სიახლეები

იარაღის კონტროლი - "პანტერები" და რეიგანი

დღესდღეობით ალბათ ნამდვილი რადიკალი უნდა იყო, რომ პროგრესივიზმის “ხატი” — რონალდ რეიგანი — კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. კი, სწორად წაიკითხეთ - ამერიკული კონსერვატიზმის ნიმუში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იარაღის კონტროლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მებრძოლი იყო, ამიტომაც ლიბერალებისთვის მოსახერხებელ სასაუბრო თემად გადაიქცა ის, რომ რონალდ რეიგანიც კი მხარს უჭერდა იარაღის კონტროლის მკაცრ კანონებს და ეს მართალია — ასე იქცეოდა ის მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. როგორც პრეზიდენტმა, მან გასცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც კრძალავდა ზოგიერთი სახის საფანტის თოფების იმპორტს, რეიგანი ასევე მხარს უჭერდა ‘Brady Bill’-სა და 1994 წლის მოიერიშე(ავტომატური/ნახევრად ავტომატური) იარაღების აკრძალვის კანონპროექტს.

კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას რეიგანმა 1967 წელს ძალაში შეიყვანა ‘Mulford Act’. რესპუბლიკელი დონ მალფორდის მიერ დაწერილი საკანონმდებლო აქტი მთელ ქვეყანაში ყველაზე ფართო მასშტაბის განკარგულება იყო; ის კრძალავდა იარაღის ღია ტარებას საჯარო სივრცეში. ეს მშვენივრად ჩაჯდა მის დესპოტურ “წესრიგისა და კანონის” გეგმაში და ქვეყნის მასშტაბით იარაღებზე ახალი კანონების წინაპირობაც გახდა.

ამ კანონის მიზანი რადიკალური მემარცხენე ჯგუფის, “შავი პანტერების”, განიარაღება იყო. ისინი ღიად ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, თვალს ადევნებდნენ პოლიციას და შტატის სამთავრობო შენობასთანაც(Capitol) კი მივიდნენ საკუთარი თოფებით, რათა გაეპროტესტებინათ, მათი აზრით, რასისტული კანონმდებლობა.

60-იანი წლების ბოლოს, იარაღის კონტროლის რასისტული საფუძვლების შესახებ უკვე კარგად იცოდნენ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის მოაზროვნეებმაც. გათავისუფლებული მონების იარაღთან დაკავშირებული უფლებების მხარდაჭერა აშშ-ის მე-14 საკონსტიტუციო ცვლილების მთავარი მოტივი იყო. სახელმწიფო მასშტაბის იარაღის კონტროლი კი უმთავრესი გახდა შავკანიანების შევიწროებაში.

ამერიკაში იარაღის კონტროლის ისტორია არის რასიზმისა და მიკერძოებულობის ისტორია. მე-20 საუკუნის დასაწყისის ნიუ-იორკის ‘Sullivan Act’, რომელმაც პატარა ზომის იარაღები აკრძალა, სავარაუდოდ იტალიელ ემიგრანტებზე იყო გათვლილი, მაგრამ თანამედროვე ისტორიაში მთავარი სამიზნეები უმეტესწილად შავკანიანები იყვნენ.
David T. Beito და Linda Royster Beito თავიანთ წიგნში Black Maverick: T.R.M. Howard’s Fight for Civil Rights and Economic Power ხსნიან ძირითად დინამიკას:

“როცა შავკანიანთა თავდაჯერებულობა[მისისიპიში] გაიზარდა, თეთრკანიანები იარაღის უფრო მკაცრი კონტროლის წინადადებებით გამოვიდნენ. ინიციატორებს მათი წუხილის მთავარი მიზეზი რომ რასის ფაქტორი იყო, არ დაუმალავთ. თეთრკანიანთა წუხილი შავკანიანებისადმი იარაღის კონტროლზე ახალი არ იყო. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე სამხრეთულ შტატს უკვე ამოქმედებული ჰქონდა კანონმდებლობები, რომლებიც შავკანიანებს იაფ ცეცხლსასროლ იარაღებთან წვდომას უზღუდავდა. ტერმინი “Saturday night special” შესაძლოა ამ პერიოდში დამკვიდრდა რასობრივად შეურაცხმყოფელ ტერმინად. 1954 წლის დასაწყისში ‘Clarion-Ledger’-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა 22-კალიბრიანი პისტოლეტებისა და თოფების საშიშროებებზე. მათ მაგალითად მოიყვანეს “სავარაუდოდ ‘გაგიჟებული’ ნეგრო”, რომელმაც მოკლა 3 თეთრკანიანი მამაკაცი და სინანულით დაწერეს, რომ ეს “იარაღები ადვილად მოპოვებადია და მათი ტყვია-წამლის ყიდვა ყველგანაა შესაძლებელი”. სტატიაში ეწერა, რომ თუ ეს პრობლემა შენარჩუნდებოდა, უნდა ამოქმედებულიყო კანონები ‘იარაღებისა და ტყვია-წამლის გაყიდვის კონტროლი ან ჩანაწერების შენახვა ამგვარ გაყიდვებზე.’ 
 
1954 წლის სექტემბერში უფრო ამბიციური ინიციატივა “ყველა ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის აუცილებლობისა და ტყვია-წამლის ყველა გაყიდვისას ჩანაწერის გაკეთებაზე” ახლოს იყო დაკანონებასთან. მხარდამჭერები მკაფიოდ აფიქსირებდნენ, რომ ეს კანონპროექტი ‘სეგრეგაციის მხარში მდგომი’ კანონების ნაწილი იყო და სამოქალაქო უფლებებზე შეტევასთან აკავშირებდნენ.”

როცა რასისტებმა მისი სახლი დაბომბეს, მარტინ ლუთერ კინგმა, რომელიც ზოგადად ძალადობის მოწინააღმდეგე იყო, შეისყიდა იარაღები და სცადა ფარული ტარების ნებართვის მიღება, მაგრამ მისი მოთხოვნა უარყვეს.

იარაღების თავდაპირველი ძირითადი კონფისკაციების სამიზნეები შავკანიანები იყვნენ, რომლებიც ვერ ეყრდნობოდნენ პოლიციას, რომელსაც უნდა დაეცვა ისინი; ეს იმიტომ, რომ პოლიცია მათი მტერი იყო. გარკვეულმა ჯგუფებმა, მაგალითად Deacons for Defense and Justice-მ, შეაჩერეს “კლანი” და დაიცვეს უდანაშაულო შავკანიანები სამხრეთში.
ელენ ბრაუნმა, რომელიც 1970-იან წლებში “Black Panther Party”-ს სათავეში იყო, თქვა:

“ ‘Black Panther Party’-ის პოზიცია იყო ის, რომ შავკანიანი ადამიანები ცხოვრობენ საზოგადოებებში, რომლებიც უკავიათ შეიარაღებულ, სახიფათო საპოლიციო ძალებს და რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი მჩაგვრელების ფრონტის ხაზს. ჩვენ კი არ ვარეკლამებდით იარაღებს, არამედ ჩვენი შემავიწროვებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენ მიერ თავდაცვას — იარაღით. უთვალავი ინციდენტი იყო, როცა პოლიციის აგენტებმა ჩვენი კარები შემოამტვრიეს ან ჩვენს ძმებსა და დებს ესროლეს, როგორც ჩვენ ვუწოდებდით — წითელი შუქის სასამართლოებში, სადაც პოლიციელი იყო მოსამართლეც, ნაფიცი მსაჯულიც და ჯალათიც. ჩვენ მოვითხოვეთ ამ სისასტიკის დაუყონებლივ შეჩერება და დავიცავით ჩვენი თავდაცვის უფლება. დღესდღეობით, შონ ბელისა და ოსკარ გრანტის მკვლელობები, შესაბამისად — ნიუ-იორკსა და ოკლენდში, მხოლოდ ორი მაგალითია იმისა, თუ რა მცირედით შეიცვალა ეს ყოველივე. იარაღის კონტროლის დისკუსიამ შეიძლება ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, რომლებიც ხელს შეუწყობენ შავკანიანი ადამიანების კრიმინალიზებასა და მიზანში ამოღებას.”

კონსერვატორებმა, ყველაზე უფრო რადიკალურად პოზიციონირებისას, შენიშნეს ეს კავშირი. კონდოლიზა რაისსა და Ann Coulter-საც აქვთ ნათქვამი, რომ შავკანიანები უნდა შეიარაღდნენ, თუ მათ უნდათ დაიცვან საკუთარი თავი რასობრივი ძალადობისგან. მაგრამ არამხოლოდ მემარჯვენეები ამახვილებენ ამაზე ყურადღებას: რეპერმა Ice-T-მ განაცხადა, რომ იარაღის შენახვისა და ტარების უფლება არის ტირანიასთან ბრძოლისა და “პოლიციისგან საკუთარი თავის დაცვისთვის”.
როცა რეიგანმა, ნიქსონმა და სხვა “რესპუბლიკელებმა” გააძლიერეს იარაღის კონტროლი, ისინი ნაწილობრივ მაინც ანგარიშს უწევდნენ იმ ე.წ. “წესრიგისა და კანონის” კონსერვატორებს, რომლებსაც უნდოდათ პოლიციას კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონოდა, რათა დაეცვა ისინი უმცირესობებისა და ღარიბებისგან. თუ რასიზმი მიზანი არ იყო, ის ნამდვილად შედეგის ნაწილი აღმოჩნდა.

დღესაც კი კანონები იარაღის შესახებ ძალიან ჰგავს ნარკოპოლიტიკას იმაში, რომ ისინი არაპროპორციულად გამოიყენება უმცირესობების წინააღმდეგ. იარაღის კონტროლი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ნიუ-იორკ-სითის “Stop-and-Frisk” პროგრამაში, რომელმაც 2011 წელს იმაზე მეტჯერ გაჩხრიკა ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცები, ვიდრე მთლიანად ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცების მოსახლეობაა ქალაქში, და სამიზნეში ჰყავდა უმცირესობები შეფარდებით ცხრა / ერთთან. კონსერვატორები, რომლებიც იცავენ ამ პროგრამას, იცავენ ყველაზე აგრესიულ იარაღის კონტროლს — ადამიანების დიდი რაოდენობით პროფილირებასა და ჩხრეკას იარაღების პოვნისთვის, რომლებზეც კონსერვატორები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს ბუნებრივი და კონსტიტუციური უფლება აქვთ სატარებლად. ამ პროგრამის მოწინააღმდეგე ლიბერალებმა უნდა გააცნობიერონ, რომ იარაღზე უფლებების დასარღვევად მთავრობამ სხვა უფლებებიც უნდა დაარღვიოს.

ფედერალურ ციხეთა სისტემაში ნასამართლევთა თითქმის ნახევარი შავკანიანია და მეოთხედი კი -  ლათინო-ამერიკული წარმოშობის. იარაღთან დაკავშირებულ დარღვევებზე მინიმალურ სავალდებულო სასჯელთა გამო, ნასამართლევი დამნაშავე— უმეტესად ის, ვისაც არასდროს არავისთვის ზიანი არ მიუყენებია ამ იარაღით — საშუალოდ უფრო დიდხანს ლპება ციხეში, ვიდრე გაუპატიურებისთვის ნასამართლევი.
ზოგიერთმა მემარცხენემ დაიწყო იარაღის კონტროლის რასისტული საფუძვლების კვლავ აღმოჩენა. ადამ უინკლერის Gunfight: The Battle Over the Right to Bear Arms in America მოგვითხრობს “კუ-კლუქს-კლანთან” მომუშავე რასისტი პოლიციის მიერ ჩატარებულ იარაღთა კონფისკაციების შესახებ. კრეიგ უიტნი საუბრობს უკურნებელ კულტურულ ომზე ამ დებატში, თავის წიგნში Living with Guns: A Liberal’s Case for the Second Amendment. დონ კეიტსის Restricting Handguns: The Liberal Skeptics Speak Out კი 1 წლის წინ გამოშვებული კრებულია.

მემარცხენეებში იარაღის კონტროლის საწინააღმდეგო განსწავლულობა კვლავ მცირედია.
არსებობს მათთვის მოსახერხებელი არგუმენტები იარაღზე უფლებებისთვის, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ იშვიათად გვესმის ისინი. იარაღის კონტროლი ნარკოტიკებზე ომის მსგავსია, რადგან ის პოლიციას აძლევს ფლობის კრიმინალიზების უფლებამოსილებას; ეს კი აუცილებლად ნიშნავს კონფიდენციალურობის უფლებათა შელახვას ჯაშუშებისა და საეჭვო ინფორმატორების გამოყენებით და არაპროპორციულად ხანგრძლივ საპატიმრო განაჩენებს არალეგალური იარაღის ფლობის არაძალადობრივ აქტზე. იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, იარაღთან დაკავშირებული კანონის დარღვევაზე საშუალო სასჯელი 87 თვეა, ნარკოდანაშაულზე — 82 თვე, ქონებრივ დანაშაულზე — 28 თვე.
შეუძლებელია კრიმინალებს ხელი შეუშალო იარაღებთან წვდომაში — და თუ ეს არ იყო მართალი 10 წლის წინ, 3D პრინტერების ხანაში ნამდვილად იქნება. მაგრამ მდაბიოების განიარაღების პროცესში, პოლიციურ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს თავისი ძალაუფლება ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ხალხის წინააღმდეგ.

თარგმანი: გური გეწაძე

ორიგინალი სტატია: The Panthers Were Right and Reagan Was Wrong on Gun Control

კომენტარები