერული იდენტობის შემოთავაზება. ბინარულია თუ არა მათი სქესი? რაღაცნაირად, ტრანსგენდერული აქტივისტების თანახმად, ის როგორც არსებობს, ისე არ არსებობს კიდეც. თუკი კატეგორიები "ქალი" და "კაცი" საკმარისად ობიექტურია, იმდენად, რომ ადამიანებს  შეუძლიათ კაცად და ქალად მოახდინონ იდენტიფიცირება და ყოფნა, რანაირად შეიძლება გენდერი ასევე წარმოადგენდეს სპექტრს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იდენტიფიცირდნენ და იყვნენ ორივე, არცერთი, ან, კიდევ, სადღაც მათ შორის? 

საერთოდ რას ნიშნავს გენდერის შინაგანი გრძნობის ქონა? როგორ შეიგრძნობა გენდერი? რა აზრი შეგვიძლია მივანიჭოთ სქესის ან გენდერის კონცეფციას - და, ამდენად, გენდერის რა შინაგანი გრძნობა შეიძლება გაგვაჩნდეს - გარდა იმისა, რომ გარკვეული სქესის სხეული გვქონდეს? გარდა მამრობითი სქესის სხეულის ქონისა, რას ნიშნავს "თავს გრძნობდე ისე", როგორც კაცი? გარდა მდედრობითი სქესის სხეულის ქონისა, რას ნიშნავს "თავს გრძნობდე ისე", როგორც ქალი? როგორი გრძნობაა კაციც იყო და ქალიც, ან არცერთი არ იყო? ტრანსგენდერული აქტივისტებისთვის გამოწვევაა იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენენ ეს გრძნობები, და როგორ შეიძლება ვინმემ იცოდეს რომ "ისე გრძნობს თავს", როგორც საწინააღმდეგო სქესი, ან არცერთი სქესი, ან - ორივე. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტრანს აქტივისტებს გრძნობების შესახებ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ, ეს ჯერ კიდევ არ პასუხობს რეალობის საკითხს. რატომ უნდა აქცევდეს კაცად თავის გრძნობა - რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს - ვინმეს კაცად? რატომ განსაზღვრავენ ჩვენი გრძნობები რეალობას სქესის საკითხის შემთხვევაში, მაგრამ არა სხვა საკითხების განხილვისას? ჩვენი გრძნობები არ განსაზღვრავენ ჩვენს ასაკს ან სიმაღლეს. თუკი ისინი, ვინც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან, იმ სქესის არიან, რომლადაც იდენტიფიცირდებიან, რატომ არ ვუყენებთ იგივე პრინციპს ყოფიერების სხვა ატრიბუტებს ან კატეგორიებს? 

რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოველებად იდენტიფიცირდებიან, ან ჯანმრთელი  სხეულის მქონე ადამიანების შესახებ, რომლებიც უნარშეზღუდულებად იდენტიფიცირდებიან? განსაზღვრავს თუ არა ყველა ეს თვითგამოცხადებული იდენტობა რეალობას? თუ არა, რატომ არა? და უნდა მიიღონ თუ არა ამ ადამიანებმა სამედიცინო დახმარება, რათა საკუთარი სხეული საკუთარ აზროვნებასთან  შესაბამისობაში მოსაყვანად გარდაქმნან? რატომ უნდა მივიღოთ ტრანსგენდერული "რეალობა", მაგრამ არა ტრანს-რასული, ტრანს-სახეობრივი, და ტრანს-უნარიანი რეალობები? აქტივისტებისთვის გამოწვევაა იმის ახსნა, თუ რატომ განსაზღვრავს პიროვნების "რეალურ" სქესს შინაგანი "გენდერული იდენტობა", მაგრამ მისი ასაკი, სიმაღლე, რასა, და სახეობა იდენტობის შინაგანი გრძნობით არ განისაზღვრება. 

რა თქმა უნდა, ტრანსგენდერულმა აქტივისტმა შეიძლება გვიპასუხოს რომ "იდენტობა", დეფინიციის თანახმად, უბრალოდ, მეობის შინაგანი გრძნობაა, მაგრამ თუკი ეს ასეა, გენდერული იდენტობა, უბრალოდ, იმის განცხადებაა, თუ როგორ გრძნობს ვინმე თავს. ამდენად, იმის თქმა, რომ ვინმე ტრანსგენდერია, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ პიროვნებას საწინააღმდეგო სქესად ყოფნის გრძნობა გააჩნია. ამგვარად გაგებულ გენდერულ იდენტობას არანაირი გავლენა არა აქვს სქესის ან სხვა რამის შინაარსზე, მაგრამ ტრანსგენდერული აქტივისტები ამტკიცებენ რომ პიროვნების თვითგამოცხადებული "გენდერული იდენტობა" ამ პიროვნების "სქესია". აქტივისტებისთვის გამოწვევაა იმის ახსნა, თუ რატომ აქცევს ვინმეს მამრად ან მდედრად (ან ორივედ, ან არცერთად) მამრად ან მდედრად (ან ორივედ, ან არცერთად) ყოფნის უბრალო გრძნობა. 

გენდერული იდენტობა ძლიერ ჰგავს რწმენით განპირობებულ რელიგიურ იდენტობას, მაგრამ ეს რწმენა რეალობას არ განსაზღვრავს. მას, ვინც ქრისტიანად იდენტიფიცირდება, სწამს რომ იესო არის ქრისტე. მას, ვინც მუსლიმად იდენტიფიცირდება, სწამს რომ მუჰამედი საბოლოო წინასწარმეტყველია. მაგრამ იესო არის ან არ არის ქრისტე, ხოლო მუჰამედი არის ან არ არის საბოლოო წინასწარმეტყველი, მიუხედავად იმისა, თუ რის სჯერა ვინმეს. ამგვარად, ასევე, პიროვნება არის ან არ არის კაცი, მიუხედავად იმისა, თუ რის სჯერა ვინმეს, თავად ამ პიროვნების ჩათვლით. ტრანსგენდერული აქტივისტებისთვის გამოწვევაა იმ არგუმენტის წარმოდგენა, თუ რატომ განსაზღვრავს რეალობას ტრანსგენდერული რწმენა. 

რეალობის განსაზღვრა ამ საკითხის საფუძველია, და აქაც წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ერთი მხრივ, ტრანსგენდერულ აქტივისტებს სურთ რომ მეცნიერების ავტორიტეტი ჰქონდეთ, როცა მეტაფიზიკურ განცხადებებს აკეთებენ იმის თქმით, რომ მეცნიერება გენდერული იდენტობის თანდაყოლილობას და უცვლელობას ავლენს. მეორე მხრივ, ისინი უარყოფენ ბიოლოგიას, როგორც მოცემულობას, იმის დაჟინებით, რომ ადამიანები თავისუფლები არიან ის იყვნენ, ვინც თავად სურთ. 

მაშ, რომელია ამათგან? ჩვენი გენდერული იდენტობა ბიოლოგიურადაა განსაზღვრული და უცვლელია, თუ თვით-შექმნილია და ცვლადია? თუკი პირველია, როგორ ვხსნით იმ ადამიანების არსებობას, რომელთა გენდერული იდენტობა დროთა განმავლობაში იცვლება? გამოდის, ამ ადამიანებს დროის ამათუიმ მონაკვეთში გენდერის მცდარი გრძნობა აქვთ? და თუკი გენდერული იდენტობა თვით-შექმნილია, რატომ უნდა მიიღონ სხვა ადამიანებმა ის, როგორც რეალობა? თუკი ჩვენ თავისუფლები უნდა ვიყოთ ჩვენი საკუთარი გენდერული რეალობის არჩევაში, რატომ შეუძლია ზოგიერთ ადამიანს რეალობის საკუთარი იდეის სხვებისთვის თავსმოხვევა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ადამიანები ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან?

ამ მოძრაობამ უნდა გააგრძელოს საკუთარი შეხედულებების დაკემსვა და გამაგრება, ისევე როგორც მორწმუნეთა ზედამხედველობა, ერეტიკოსების დევნა, და განდგომილთა დასჯა, რადგან როგორც კი მისი მრისხანე ძალისხმევები თუნდაც მყისიერად შესუსტდება, ან ვინმე წარმატებით აღუდგება მათ წინ, ამას მთელი შარადის გაშიშვლება  შეიძლება მოჰყვეს თან. ასე ხდება მაშინ, როცა შენი დოგმები ამხელა წინააღმდეგობაში მოდიან აშკარა, ბაზისურ, ყოველდღიურ სიმართლესთან.

ტრანსგენდერული მომავალი არ არის "ისტორიის სწორ მხარეს", თუმცა, აქტივისტებმა დაარწმუნეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მძლავრი სექტორები რომ მათ მოთხოვნებს დამორჩილდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები აშკარად მცდარია, ამ საზიანო იდეების გავრცელებისთვის ხელის შეშლა ბევრ შრომას მოითხოვს."

ავტორი: გიორგი ლომინაძე



კომენტარები