სიახლეები

1177 Views
პოლიტიკა

კორონა-პანიკა საქართველოსა და მსოფლიოში

2006 წელს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. ფრინველის გრიპთან დაკავშირებული პანიკა იყო საქართველოში, ქვეყნის მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის პანდემიის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დაავადდებოდა და მათგან - ყოველი მესამე სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა.

ყველაზე აქტუალური, იმ პერიოდში, სწორედ ქათმების სიკვდილსა თუ ხოცვაზე ნიუსები გახლდათ - ყოველდღიური სიუჟეტების მომზადება და მოსახლეობის დაპანიკება, რომ ვისაც ქათამი ჰყავდა, ყველას ფრინველის გრიპით სიკვდილი ელოდა დიდწილად მედიის დამსახურება იყო. ამჯერადაც წრეზე ვტრიალებთ, კორონავირუსის თემის გაშუქებისას ჩვენი მედიასაშუალებების წარმომადგენლების შესაძლო მსხვერპლებზე ნადირობის სცენებს მრავლად შეხვდებით ქართულ მედიაში, თემა განსაკუთრებით მყვირალა მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში, კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

2020 წლის 20 თებერვლიდან დღემდე, ერთი კვირის განმავლობაში, 2000-ზე მეტი ნიუსი და სიუჟეტი გავრცელდა სხვადასხვა ქართული მედიის საშუალებით. მათგან 400-მდე მხოლოდ ტელევიზიის მეშვეობით. 

ტერმინების 'პანდემიის', „მკვლელი ვირუსის“ და ა.შ. გამოყენება რეალურად მავნებელია ფართო საზოგადოებისთვის, ადამიანები ფიქრობენ, რომ საქმე გვაქვს უკონტროლო მდგომარეობასთან, რაც კიდევ უფრო ამწვავებს პანიკას მოსახლეობაში. თბილისში, მოსახლეობამ სურსათის მომარაგება დაიწყო და მარკეტებში ბევრი პროდუქტი საერთოდ გაქრა, აღარაფერს ვამბობ პირბადეების დეფიციტზე, რომელიც რეალურად არც გვაზღვევს ვირუსით დაინფიცირების რისკისგან. 

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში მეორე ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადყოფოში დაკვირვების ქვეშ 29 მოქალაქეა, აღებულია 24 სინჯი და არ გამორიცხავს, რომ კიდევ იყოს დადებითი შემთხვევა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 28 თებერვლის  ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია  კორონა ვირუსის 83 396  შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად  ითვლება დადასტურებად) 

83 396 შემთხვევიდან 78 958 დაფიქსირებულია ჩინეთში. 
სულ გარდაცვლილია 2858 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, გრიპი და პნევმონია სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებში მე-8 ადგილზეა. ლიდერობს, გულის შეტევა, კიბო, უბედური შემთხვევები, ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, ინსულტი, ალცჰაიმერი და დიაბეტი.  
წლევანდელი მონაცემებით, 78 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული სეზონური გრიპით, ხოლო 2858 კორონა ვირუსით. 

Situation update worldwide, 28 February 2020

See the latest information on the geographical distribution of COVID-19 cases globally

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები