390 Views
პოლიტიკა

"ოცნება" ცდილობს უკეთესი ბენეფიტების შეთავაზებით თავისკენ გადაქაჩოს პატარა პარტიები - ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ შეხვედრებს ეხმაურება. მისი თქმით, ამ შეხვედრებში განსაკუთრებული არაფერია და ის კითხვების ნიშნები, რომელიც "გირჩთან" დაკავშირებით გაჩნდა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარეა დარჩენილი ადამიანებში, როდესაც ხელისუფლებები საბოლოოდ მაინც ახერხებდნენ პატარა პარტიების გადაბირებას. 

ის კითხვის ნიშნები, რომელიც ჩნდება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების აღდგენაზე, გამოწვეულია ოპოზიციის ნაწილის და მათი ელექტორატის წარსულ გამოცდილებაზე დამყარებული ფსიქოლოგიური ტრავმებით. იმის გამო, რომ სხვადასხვა ტიპის ფორმატები არსებობდა, მერე იშლებოდნენ და ხელისუფლება ახერხებდა ამ ხალხის ყიდვას და მათ გადაბირებას. ამის გამო აქვთ ასეთი შიშები, რომ ვიშლებით დედა გვეტირება და ა.შ. რაც ჩემი აზრით არასერიოზულია. 

ჯაფარიძის თქმით, "გირჩი" რჩება გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში და მოცემულ რეალობაში,
ოპოზიციის ერთიანი სადისკუსიო ფორმატის მთავარი იდეა ახლა ისაა, რომ ერთმანეთს არ დაუყენონ კონკურენტი მაჟორიტარები.

"გირჩის" ლიდერი აღნიშნავს, რომ "ოცნებას" აქვს მცდელობა პატარა პარტიებს ისეთი ბენეფიტები შესთავაზოს, რომელზეც წამოჰყვებიან და გამოეთიშებიან საერთო ოპოზიციურ  სადისკუსიო ფორმატს.

"არსებული პატარა პარტიების მთავარი მოტივატორი სახელმწიფოსგან სხვადასხვა ბენეფიტის მიღებაა - კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის, ბიუჯეტიდან დაფინანსების, საარჩევნოდ კომისიაში ხალხი ჰყავდეთ, უფასო რეკლამა ჰქონდეთ და ა.შ.  სინამდვილეში, "ოცნება" სწორედ მაგას ცდილობს, რომ ამ ხალხს სახელმწიფო ბენეფიტების რაღაც უკეთესი პაკეტი შესთავაზოს და ვიღაცები თავისკენ გადაქაჩოს. "გირჩის" შემთხვევაში ამ ყველაფერს შინაარსი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც ეგ არ გვაინტერესებს და რომც მივიღოთ ასეთი სტატუსი, არაფერს ხელს არ მოვკიდებთ."

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ფორმულას ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, "გირჩის" ერთ-ერთი  ლიდერი იაგო ხვიჩია, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, თავად პარლამენტის სპიკერის თხოვნით. მოლაპარაკება ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის აღდგენის შესაძლებლობებს და ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას ეხებოდა. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი 



კომენტარები