სიახლეები

კარანტინი

"კაცობრიობის ჭირი მრავალფეროვნების შიში და უარყოფაა: მონოთეიზმი, მონარქია, მონოგამია და, ჩვენს დროში, მონომედიცინა. რწმენა, რომ არსებობს ცხოვრების და რელიგიური, პოლიტიკური, სექსუალური და სამედიცინო საქმეების რეგულირების მხოლოდ ერთი სწორი გზა, წარმოადგენს ადამიანისთვის უდიდესი საფრთხის ძირეულ მიზეზს,  მისი გადარჩენის, უსაფრთხოების და სიჯანსაღის უზრუნველყოფისთვის მოწადინებული მისივე სახეობის წევრების სახით."

― თომას საზი

კარანტინი დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ადამიანებისთვის ან ცხოველებისთვის გადაადგილების შეზღუდვას ეწოდება, როცა არსებობს ეჭვი, რომ ეს ადამიანები ან ცხოველები, შესაძლოა, ინფიცირებულები იყვნენ. სიტყვა "კარანტინი" იტალიური ენის ვენეციური ვარიანტის სიტყვებიდან "quaranta giorni" მომდინარეობს, რაც ორმოც დღეს ნიშნავს. შავი ჭირის ეპიდემიის დროს ორმოცი დღე ის ვადა იყო, რომლის განმავლობაშიც მეზღვაურებს და მგზავრებს გემიდან ნაპირზე გადასვლა ეკრძალებოდათ. 

არა-აგრესიის პრინციპის თანახმად, ძალის ან ტყუილის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით არის გამართლებული, და არავითარ შემთხვევაში - აგრესიის მიზნით. როდესაც, ზოგადად, ინფექციურ დაავადებებზე ვლაპარაკობთ, ერთმანეთს ორი მხარის ინტერესი ეჯახება. ერთი მხრივ, ინფიცირებულ ადამიანებს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება გააჩნიათ, ხოლო, მეორე მხრივ, ჯანმრთელ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მათგან ინფიცირებისგან დაიცვან თავი.

ერთი შეხედვით, აგრესიად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ინფიცირებული ადამიანებისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათგან ჯანმრთელი ადამიანების დაცვის მიზნით, ისე - ინფიცირებული ადამიანების მიერ ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება, როცა ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. სინამდვილეში, ყოველთვის, როცა ასეთ მორალურ-ეთიკურ დილემებთან გვაქვს საქმე, სწორი გამოსავალი განზოგადებული და ბლანკეტური მიდგომა კი არ არის, არამედ, ინდივიდუალური და ნიუანსური. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა არის სწორი ინდივიდუალური მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის გაკეთება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ძალადობრივი მონოპოლია ცენტრალიზებულად კი არ აწესებს ერთადერთ გადაწყვეტილებას, არამედ არსებობს უამრავი სხვადასხვა გზის მცდელობის და ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა, მათგან უკეთესის ამორჩევის მიზნით.

როდესაც სხვადასხვა ადამიანის უფლებები მართლაც ერთმანეთს ეჯახება, გვიწევს გარკვეული კრიტიუმების საფუძველზე გადავწყვიტოთ, თუ ვისი უფლებები უნდა ჩავთვალოთ უფრო პრიორიტეტულად, მაგრამ როცა საქმეში ძალადობრივი მონოპოლია ერევა, მთავრობის სახით, ხშირად არანაირ მორალურ-ეთიკურ დილემასთან არ გვაქვს საქმე, რადგან, სინამდვილეში, სხვადასხვა ადამიანის უფლებების ჯახი არც კი ხდება: უბრალოდ, ძალადობრივი მონოპოლია, მისი უნიათობიდან გამომდინარე, ხელოვნურად ქმნის პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს, და ამის საბაბად ადამიანებზე ზრუნვას ასახელებს. 

რას ვხედავთ ჩვენ დღეს?

ზესახელმწიფოებრივი ორგანო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ცენტრალიზებულად გასცემს რეკომენდაციებს, რომლებსაც სახელმწიფოების მთავრობების უმრავლესობა ისე აღიქვამს, როგორც ბრძანებებს, და შემდეგ ეს მთავრობები თავად ხდებიან ამ რეკომენდაციების ცენტრალიზებული აღმსრულებელი მოცემული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ზოგჯერ, ზედმეტ გულმოდგინებას ბრძანებებად ქცეული რეკომენდაციების ნაწილობრივი ან სრული გაუკუღმართება მოსდევს თან. კორონავირუსი, რომლის გავრცელებასაც კაცობრიობა ებრძვის, მთელი ამ ძალისხმევის მიუხედავად, ან, იქნებ, ნაწილობრივ მაინც, სწორედ ამიტომ, მაინც განუხრელად ვრცელდება, და ის ვრცელდება უამრავი ინფიცირებული თუ არაინფიცირებული ადამიანის სრულიად არასაჭირო ტანჯვის და გაღატაკების ფონზე.

მე არ ვამბობ, რომ, ზოგადად, კარანტინი ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია. მე ვამბობ, რომ კარანტინი უკიდურეს ზომად მიმაჩნია, რომლის საჭიროებაც, პრაქტიკაში, ძალიან იშვიათად დგას. მე, ასევე, ვთვლი, რომ სახელმწიფო, როგორც ძალადობრივი მონოპოლია, სრულიად გაუმართლებლად ახდენს უამრავი ადამიანის თავისუფლების აღკვეთას და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. რადგან კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს, სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია ყოველთვის უფრო უხარისხოდ გვაწვდის ამათუიმ სერვისს, ვიდრე თავისუფალი ბაზარი, და საზოგადოებრივი ჯანდაცვა აქედან გამონაკლისი არ არის.

იმის ნაცვლად, რომ მაღალი რისკის მქონე ადამიანების გამოვლენა და იზოლირება ეფექტურად ხდებოდეს, უამრავი სახელმწიფო და, პირველ რიგში, კომუნისტური ჩინეთი, მრავალრიცხოვან დაბალი რისკის ჯგუფებს უღკვეთს თავისუფლებას. იზოლირებაში აუცილებლად კარანტინში მოთავსება არ იგულისხმება. თუკი არსებულ მდგომარეობას სათანადოდ ავუხსნით, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ნებაყოფლობით შეიძლება დათანხმდეს საკუთარ ბინაში თვითიზოლაციას. დიდი რაოდენობით დაბალი რისკის მქონე ადამიანის კარანტინში გამომწყვდევა კონტრპროდუქტიულია, რადგან ეს ქმედება რესურსების გამოფიტვას იწვევს და ამით ინფექციის უფრო სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს. იმავე ჩინეთში ონკოლოგიური პაციენტები სათანადო სამედიცინო სერვისს ვეღარ ღებულობენ, რადგან ჯანდაცვის რესურსები, დიდწილად, კორონავირუსის მასიურ და არასაჭირო კარანტინზე იფლანგება.

ხშირად, კრიტიკას ვერ უძლებს თავად კარანტინის აღსრულებაც და ამის თვალსაჩინო მაგალითი საქართველოში ვნახეთ. აქ კარანტინში რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს ათავსებენ, რომლებსაც, უბრალოდ, მაღალი ტემპერატურა აქვთ, და, გარდა იმისა, რომ კარანტინში მყოფი პირები, ზოგჯერ, სრულიად გაუმართლებელ და აუტანელ პირობებში იმყოფებიან, მათ ერთმანეთთანაც აქვთ კონტაქტი, რაც ინფიცირებული პირებიდან არაინფიცირებულ პირებზე ვირუსის გადასვლას შეიძლება უწყობდეს ხელს. ამავე დროს, კორონავისურით ინფიცირებულ ადამიანს მაღალი ტემპერატურა შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს, თუკი იგი ინკუბაციურ პერიოდში იმყოფება, ეს უკანასკნელი კი დაახლოებით ორი კვირა გრძელდება. არავის დაუდგენია, რომ მასიური კარანტინის გზით პოპულაციის დიდი ნაწილისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა რაიმე დადებითი შედეგის მომტანია, და, პირიქით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქმედებას შეუძლია ინფექციის გავრცელებას შეუწყოს ხელი.  

აქვე გასათვალისწინებელია ის პანიკა, რომელიც მთავრობას "რაიმეს გაკეთების" შეკვეთას აძლევს, და ის ქსენოფობია, რომელიც ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვას და მასიური კარანტინის დაწესებას ითხოვს. მასიური კარანტინის მსგავსად, ქვეყნის შიდა და გარე საზღვრების ჩაკეტვა ასევე კონტრპროდუქტიულია, რადგან ადამიანები, აკრძალვის მიუხედავად, არალეგალურად მაინც გადაადგილდებიან, და ამას აკეთებენ მათი მონიტორინგის გარეშე, რითაც ინფექციის გავრცელებას უწყობენ ხელს. ჩაკეტილი საზღვრების მთავარი შედეგი ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი და, ამდენად, მოსახლეობის გაღატაკებაა, რამაც, თუკი ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი ქაოსს, არეულობას, ჯანდაცვის სფეროს კრიზისს, და, შედეგად, ინფექციის შემდგომ გავრცელებას.

ასევე საყურადღებოა თავად ახალი კორონავირუსის ბუნება, კერძოდ, ის რომ მას, დაბალი ვირულენტობიდან გამომდინარე, შედარებით დაბალი კონტაგიოზურობა და ლეთალობა აქვს. ამათგან პირველი იმას აღნიშნავს, თუ რამდენად ადვილად ახდენს პათოგენი მასპინძლის ინფიცირებას, ხოლო მეორე - იმას, თუ რამდენ ხშირად იწვევს ის მასპინძლის სიკვდილს. ამ ვირუსის დაბალი კონტაგიოზურობა და ლეთალობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც მის წინააღმდეგ ამჟამად გავრცელებული რადიკალური ზომების გამოყენებას არაადეკვატურად ზედმეტად და, ამდენად, გაუმართლებლად აქცევს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მკურნალობა დაავადებაზე უარესია. არსებული რესურსების უაზროდ ფლანგვის ნაცვლად ბევრად უმჯობესი იქნებოდა ეს რესურსები ახალი და უკეთესი დიაგნოსტიკური, თერაპიული და პრევენციული ტექნოლოგიების განვითარებას და, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინების შექმნას მოხმარებოდა. 

ეჭვგარეშეა, რომ სამედიცინო სერვისი სახელმწიფოს ნაცვლად თავისუფალი ბაზრის მიერ რომ იყოს მოწოდებული, ორივე მხარე - ისიც, რომელიც უკვე ინფიცირებულია და ისიც, რომელიც ინფიცირებისგან იცავს თავს - ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ამდენად, მთავარი კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, გამართლებულია თუ არა, ზოგადად, კარანტინი, არამედ იმაში, თუ ვინ უნდა ახდენდეს მაღალი რისკის პირების გამოვლენას და თავად კარანტინის აღსრულებას, მისი საჭიროების შემთხვევაში. 

მოკლედ, გამოსავალი სამედიცინო სერვისის სრულ პრივატიზაცია-დერეგულაციაში მდგომარეობს, ხოლო მანამ, სანამ ამ მიზნისთვის მიგვიღწევია, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ მთავრობამ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს მიაყენოს ზიანი, გაუთვითცნობიერებული ამომრჩევლების გულის მოგების მიზნით. ის, თუ როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ ინფექციებისგან თავი, საზოგადოებრივი შეთანხმების საგანია, და ეს შეთანხმება მით უფრო მართებული იქნება, რაც უფრო უკეთესად იქნება საზოგადოება ინფორმირებული. 

"ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლება დაემართოს კარგ მიზანს, არის არა მასზე ოსტატურად შეტევა, არამედ მისი უნიათოდ დაცვა."
― ფრედერიკ ბასტია

სამწუხაროდ, მასიური კარანტინის ამჟამინდელი გაუმართლებელი პრაქტიკის წინააღმდეგ მებრძოლი ზოგიერთი ადამიანი ამას ისე აკეთებს, რომ საზოგადოებას, დიდწილად, ამ სწორი მიზნის წინააღმდეგ განაწყობს. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს ადამიანები საერთოდ უარყოფენ კარანტინის, როგორც ასეთის, საჭიროებას ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ის ა პრიორი თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვად მიაჩნიათ. ისინი სრულიად უგულებელყოფენ მეორე მხარის, ანუ, იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებსაც ინფიცირებისგან სურთ თავის დაცვა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია.

ზოგჯერ, ორი ადამიანის უფლებები ერთმანეთს ეჯახება და მათ შორის უფრო პრიორიტეტულის არჩევა გვიწევს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ამის გაკეთება აუცილებელია. რაც არ არის არც აუცილებელი და არც სასურველი, ესაა ამის გაკეთება სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის ხელით. და თუკი მაინც სახელმწიფოს დავავალებთ ამას, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სასურველის დიამეტრულად საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები