სიახლეები

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა. მას სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან, ე.წ მატროსოვის ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. 

ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა ამოეწურა. მან ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა.

საპატიმროდან გამოსულმა მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. შს ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ ჯერ არ იცის, რომელ პარტიასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას "რეჟიმის დასამარცხებლად" და ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება. ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციის ერთიანობა პოზიტიურად შეაფასა, თუმცა ასევე ისიც თქვა, რომ ჯერ არ იცის რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს.

როგორც მერაბიშვილი ამბობს, ის გაივლის კონსულტაციებს ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებიც ამჟამად ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში არიან გადანაწილებული.

"მახარებს, რომ პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ჩვენ ყველა დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას" - ამბობს შს ყოფილი მინისტრი ჟურნალისტებთან.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი, სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტება, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და აკურას ღვინის ქარხნის საქმე. ის 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები