სიახლეები

აზარტული თამაშების რეგულაციაზე

აზარტული თამაშების რეგულაციების მიზანშეწონილობა, რომ შევაფასოთ უნდა განვიხილოთ რამდენად სწორი და სამართლიანია რეგულაციები და რამდენად   ეფექტური შეიძლება ეს იყოს პრობლემების მოსაგვარებლად. 
აღნიშნული თემის განხილვა უნდა მოხდეს სამი მიმართულებით:

  1.  ადამიანის უფლებები;
  2.  ბიზნესის უფლებები;
  3.  სახელმწიფოს ინტერესები

1) პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ადამიანის უფლებების კუთხით.
ადამიანი, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება საქართველოს კონსტიტუციის უზენაესი ღირებულებაა.
საქართველოს კონსტიტუცის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ეს უფლება მოიცავს ადამიანის საქმიანობის ყველა სახესა და ყველა სფეროს და ამით უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ დაცვას. ეს მუხლი ანიჭებს ადამიანს საკუთარი პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შეხედულების შესაბამისად განსაზღვრის უფლებას.  ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციური საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, როცა ამ უფლების გამოყენებით ადამიანი ზიანს აყენებს სხვათა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია აგრეთვე საკუთრების უფლება, მესაკუთრეს შეუძლია,   თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ქონებას  თუკი ამით არ ილახება  სხვა  პირთა უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული აგრეთვე ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე - 12 მუხლის თანახმად სრულწლოვანების მიღწევისთანავე ადამიანი ხდება ქმედუნარიანი, რაც ნიშნავს ფიზიკური პირის უნარს თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.

ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ქმედუნარიან პიროვნებას შეუზღუდავს საკუთარი ფულის თავისი შეხდულების შესაბამისად, თუნდაც აზარტულ თამაშებში დახარჯვის უფლებას არის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

რეგულაციების გზით ადამიანისათვის საკუთარი შეხედულების შესაბამისად საკუთარი ფულის განკარგვის უფლების შეზღუდვა  არის ადამიანის ღირსების ხელყოფა, რადგან ამით მას ეუბნები, რომ ის სულელია და რაციონალურად ვერ განკარგავს საკუთარ ქონებას, ამიტომ სახელმწიფომ უნდა განუსაზღვროს ის, თუ რაში უნდა დახარჯოს ფული და რაში - არა.
გარდა ამისა,  სახელმწიფოს მიერ ადამიაზე ზრუნვის მოტივით განხორციელებული მსგავსი რეგულაციებით, ნელ-ნელა იშლება ზღვარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ამ უფლებებში სახელმწიფოს ჩარევის უფლებას შორის. ადამიანზე ზრუნვის მოტივით სახელმწიფოს მიერ აზარტული თამაშის აკრძალვის, სიგარეტის მოწევისა და სხვა უფლებების შეზღუდვის შემდეგ სახელმწიფომ შეიძლება შეგვიზღუდოს მაგალითად ცხიმიანი საკვების ჭამა, ზამთარში გარეთ უქუდოდ გასვლა,  მდინარეში ღრმად შესვლა, კომპიუტერული ტექნიკით დიდ ხანს სარგებლობა და ყველა ამ შეზღუდვების არ დაცვის შემთხვევაში დაგვაჯარიმოს ან კრიმინალებად გამოგვაცხადოს.

ამიტომაც, სახელმწიფოს არ უნდა მივცეთ ქმედუნარიანი პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება, სახელმწიფოს   საქმე არ არის, ზრდასრული ადამიანები რას გააკეთებენ მანამ, სანამ ისინი ზიანს არ აყენებენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.

ორი კატეგორიის ადამიანები თამაშობენ აზარტულ თამაშებს:

  • ადამიანები, რომლებსაც უყვართ თამაში და ერთობიან;
  • ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავლის სხვა წყარო და ცდილობენ, რომ ნასესხები ფულით მიიღონ მეტი შემოსავალი. 

ორივე კატეგორიის ადამიანებს სისტემატური თამაშის შედეგად შეიძლება განუვითარდეთ ჩვევა დამოკიდებულება თამაშის მიმართ, ზოგადად ადამიანთა უმრავლესობას აქვს გარკვეული სახის ჩვევები და აკვიატებები, მაგალითად კომპიუტერული ტექნიკით დიდ ხანს სარგებლობა, რაც დიდ ზიანს აყენებს მათი მხედველობის ორგანოს, მაგრამ ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა და ადამიანებმა თვითონ ან/და თავიანთი ახლობლების რჩევით უნდა გადაწყვიტონ ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობა, ეს ადამიანები არ არიან   სულელები, მათ არ სჭირდებათ სახელმწიფოს მითითებები და აღზრდა.  ეს პრობლემები ადამიანებმა თვითონ უნდა მოაგვარონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.  წარმოუდგენელია სახელმწიფო ჩაერიოს, ადამიანთა პირად ცხოვრებაში მათზე ზრუნვის მოტივით და აკრძალოს კომპიუტრები ან დასაჯოს ადამიანები იმის გამო, რომ საკუთარ თვალებს აყენებენ ზიანს. ზუსტად ასეთივე აბსურდია ზრდასრული ადამიანისათვის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა.

რაც შეეხება პრობლემებს - ორი ძირითადი პრობლემა შეიძლება ახლდეს აზარტულ თამაშებს: 

  1. ეს არის არასრულწლოვნების ჩართულობა;
  2. ადამიანური ტრაგედიები და აზარტული თამაშებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება. 

ალბათ რეგულაციების მიზანი ამ პრობლემების მოგვარებაა, მაგრამ რეგულაციები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და კიდევ უფრო გაართულებენ მათ.

დღეს არსებული რეგულაციების თანახმად არასრულწლოვნებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მათ შორის ელექტრონულად. 
მიუხედავად იმისა, რომ  ქართულ ვებგვერდებზე რეგისტრაციისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  გამოყენება მოითხოვება,  ამ პროცესში სერიოზული ხარვეზი მაინც არსებობს. კერძოდ, არასრულწლოვანს შეუძლია პირადი ნომრის ნაცვლად ნებისმიერი თერთმეტნიშნა კომბინაცია შეიყვანოს და დარეგისტრირდეს საიტზე.
ეს ხარვეზი რომც გამოსწორდეს მაინც ვერ იქნება უზრუნველყოფილი ის, რომ არასრულწლოვანმა არ ითამაშოს, მათ შეუძლიათ გამოიყენონ უცხო ქვეყნების საიტები სადაც არ იკრძალება არასრულწლოვნების თამაში და იქ ითამაშონ, ამიტომ არასრულწლოვანზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ოჯახმა და მშობლებმა, რადგან სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციები ამის წინააღმდეგ უძლურია.

რაც შეეხება ადამიანურ ტრაგედიებს, ეს რა თქმა უნდა ცალსახად ცუდია და ყველასათვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ერთი ადამიანის ტრაგედიაზე დაყრდნობით სხვა ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ კონსტიტუციური უფლებები.   

ადამიანების ცხოვრების განმავლობაში წევენ რისკებს, ზოგი სახლს ტვირთავს იპოთეკით იმისათვის, რომ აღებული ფულით ითამაშოს და მოიგოს მეტი ფული, ზოგი ამას აკეთებს იმისთვის, რომ ააწყოს ბიზნესი და ა.შ.  ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ეს რისკი გაუმართლებელი აღმოჩნდეს. 

მაგალითად ადამიანმა ისესხა ფული, საკუთარი და ნათესავის სახლი დატვირთა იპოთეკით, იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი და გააშენა ბოსტნეული კულტურები, მაგრამ მოსავალი გაანადგურა ფაროსანამ და ადამიანმა განიცადა მძიმე მატერიალური ზარალი.
იყო ასეთი მაგალითი, პიროვნებამ ნასესხები ფულით შექმნა მეფრინველეობის ფირმა და შეიძინა ქათმები, მაგრამ არ იცოდა მათი მოვლის წესები და დროულად არ გაუკეთა აუცილებელი წამლები, რამაც გამოიწვია ფრინველების დახოცვა და მძიმე მატერიალური ზარალი.
მსგავსი რისკები და ადამიანური ტრაგედიები ძალიან ბევრია, მაგრამ ეს არის ცხოვრება და ცხოვრება რთულიa,  რა თქმა უნდა, არ იქნება ლოგიკური და სწორი  სახელმწიფომ აკრძალოს შესაბამისი ცოდნის გარეშე ან რისკების შეფასების გარეშე ბიზნესის დაწყება. ისევე, როგორც არ არის სწორი სახელმწიფოს მიერ აზარტული თამაშების აკრძალვა ან რაიმე ფორმით შეზღუდვა.

ცალკე თემაა, ადამიანების მიერ აზარტული თამაშებისთვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით ქონების გამოყენება, თუ ადამიანი თავის საკუთრებას იყენებს ის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და არ შეიძლება მას რაიმე ფორმით შეეზღუდოს საკუთარი ქონების თავისი შეხედულების შესაბამისად გამოყენება. ხოლო თუ პიროვნება გამოიყენებს სხვის ქონებას აქ გასარკვევია, არსებობს თუ არა მესაკუთრის თანხმობა, თუ თანხმობა არსებობს არ უნდა მოხდეს შეზღუდვა, ხოლო თუ არ არსებობს თანხმობა ეს უკვე არის დანაშაული და სხვისი ქონების უნებართვოდ დაუფლებისთვის შესაბამის მუხლებით უნდა დაისაჯოს პიროვნება.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებზე არაჯანსაღ დამოკიდებულებას - საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია შევაფასოთ ეს მაჩვენებელი საქართველოში მაღალია თუ დაბალი. 

 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა კვლევა (ცდომილება არის 3%) რომლის თანახმადაც აზარტული თამაშებით დაკავებულია მხოლოდ 6 % -ი.  ამ 6 % - დან 53% თამაშობს გასართობად, ხოლო 47% ფულის მოსაგებად.   
იმ  ადამიანების პრობლემა რომლებიც ფულის მოგების მიზნით   არიან დაკავებული აზარტული თამაშებით, არის ის, რომ ქვეყანაში არის სიღარიბე და უმუშევრობა, ახალგაზრდებს არ აქვთ შემოსავალი და ცდილობენ მარტივი გზებით იშოვონ ფული.  ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის განვითარებით და არა რეგულაციებით. პირიქით, რეგულაციები აკარგვინებს ადამიანებს სამუშაო ადგილებს და ისინი ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან ითამაშონ. მაგალითად საბანკო რეგულაციების შედეგად ლომბარდები, მცირე სესხის გამცემი სუბიექტები და ტექნიკის მაღაზიები საერთოდ დაიხურა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი.

ამ ადამიანების დიდი ნაწილი შეიძლება დაკავდეს აზარტული თამაშებით, მათ თუ აეკრძალებათ აზარტული თამაშები ისინი გადაინაცვლებენ  მიწისქვეშეთში და ისევ დაიწყება ე.წ "ხელზე გამაზვები", რაც გამოიწვევს უფრო მძიმე შედეგებს, რადგან აქ ერთვება ასევე ბნელი მენტალობა, რომლის თანახმადაც თუ ადამიანი წააგებს ფულს და დათქმულ დროს ვერ მოიტანს ის ხდება ე.წ "ფუფლოშნიკი" და ის შეიძლება გახდეს ბულინგის, ცემის ან სხვაგვარი შეურაცხყოფის მსხვერპლი, რომლის თავიდან აცილების მიზნითაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.
შესაბამისად, რეგულაციები კი არ მოხსნის პრობლემებს არამედ კიდევ უფრო გაართულებს მათ. 

ამ და სხვა უამრავი პრობლემის მოხსნის ერთადერთი გზა არის საგადასახადო წნეხის შემცირება, მთავრობისა და მისი ხარჯების შემცირება და ბიზნესზე დაწესებული უაზრო რეგულაციების გაუქმება, რაც შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და მისცეს ამ ადამიანებს სხვა გზებით შემისავლის მიღების შესაძლებლობას. 

2) რაც შეეხება ბიზნესის უფლებებს - კონსტიტუცია ადგენს, რომ  ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. 
ანუ სახელმწიფომ კი არ უნდა შეზღუდოს რეგულაციებით ბიზნესი, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მის განვითარებას.  აზარტული თამაშების ბიზნესს იძულებით კი არ მიჰყავს ადამიანები და ძალით არ ათამაშებს, ის აწვდის პროდუქტს, რომელსაც ღებულობენ მომხმარებლები და ამაში იხდიან ფულს, ეს არი თავისუფალი ბაზრისა და ბიზნესის პრინციპი.   
ამ ბიზნესის შეზუდვა და სხვა ბიზნესებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც ჩინოვნიკები, რომლებსაც პარლამენტში ღილაკები ერევათ, თვლიან, რომ თავიანთი ზრდასრული ქმედუნარიანი მოქალაქეები არ არიან რაციონალურები და სჭირდებათ აღზრდა და მოვლა, არის არასწორი და გაუმართლებელი.
 
3) რაც შეეხება სახელმწიფოს ინტერესებს - აზარტული თამაშების ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუციას წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულია 16000 ზე მეტი ადამიანი, აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2018 წელს 10  მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არის ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 2.4%, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 
გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია.   დიდ ქალაქებში  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები საკუთარი შემოსავლების 50%-ს აც კი აჭარბებს.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონის თანახმად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის
მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
და ა.შ.

შემოსავალი და მოგება, რომელსაც სახელმწიფო იღებს ამ ბიზნესისგან არის ძალიან დიდი, გარდა ამისა აზარტული თამაშების ბიზნესი ტურიზმის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია.  ამიტომ  სახელმწიფომ უნდა გაატაროს ამ დარგის მიმართ ლიბერალური პოლიტიკა. ნებისმიერი მეთოდით ამ ბიზნესის შეზღუდვა იქნება არაგონივრული და სახელმწიფოს ინტერესებისა  და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. 

ავტორი: დათო წურწუმია

კომენტარები