სიახლეები

"გზა ხსნისა"

ხსნა ალბათ ყველას განსხვავებულად ესმის. პირადად ჩემთვის ხსნა ის მდგომარეობაა,  როდესაც ადამიანები ბედნიერები ხდებიან. ბედნიერება თავის მხრივ კეთილდღეობაა,  ხოლო კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა თავისუფლებაზე გადის.

თავისუფლება კეთილდღეობის ზრდის წინაპირობაა. ყოველი ადამიანი ბუნებრივად ისწრაფვის მეტი კეთილდღეობისკენ. ეს კი შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს - ერთისთვის იყოს ბევრი ფული, მეორესთვის - კოსმოსში გაფრენა. შესაბამისად, მისი გაგება ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის. თავისუფლება მეტი კეთილდღეობის გარანტია. მისი მთავარი არსი ისაა, რომ შენ იღებ საკუთარ თავზე გადაწყვეტილებებს და თავად აკონტროლებ შენსავე  ცხოვრებას. შეუძლებელია იყო ბედნიერი, როდესაც სხვა იღებს გადაწყვეტილებებს შენ შესახებ.

  “ინდივიდი თავად განაგებს საკუთარ თავს, სხეულს და სულს.”  (ჯონ სტიუარტ მილი).

 ეს ადამიანის ერთ-ერთი პირველი და ფუნდამენტური უფლებაა და ამ უფლების გარეშე შეუძლებელია იყო ბედნიერი.
თავისუფალი ადამიანი პასუხისმგებელია თავის ცხოვრებაზე,  ყველა დაშვებულ შეცდომასა და სწორად გადადგმულ ნაბიჯზე.

“თავისუფლებას ფასი არ აქვს თუ ადამიანებს შეცდომის დაშვების თავისუფლება არ ეძლევათ”, -  ამბობდა მაჰათმა განდი.

თავისუფლება გულისხმობს შეცდომის დაშვების უფლებასაც, მაგრამ ვიმეორებ, ამ შეცდომებზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ იქნები!
სად არის თავისუფლების ზღვარი? თავისუფალ ადამიანს უფლება აქვს, აკეთოს ის, რაც მას უნდა, ან გამოიყენოს მისი საკუთრება, როგორც უნდა, თუმცა, არ აქვს უფლება, შეეხოს სხვის თავისუფლებასა და მის საკუთრებას. “მე უზომოდ მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება” ( მაჰათმა განდი) . თავისუფალ საზოგადოებაში არ უნდა შევეხოთ სხვის თავისუფლებას, პატივი უნდა ვცეთ მათსავე უფლებას და ვიცხოვროთ ჩვენთვის. 

"იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის”  (ნელსონ მანდელა).

მხოლოდ თავისუფლების მიღწევა არ კმარა, მას შენარჩუნებაც სჭირდება. ქართველებს თავისუფლება ხშირად მოგვიპოვებია და ხშირადაც დაგვიკარგავს. ჩვენ ახლაც მოპოვების პროცესში ვართ. ისტორიის განმავლობაში თუკი სამყარო რამეზე იდგა, ეს სწორედ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები იყვნენ. ჩვენი წინაპრები ჩვენივე თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, სწორედ თავისუფლების მიღწევაა გზა ხსნისა.

ავტორი: ზუკა გრძელიძე

კომენტარები