სიახლეები

იდენტობის პოლიტიკა და ფსევდოფემინიზმი

"კაცები როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად სწირავდნენ და ისახიჩრებდნენ თავს, რათა ქალები და ბავშვები გამოეკვებათ და დაეცვათ, და მათთვის სახლ-კარი მიეცათ. კაცების არცერთი ტკივილი და მიღწევა არ რეგისტრირდება ფემინისტურ რიტორიკაში, რომელიც მათ მჩაგვრელ და გულქვა ექსპლუატატორებად წარმოაჩენს." 

― ქამილ პაგლია 

მას შემდეგ, რაც მარქსიზმმა კლასობრივი შუღლის გაღვივებაში და გამოგონილი კლასების - ბურჟუების და პროლეტარების - ერთმანეთთან წაკიდებაში მარცხი იწვნია, მან სახე იცვალა და ახლა უკვე იდენტობის პოლიტიკის სახით მოგვევლინა. მისი მიზანი კვლავაც უცვლელია: ინდივიდუალური იდენტობის ჯგუფური იდენტობით ჩანაცვლების გზით ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირება, მათ შორის მტრული დამოკიდებულების გაღვივება, და უკვე არსებული კონფლიქტების გაძლიერება, ან, სულაც, ახალი კონფლიქტების შექმნა, ხოლო შემდეგ ამ კონფლიქტებზე ხელის მოთბობა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თავად ორთოდოქს მარქსისტებსა და იდენტობის პოლიტიკის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი არ შეიძლება არსებობდეს. 

იდენტობის პოლიტიკამ გამალებული შეჯიბრი წარმოშვა იმის საჩვენებლად, რომ ესა თუ ის ჯგუფი, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი მიეკუთვნება, სხვაზე მეტადაა ჩაგრული. ვინც არ უნდა იყო, აუცილებლად იქნები უამრავი სხვადასხვა ჯგუფის წევრი. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ავტომატურად ჩაგრული ხარ. ძალადობა და ჩაგვრა ინდივიდუალური პროცესია, და არა - კოლექტიური. რა თქმა უნდა, ადამიანების ზოგიერთ ჯგუფში უფრო მეტი და/ან უფრო მეტად ჩაგრული ინდივიდია, ვიდრე სხვაში, მაგრამ ამა თუ იმ ჯგუფისადმი უბრალო კუთვნილება არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ თავი ჩაგრულად მიიჩნიო და ამაზე ააგო მთელი შენი ცხოვრება და მსოფლმხედველობა.

იმისთვის, რომ ჩაგრული იყო, ერთადერთი რამაა საჭირო - ის, რომ მართლაც გჩაგრავდნენ - და სწორედ ჩაგვრისგან გათავისუფლება უნდა იყოს თვითმიზანი და არა რომელიმე ჯგუფისადმი ან ჯგუფებისადმი კუთვნილების გამო საკუთარი თავის განსაკუთრებით ჩაგრულად გამოცხადება, სხვა ჯგუფის ან ჯგუფების პირსისხლიან და ვერაგ მჩაგვრელ მტრად მიჩნევა, და ამ გზით პრივილეგიების მიღება. 

ყველა ჯგუფშია როგორც მჩაგვრელი, ისე ჩაგრული ინდივიდები, და სულაც არ არის აუცილებელი, რომ მოცემულ ინდივიდს მხოლოდ სხვა ჯგუფის წარმომადგენლები ჩაგრავდნენ - მისივე ჯგუფის ინდივიდებსაც იმავე წარმატებით შეუძლიათ იმავეს გაკეთება. თუკი ჩაგრულის სტატუსის გარეშე არსებობა ვერ წარმოგიდგენია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ცხოვრება აზრს დაკარგავს, არც ამ სტატუსისგან გათავისუფლების სურვილი გექნება.

არ არსებობს მუშების, ღარიბების, ქალების, კაცების, ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერების, და ა.შ. უფლებები. არსებობს მხოლოდ ინდივიდის უფლებები. არ არსებობენ მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფები, არსებობენ მხოლოდ მოწყვლადი და ჩაგრული ინდივიდები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფებში მეტად ან ნაკლებად შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები.

როცა ძალადობისგან ინდივიდს კი არა, ინდივიდთა ცალკეულ ჯგუფ(ებ)ს იცავ, ამით ა პრიორი გამოდის, რომ სხვა ჯგუფ(ებ)ში შემავალი ინდივიდების დაცვა ნაკლებად გადარდებს, რითაც ძალადობისგან მათ დაცვას უფრო ნაკლებად ღირებულად და მნიშვნელოვნად აქცევ, და ამით, გარკვეულწილად, ახალისებ კიდეც. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, და არა მხოლოდ მაშინ, როცა შენი ფავორიტი ჯგუფის წარმომადგენლებზე ძალადობენ. ვინც ამ ყველაფერს ვერ ხვდება, სწორედ ის უწყობს ხელს დაპირისპირების, შუღლის, მტრობის, და ძალადობის გაღვივებას სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენელ ინდივიდებს შორის.

სისულელეა იმის უარყოფა, რომ სამყაროს დიდ ნაწილში მჩაგვრელი პატრიარქალური კულტურის გამო - რომლის წარმომადგენლებიც ორივე სქესის ინდივიდები შეიძლება ყოფილიყვნენ - ქალებსა და კაცებს შორის დაპირისპირება არსებობდა და, დიდწილად, ეს დაპირისპირება ბევრგან ახლაც განაგრძობს არსებობას, მაგრამ ასევე სისულელეა იმის უარყოფა, რომ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში სწორედ მარქსისტებისთვის ეგზომ საძულველი თავისუფალი ბაზარი განუხრელად ახდენდა ქალების გათავისუფლებას და ემანსიპაციას.

მოგებაზე ორიენტირებულ თავისუფალ ბაზარს - ანუ, მომხმარებლებს და მათ ნებას დამორჩილებულ და ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფ მწარმოებლებს - ძალიანაც აწყობს ქალების დასაქმება: ამით ის უფრო მეტ მოგებას ნახავს, რადგან სწორედ მუშახელი ქმნის დოვლათს. თავისუფალ ბაზარს საერთოდ არ აინტერესებს, თუ რა სქესისაა მუშახელი:  მთავარია, ის მოგებას იძლეოდეს. 

რაც უფრო მეტი შემოსავალი ექნება ქალს, მით უფრო ნაკლებად იქნება ის დამოკიდებული კაცზე და, შესაბამისად, მით უფრო მეტი რეალური თავისუფლება გაუჩნდება მას. მთავარია, კონკურენცია შეუზღუდავი იყოს, რათა ქალებს დამქირავებელთა დიდი არჩევანი ჰქონდეთ, ან კიდევ, სურვილის შემთხვევაში, თავად ჰქონდეთ ბიზნესის წამოწყების საშუალება.

თუკი ამ საკითხის ისტორიას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ქალთა დასაქმების წინააღმდეგ, როგორც წესი, დიდი სახელმწიფოს მომხრეები ილაშქრებდნენ და შრომის რეგულირების გზით ცდილობდნენ, რომ ქალები მათი პოტენციური დამსაქმებლებისთვის ნაკლებად მიმზიდველად ექციათ. ქალის და კაცის ხელფასის იძულებითი გათანაბრება ერთ-ერთი ის რეგულაციაა, რომელიც, ვითომდა, ქალების უფლების დაცვისკენაა მოწოდებული, სინამდვილეში კი მათ პოტენციური დამსაქმებლების თვალში უფრო ნაკლებად მიმზიდველად აქცევს და, ამდენად, დასაქმებაში უშლის ხელს. შედარებით დაბალ ხელფასზე მუშაობის სურვილი სწორედ ის უპირატესობაა, რაც პოტენციურ დასაქმებულს პოტენციური დამსაქმებლისთვის მიმზიდველად აქცევს. იგივე შეიძლება ითქვას უამრავ სხვა რეგულაციაზეც, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით დაწყებული და ქალებისთვის გარკვეული სახის სამუშაოზე დასაქმების პირდაპირი აკრძალვით დამთავრებული, ისევ მათზე ზრუნვის საბაბით. 

იდენტობის პოლიტიკით შენიღბულმა და სქესთა შორის შუღლის მქადაგებელმა ნეომარქსიზმმა ქალების განმათავისუფლებლის ყალბი როლი მოირგო და შრომის კოდექსით, ხმის მიცემით, გენდერული ქვოტირებით, ხელოვნური აბორტის ლეგალურობით, და ძალადობაზე მდგარი და კონკურენციის შემზღუდველი სხვა ცრუ უფლებებით სცადა - და, არცთუ იშვიათად, შეძლო კიდეც - ქალების მოხიბლვა და მოტყუება, რამაც, მთელი მოსახლეობის გამდიდრებისთვის ხელის შეშლასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, თავად ქალებს მოუტანა უზარმაზარი ზარალი და მათი გათავისუფლების პროცესი შეაფერხა.

ხმის მიცემა ძალადობის აქტია, რომლითაც უდანაშაულო ადამიანების ძარცვის ლეგიტიმაცია და იმის გარკვევა ხდება, თუ რაზე უნდა დაიხარჯოს ნაძარცვი ფული. ამდენად, არავის აქვს უფლება, რომ ხმა მისცეს: არც კაცს და არც ქალს. რადგან წარსულში დასავლეთის რიგ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ კაცები ექვემდებარებოდნენ, ხმის მიცემის "უფლებითაც" მხოლოდ ისინი სარგებლობდნენ. სხვა სიტყვებით, ხმის მიცემის "უფლება" წარმოადგენდა გარკვეულ კომპენსაციას კაცების მიერ გაწეული სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის. ქალების დიდ ნაწილს, სინამდვილეში, არ სურდა, რომ ხმის მიცემის "უფლება" მიეღო, რადგან თვლიდა, რომ ამის შემდეგ მას სახელმწიფო სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაწევას დაავალდებულებდა. ირონიულია, რომ ხმის მიცემის ყალბი უფლება ქალებს სწორედ კაცებმა მიანიჭეს: ამომრჩევლები ხომ მხოლოდ ისინი იყვნენ.

"არ არსებობს თავისუფლება, რომელსაც მე მივცემდი რომელიმე კაცს და არ მივცემდი ქალს, და არ არსებობს თავისუფლება, რომელზეც მე უარს ვეტყოდი როგორც კაცს, ისე ქალს, გარდა შეჭრის თავისუფლებისა... მას, ვისაც აქვს ბიულეტენი, აქვს შეჭრის თავისუფლება, და მას, ვისაც სურს ბიულეტენი, სურს შეჭრის თავისუფლება. მიეცით ქალებს კაცებთან თანასწორობა, ნებისმიერი საშუალებით, მაგრამ ეს გააკეთეთ კაცებისთვის ძალაუფლების წართმევის გზით, და არა - ქალებისთვის მისი მინიჭების გზით."
— ბენჯამინ თაქერი

ის, რასაც ადამიანების უმრავლესობა დღეს "ფემინიზმს" ეძახის, უკვე დიდი ხანია აღარ არის კაცების და ქალების უფლებრივი თანასწორობისთვის მებრძოლი მოძრაობა. ამის ნაცვლად, ეს მოძრაობა ფსევდოფემინიზმად დეგრადირდა, რომელიც, სინამდვილეში, ინდივიდის - როგორც ქალის, ისე კაცის - წინააღმდეგ იბრძვის და თან ამას ქალების უფლებებისთვის ბრძოლად ასაღებს. ფსევდოფემინიზმი, როგორც კოლექტივიზმის ერთ-ერთი სახეობა, ინდივიდების გარკვეული ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭებას ესწრაფვის, სხვა ინდივიდებისთვის თავისუფლების წართმევის ხარჯზე. 

ხელოვნური აბორტის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ფსევდოფემინიზმი ამ მიზეზების სამსახურში ჩადგა იმით, რომ მუცლადმყოფი ბავშვების დეჰუმანიზაციისთვის და მათი მკვლელობის ლეგალურობისთვის დაიწყო ბრძოლა. ეკონომიკურ თავისუფლებას თან მოჰყვება ადამიანების გამდიდრება და განათლება, და, შედეგად, ხელოვნურ აბორტზე მოთხოვნის შემცირება.  ეკონომიკური თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაცვლად ფსევდოფემინიზმი იმ იდეოლოგიის შემადგენელ ნაწილად იქცა, რომელიც, პირიქით,  ეკონომიკური თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვის და ამით ადამიანების ღარიბ-ღატაკ მდგომარეობაში ყოფნას უწყობს ხელს. ეკონომიკური თავისუფლების კომპონენტად შეგვიძლია მოვიაზროთ გაშვილების გაადვილებაც, მშობლის უფლების ყიდვა-გაყიდვის ლეგალიზაციის ჩათვლით, რაც ასევე შეამცირებდა ხელოვნურ აბორტზე მოთხოვნას. 

იმ მახინჯი საზოგადოებრივი აზრის შეცვლისთვის ბრძოლის ნაცვლად, რომელიც ქორწინების გარეშე დაორსულებას და ბავშვის გაჩენას სამარცხვინო და გასაკიცხ საქციელად მიიჩნევს და ამით ქალებს ხელოვნური აბორტისკენ უბიძგებს, ფსევდოფემინიზმი ამ აზრის მსახურად იქცა იმით, რომ მუცლადმყოფი ბავშვების მკვლელობა ქალთა უფლებად გამოაცხადა. 

იმ კაცების ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, რომლებიც მამის ახლადწარმოქმნილ ვალდებულებას მარტივად არიდებენ თავს იმით, რომ საკუთარ პარტნიორ ქალებს ხელოვნური აბორტისკენ უბიძგებენ, ფსევდოფემინიზმი ამ ტირანიის მსახურადაც იქცა. ძალიან ხშირად, ხელოვნური აბორტი სწორედ მამის მოთხოვნით კეთდება, და არა იმის გამო, რომ დედას საკუთარი მუცლადმყოფი შვილის მოკვლის სურვილი აქვს. ამდენად, ეს აქტი არის კაცის მიერ ქალის დამონების ინსტრუმენტი, და არა, პირიქით, კაცის მონობისგან ქალის გათავისუფლების ინსტრუმენტი, როგორადაც მის წარმოჩენას ფსევდოფემინიზმი ცდილობს.

სელექციური აბორტების არსებობა, რაც განსაკუთრებით ნათლად მიუთითებს პრო-ჩოის პოზიციის, როგორც, ვითომდა, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი იდეოლოგიის სიყალბეზე, ზემოაღნიშნული არჩევანის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს და, აქაც, ფსევდოფემინიზმი იმ მამების სამსახურშია, რომლებსაც ბიჭი სურთ რომ ყავდეთ, და არა - გოგო. სელექციური აბორტების არსებობა არის, ზოგადად, ხელოვნური აბორტის ნებადართულობის პირდაპირი და უშუალო შედეგი, ხოლო  ხელოვნური აბორტის მაქსიმალური ლეგალურობის ბრძოლა ფსევდოფემინიზმის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. ამდენად, ფსევდოფემინისტებმა, ჯობია, სარკეში ჩაიხედონ, სელექციური აბორტების მიზეზს თუ ეძებენ. 

მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ ძნელი, მაგრამ სამართლიანი გზა აერჩია და ადამიანთა ერთი ჯგუფის ჩაგვრისგან გათავისუფლებისთვის ადამიანთა სხვა ჯგუფის ჩაგვრის გარეშე ებრძოლა, ფსევდოფემინიზმმა ადვილი, მაგრამ უსამართლო და, ამასთან, ძალადობრივი, გზა აირჩია და მუცლადმყოფი ბავშვებისთვის სიცოცხლის უფლების წართმევა გამოაცხადა ქალების ჩაგვრისგან გათავისუფლების აუცილებელ პირობად. სხვა სიტყვებით, იმის ნაცვლად, რომ ქალსა და ბავშვს შორის სამარცხვინო არჩევანის გაკეთებაზე არსებული სტატუს ქვოსთვის უარი ეთქვა და ორივეს უფლებებისთვის თანაბრად ებრძოლა, ფსევდოფემინიზმმა არჩევანი ზრდასრული ქალების სასარგებლოდ და მუცლადმყოფი ბავშვების საზიანოდ გააკეთა, რითაც ორივე ეს ჯგუფი მათზე ძალადობისთვის გაწირა. 

ჩემი შეხედულებების ქვაკუთხედი არის სულ უფრო მეტი თავისუფალი ადამიანის სულ უფრო ბედნიერად ცხოვრება. თუკი ადამიანი თავისუფალი არ არის, მას შეიძლება ეგონოს, რომ ბედნიერია, მაგრამ ეს ყალბი ბედნიერება იქნება. ამავე დროს, თუკი ადამიანი თავისუფალი არ ყოფილა, მაგრამ არჩევანს რაღაცის სასარგებლოდ აკეთებს, ეს ა პრიორი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ამ არჩევანის გაკეთების უფლება უნდა აეკრძალოს. 

მაგალითად, ზოგიერთი ფსევდოფემინისტი ამბობს, რომ პროსტიტუცია აკრძალული უნდა იყოს, რადგან ეს ქალთა თავისუფალი არჩევანი არ არის. ასევე, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ რეპროდუქტიული ასაკის დასაწყისში მყოფ გოგონებს ოჯახის შექმნა უნდა აეკრძალოთ, რადგან არც ეს არის მათი თავისუფალი არჩევანი. ჩემი აზრით, ორივე ეს აკრძალვა ამ ადამიანების თავისუფლების შემდგომ შეზღუდვას ახდენს და ამის საბაბად თავისუფლების მანამდე არსებულ შეზღუდვას იყენებს. სწორი გამოსავალი ადამიანების სრული გათავისუფლებისთვის ბრძოლაა, და არა, პირიქით, ერთი სახის მონობის არსებობის საბაბით მეორე სახის მონობის დამკვიდრება. 

ზოგადად, ოჯახის და პროკრეაციის წინააღმდეგ ბრძოლა ფსევდოფემინიზმის ქვაკუთხედია. კარიერის კეთების სანაცვლოდ ბავშვების გაჩენას და გაზრდას ფსევდოფემინისტები ა პრიორი ქალების მცდარ არჩევნად თვლიან, რომელიც პატრიარქალური საზოგადოების მიერაა მათთვის თავსმოხვეული და რისგანაც ქალები მათი ნების საწინააღმდეგოდ უნდა "განიკურნონ". ხელოვნური აბორტის, როგორც ქალების "განმათავისუფლებელი" პროცედურის საკრალიზაცია და გაფეტიშებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს. მარქსისტი "ფემინისტის" სიმონ დე ბოვუას სიტყვებით: "არცერთი ქალი არ უნდა იყოს ავტორიზებული რომ ბავშვების გასაზრდელად შინ დარჩეს. საზოგადოება სრულიად განსხვავებული უნდა იყოს. ქალებს ეს არჩევანი სწორედ იმიტომ არ უნდა ჰქონდეთ, რომ, თუკი ის იარსებებს, ზედმეტად ბევრი ქალი აირჩევს მას. ეს არის გარკვეული მიმართულებით ქალების იძულების გზა." 

"ამაში მდგომარეობს გენდერული ფემინიზმის მიზანდრისტული პოზიციის კოროზიული პარადოქსი: ქალების არცერთ ჯგუფს არ შეუძლია კაცების წინააღმდეგ ომის წარმოება ამავე დროს ამ კაცების პატივისმცემელი ქალების დამცირების გარეშე... არალიბერალური ავტორიტარიზმი გულისხმობს დოქტრინას, რომლის თანახმადაც ქალები იმდაგვარად არიან სოციალიზებულები, რომ ის სურდეთ, რაც მათ, გენდერული ფემინისტების აზრით, არ უნდა სურდეთ. თუკი თვლი, რომ ქალების სურვილები და იმედები პატრიარქიაში მათი აღზრდითაა "შეზღუდული" და "დაძალებული", მიდრეკილი ხარ, რომ ქალთა უმრავლესობის ფასეულობანი და მისწრაფებანი უგულვებელყო. შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, გარდაუვალი არ იყოს, მაგრამ იგი აუტანლად მაცდუნებელია: განიხილო ქალები, როგორც ცუდად აღზრდილი ბავშვები, რომელთა მავნებლური სურვილები და უმწიფარი არჩევნები უარყოფილი უნდა იყოს." 
― ქრისტინა ჰოფ სამერსი, ვინ მოიპარა ფემინიზმი? როგორ უღალატეს ქალებმა ქალებს.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები