2 მარ 2020
160 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის ალბათობა დაბალია

ოპოზიციის დღევანდელი განწყობა ის არის, რომ პოლიტიკური დევნა თუ არ შეწყდა და პოლიტ პატიმრები არ გათავისუფლდნენ, რაღაც მოდელსა და კონსესუსზე ლაპარაკს შინაარსი არ აქვს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ცოტნე კობერიძის ახალ გადაცემაში "პოლიტიკური აგორა", ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. 

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ მთავარ მოთამაშე პარტიებს პოლარიზაცია აწყობთ, კიდევ ერთი პრობლემაა და ამანაც შეიძლება ხელი შეუშალოს შეთანხმების მიღწევას.

"აწყობს ორ მსხვილ მოთამაშეს, მაგალითად აწყობს ივანიშვილს, რომელიც ასე თამაშობდა მთელი ამ წლების განმავლობაში -"მე თუ არ ამირჩევთ, მეორე მხარეს არის სააკაშვილის დაბრუნების, სისხლის და ტერორის საფრთხე" და იქიდან სააკაშვილი იტყვის, რომ ქვეყანას მართავს უნიათო, რუსი ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა გაყიდა და ა.შ. ამ პოლარიზაციით მიდიოდა აქამდე ყველა არჩევნები, რომელიც ამ ორ მსხვილ მოთამაშეს აწყობდა და პატარა პარტიები იჭყლიტებიან შუაში. "

ჯაფარიძის აზრით, მიუხედავად იმისა, ვინ რას ამბობს საჯაროდ, მსგავსი რეალობა ახლაც დგას. მისივე თქმით, რთული სათქმელია, რამე შეთანხმებისს მიღწევა მოხდება თუ არა, თუმცა ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი და ყველაფერი მალე გაირკვევა.

"ამ მოცემულობაში "ოცნების" მხრიდან რიცხვებით მიდის ჟონგლიორობა, მათ შორის, რაღაცა რთული მათემატიკა შემოიტანა ოცნებამ, რაღაცა 25 პროცენტიანი ზღვარი და ა.შ. რომელიც ჯერ ზუსტად ვერ გაიგო ვერავინ რას ნიშნავს.. ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, ალბათობა იმისა, რომ შეთანხმება მოხდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, დაბალია. ამ ყველაფრის სავარაუდო დასასრული ის იქნება, რომ "ოცნება" პარლამენტში გაიტანს დასამტკიცებლად რაღაცა ტიპის ვერსიას, შეიძლება ეს იყოს 110/40-ზე, ან რაღაცა სხვა ვერსია და ცალმხრივად , "ოცნებიდან" ახლად წასული ხალხის ხმებით და პატრიოტთა ალიანსის ხმების გამოყენებით შეიტანს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეცდება, რომ ეს დასავლეთს მიყიდოს, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ოპოზიცია არ დათანხმდა."

- ამბობს ჯაფარიძე გირჩი ტივის ეთერში.

შეგახსენებთ,  რომ ქართული ოცნების ახალ შეთავაზების მიხედვით, მმართველმა გუნდმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რაც პარტიას, რომელიც მიიღებს 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში, უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ დამოუკიდებლად შეკრას უმრავლესობა. რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები