ჯარის იმაზე

ხარ ადამიანი, რომელსაც სამშობლო უყვარს და სუფრასთან საქართველოს სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამს?

ხარ ადამიანი, რომელსაც პატრიოტებისა და გმირების სადღეგრძელო არასდროს ავიწყდება?

ხარ ადამიანი რომელსაც ჯარის ხსენებაზე დავითი და დიდგორი ახსენდება?  - მაშინ ეს სტატია შენთვისაა.. 

მოდი, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ მე როგორც სტატიის ავტორი და თქვენ როგორც სტატიის მკითხველი ერთ ტერმინოლოგიაზე შევთანხმდეთ. ჯარისკაცი დავარქვათ ადამიანს, რომელიც თავისი პროფესიული საქმიანობით კონკრეტულ რაღაცებს იცავს. ძველი დროიდან მოყოლებული მეომრები სხვადასხვა ინტერესების დაცვის მიზნით იღებდნენ ხელში იარაღს. ვიღაცისთვის ეს იყო ოჯახი, ვიღაცისთვის ეს იყო მიწა, ვიღაცისთვის ეს იყო თუნდაც საკუთარი ღირსება, ვიღაცისთვის - საკუთარი რელიგია, ვიღაცისთვის - ფული, ვიღაცისთვის კი ამ ყველაფერს ერთად სამშობლო ერქვა. ყველამ ვიცით, რომ სამშობლოს მოყვარე ადამიანებს პატრიოტებს ეძახდნენ. ანუ ადამიანები, რომლებიც სამშობლოსთვის კარგს აკეთებდნენ პატრიოტებად ითვლებოდნენ, ხოლო თუ სამშობლოს მტრისგანაც იცავდნენ უფრო დიდი პატრიოტები იყვნენ...  ჩემი სტატია უფრო გასაგები რომ იყოს, მინდა კონკრეტულ ლოგიკაში მომყვეთ. ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ ჯარისკაცები დამცველები არიან. და ალბათ ყველას გვჯერა, რომ  ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ჯარისკაცები იცავდნენ სამშობლოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა ეგეთი მოსაზრება, რომ ჯარისკაცი როგორც სამშობლოს დამცველი ავტომატურად არის პატრიოტი. ეს დედუქციური ბმები ამ მომენტამდე სწორია და ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ საინტერესოა დღევანდელ საქართველოში, ჯარისკაცობა პატრიოტიზმს ნიშნავს? ან მარტო ჯარისკაცობა ხომ არ გვგონია პატრიოტიზმი?  ამ სტატიაში არ შევეცდები პატრიოტიზმის ახსნას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დარწმუნებული ვარ ყველას გვესმის გულში თუ რასაც ნიშნავს ეს უკანასკნელი, მაგრამ შევეცდები, ჯარისკაცის, როგორც რაღაცის დამცველისა და პატრიოტიზმის კავშირები უფრო მეტად ლოგიკური გავხადო.

დღევანდელი ქართული რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელშიც არსებობს გარკვეული სამუშაო ადგილები.  ეს სამუშაო ადგილები თავისი მოვალეობების მიხედვით არის უამრავი და ძალიან მრავალფეროვანი. მიუხედავად მათ შორის უამრავი განსხვავებისა, არსებობს მათი წარმატებულობის კიდევ ერთი მარტივი საზომი. თეთრ ფონზე რომ შევხედოთ,  სამსახურები ერთმანეთისგან განსხვავდება დამკვეთის მიხედვით.  დიახ დამკვეთი არის ის სუბიექტი, რომელიც კონკრეტული სამსახურების შექმნის პასუხისმგებლობას იბარებს. ასეთი დამკვეთების მხოლოდ ორი ტიპი არსებობს: კერძო და სახელმწიფო.  ანუ მარტივად რომ ვთქვათ საქართველოში არსებული უამრავი სამუშაო ადგილის ზედამხედველობა გადანაწილებულია სხვადასხვა პროპორციით სახელმწიფოსა და კერძო დამკვეთების საქმიანობაზე.  კონკრეტული სამსახურების საქმიანობა კონკრეტული აბსტრაქტული ღირებულებებითი საზომით არ შეიძლება შეფასდეს მარტო დამკვეთის სხვადასხვაობის გამო. ანუ იმ აზრამდე მივდივარ, რომ საჯარო სკოლის მასწავლებელი და კერძო სკოლის მასწავლებელი იდეაში ერთსა და იმავე ღირებულებით საქმიანობას აკეთებს  და არ შეიძლება საჯარო სკოლის მასწავლებელს პატრიოტი უწოდო და კერძო სკოლისას კი არა. ნუ ეს რა თქმა უნდა მაშინ თუ საერთოდ ღირებულების წოდების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში.. მაგრამ ქართული სტერეოტიპული აზროვნების გამო, კონკრეტულ სამსახურებს, მათი დამკვეთის ვინაობიდან გამომდინარე, ხშირად პატრიოტულს ვარქმევთ იმიტომ, რომ მისი დამკვეთი სამშობლოსთან ასოცირდება.  მოდი, დავარქვათ სახელი და ვიკითხოთ არის თუ არა სწორი სახელმწიფოს დაკვეთით შექმნილ სამსახურს ვუწოდოთ პატრიოტული და კერძო პირის მიერ შემქნილ იმავე მოვალეობის და საქმიანობის სამსახურს ღირსება არ დავუფასოთ.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უამრავი სამსახურებრივი ადგილიდან, რომელსაც ყავს მხოლოდ ორად ორი ტიპის დამკვეთი, ამ კონკრეტული სტატიისთვის გამოვარჩიოთ დაცვის სამსახურები. ჩვენ ზემოთ შევთანხმდით რომ დამცველებს ჯარისკაცებს დავარქმევდით.  მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ის ადამიანები ვინც დაცვის მოვალეობის მქონე სამსახურში მუშაობენ, მიუხედავად მათი დამკვეთისა, არიან ჯარისკაცები. ამ ყველაფერს იმიტომ ვცდილობ, რომ ჯარისკაცის ინსტიტუტი ბევრად უფრო ლოგიკური გავხადო და პატრიოტიზმის იდეასაც არ ჩამოვაშორო.  

თუ დამკვეთის მიუხედავად დაცვის სამსახურში მყოფი ადამიანი პატრიოტია, მაშინ წარმოდგენისთვის შევეცდები ჩამოვთვალო მინიმუმ რამდენიმე მაგალითი დაცვის სამსახურების შესახებ საქართველოში მათი დამკვეთების თანხლებით. 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დამკვეთი არის სახელმწიფო. 

დაცვის სამსახურის დამკვეთი ბილტმორში არის კერძო პირი. 

დაცვის სამსახურის დამკვეთი მაგთიკომში არის ასევე კერძო პირი.

„ნიკორას“ დაცვის სამსახურის დამკვეთი არის კერძი პირი. 

„ფრესკოს“ დაცვის სამსახურის დამკვეთი არის კერძო პირი

მაგრამ ციხის "ვიშკაზე" მდგომი დაცვის სამსახურის დამკვეთი არის ისევ სახელმწიფო.

მე გეუბნებით, რომ ყველა კერძო დამკვეთის დაცვის პოზიციაზე მომუშავე პირებს პატრიოტები ჰქვიათ. ვინაიდან კარგ საქმეს ემსახურებიან და ღირსეული ანაზღაურებით ოჯახზეც სათანადოდ ზრუნავენ. თქვენ კი მეუბნებით, რომ მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებს (ვიშკებზე მდარ ბიჭებს) ჰქვიათ პატრიოტები. დიახ, სწორედ ამას მეუბნებით, ვინაიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებს სწორედ „ვიშკებზე“ აყენებენ 

საქართველოში არსებულ კერძო დაცვის სამსახურებში დაცვის პოზიციაზე მომუშავე პირის ანაზღაურების საბაზრო ღირებულება 400-დან 1500ლარამდეა, მაგრამ ამავდროულად არსებობს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სექტორი, რომელიც დაცვის სამსახურის საბაზრო ღირებულებას "პატრიოტიზმის" სახელით თვეში 70 ლარამდე აგდებს. იმ პატრიოტიზმის სახელით, რომელზეც უკვე გესაუბრეთ და გითხარით, რომ ორივე დამკვეთის დაქირავებული პირები თანაბრად პატრიოტები არიან- მეთქი. შეუძლია ვინმეს ამიხსნას, თუ რატომ არის საქართველოში დაბადებული ყოველი მამაკაცი "განწირული" ამ გარდაუვალი სამსახურისთვის, როცა მისი არსობრივი მნიშვნელობა არათუ მართლა რეალურ საჭიროებას არამედ იმ საქმეს ემსახურება, რომელსაც კერძო სექტორში ადამიანები უკვე დიდი ხანია თავიანთი ნებით უკეთ და ხარისხიანად აკეთებენ, მაშინ კითხვა ჩნდება რით ინარჩუნებს ასეთ უსამართლობას სახელმწიფო მოქმედ მდგომარეობაში? - კანონით და მას სავალდებულოს ხდის.

როცა სახელმწიფო ხარ და კანონის ძალით საუბრობ, ლოგიკას კონკრეტულ უფლებებზე უნდა აგებდე, სხვაგვარად კანონს განმარტებას ვერ დაუდებ. მაგალითად, როცა კანონით კრძალავ ადამიანზე ძალადობას, ეს კანონი სწორია იმიტომ, რომ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის უფლება და ის არავინ არ უნდა შელახოს. როცა კანონი გაქვს ისეთი სამსახურის „გასაპრავებლად“ როგორციაა სავალდებულო სამხედრო სამსახური, გჭირდება იმის ახსნაც, თუ რატომ არის ამ კანონის დარღევა დანაშაული. ახლა საინტერესოა სახელმწიფო რომ ვიყო, როგორ უნდა ავხსნა ეს? პასუხი მარიტივია: უნდა ავიღო ერის საყვარელი ღირებულება, რომელიც სუფრაზე არასდროს გვავიწყდება - მაგალითად პატრიოტიზმი. დავარქვა ჩემ მიერ შექმნილ სამსახურში მომუშავეებს ჯარისკაცები, მაგრამ რეალურად ისინი ომში კი არ გავუშვა, არამედ ისეთივე სამსახურში მყავდეს, როგორშიც სასტუმრო "რედისონს" ჰყავს თავისი დაცვა, შემდეგ კი ვთქვა, რომ მხოლოდ ჯარისკაცების სტატუსის მქონენი არიან პატრიოტები. ვინაიდან მხოლოდ ჩემს დაცვის სამსახურს დავარქვი ჯარი და არავის სხვას, პატრიოტის სტატუსიც მხოლოდ ჩემს სამსახურს შერჩა იმიტომ, რომ ისტორია მოწმობს  ჯარისკაცების პატრიოტობას. თუ ვინმე ჩემს სამსახურს დაგმობს, ვიტყვი, რომ იგი სამსახურს კი არ გმობს, არამედ ჯარისკაცობას გმობს, რომელიც თავისთავად პატრიოტიზმია. ხოლო ვინც პატრიოტიზმს გმობს, გმობს სამშბლობს. სამშობლოს მგმობელი კი მოღალატეა, ამ კორელაციიით კი ყველა დამეთანხმება რომ მოღალატე კანონით უნდა დასაჯო.. ხედავთ? სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ თქვენს გონებაში თავისი საქმიანობა ლეგიტიმური (ანუ მხარდაჭერილი) გაეხადა.

ბევრი რომ არ ვისაუბროთ და დასკვნის გარეშეც არ დავრჩეთ, ამ რეალობაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ფიზიკურად სხვა პროფესიის გამო არ ჰქონდათ არც სურვილი და არც დრო, რომ „სახელმწიფოს დაკვეთილ დაცვის სამსახურებში“ ძალდატანებით ემუშავათ. ასეთნი იყვნენ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურნი და მათ ამის უფლება ჰქონდათ. უბრალოდ  რა თქმა უნდა ამხელა ავტორიტეტს სახელმწიფო არ შეებრძოლებოდა, ამიტომ კანონში პატარა გამონაკლისის მეშვეობით ჩაწერა ის რომ კონკრეტული კონფესიის მღვდელმსახურებს შეუძლიათ თავი გაითავისუფლონ ამ სავალდებულო სამსახურისგან. 

სწორედ ამ მავნებლობის წინააღმდეგ შექმნა "გირჩმა" „ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც მხოლოდ კანონის ანულირების იდეას ატარებს თავის თავში და ზემოთ ახსნილი უსამართლობის წინააღმდეგ სისტემის გარედან ბრძოლის ერთადერთი გზაა. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფო როგორც ერთ-ერთი დამკვეთი მოსახელეობის „იძულებით დაქირავებას“ გააგრძელებს. ხოლო თუ ოდესმე სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმდება "ბიბლიური თავისუფლება" არა რომელიმე რელიგიის დოგმატურ ანომალიად იქცევა, არამდე თავის დანიშნულებას დაკარგავს და მხოლოდ თავისუფლების იდეის მოგონებად დარჩება.

ავტორი: ლევან გორგაძე



კომენტარები