14 აგვ 2019
3596 Views
მეტი თავისუფლება

რამდენად გაყიდა გოგა ხაჩიძემ 2.4 მლნ ჯედი?

გირჩის მიერ შექმნილი ციფრული ფულით GeD-ით, ყიდვა-გაყიდვა აქტიურად მიმდინარეობს.

"გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ეწევა, კუთვნილი 2.4 მლნ GeD გაყიდა 2400 $-ად, მყიდველი "გირჩის" მხარდამჭერი ბექა მუზაშვილია. მისი განცხადებით ჯედებისა და საქართველოს ქონების პრივატიზაციის იდეის დაანონსების შემდეგ, დაინტერესდა და თავადაც აგროვებდა ციფრულ ფულს "გირჩში" თავისი შემოწირულობებით:

სიმართლე გითხრათ რაც დაანონსდა ჯედების ამბავი თავიდანვე ვფიქრობდი დაგროვებას, შემოწირულობით დაახლოებით 31 000 მქონდა. რა თქმა უნდა, მინდა და ვაპირებ გირჩში ჩემი წვლილის შეტანას ისე როგორც შევძლებ.

ბექა მუზაშვილის თქმით მოტივაცია მომავალში "გირჩის" მართვაში მონაწილეობა და ასევე საკუთარი სარგებლის გაზრდაა:

რა თქმა უნდა სარგებელზეც ვფიქრობ, რაც მომავალში ამან შეიძლება მომიტანოს. პირველ რიგში ეს არის შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო "გირჩის" მართვაში და შემდგომ საქართველოს ქონების პრივატიზებისას ჩემი წილიც გავზარდო.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიერ ემისირებული ოფიციალური ვალუტით პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ვალუტის, ამ შემთხვევაში "გირჩის" ციფრული ფულის შესყიდვა, რაც სახელმწიფო რეგულაციებში არ ჯდება და ჯერჯერობით უცნობია, რა გამოხმაურება მოჰყვება მას ეროვნული ბანკის მხრიდან.

გირჩის მიერ შექმნილი GeD არის ვირტუალური ფული, რომლის დაგროვებაც შესაძლებელია: ა) ისეთი ქმედებებით, რომლებიც გირჩის მიერ ჩათვლილი იქნება თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილ წვლილად, ან ბ) უშუალოდ გირჩისთვის გაწეული ფინანსური კონტრიბუციით.

დაგროვებული GeD-ების გამოყენება შესაძლებელია გირჩის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების პროცესში. რაც უფრო მეტი GeD აქვს გირჩის პლატფორმის წევრს, მით მეტი წონა აქვს მის ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

GeD-ების საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება კი, საპრივატიზაციო ფულის ფუნქციის შესრულებაა მომავალში, როდესაც სახელმწიფოს ხელში არსებული ტრილიონობით დოლარის ღირებულების აქტივები მის სამართლიან მფლობელებს ანუ საქართველოს მოსახლეობას დაუბრუნდება უკან.



კომენტარები